„სისხლი სისხლის წილ იქნება!“

„სისხლი სისხლის წილ იქნება!“

2004 წლის 24 ნოემბერს პატრულ-ინსპექტორებმა ბაშალეიშვილმა და აბუაშვილმა დიდუბეში „ბეემვე“-ს მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც გიორგი ქურდაძე, ბუტა რობაქიძე, ირაკლი მიქაბერიძე, აკაკი ბართაია, ლევან დანgაძე და კახაბერ აზარიაშვილი იმყოფებოდნენ, რა დროსაც ცეცხლის გახსნის შედეგად ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მეგობრები - გიორგი ქურდაძე და ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ბრალდებული სხვა პირები 8 წლის განმავლობაში უშედეგოდ ამტკიცებდნენ, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს მათ იარაღი ჩაუდეს. მომხდარს თავდაპირველად მიენიჭა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებული მკვლელობის კვალიფიკაცია, რათა რობაქიძის მკვლელობის საქმე შემწყდარიყო. მოგვიანებით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, პოლიციელი ბაშალეიშვილი გასამართლდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის. 2012 წლის ნოემბრიდან პროკურატურამ დაიწყო ხელახალი გამოძიება და აღნიშნული საქმის გამო ყოფილ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა.

რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო.

დონაძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა და საჯაროდ განაცხადა, რომ არსებობდა ახალი მასალები საქმეში, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენდა და მის უდანაშაულობასაც დაადასტურებდა.

დონაძის განცხადებებიდან რამდენიმე დღეში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ „კალაშნიკოვს“ და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. მისივე მტკიცებით, ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში.

„ეს მანქანა იმ დღეს „დინამოს“ სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე“, - განაცხადა ფირცხალავამ.

ბუტა რობაქიძის მეგობარი, ირაკლი მიქაბერიძე ფირცხალავას ვერსიას უარყოფს,

„რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით? უცხოები რომ ვყოფილიყავით მთელი საღამო ერთად არ ვიქნებოდით. ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს. ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს ის, რაც თვითონ უნდოდათ და აწყობდათ. გამომძიებელი შალვა მიქაბაძე თვითონ იძახის, რომ იარაღი დადეს და კამერების წინ ამოიღეს. ამას ადასტურებს მუკბანიანიც. ეს იყო რეალობა“, - განმარტავს მიქაბერიძე.

მისივე თქმით, ავტომანქანა, რომლის შესახებაც ითქვა, რომ თითქოს, პოლიციისთვის ძებნაზე იყო გადაცემული, იგი კახაბერ აზარიაშვილის საკუთრება იყო და მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში მანქანა ქალაქში მოძრაობდა.

„არაერთ ეკიპაჟს ჩავუარეთ და არ გავუჩერებივართ. არავითარი ჩხუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს. მანქანაში იარაღი რომ გვქონოდა, ვინ გააჩერებდა მანქანას“? - აღნიშნა მიქაბერიძემ. ის ასევე ამბობს, რომ იარაღის ჩადება ნაწილ-ნაწილ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ მოხდა.

რაც მთავარია, იმ კადრებით, რაც ფირცხალავამ გაავრცელა, არ ჩანს ბუტა რობაქიძის დაჭრის გარემოება. ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ კადრებში ბუტა რობაქიძე უკვე დაჭრილია, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია.

„ცოცხალია, აკეთებს ერთეულ სუნთქვით მოძრაობას და მწოლიარე მდგომარეობაში გადაბრუნების მცდელობა აქვს. მერე, როდესაც უკვე სასწრაფო სინჯავს, მაღალი ალბათობით უკვე გარდაცვლილია. კადრებზე აღბეჭდილია უკვე დაჭრილ მდგომარეობაში, სახის ნახევარი და ტანსაცმელიც, გულმკერდის მიდამოები, უკვე სისხლით აქვს მოსვრილი. სასწრაფო დახმარება რომ ნახულობს და ტერმინალს აფართოებს, ექიმის მოძრაობა დაჭრილის უიმედო მდგომარეობაზე მიანიშნებს. რა მასალაც ვნახე, ამ მასალაში დაზიანების მიყენების მომენტი ასახული არ არის. გადაღებუილია დაზიანების მიყენების შემდეგ“.

ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შეფასება ვთხოვეთ სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილ მაღსლჩინოსანს, ზურაბ კანდელაკს, რომელიც ცალსახად აცხადებს: „ამ მასალიდან არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაკავებულებს ავტომანქანაში იარაღი ჰქონდათ“.

