„ბანდას გარედან მტერი თუ უტევს, შეკრული ხდება, ესენი კი უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და რომ გაიმარჯვონ, შემდეგ, ალბათ, ერთმანეთისგან ბუნდღას აღარ დატოვებენ“

„ბანდას გარედან მტერი თუ უტევს, შეკრული ხდება, ესენი კი უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და რომ გაიმარჯვონ, შემდეგ, ალბათ, ერთმანეთისგან ბუნდღას აღარ დატოვებენ“

 

 

 

 

ოპოზიციისთვის ქუჩა საკუთარ სახლად თუ ოფისად იქცა. ამის დამადასტურებელია ის, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. ამის მიუხედავად ოპოზიციურ ფლანგში დაპირისპირებები არ წყდება. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს დაუპირისპირდა.

„ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ბოკერია-ბურჯანაძის, პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!“ - დაწერა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით „გაცოცხლებას“ ლამობს“.

ჩარკვიანს ბოკერია ასე გამოეხმაურა: „პოსტს არ გავცნობივარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით ის არავის უპირისპირდება, ვიდრე არჩევნებს არ მოიგებს.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-თან.

თუმცა, გიგა ბოკერიას პრობლემა მარტო თაკო ჩარკვიანთან არ აქვს. მას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილიც მიმართავს და ურჩევს, მისი თაობის პოლიტიკოსებმა ტრიბუნა ახალგაზრდა თაობას უნდა დაუთმონ.

„ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90-იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც. კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდევ უფრო უმოწყალოდ. ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია“, - წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ბოკერიას თქმით, ის აპირებს სწორედ, რომ ახალგაზრდა თაობასთან ხიდი იყოს.

„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე for.ge-თან საუბარში ტრაგიკულს უწოდებს ოპოზიცისა და ხელისუფლების დღევანდელ ქმედებას.

მარაზმული პოლიტიკური პროცესი უკვე 30 წელია გრძელდება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეთ, ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდნენ საქმეს. ამ პროცესის მიღმა მთავარი რაც ხდება - იჩქმალება სერიოზული გეო-პოლიტიკური დაპირისპირება. ეს მხოლოდ ფარდაა, რომელიც სინამდვილეში ნიღბავს ამ პროცესს და ჩვენ ვხედავთ ხალხს, რომელსაც გარდა ვიწრო ინტერესებისა, სახელმწიფოს განვითარება, მისი უსაფრთხოება ნაკლებ აინტერესებს. ეს ეხება ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

ოპოზიციაში რა დაპირისპირებაა, მე არ ვიცი. სააკაშვილმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და სამწუხაროა, რომ თავისი მოქმედებით ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ არაფერი აკეთოს და მხოლოდ და მხოლოდ მის წინააღმდეგ ისაუბროს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ არსებულ პრობლემებზე ისაუბროს, ყოველდღე ლაპარაკობენ მელიაზე, სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამ სიტუაციაში ეს არის ყველაზე ტრაგიკული“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ და დასძინა - ნიკა მელია ციხეში ვის გაუნაწყენდა, ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე თუ სხვა მეორე ხარისხოვანია. მისი თქმით ხელისუფლებამ ნიკა მელიას ყველანაირი კარტები მისცა, როდესაც დაიჭირა და მას სახელი მსოფლიოში გაუთქვა.

„პერსონალიებზე საუბარი არაფერს იძლევა. უტვინო ნიკა მელიამ ხელისუფლების წყალობით მსოფლიო რეზონანსი მიიღო. პოლიტიკოსის დაჭერა წამალია. ეს მხოლოდ სუსტ პოლიტიკურ ჯგუფს არ ესმის, როგორიც „ქართული ოცნებაა“. თორემ, ბატონი მელია ალბათ, ათი წელი მთელი დღე-ღამე რომ ეშრომა, ასეთ აღიარებას ვერ მიიღებდა. დღეს ყველა კარტი მელიას ხელშია და არა ხელისუფლების. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამ მარაზმულ სიტუაციაში 4 წელი იქნება ხელისუფლებაში და ამ სისულელეებს კვლავ გააგრძელებს, რასაც ახლა ლაპარაკობს და კვლავ არაფერს გააკეთებს, მაშინ ეს უკვე ჩვენი ხალხის პრობლემა იქნება. ანუ, ვინ ვის გაუნაწყენდა ამას პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. მელიას ხელისუფლებამ ის გაუკეთა, რომელსაც მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარიც ვერ გაუკეთებდა. პოლიტიკაში დაჭერა სასაცილოა, როდესაც ხელისუფლებას ათმაგი სტანდარტები აქვს სამართავად, როდესაც თაროებზე აქვს შემოდებული თავისი მაღალჩინოსნების დასაჭერი საქმეები. თუ მელიამ ოდესმე რამე კანონი დაარღვია, კეთილი ენებათ და მაშინ აღეძრათ საქმე. ამას თვეებით დრო არ სჭირდებოდა. როდესაც ოპოზიციურ ლიდერს იჭერ, რომელსაც მხარდამჭერები ჰყავს და იძახი, რომ კანონით ვმოქმედებო, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბეცი ხარ, ან და საერთო უვიცი“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს კი, ოპოზიციის დაპირისპირება ბანდის დაპირისპირებას აგონებს. მისი თქმით ბანდა მაშინ არის ერთიანი, ვიდრე მტერს დაამარცხებს, ოპოზიცია კი უკვე ერთმანეთს ჭამს.

„როდესაც ადამიანებს უჭირთ ისინი იკვრებიან. ბანდა რომ ბანდაა, გარედან მტერი თუ უტევს, ბანდა შეკრული ხდება. აი, მტერს, რომ მოიშორებს ბანდა ერთმანეთს დაერევა ხოლმე. ესენი კი უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან. მათ რომ გაიმარჯვონ და ყველა დაამარცხონ, შემდეგ ალბათ ერთმანეთისგან ბურდღას აღარ დატოვებენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის დაპირისპირება ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან სწორედ ოპოზიცია აზიანებს საკუთარი ქმედებით საკუთარ თავს.

„ოპოზიცია თავის ქმედებებზე არ ფიქრობს. ბოიკოტს აცხადებენ და ეს რა შედეგს მოუტანთ? - არაფერს. რაც შეეხება ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ხეირს ხელისუფლებისთვის - მეტი რაღა ხეირი უნდა მოუტანოს, ამაზე უარესი ხელისუფლებამ რა უნდა უქნას, რასაც ისინი ერთმანეთს უკეთებენ“, - აღნიშნა ექსპერტმა for.ge-თან საუბრისას.

რადიკალურმა ოპოზიციამ პარალმენტი კარვებში გადაიტანა თუ არა, ექსპერტი ჩვენს ამ რიტორიკულ კითხვას ასე პასუხობს: „მაშინ ამ კარვებში თავყრილობები, მსჯელობა უნდა გაშლილიყო, მაგრამ რა არის გაშლილი, კაცმა არ იცის. უფრო ზუსტად, მათ პარლამენტი კი არ გადმოიტანეს კარვებში, რაც უნდათ, რომ პარლამენტში გააკეთონ, ის გვაჩვენეს თავიანთი კარვებით. ესენი ხომ ერთი წელია პარლამენტში არიან და საპროტესტო გამონათქვამებით, მოწამლული ნივთიერებების დასხმის გარდა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს. იგივე ხდება ახლა გარეთ და ეს უნდათ, რომ შიგნითაც იყოს“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.