ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ოპოზიციისა და ხელისუფლების წამომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, 1 მარტს საღამოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობითა და ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტის, ათონელის სასახლეში გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეის შეჯერება და პროგრესის მისაღწევად მოლაპარაკების მაგიდაზე 6-პუნქტიანი გეგმა დაიდო. თუმცა დოკუმენტის დეტალებზე ჯერჯერობით ღიად საუბრისგან ყველა თავს იკავებს. ოპოზიცია ამბობს, რომ დიალოგი უფრო მაღლა აიწია, მაგრამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და თუკი ხელისუფლება კვლავ მოტყუებას შეეცდება, ის პოლიტიკურად დიდ ფასს გადაიხდის. დღეს შინაარსობრივი შეთანხმება არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ კარის გახსნა, რომელიც მელიას დაკავების შემდეგ დაიხურა. ხოლო მეორე დადებითი ის არის, რომ დაიგეგმა კონკრეტული დღის წესრიგი, რომელზეც სამივე მხარე, ხელისუფლება, ოპოზიცია და ევროკავშირიც შეთანხმდნენ, რომ ამ 6 პუნქტზე კრიზისის განმუხტვაზე უნდა ისაუბრონ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრ რთულ საკითხს გამკლავება სჭირდება.
მე შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული. მაგრამ მთავარი გზავნილი არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში ბევრი კომპლექსური გამოწვევაა. ეკონომიკურ-სოციალური, პანდემიური, უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის კუთხით.
ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც გამკლავებას საჭიროებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი. მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. როცა ყველა პოლიტიკური მონაწილის მკაფიო შეკითხვაა, არის თუ არა პოლიტიკური ნება, გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის, რომ ერთად გამოსავალი ვიპოვოთ, მივიღე პასუხი - დიახ. ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას“, - აღნიშნა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ გააგრძელებს მუშაობას.
„მინდა განვაცხადო, რომ შარლ მიშელის ორგანიზებით ჩატარებული შეხვედრა, საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, რომელზეც ჩვენი არგუმენტები გვაქვს. მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული შეკითხვები და გავეცი მათ პასუხი. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო ეროვნული იდეა, რომელიც ჩვენს ხალხს გააერთიანებს. ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ერს - საერთო თანხმობა რეალურ საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დიალოგმა სხვა დონეზე აიწია.
„დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეგვიძლია გვქონდეს. ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხიც. არ იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, არიან თუ არა მხარეები მზად ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ.
წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება პლებისციტს, ამაზე არ გვისაუბრია. ეს არის სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ, ეს არის ცალსახა, განუყრელი ნაწილი ამ პროცესის“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრაზე სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის იმყოფებოდა, საუბარი ყველა საკითხს შეეხო და პროცესები დაიძრა.
„მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ“, - ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების ძალიან მძიმე განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.
სამადაშვილი ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. „ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოგვიტანს“, - ამბობს სამადაშვილი.
„აქციებზე საუბარი არ ყოფილა, აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„მე ვიღებ იმ აქციებში და პროტესტში მონაწილეობას, რომელიც მომწონს, რომელიც არ მომწონს, არ ვიღებ“, - ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მეტი კონსტრუქციულობა და მზაობა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს.
გარდა ამისა, ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, 6-პუნქტიან გეგმაში შედის ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების პრობლემაც.
„შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - განცხადება ამის შესახებ დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ 6 საკითხში შედის პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი.
„ჩარჩო დოკუმენტზე ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ევროკარვშირიც შევთანხმდით. არსებობს 6 საკითხის ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი. ამ 6 საკითხში შედის პატიმრების საკითხიც - მელიას და რურუას, და არჩევნების საკითხი“, - ამბობს დავით ბაქრაძე.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ასეთი მკაცრი განცხადებები და მოწოდება, რომ ორივე მხარე სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, არის იმით განპირობებული, რომ ევროკავშირის გარეშე საქართველოს პატრონი არ ჰყავს და მათი დახმარების გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკას იცავს, ასევე გვეხმარებიან ფინანსურად და პოლიტიკურად, ამიტომ მათ ინტერესებშია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია და რუსეთმა ამ არეულობით არ იხელთოს. სწორედ მისთვის ხელსაყრელი პროცესები განვითარდა ბოლო დროს ქვეყანაში და ეს მწვავე სიგნალი ევროკავშირმა კარგად დაინახა.
„ევროკავშირისთვის კარგი ღვინო კი არ არის მნიშვნელოვანი, მათ დიდი შრომა აქვთ იმაში ჩადებული, რომ საქართველოში დემოკრატია იყოს. ჩვენ კიდევ ვბორძიკობთ და ვბორძიკობთ, არაფერი არ გვეშველა. ხედავენ როგორია ხელისუფლება და როგორია ოპოზიცია. ისინი ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ, მაგრამ როგორი მტყუანიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მაინც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ქართველი ქართველს ვერ ელაპარაკება თუ ევროკავშირის პირველი პირი არ ჩამოვიდა. პირველად როგორც იქნა პრეზიდენტის სასახლე გახდა რელურად ის ადგილი, სადაც სახელმწიფოს ინტერესები უნდა წყდებოდეს. აქამდე არავის თავში აზრად არ მოუვიდა, რომ პრეზიდენტიც გვყავს, რომლის რეზიდენციაც შესაძლოა, მოლაპარაკების ადგილად გვექცია. ამიტომ არსებობს პრეზიდენტი, რომ ორი დაპირისპირებული მხარე მოარიგოს. ესე იგი ევროპიდან უნდა გვითხრან, რომ მოდი პრეზიდენტის სასახლე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ. ეს არის მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ძალიან კარგი შემოლაწუნება. პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. არა იმიტომ, რომ ოპოზიცია კარგია და ხელისუფლება ცუდი, არამედ პასუხისმგებელი ყველაფერზე ხელისუფლებაა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციის და ხელისუფლების წუწაობა 31 ოქტომბრიდან მოყოლებული ყველას ყელში ამოუვიდა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მიშელმა კარგად დაინახა რაც ხდება, ამიტომაც ჩამოვიდა და ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ კრიზისი უნდა მოაგვარონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაზე არ ფიქრობს, მათ რომ სახელმწიფოს ინტერესები ადარდებდეთ, მაშინ პარლამენტში შევიდოდნენ.