ზურაბ კანდელაკი: პირველი კითხვაა - ვინ გადაიღო ეს მასალა? როდესაც პოლიციის თანამშრომლები ოპერაციას ატარებენ, არავის არ მისცემენ უფლებას, რასაც ჩვენ კადრებში ვხედავთ, ის გადააღებინონ. აშკარად ჩანს, პოლიციის თანამშრომელი როგორ ამბობს, „გადაიღე, აქ იარაღი დევს“. აქედან ცხადია, რომ კადრებს იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. თუ ეს იყო შსს-ს თანამშრომელი, შემთხვევა კი დიდუბის ეკლესიასთან მოხდა, გამოდის, რომ ოპერატორის ადგილამდე მისვლას შს სამინისტროდან ან ქალაქის სამმართველოდან მინიმუმ 15-20 წუთი დასჭირდებოდა. გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში, ვიდრე ოპერატორი იქ მივიდოდა, ოპერაცია უკვე ჩატარებული უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ხდება წამებში.

კითხვა რაც მიჩნდება - რას აკეთებდნენ ამ 15 წუთის განმავლობაში? აქედანაც ჩანს, რომ ეს არის დადგმული სცენა.

თუ ოპერატორი ამ ჯგუფს თან ახლდა, მაშინ გადაღებული უნდა ყოფილიყო ავტომანქანის გაჩერებაც და მასში მსხდომი მგზავრების გადმოყვანაც, რაც კადრებზე ასახული არ არის. ეს რომ ყოფილიყო, მაშინ ეჭვი არავის შეეპარებოდა, როგორ ჩატარდა ოპერაცია და როგორ განვითარდა მოვლენები. რაკი ასეთი კადრები არ არის, ეს ნიშნავს, რომ ოპერატორი მათთან ერთად არ ყოფილა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი - როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, ჯერ რაიონული პოლიციის უფროსი უნდა ჩააყენო საქმის კურსში, მან კი - თავისი ზემდგომები. ახლა გავითვალისწინოთ, სანამ ის ქალაქის სამმართველოში დარეკავდა, ამასაც ხომ დრო სჭირდება? თანაც, ეს კადრები ტელეფონით არ არის გადაღებული, კამერითაა. კამერით გადაღება კი მხოლოდ შს სამინისტროს ოპერატორებს შეეძლოთ.

დავუშვათ შემთხვევა, რომ ოპერატორი მათ თან ახლდათ. გამოდის, რომ მაშინ ოპერაცია წინასწარ იყო შეთანხმებული, ღონისძიება მიმდინარეობდა ამ ავტომანქანასა და ამ პიროვნებებზე, ასეთ შემთხვევაში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო ოპერატორების მიერ ქალაქში მათი მოძრაობა, შემდეგ მაქანის გაჩერება და ავტომანქანაში მსხდომთა გადმოყვანა. როდესაც ასეთი ღონისძიება დგება, გეგმა იწერება, შემდეგ ამ გეგმას ამტკიცებენ და პასუხისმგებელიც ის არის, ვინც გეგმას ხელი მოაწერა - ქალაქის სამმართველო ან შს სამინისტრო. თუ ასეთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაშინ პატრულის თანამშრომლებს უფლება არ ჰქონდათ ან ეთვალთვალათ, ან ამ ღონისძიებაში რაიმე მონაწილეობნა მიეღოთ.

კადრებზე ჩვენ ვხედავთ პატრულს, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ღონისძიება დაგეგმილი არ ყოფილა. ანუ სახეზეა, რომ ამ ავტომანქანის გაჩერება შემთხვევით მოხდა და ოპერატორიც ამ მომენტისთვის იქ არ ყოფილა“.

რაც შეეხება იარაღს, რის გამოც მოხდა ამ ავტომანქანის გაჩერება და შემდეგ რობაქიძის მკვლელობა, ზურაბ კანდელაკი განმარტავს: „შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა. როდესაც ღამით პატრული აჩერებს ავტომანქანას, სადაც სავარაუდოდ, იარაღია, ისტორიაში არ მეგულება ასეთი ფაქტი, რომ ვინმეს, ვისაც იარაღი აქვს, მანქანა გაეჩერებინოს. როგორც წესი, ისინი მანქანას არ აჩერებენ, გარბიან და ნებისმიერ შესაფერის მომენტში ცდილობენ იარაღი მანქანიდან გადააგდონ, თავიდან მოიშორონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა, დიდი ალბათობით მათ იარაღი არ უნდა ჰქონოდათ. ამ კადრებიდან მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ეს იარაღი ჩადებულია. ხმა ისმის, რომ მოკვლას მიპირებდაო... ავტომატი ჯერ მიუშვირა და მერე ისევ უკან ჩადო მანქანაში, გადმოვიდა და დანებდა? როგორ უპირებდნენ მოკვლას - ხალხი ძირს ჰყავთ დაწვენილი და მერე ეძახის ოპერატორს მოდი ეს გადაიღე, აქ ავტომატი ყოფილაო. თუ იარაღი ეჭირა რომელიმეს, პირველი, რაც უნდა ექნათ, ესროლათ ან განეიარაღებინათ. აქ ეს არ ჩანს".

