სხვადასხვა ბიზნესში გალაღებულ ბანკებს ფრთებს შეაჭრიან

სხვადასხვა ბიზნესში გალაღებულ ბანკებს ფრთებს შეაჭრიან

ადგილობრივ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობას, სავარაუდოდ, აუკრძალავენ. ბანკირების წინააღმდეგ განსაკუთრებით დეველოპერები ილაშქრებენ და თვლიან, რომ საქართველოში არსებული დაუსრულებელი სამშენებლო კრიზისი დიდწილად ბანკების "დამსახურებაა".

უკვე ცნობილია, რომ ქართული ბანკების უმრავლესობა საკრედიტო ინსტიტუტების პარალელურად სხვადასხვა პროფილის ბიზნესებსაც ფლობს და საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია სადაზღვევო, სალიზინგო, ქონების მართვის, ასევე საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული ფირმების მართვა. 

მაგალითად,  „თიბისი ბანკი“ ფლობს სალიზინგო კომპანია „თიბისი ლიზინგის“ 89%–ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება „თიბისი კრედიტის“ 75%-ს, საბროკერო კომპანია „თიბისი ბროკერის“ 100%–ს, „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის“ 93%–ს, „უძრავი ქონების მართვის ფონდის“ 100%–ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%–ს, „თიბისი ფეის“ 100%–ს, ასევე ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია „თიბისი ინვესტს“.

კიდევ უფრო მეტი არაპროფილური კომპანია აქვს „საქართველოს ბანკს“ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი 50-ზე მეტ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ კომპანიას ფლობს: სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ 100%–ს, „თელიანი ველის“ და „თელიანი თრეიდინგის“ 100%-ს, კონიაკის საწარმო „ლე კავკასის“ 100%–ს, ხის კასრების საწარმო „კუპას“ 70%-ს, ტუროპერატორ „ინტერტურის“ 97%-ს, „პლანეტა ფორტეს“ 51%-ს, „კავკასუს ავტოჰაუსს“ და საკალათბურთ კლუბ „დინამო თბილისს“.

ბანკების მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ქართული ბანკების არაპროფილური ბიზნესებისადმი დაინტერესება 2008 წლის, ანუ კრიზის შემდგომ გაორმაგდა.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და აშშ-სა და ევროპაში ფინანსური ბაზრების მოდერნიზაციის პოლიტიკითაც არის ცნობილი. ამ პოლიტიკის მიზანი საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება იყო.

„მე ვერ გამიგია რაში იზღუდებიან დეველოპერული კომპანიები, მათ აქვთ მიმზიდველი და მომგებიანი პროექტები და ბანკები დაფინანსებაზე უარს ეუბნებიან?“ – აცხადებს გვასალია მშენებელთა საწინააღმდეგოდ.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით კი, ბანკების დიდი უმრავლესობა თანახმაა არაპროფილური ბიზნესები ჩამოიშოროს. მისი აზრით, ბანკების ჩართულობა არაპროფილურ ბიზნესში არასწორია და ამ მიმართულებით ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როსტომაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციაც მათ მოსაზრებას ემთხვევა. ამიტომ, როდესაც ბანკები სუფთა საბანკო ფუნქციებს შეასრულებენ, ეს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება.

საინვესტიციო კომპანია „არქი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი რადიო “კომერსანტთან” საუბრისას ადასტურებს, რომ მთავრობა ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესების მართვის შეზღუდვაზე მუშაობს.

ილია წულაიას განმარტებით, თუ ბანკები მხოლოდ საკუთარი პროექტების დაფინანსებას გააგრძელებენ და კომპანიები სხვა გზებით მოიპოვებენ სახსრებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენცია შეუძლებელი გახდება. „არქი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, ახალი მთავრობა არსებული პრობლემების საქმის კურსშია და არსებობს ინფორმაცია, რომ მიდის მუშაობა სიტუაციის დარეგულირებაზე და იმაზე, რომ ბანკებს შეეზღუდოთ შვილობილი კომპანიების მეშვეობით დეველოპმენტში შესვლა.

ამ საკითხში მმართველი პარტია დეველოპერების მოსაზრებას იზიარებს. კერძოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბანკების მხრიდან საკუთარი სამშენებლო კომპანიების ფლობა და დაკრედიტება მეწარმეებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, რომელიც ასევე გააკონტროლებს ბანკების მხრიდან დეველოპერულ საქმიანობაში ჩარევას.

გვასალია კი სხვაგვარად ფიქრობს. მას ეეჭვება, რომ ანტიმონოპოლიურ კანონში კონკრეტული სფეროს გამოყოფა მოხდეს ან ჩაიწეროს, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ დეველოპერული კომპანიების ფლობა ან რაიმე მსგავსი შეზღუდვა დაწესდეს.

„ბანკების მიმართ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც რომ გაუჩნდეთ პრეტენზიები, გამოდის, ისინიც კანონში უნდა აისახოს? ზოგადად კი საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 22. „აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები“, ამ საკითხებს ისედაც არეგულირებს“, – განმარტავს გვასალია “კომერსანტთან” საუბრისას.

მისი თქმით, საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს,  შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.