ჟურნალისტი და „კონსერვატიული პარტიის“ ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე არმაზ ხარძიანი პოლიტპატიმრად აღიარებას ითხოვს, რის შესახებაც მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას წერილობით მიმართა. იგი ორ წელზე მეტია ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელს იხდის. პოლიტპატიმრების პირველ ტალღაში ვერ მოხვდა.
for.ge თავად ჟურნალისტის მონათხრობზე დაყრდნობით გთავაზობთ არმაზ ხარძიანის სიმართლეს, რომელიც წერილობითი ფორმით მოგვაწოდა ხარძიანის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ. ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში წაიკითხავთ ხარძიანის დაკავების, მასზე განხორციელებული ზეწოლის დეტალებს და იმ თანამდებობის პირთა გვარებს, რომლებიც ხარძიანის საქმეში ფიგურირებენ.
არმაზ ხარძიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ადამიანის დამნაშავედ ცნობა და დანაშაულის დადგმა ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი - „ყაჩაღობის ინსცენირება, რომელიც მე დამიდგეს, სწორედ ამის ნიმუშია“. ხარძიანი თავის დაკავების ფაქტს ასე აღწერს:
„2010 წლის 24 ნოემბერს მეგობარს უნდა შევხვედროდი. იგი მაშინ ძალოვან სტრუქტურაში, არც თუ დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა და პერიოდულად კულუარულ ინფორმაციას მაწვდიდა. საღამოს შვიდის ნახევარზე დათქმულ ადგილას მივედი. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ შემცივდა და იქვე მდებარე მაღაზიაში შევედი, სადაც ნამცხვარი, წვენი და სიგარეტი იყიდებოდა. გამყიდველმა ქალმა კი ჩემი შესვლისთანავე მაღაზია დატოვა, გარეთ გავიდა, შუშის კარი გადაკეტა და ყვირილი მორთო - „მაყაჩაღებენ, მაყაჩაღებენ“. ჯერ გავოგნდი, შემდეგ შემეშინდა და მაღაზიიდან გამოსვლა ვცადე. კარს მივაწექი. რომ არ გაიღო, გაბრაზებულმა ფეხი შუშას მივარტყი, ჩავამსხვრიე და ქუჩაში გამოვედი“.
მაღაზიიდან გამოსვლისთანავე არმაზ ხარძიანთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 3 ადამიანი მივიდა. მათ შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. ასფალტზე დაგდებულ არმაზ ხარძიანს ხელბორკილი დაადეს და დაიძახეს მზადააო.
„4 ვიდეოკამერა მომანათეს და მკითხეს სად მუშაობო. შოკში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ. ვუპასუხე მეყვავილე ვარ-მეთქი. ფეხზე, რომ წამომაყენეს, ირგვლივ 14 საპატრულო მანქანა დავითვალე და ეს მაშინ, როცა ჩემი დაკავებიდან 3 წუთი არ იქნებოდა გასული. განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა გოდერძი ნატროშვილმა განმიმარტა, „ლომბარდის ყაჩაღობაზე დაგიჭირეთო“. რომელი ლომბარდის-მეთქი და - იმ მაღაზიაში ლომბარდიც არისო. გამიხარდა და მივუგე, ვიდეოთვალის ჩანაწერი ამოიღეთ და ვუყუროთ-მეთქი, მაგრამ, იმასაც გაეხარდა - „ვიდეოთვალი არა აქვს, ეგ ლომბარდი ადრეც რამდენიმეჯერ დააყაჩაღეს და ვიცი, რომ ვიდეოთვალი არ აქვს, ყაჩაღობა უნდა აღიაროო“. რატომ-მეთქი და „იმიტომ რომ სვანი და ყაჩაღობა ყველი და პურივითააო“. არც ადვოკატთან დარეკვის საშუალება მომცეს და არც ოჯახთან“, - ამბობს არმაზ ხარძიანი, რომელიც ვიდეოკამერის წინ აღიარებით ჩვენებას ამგვარად იხსენებს:
„აყვანის დროს, ვინაიდან უფორმოებმა დამიჭირეს, აქეთ მეგონენ ყაჩაღები და წინააღმდეგობა გავუწიე, ე.წ. ბორდიურზე ვიკოტრიალეთ. სწორედ მაშინ ბარძაყის უკანა მხარეს დანით დამჭრეს (მოგვიანებით ვნახე, რომ ჭრილობაში მარჯვენა ხელის შუა თითი ნახევრამდე შედიოდა). გოდერძი ნატროშვილმა განმიცხადა, „სანამ არ აღიარებ, ვერც ადვოკატს ეღირსები, ვერც ექიმს, არავინ იცის აქ, რომ ხარ და სისხლისგან დაიცლებიო“. პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი (რომელიც ჩემი საქმის შემდეგ დააწინაურეს - მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს) მოვიდა და მითხრა, „ახლა აღიარე, თავს ნუ მოიკლავ და მერე ჩვენება შეცვალეო“. ღამის ოთხ საათამდე, ანუ იქამდე, სანამ აღიარება არ ჩაიწერეს, არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც ექიმის ნახვა მაღირსეს“.