"კალაშნიკოვს" ასე გამოსაჩენად, ფეხებთან არავინ იდებს, ნაგანი საერთოდ ძირს გდია. არავის უნახავს ვის ჰქონდა ის იარაღი და ვინ დააგდო“,- აცხადებს კანდელაკი.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი შეუსაბამობა - ვიდეოგადაღება ისე მთავრდება, რომ ხელბორკილი ჯერ კიდევ ყველას არ აქვს დადებული. ოპერაცია ჩაატარეს, იარაღიანი ხალხი ნახეს, რომლებსაც რატომღაც ხელბორკილი არ დაადეს. ასე ხელებგახსნილი ხალხი უწევთ მიწაზე და იმისი შიშიც არ აქვთ, რომ რომელიმემ იარაღს არ დასტაცოს ხელი. პირველი, რასაც პოლიციელს ასწავლიან, ეს არის მიწაზე დაწვენა და იმწამსვე ხელბორკილის დადება. ამდენი ხნის განმავლობაში მიდის კადრები და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი პოლიციელი წვალობს, რომ როგორმე ხელბორკილი დაადოს.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ის პოლიციელები დაიკითხონ, რომლებიც კადრებში ჩანან და არ მგონია, რომ საქმე გაუხსნელი დარჩეს“, - აცხადებს კანდელაკი.

გიორგი ქურდაძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, ეს კადრები არაფერს ცვლის.

„ის, რომ იარაღი არის ჩადებული, ეს კადრები ამ ფაქტობრივ გარემოებას ვერ უარყოფს. თვითონ კადრებში არის ბევრი შეუსაბამობა, რასაც ნებისმიერი შენიშნავს. მაგალითად ის, რომ გვამს ხელები უკან აქვს დაწყობილი. ფაქტია, რომ დაჭრილი ადამიანი მიწაზე წევს ხელები უკან აქვს დაწყობილი და სასწრაფო დახმარებას მიასწრო ოპერატორმა. ანუ, ეს ფაქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ვერანაირად ვერ პასუხობს კითხვას, რომ იარაღი არ იყო ჩადებული. რა თქმა უნდა, იარაღი ჩადებული იყო და პროკურატურამ ბრალდება სწორედ ამის გათვალისწინებით მოხსნა“,- აცხადებს ჩოფიკაშვილი.

მისივე განმარტებით, როგორც მტკიცებუილებებით დასტურდება, ჯერ მოხდა გასროლა, შემდეგ მოხდა იარაღის ჩადება და ამის შემდეგ დაიწყეს გადაღება.

„ვგულისხმობ გასროლას, რომელსაც მოჰყვა რობაქიძის გარდაცვალება, სხვა ვინ რას ისროდა და რა ხმებს ადებდა, მე არ ვიცი. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ 8 წელი საქმე განუხილველად იდო სასამართლოში, ვითომ იარაღის ტარების გამო და პროკურატურამ ახლა მოხსნა ბრალდება იმის გათვალისწინებით, რომ ესენი უდანაშაულო ადამიანები იყვნენ. ეს არის ის ფაქტები, რომელსაც ვერც დონაძე შეცვლის და ვერც ვერავინ და ამ ფაქტებს, სხვათა შორის, ეს ვიდეომასალაც არ ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ჩოფიკაშვილი.

რა მიზანი ჰქონდა ამ კადრების ტელეეთერით გავრცელებას, ძნელი სათქმელია. აშკარად ჩანს, რომ ის ყველაფერი, რაც მასალაშია გადაღებული, სწორედ კამერისთვის ხდება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ იარაღი ჩადებული არ არის. ფირცხალავა ცდილობს, რაღაც ახალი ვერსია განავითაროს, თავად დონაძე კი გარდაცვლილის მშობლებს ცინიკურად მოიხსენიებს ფეისბუქზე: „ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე, იგივე სილიბისტრო რობაქიძე არ იცვლიან პოზიციას ამ კადრების მერე“.

თვალშისაცემია კამპანიური ხასიათიც, მაგალითად, გიგა ნასარიძე ფეისბუკზე წერს, რომ „რუსთავი 2-ზე“ იგეგმება მეოცნებეთა შეტევა, მოვუწოდებ აპოლიტიკური შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს დროულად მიიღოს ზომები და დაიცვას ტელეკომპანია სავარაუდო შეტევისაგან“.

