ივანიშვილი და 200

ივანიშვილი და 200 "გათავისუფლებული" ბიზნესმენი

პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას. ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობენ საინვესტიციო ფონდების შექმნასაც, რომელიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამუშავდება. რა კონკრეტული დეტალები გამოიკვეთა ქართველი ბიზნესმენებისა და პრემიერის გუნდის შეხვედრის დროს?

შეხვედრაზე დასწრება, რომელზეც 200-მდე ბიზნესმენი იყო მიწვეული, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად შედგენილი სიით იყო შესაძლებელი. დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართული პირველი შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ გასული წლის 5 ოქტომბერს გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, 19 თებერვლის შეხვედრამ გაცილებით საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

"ბიზნესმენებს ხელისუფლების ნდობა გაუჩნდათ", - ამბობს ივანიშვილი.

მსხვილი ბიზნესმენები შეხვედრის შემდეგ საკმაოდ პოზიტიურ განწყობაზე იყვნენ. რაც მთავარია, ისინი “ჩაგრულის” პოზიციებიდან იძლეოდნენ კომენტარებს და “სახე დაწყნარებულნი” ჰყვებოდნენ თუ როგორ წნეხავდა ძველი მთავრობა, ხოლო ახალმა გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მათ სულზე მიუსწრო.

“თიბისი ბანკის” პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერთან პირველი შეხვედრის შემდეგ ბიზნესისთვის პირველ რიგში შეიცვალა განწყობა, ანუ ის, რომ ბიზნესი თავისუფალია.

“ახლა უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოძიებაზე და იმაზე, რა როლი შეიძლება გააჩნდეს სახელმწიფოს. ბიზნესი მორჩილი სტრუქტურაა, რომელიც ექვემდებარება კანონებს და როდესაც ბანკის კლიენტს ექმნება პრობლემები, ბუნებრივია, ეს აისახება ბანკზეც და ამ პრობლემების სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გარჩევა რთულია”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს “ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

“ბოლო თვეების განმავლობაში ბიზნესმენებმა თავისუფლება იგრძნეს”, - აღნიშნა ფხაკაძემ და ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიურია, როდესაც ასე მოკლე პერიოდში პრემიერი ბიზნესმენებს ორჯერ ხვდება.

“ბოლო თვეების განმავლობაში ყველამ თავისუფლება ვიგრძენით. ის კეთილგანწყობა ქართული ბიზნესისადმი, რომელიც დღესაა, თვალსაჩინოა. მთავრობა აშკარად მზადაა, ქართულ ბიზნესს თავისუფლად მუშაობის უფრო მეტი საშუალება მისცეს, რომ მან ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეტანოს”, - აღნიშნა ფხაკაძემ.

ბანკ “რესპუბლიკას” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის ლაშა პაპაშვილის თქმით, ბიზნესში ამჟამად თავისუფლებაა, რაც კაპიტალის მოსაზიდად აუცილებელია.

“პრემიერმაც აღნიშნა თავად, რომ უფრო დაწყნარებული და დაღვინებული სახეები გაქვთო. მთავარი, რაც სჭირდებოდა ბიზნესს საბოლოო განვითარებისთვის, იყო თავისუფლება. არ იყო თავისუფლება და იყო შიში. ამჟამად კი თავისუფლება არის და ბიზნესში შიში აღარ არსებობს, რაც კაპიტალის მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანია. შიშის გამო ამ ქვეყნიდან წავიდა კაპიტალი”, - აღნიშნა პაპაშვილმა.

ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს თავისუფლების გარანტად თავად უდგება.

“იმისთვის, რომ ბიზნესი აღარ შევიწროვდეს ამის გარანტორი ვიქნები მე და ამის გარანტორი უნდა იყოს კანონმდებლობა. სულ მალე ყველა ამ შედეგს იგრძნობთ”, - აღნშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე სამი სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაც გააცნო და მათ ფონდებში კაპიტალის დაბანდებაც ურჩია.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველოს სუვერენული ფონდი, კერძო საინვესტიციო ფონდი და ფონდი ახალგაზრდა ბიზნესმენების წასახალისებლად უახლოესი ორი თვის განმავლობაში ამუშავდება:

“ეს გახლავთ თანაინვესტირების ფონდი, რომელიც იქნება კერძო ინვესტიციების პირდაპირი ფონდი, რომელიც განიხილავს ყველა პროექტს, რომელიც იქნება კომერციულად მომგებიანი და ქვეყნისთვის საჭირო. მეორე - სუვერენული ფონდი შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე და აქ იქნება ასევე სტრატეგიული განვითარების ფონდი, რომელიც დააფინანსებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება”, - ამბობს ირაკლი კოვზინაძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას ივანიშვილმა ბიზნესმენებს ახალი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გვახარიაც წარუდგინა. ბიზნესომბუდსმენი მედიატორის ფუნქციის შესრულების გარდა, ბიზნესის კანონიერი უფლებების დაცვასაც აპირებს.

“ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები 10 დღის განმავლობაში დაზუსტდება, თუმცა მისი საქმიანობისას მეტი ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესს. ომბუდსმენის მოვალეობა მხოლოდ მედიატორობა არ არის, ის უნდა გახდეს ბიზნესის კანონიერი უფლებების დამცველი, არა მხოლოდ საგადასახადო დარგში, არამედ ყველა იმ სფეროში სადაც იქმნება კონფლიქტური ზონა ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.