სახიფათო თამაშები საინფორმაციო სივრცეში

სახიფათო თამაშები საინფორმაციო სივრცეში

თავიდანვე ვიტყვი, რომ დიდი სიბრიყვეა ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებში გარკვევას შეეცადო, რადგან წინასწარაა ცნობილი, რომ უაზრობისა და ხმაურის ნაკადში გაიბლანდები. თუმცა, ეს მარტო ქართული საინფორმაციო სივრცის პრობლემა არ არის, ზოგადად, კაცობრიობა შევიდა განვითარების ისეთ სტადიაში, როდესაც უამრავი ინფორმაციული ნაკადი გამაოგნებელი სისწრაფითა და ინტენსივობით უტევს სტატისტიკური ჰომო ინფორმატიკუსის ტვინს და მთელ მის სასიცოცხლო სივრცეს იკავებს.

ინფორმაცია რომ იარაღია, ეს ძველებმაც კარგად იცოდნენ, თუმცა, სხვაა ინფორმაციული ნაკადი, რომელიც უკვე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი და კარგად გააზრებული პროცესია - დღეს, როდესაც ასე გაადვილებულია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, მთავარია, გააზრებული ინფორმაციული ნაკადის შექმნა, რომელიც იმდენად ძლიერი იქნება, რომ სხვა ნაკადებსაც გაიყოლებს, ან მთლიანად გადაფარავს.

რასაც ვერაფრით წავართმევთ ნაციონალებს, სწორედ ეს არის - მათ კარგად იციან საინფორმაციო ტექნოლოგიების ფასიც, შესაძლებლობებიც და გამოყენებაც. თავის დროზე ხელისუფლებაში მოსასვლელად, შემდეგ კი მმართველობის და ძალაუფლების გასამყარებლად, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სწორედ ეს იარაღი აირჩია და, ამჟამად, ოპოზიციაში გადასულებიც, იმავე სტილით ცდილობენ ძალაუფლების დაბრუნებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაციონალებმა სწორად შეაფასეს საკუთარი მწირი რესურსები და მათი მაქსიმალური მობილიზებაც მოახდინეს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი შედეგი, რომელიც ამ სტრატეგიის გამართლების შემთხვევაში დადგება, უმძიმესი იქნება როგორც ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, ისე - მმართველი გუნდისა და ოპოზიციაში გადაბარგებული ნაციონალებისათვის.

რატომ წამოიწყო საკაშვილმა წინასწარ წაგებული თამაში? ამ კითხვაზე პირადად ჩემთვის ერთადერთი პასუხი არსებობს – სააკაშვილი საკუთარი ბიოგრაფიის განმავლობაში იმდენად მიეჩვია სწრაფ და ყოვლისმომცველ გამარჯვებებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია გრძელვადიან და შორ დისტანციებზე გათვლილი პოლიტიკა! სწორედ ამან მიიყვანა ის 1–ლი ოქტომბრის კრახამდე და, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს გახდება მისი პოლიტიკური მოღვაწეობის სრული კოლაფსის მიზეზიც. ახლა, როგორც მმართველი გუნდის, ისე საზოგადოების მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის და მის გარშემო მობილიზებული მცირე ჯგუფის საბედისწერო რბოლას არ გადაყვეს. ანუ, უნდა მოხერხდეს და იმ წამლეკავ და სახიფათო საინფორმაციო ნაკადს, რომელსაც ნაციონალები აწარმოებენ (ძნელია, სხვა ტერმინი გამოიყენო), სწორი და ქმედითი საინფორმაციო პოლიტიკა დაუპირისპირდეს, რასაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ვერ ახერხებს და ეს უკვე საგანგაშო ხდება.

ნაციონალების ტაქტიკა მარტივია – ისინი ნებისმიერი გზით ცდილობენ და ახერხებენ კიდეც, ნიუსად აქციონ ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ამბავიც კი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ნიუსის მდგენელს. ამაში მართლაც რომ ვირტუოზები არიან და ეფექტურად იყენებენ როგორც მთავრობის შეცდომებს, ისე –მის მიღწევებსაც. მითითება მარტივია: გააკეთებს რამეს თუ საერთოდ არ გააკეთებს არაფერს “ოცნების” რომელიმე ლიდერი, ან რომელიმე სახელმწიფო უწყება, რეაგირება ყველაფერზე ნეგატიურ კონტექსტში უნდა მოახდინო!

სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ოპოზიციის ასეთი განცხადებების და ამბების დიდი ნაწილი ვერც კი მოხვდებოდა საინფორმაციო გამოშვებაში მათი არასერიოზულობის გამო, მაგრამ უნდა გავითვალსწინოთ, რომ ჯერ კიდევ ნაციონალების გავლენაში რჩება “რუსთავი 2” და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რამდენიმე საინფორმაციო პორტალი, რადიოსიხშირე და ბეჭდვითი მედიასაშუალება. ამავე დროს, ნაციონალები აქტიურად მუშაობენ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე. რაც შეეხება დანარჩენ მედიასაშუალებებს, ისინი ხშირად იძულებულნი არიან ნაციონალების მიერ შემოგდებული საინფორმაციო ჭურვების გამტარები გახდნენ, რადგან ამ ყველაფერს ისეთი უზრუნველყოფა აქვს, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, ძნელია მისი აცილება. ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლებელია უარი თქვა პრეზიდენტის გამოსვლის, ან უცხეთის ავტორიტეტული თუ ნაკლებად ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული შეფასების გაშუქებაზე. მით უმეტეს, უარს არავინ იტყვის გააშუქოს პარლამენტარებისა და ყოფილი თუ ამჟამინდელი ოდიოზური ფიგურების ცემა-ტყეპის, ან დაკავების ამბავი.

სიმართლე გითხრათ, სულ ეს არის მთელი ქართული მედიასივრცის ანატომია, თუმცა, ამ სიმარტივის მიუხედავად, ამჟამინდელი მმართველი გუნდი თითქმის ვერ ახერხებს საინფორმაციო სივრცის მართვას და უმცირესობის მიერ ინიცირებული დესტრუქციული ნაკადის და შფოთის განეიტრალებას.

არადა, პროცესები მართლაც სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. ნაციონალების მხრიდან ასეთი სისტემატური და ინტენსიური შფოთის შექმნის მთავარი მიზანი ერთი შეიძლება იყოს – იქამდე მიიყვანონ მოვლენები, რომ მაქსიმალური დაძაბულობის ფონზე ეკრანების წინ უმძიმესი დაპირისპირების ინსპირაციის მოწმენი გაგვხადონ, რასაც, თავისთავად მოყვება ფსიქოზი, რომლის დროსაც უკვე აღარავის ექნება მტყუან-მართალის გარჩევის უნარი. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდება საკმაოდ დამაჯერებელი საინფორმაციო საბაბი საიმისოდ, რომ სააკაშვილმა ძალოვანი უწყების მინისტრები დაითხოვოს. აქედან კი ერთი ნაბიჯია სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ასეთი გადაწყვეტილება არც კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში და, დღევანდელი საინფორმაციო უზრუნველყოფის ფონზე, არც პარტნიორ ქვეყნებში გამოიწვევს აღშფოთებას, სამაგიეროდ ქვეყნის შიგნით აღარ დარჩება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ავტორიტეტი და ძალა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მრისხანებას დააოკებს.

ასეთ ფონზე, თუკი შსს კვლავ პრეზიდენტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, მოხდება ის, რაც უკვე ვნახეთ 7 ნოემბერსა და 26 მაისს, მაგრამ მოხდება გაცილებით დიდი მასშტაბით და გაცილებით სასტიკად. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ სისასტიკის შედეგი უკვე იქნება უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საბოლოო დაშლას და განადგურებას გამოიწვევს. გასაგებია, ამ ყველაფრით საბოლოოდ რა მოხერხებულად ისარგებლებს ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც დღეს მსოფლიო პოლიტიკაში შექმნილი სიტუაციიდან და საკუთარი პოზიციებიდან გამომდინარე, უკვე ნამდვილად არ გაუშვებს შანსს, სამხრეთ კავკასიის ერთპიროვნული მაკონტროლებელი გახდეს.