თავად "რუსთავი 2"-ის რეზიუმეში ნათქვამია, რომ ეს არის „სკანდალური, უწყვეტი გადაღებით აღბეჭდილი კადრები, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთმა ვიდეოკამერამ გადაიღო. კადრების გადაღება დაწყებულია გასროლამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე“.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ესეც ტყუილია და მასალიდანაც კარგად ჩანს, რომ გადაღება რობაქიძის დაჭრის შემდეგაა დაწყებული.

რას ნიშნავს, როდესაც საჯაროდ, ტელევიზიის მეშვეობით ხდება სიცრუის ტირაჟირება და რის მიღწევას ცდილობენ ამით დონაძე და მისი მეგობრები, ამის შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ, რომელიც აცხადებს, რომ ჩვეულებრივ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე.

რამაზ საყვარელიძე: "აქ ხომ რეალურ არგუმენტებზე არ არის ლაპარაკი!.. ლაპარაკია ისეთ არგუმენტებზე, რაც დემაგოგობის საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს. პირველად ხომ არ ვხედავთ ასეთ რაღაცას, ომი წააგეს და იძახდნენ, მოვიგეთო. ამ ფონზე დონაძის ამბავი გიკვირთ? ეს მათი აზროვნების სტილია, რეალობის შეგრძნება რომ ჰქონდეთ, აქამდე ხომ არ მიიყვანდნენ საქმეს?! უნდათ, რომ სალაპარაკო, მოსაჭიდებელი ხავსი იპოვონ.

ცალკე თემაა, რატომ ჩამოდიან შიგადაშიგ - ახალაია ჩამოვიდა, ოქრუაშვილის ჩამოსვლასთანაც კითხვებია, ახლა კიდევ დონაძის გამოჩენა... უფრო მგონია, რომ ამ პოლიტიკური ძალის შიდა სტრატეგიის ამბავია. ვფიქრობ, აპირებენ (ეს უფრო დონაძეს ეხება), რომ უფრო შემტევი სახის პოლიტიკა გაატარონ. ასეთი შემტევი პოლიტიკა გამოავლინა სააკაშვილმა გარკვეულ მომენტებში. მერაბიშვილმაც. ამ ფონზე კაცს რომ იძახებენ და არ ჩამოდის - წამგებიანია. რომ ჩამოდის და თუნდაც არადამაჯერებელი არგუნენტებით იწყებს მოქმედებას, უფრო მომგებიანია მათთვის“.

როგორც რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, რომ ამ სამართალდამცველი სტრუქტურების ობიექტურობის მიმართ ეჭვები დათესონ.

„პიარი ფსიქოლოგიაა და პიარზე მუშაობენ, ეჭვი რომ გაუჩინონ მოსახლეობის 20%-ს მაინც იმაში, რომ შეიძლება სიტუაცია ისე არ იყო, როგორც დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ - მათთვის უკვე შედეგია, რადგან მათდამი პოზიტიური დამოკიდებულება მხოლოდ 5%-ია. ჯერ ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. რეალურად რა არის არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით, მათ საქციელში სხვა ლოგიკა ვერ ვიპოვნე“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე...

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კიდევ ერთი ჩანაფიქრი, რომელიც დონაძესა და მის მეგობრებს შეიძლება ამოძრავებდეს, შესაძლოა, იყოს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა.

"კადრებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრების სრულად ჩვენებას ითხოვს. ფირცხალავა, რომელიც იქ არ ყოფილა, დონაძე, რომელიც ასევე აცხადებდა, რომ იქ არ ყოფილა, მაშინ როგორ მოხვდა ეს კადრები იქ? თუ ეს კადრები იყო, რატომ თავის დროზე არ მოსთხოვა დონაძეს? ის, რომ კადრები გამოჩნდა დღეს და არა 9 წლის წინ, ნიშნავს, რომ ეს არის დადგმული სცენა, სად წაიღეს ის ავტომატი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში აჩვენებდნენ, რომ ჩემს შვილს თავქვეშ ედო? თუნდაც იარაღი აღმოეჩინათ, უნდა დააპატიმრო ადამიანი და პასუხი აგებინო და არა მოკლა. აჩვენონ კადრები ბოლომდე, ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი ვინმეს და მაგიტომ მოკლეს? თუ დამნაშავე იყო, არ ვიტირებ, თუ არადა, მე მივალ სტრასბურგამდე, თუკი ეს საქმე ბოლომდე არ მივა. ამაზე პასუხს აგებს ყველა, წინა მთავრობაც და ახლანდელიც. მე ვნახე ჩემი შვილი, რომელიც სუნთქავდა და არ უშველეს... თუ ასეა, სისხლი სისხლის წილ იქნება!“ - აცხადებს სოსო რობაქიძე.