ისინი ახლა იმაზე არიან ორიენტირებული როგორ გამოიჭირონ და ჩააფლაონ ხელისუფლება, რაც ნიკა მელიას დაკავებით კარგად გამოუვიდათ. მისი აზრით, მელიამ სწორედ იმიტომ გადააგდო სამაჯური, რომ ის დაეკავებინათ. მათ ხელისუფლებას მახე დაუგეს, რაშიც თავიც გააყოფინეს. ამიტომაც ვისმენდით დღეს მიშელის ასე მკაცრ განცხადებებს, რომელიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ძალიან სამარცხვინო და რთულად მოსასმენი იყო.
„მელია ახლა სულ მალე გამოვა, თანაც გმირის სახელით. პარალმენტს შეეძლო ეს პრობლემა თავიდან აერიდებინა და უბრალოდ მანდატი არ მოხსნა. გახარიამ კიდევ ამ სიტუაციაში საშუალო დონის გამოსავალი იპოვა და გადადგა. მას ჰქონდა შანსი არ გადამდგარიყო და იქ ვიღაცეების თავები დაეგორებინა, მეორე ვარიანტი იყო გაჩუმებულიყო და ჩაეყლაპა, მესამე კიდევ თანამდებობიდან გადადგომა და ყველაფრის თავიდან არიდება იყო.
მან მესამე ვარიანტი აირჩია, რაც ქვეყნისთვის მძიმე აღმოჩნდა. ამიტომაც გახარიას გადაწყვეტილება არაა იდიალური, მაგრამ სიგნალი იყო, რომ ქვეყანაში სიტუაცია ასე მარტივად არ არის. პრემიერმა პასუხისმგებლობა მოიხსნა, ის არის ქვეყნის პირველი პირი და გამოიქცა. ამიტომაც კაცი აღარ დარჩა ამ არეულობაში, რომ ვინმეს გონებისთვის მოეხმო. გახარია წავიდა და მიშელი ჩამოვიდა, რადგანაც ქართველი ქართველს ვერ ელაპარაკება. ჩვენ გვინდა, რომ ოსებს და აფხაზებს ველაპარაკოთ? ეს ხომ წარმოუდგენელია“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ კი პლებისციტი დაინიშნა და ორივე მხარე ამაზე შეთანხმდა, ეს წამგებიანი ნაბიჯია, რადგანაც საზოგადოებაში ოპოზიცია პოპულარული არ არის. ამიტომაც არაა გარანტია, რომ ხალხს რიგგარეშე არჩვენები უნდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, ჯერ ნიკა მელია უნდა გაათავისუფლონ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ხელისუფლება გზებს დააგებს, ხალხს დაეხმარება და ეს პლებისციტით ისევე ჩაუვარდება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიშელის ჩამოსვლით და მისი განცხადებებიდან უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ნიკა მელია ისე დააკავა, ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში არ ჩააყენა. ძაბირაძის თქმით, ხელისუფლება უარს მოლაპარაკებაზე არასდროს არ ამბობდა, მაგრამ მელიას დაკავებამ სიტუაცია გაართულა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა მხოლოდ მოდერატორობა არ იკმარეს და პირდაპირ ღიად ჩარევა მოუწიოს. მისი ვარაუდით, როგორც ჩანს, მიშელი ორივე მხარესთან კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდა, სადაც ორი მნიშვნელოვანი თემის განხილვა მოხდა. ეს არის საგარეო გეოპოლიტიკური სიტუაცია და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.
„როგორც ჩანს, მიშელის მთავარი საკითხი მაინც შიდა პოლიტიკურ სიტუაციას ეხება. დავინახეთ, რომ ტონი იმდენად რეალური და კატეგორიულია, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება ყველანაირი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან რამდენიმე საათში დაჯდა. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ ხელისუფლება ჩვენ პარტნიორებს უფრო მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე საზოგადოებას. სამარცხვინო ისაა, რომ ერთმანეთში ლაპარაკი შუამავლის გარეშე არ შეგვიძლია. როგორი კარგი პარტნიორებიც არ უნდა იყვნენ, ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პოლიიტკური კულტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
კიდევ კარგი, რომ ისინი არსებობენ. ორივე მხარე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც კატეგორიულები არიან. ამიტომაც მიშელმა ხაზგასმით თქვა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება და სასწრაფოდ შეთანხმებისკენ მოუწოდა მათ. ერთ-ერთი გამოსავალი იმის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი. ამას ალბათ, მელიას გათავისუფლება მოჰყვება“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.