მისი დაკავების მოტივად არმაზ ხარძიანი შემდეგ ფაქტებს ასახელებს:
„გარდა იმისა რომ „კონსერვატიული პარტიის“ ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე ვიყავი, 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში კენჭი ვიყარე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის პიკეტირების დროს ორ თვეზე მეტი ქუჩაში აქციებზე გავატარე. აქტიურად ვწერდი ბეჭდურ მედიაში - „კვირის პალიტრასა“ და „ყველა სიახლეში“. პირველი სერიოზული მუქარა ქვემო ქართლის გუბერნატორისგან, დავით კირკიტაძისგან წამოვიდა - ბოლნისში საფეხბურთო მატჩის დროს კირკიტაძემ მსაჯი სცემა და ამის შესახებ გაზეთში დავწერე. ტელეფონზე დამირეკეს და გაქრობით დამემუქრნენ. გამეცინა და ნანა ლეჟავას შეთავაზებას გადაცემა გავაკეთოთო, დავთანხმდი და უკვე ტელევიზიით, კერძოდ „კვირის რეპორტაჟში“ ვთქვი, რომ კირკიტაძემ მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ იყო ინტერვიუები ემზარ კვიციანთან და ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პირდაპირი დევნა. დაჭერის მერე მითხრეს კიდეც, კვიციანს თუ საქართველოში ჩამოიტყუებ და დაგვაჭერინებ, გაგიშვებთო“.
დღეს არმაზ ხარძიანი აცხადებს, რომ მისი დატუსაღება გიგი უგულავას გარშემო ატეხილმა სკანდალური ამბის გახმაურებამ გადაწყვიტა:
„უგულავას ცოლმა 2010 წელს ავსტრიის დედაქალაქში იმშობიარა. ვენაში მცხოვრებმა ლევან ხვედელიძემ უგულავას და მისი „საძმოს“ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები ჩემი თხოვნით გადაიღო და 400-ზე მეტი ფოტო გამომიგზავნა. ფოტოებზე ჩანდნენ: გია ბარამიძე, გიგი წერეთელი, ირაკლი გიორგობიანი იგივე „გლობუსა“, ვახო მჭედლიძე, გვანცა დარასელია, ნიკა მემანიშვილიც კი და რაღა თქმა უნდა, თავად გიგი უგულავა. ისიც გაირკვა რომ ხუთ დღეში 95 000 ევრო დახარჯეს. ამ ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე ამავე თემაზე ისევ ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟში“ ვისაუბრე“.
არმაზ ხარძიანის განმარტებით, უგულავას ცოლის მშობიარობის ამბის გახმაურების შემდეგ მუქარა მისი ოჯახის წევრებზე გადავიდა - არმაზ ხარძიანის მამას მთელი ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, თუ მისი შვილი არ გაჩერდებოდა.
აღიარებითი ჩვენების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს არმაზ ხარძიანი ასე აღწერს:
„გოდერძი ნატროშვილმა მითხრა, „შენ რომ ახლა 10 000 დოლარი აიღო და კახა კუკავას მანქანაში ჩაუდო, მაგარი იქნებაო“. არაფერი მიპასუხნია. შემდეგ გააგრძელა - „პრობლემა არ არის, ზვიად ძიძიგურის მანქანაში ჩადე და შემდეგ ამ ფულზე რამდენიმე კაცი იტყვის, რომ ეს რუსული ფულია, შენ სახლში გაგიშვებთ და მშვიდად იქნებიო“. ამის შემდეგ ნატროშვილის ოთახში ჩემთვის უცნობი პირი შემოვიდა, რომელსაც ნატროშვილი მოწიწებით მიესალმა და ოთახიდან გავიდა. უცნობმაც იგივე შეთავაზებები გამიმეორა და დააყოლა - „აქედან პირდაპირ ვანოსთან მივდივარ და თავად გადაწყვიტე რას იტყვიო“. ბოლოს საუბარი ემზარ კვიციანზე დაიწყო - „შენ დაურეკავ ემზარ კვიციანს, ეტყვი რომ ინტერვიუს ჩაწერა გინდა. ჩამოიყვან სოფელ კალაში. შემდეგ მას ჩვენ მივხედავთ. ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, შენ გაგიშვებთ და კვიციანის დაჭერისთვის დაწესებულ 100 000-საც გადაგიხდით. არ დაგავიწყდეთ აქედან პირდაპირ ვანოსთან, რომ მივდივარო“.
