ოპოზიციის შიგნით სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო და სრულიად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ. „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირების წინააღმდეგია. მათი თქმით, დაუშვებელია დისკომფორტი მოქალაქეებს შეექმნათ, ასევე მათ არაკანონიერი ქმედებების განხროციელებისგან თავი უნად შეიკავონ. ოპოზიციის ნაწილი კი პირიქით, სიტუაციის გამწვავების მომხრეა. რუსთაველზე ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი, სადაც ოპოზიციის აქტივისტები იმყოფებიან. ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების მიზეზი ასევე ნინო ბურჯანაძის ჩანაწერია, სადაც ის გავრილოვის გამო კოსაჩოვს ბოდიშს უხდის. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს და გავრილოვის გამო კოსაჩოვისთვის ბოდიშის მომხდელი ორგანიზატორი ნამდვილად არ უნდა იყოს. მისივე თქმით, 30-წლიანი ნათაღლითარების, პოლიტიკური გვამების – ბოკერია-ბურჯანაძის გაცოცხლების გამო, ხალხი არ მიდის აქციაზე. როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა მიდის პროცესი, რომ ცოტა მეტი უფლებები მოინდომა რუსულმა ვექტორმა.
რა პროცესები დაიწყო ოპოზიციაში და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მათ შორის დაპირისპირება ისე გამწვავდეს, ან სულაც, არსებული ერთიანობა საერთოდ დაიშალოს. For.ge-სთან ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:
როგორ შეაფასებთ, 26 თებერვალს პარლამენტთან გამართულ აქციას, აჩვენა ოპოზიციამ ხელისუფლებას ძალა და ამ შესაძლებლობებით აიძულებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას?
- თუ ოპოზიციას ხელისუფლებისთვის ძალის ჩვენება უნდა, ეს არის დიდი მასობრივი მანიფესტაციების ჩატარება, რომელსაც ასევე პერმანენტული სახე ექნება. მუხედავად იმისა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი არ იყო, მაინც მეგონა, რომ ამაზე ორჯერ მეტი გამოვიდოდა. ოპოზიციას დღეს იმის რესურსი არა აქვს, რომ პერმანენტული და ფართომასშტაბიანი აქციები გამართოს. ჩვენ კარვების ქალაქი 2009 წელს გვახსოვს და მაშინ არც არავის დასჭირვებია იმის თქმა, რამდენი კარავი იყო. ახლა ვხედავთ, ხელოვნურად უნდათ, რომ ქუჩა გადაკეტონ. თანაც ძალიან უცნაურია, რომ ეს სამოქალაქო აქტივისტები კიარა პარტიული რადიკალები უფრო არიან. ესენი სამოქალაო აქტივისტებს არ ჰგვანან. ეს ძიძგილაობები არც არაფერში სჭირდებათ და ვერც ვერაფერში გამოიყენებენ.
ოპოზიციის შიგნით სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და ფაქტობრივად დაპირისპირება დიაწყო. „ლელოსთვის და „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელია პარლამენტის და მიმდებარე გზის პიკეტირება. როგორ ფიქრობთ შეიძლება ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს, მით უმეტეს თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძეს მწვავედ დაუპირისპირდა?
- როგორ ჩანს, ოპოზიციაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ერთია, რომ ბოიკოტს პარლამენტს ერთად უცხადებდნენ, მაგრამ მეორე - სამოქმედო ტაქტიკაზე თანხმდებიან თუ არა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მცირე პარტიები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, ასე, ერთ ქვაბში მოხარშვა მათ წამგებიან სიტუაციაში აყენებთ. ამიტომაც ნელ-ნელა ცდილობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება მოახდინონ. ეს პროცესი კი, რაც უფრო დრო გავა, გამოიკვეთება. ამიტომაც ველი, რომ სიტუცია კიდევ უფო დაიძაბება. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდე და გვერდით პრორუსული ძალა გედგეს, რომელიც მას ბოდიშს უხდიდა. ამიტომაც არის, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის. აქ საუბარი მაქვს სამოქალაქო მუხტზე და არა პარტაქტივზე.
ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზეც საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა. „ლელო“ ამბობს, რომ ჯობია სააკაშვილი ჩუმად იყოს, რადგან დუმილს ოქროს ფასი აქვს... შეიძლება სააკაშვილის თემა დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდეს?
- აქ საუბარი მიდის იმაზე, რომ პატარა პარტიები, როგორც ჩანს, ხვდებიან, რომ თუკი ამ ერთიანობაში აითქვიფებიან და ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი უკან დაბრუნდება და პრემიერი გახდება. ამას წყალი არ გაუვა. ამას ვერც „ლელო“ შეაკავებს, ვერც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ვერც „ევროპელები“. გია ბარამიძემ სწორი თქვა, ენმ თუ გინდათ და მისია ამომრჩეველი, მაშინ სააკაშვილიც უნდა გინდოდეთო. ეს კაცი მართალია, თუ სააკაშვილს ღებულობ, პრობლემა არაა, თუ არ ღებულობ, მაშინ აქციები შენ დაგეგმე. როგორც ჩანს, ოპოზიციაში სწორედ ეს დისტანცირების პროცესი იწყება. ცალკე აღებულ პატარა პარტიებს არ ეყოლებათ იმდენი ელექტორატი, რომ მასობრივი აქციები მოაწყონ. თუმცა თავის ელექტორატს დაიბრუნებენ და აღარ გაჩნდება საფრთხე, რომ საერთოდ პოლიტიკურად გაკოტრდნენ. თუ ერთად დარჩებიან, უბრალოდ, ამომრჩეველს დაკარგავენ. დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
რადგან მოსახლოება გარეთ არ გამოდის, ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლებას შეცდომები დააშვებინოს და ამით დასავლეთიდან „ოცნებაზე“ ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს?
- რა თქმა უნდა, ამ შეხლა-შემოხლით უნდათ, რომ ყვირილი ატეხონ, აჩვენონ ყველას ხელისუფლება ძალას როგორ ამეტებს. წავა საუბარი იმაზე, რომ მათ ძალას გადააჭარბეს და ასე შემდეგ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. მშვიდად უნდა იყოს და მიადევნოს თვალი რა მოხდება, არ უნდა დაუშვას ისეთივე შეცდომა, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებით მოხდა. პოლიტიკური სიტუაცია მერე კიარ უნდა განსაზღვრო, როცა ფაქტი მოხდება, მანამდე უნდა განსაზღვო და პოლიტიკური ნაბიჯი ამის შემდეგ უნდა გადადგა. „ოცნებამ“ ჯერ ფაქტი მოახდინა და დასავლეთის ინფორმირება მერე დაიწყო. ოპოზიციასაც ყველაფერი ზუსტად ამაზე აქვს გათვლილი. ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვას, თუ ამას ვერ შეძლებს, კარვები რამდენი ხანიც არ უნდა იყოს, ვერაფერს იზამენ.