არ დამიჯერებს კვიციანი, არ ჩამოვა-მეთქი და ის ინტერნეტ-მიმოწერა წინ დამიდეს, რომლითაც კვიციანი მთავზობდა, „კალაში ჩამოვალ და ინტერვიუს მოგცემო“. ჩემთვის უცნობმა პირმა მითხრა, „მაშინ კვიციანისთვის თანხმობა, რომ გეთქვა, ახლა აქ, არც ერთი არ ვისხდებოდითო“. კვიციანის ცოლ-შვილმა, რომ მკითხოს ეს რატომ გააკეთეო, რა ვუპასუხო-მეთქი და ამაზე მომიგო, „შენ ძმაო „სვაბოდა“ არ გდომებია და აწი რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო“. ასე მოვხვდი ჯერ საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ გლდანში. საგარეჯოში გამომძიებელმა გიორგი ნიქაბაძემ მომაკითხა, შენ კიდევ გიყაჩაღიაო. ცხადი იყო რომ ყაჩაღობის ერთი ფაქტი მყარი არ იყო და სხვა ბრალდების დამუშავებას შეუდგნენ“.
არმაზ ხარძიანი საგარეჯოდან გლდანში გადმოიყვანეს. ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა ერთ საათში სახლში „ლუსტრის“ ქვეშ გაჭიმვით დაემუქრა, თუ ხარძიანი იმას არ იტყოდა, რაზეც მიუთითებდნენ. „ქილერას“ მუქარის კვალდაკვალ ხარძიანთან კიდევ ერთი გამომძიებელი, ნანა თეგეტაშვილი მივიდა, ყაჩაღობის მესამე ფაქტის აღიარება ჯერ მუქარით მოსთხოვა, შემდეგ ურჩია - „დანაშაული აღიარე, ასე გადარჩებიო“. ქალბატონმა გამომძიებელმა უარი მიიღო. არმაზ ხარძიანი კი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ოთახში აიყვანეს და იმგვარი კადრები აჩვენეს, 2012 წლის სექტემბერში ტელევიზიით გავრცელების შემდეგ მთელი ქვეყანა, რომ შეძრა. ყაჩაღობის ახალი ფაქტის არაღიარების შემთხვევაში არმაზ ხარძიანს შვილებით დაემუქრნენ - „იგივე დღეში ჩაცვივდებიანო”. არმაზ ხარძიანის ცოლ-შვილის შესახებ (სწავლა, სამსახური, სკოლა, თმის ფერიც კი) დეტალურ ინფორმაციას რომ ფლობდნენ, ამის დემონსტრირება მოახდინეს და ისევ შეახსენეს - „ან კუკავა-ძიძიგური, ან კვიციანი და ან არადა „სროკზე“ მიდიხარო“. ფიქრისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.
არმაზ ხარძიანი თბილისის საქალაქო საამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ გაასამართლა. მოსამართლის კითხვაზე - „აღიარებო?“ ხარძიანმა უარით უპასუხა. პროკურორ ტყეშელაშვილს გაეღიმა. გლდანის საპყრობილეში მიბრუნებული, „ქილერას“ კაბინეტში აიყვანეს და კიდევ ერთხელ გაუმეორეს შეთავაზება, რაზედაც არმაზ ხარძიანმა უპასუხა, „ჟურნალისტი ვარ და ეს ყველაფერი, რომ დავწერო, ამაზე არ ფიქრობთო?!“ ამის შემდეგ მას ციხეში ჩამოხრჩობილი პატიმარ თედლიაშვილის ისტორია შეახსენეს და უთხრეს, „ფიქრს კიდევ დიდხანს თუ გააგრძელებ, ცოლ-შვილზე ადრე თედლიაშვილს შეხვდები, გაზეთის და კოლეგების იმედად ნუ იქნებიო“. ბოლოს არმაზ ხარძიანმა კუკავა-ძიძიგურისთვის მანქანაში ფულის ჩადებასა და კვიციანის საქართველოში ჩამოტყუებაზე უარი თქვა და ყაჩაღობის სამივე ფაქტის აღიარება ამჯობინა.
გლდანის საპყრობილეში გოგა ბუთლიაშვილის, ალექსანდრე მუხაძის, გაგა მკურნალიძის, ოლეგ ფაცაციას და სხვა ცნობილი ციხის ჯალათების მიერ ე.წ. კარანტინის დაშლის და პატიმრების ცემა-წამების კონკრეტულ ფაქტებს არმაზ ხარძიანი დეტალურად აღწერს და ამბობს, რომ 20-მდე პატიმარი მზადაა ამ ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბროს.
„ეს იყო ძალიან მოკლე, არასრული ისტორია იმისა, რაც მე გადავიტანე“, - ამბობს არმაზ ხარძიანი, რომელიც თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და თვლის, რომ ყველაზე კარგად ყოფილმა ხელისუფლებამ იცის, რომ ის ყაჩაღი არ არის, მაგრამ არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. იგი მიიჩნევს, რომ ციხეში მისი გამოკეტვის უმთავრესი მიზეზიც ესაა. იგი გათავისუფლების შემდეგ აპირებს გაათმაგებული ენერგიით დაუბრუნდეს აქტიურ ჟურნალისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ასევე გეგმავს დაწეროს წიგნი ციხეში გადატანილსა და ნანახზე.