ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ შეხლა-შემოხლას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასებები იყო არაერთგვაროვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა თავისი სუბიექტური, ან ნაწილობრივ სუბიექტური კუთხიდან ჭვრეტდა მოვლენებს (აქ არ იგულისხმება ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო უწყებების შეფასებები). ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონენი ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენებენ ხოლმე თავს, რადგან არსებობს ათასი ნიუანსი, რომელთა მიმატება ან გამოკლება სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როცა ობიექტური შეფასებების სირთულეებზე ვსაუბრობ, საკითხის მხოლოდ მორალური ასპექტი არ მაქვს მხედველობაში, ვგულისხმობ მის პოლიტიკურ, აგრეთვე, სამართლებრივ მხარესაც.
პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია და წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ორივე მხარეს შეიძლება გაუგო, მაგრამ ყველა შემთხვევას, როგორც წესი, აქვს თავისი გამონაკლისი... სწორედ ამ გამონაკლისმა მიიქცია ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ყურადღება და გადავწყვიტე, იგი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა. საქმე ეხება განათლების მინისტრის მოადგილის, უაღრესად საპასუხისმგებლო პოლიტიკური თანამდებობის პირის, დავით ზურაბიშვილის პოზიციას. ოფიციალური პირების ტვირთი მეტი სიმძიმისაა, რაც იმ ვალდებულებას გულისხმობს, რომ თავის დასკვნებს უტყუარი ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებით უნდა ამყარებდნენ, რადგან „თავით“ აგებენ პასუხს.
ანალიზს ბატონი დავითისეული შეფასების ციტირებით დავიწყებ: „კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება „ნაცების“ პროვოკაციაზე“. შეფასების ავტორის აღშფოთება იმდენად დიდია, რომ ოპოზიციაში გადასვლაზეც კი დაფიქრებულა: „თუ არა და წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა!“ - აღარ მინდა ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ხელისუფლება, თავისი „კატეგორიულად მიუღებელი“ ქმედებებით, იძულებულს გამხდისო.
აღნიშნულისადმი ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას იწვევს: არა ის, რომ განსხვავებული შეხედულება მაქვს; არა ის, რომ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“; არა ის, რომ მმართველი კოალიციისთვის, რომლის იმედიც იოტისოდენადაც არ გამნელებია, მძიმე დარტყმაა მისი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის მწვავე კრიტიკა; არა ის, რომ მისი შეფასება „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს და ბევრს უკვე თითზე აქვს დახვეული; არა ის, რომ დავით ზურაბიშვილი გუნდურობის პრინციპს არღვევს, რაც აუცილებელია გამართული პოლიტიკური პროცესის საწარმოებლად და ა.შ. და ა.შ. არამედ ის, რომ მისი შეფასება არის დიდი ტყუილი.
ვფიქრობ, ეს არის ფსევდოდემოკრატის, ფსევდოლიბერალის, ფსევდოინტელიგენტის, თუნდაც ფსევდოპაციფისტის პოზა, რომელიც კარგად ჰქონდათ მორგებული „მოქკავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ პერიოდის „ენჯეოშნიკებს“. 8 თებერვალმა ბატონ დავითში გააღვიძა „გულმხურვალე თავისუფლების ინსტიტუტელი“ და ძველი „კონსტრუქციული რესპუბლიკელი“. შინაგანმა მოწოდებამ მას მყისიერად დაავიწყა, რომ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირია და აქედან გამომდინარე, მეტი დაფიქრება მოეთხოვება, ვიდრე სიტყვას გზას დაულოცავდეს.
ზემოთ ვთქვი, დავით ზურაბიშვილის შეფასება დიდი ტყუილი არის-მეთქი. ვაზუსტებ - დიდი ორმაგი ტყუილია. ერთი იმიტომ, რომ „ნაცებისგან“ პროვოკაცია, თანაც - კომპლექსური შინაარსის, ყველა დეტალში გათვლილი, აშკარა და თვალშისაცემი იყო და მეორე, სიტყვების - „გაუთავებელი აპელირება“ - ფაქტებით გამყარება არის შეუძლებელი.
იმედია, ბატონი დავითი დამეთანხმება, რომ პროვოკაცია შეგინებით, მოწოდებით, ხელის მოქნევით, თუნდაც გზის გადაკეტვით შეიძლება არ იწყებოდეს. მაგალითი კარგი საშუალებაა ობიექტური ანალიზისთვის: როდესაც „მონანიების“ პერსონაჟი ქალბატონი მიწიდან თხრის მიცვალებულს, იგი ფორმალურად რამდენიმე დანაშაულს სჩადის. მიუხედავად ამისა, მაყურებელი მაინც მის მხარესაა, რადგან იმდენი მაპროვოცირებელი გარემოება იყრის ერთად თავს, რომ ქალბატონს ღირსების გადასარჩენად სხვა გამოსავალს არ უტოვებს. ბატონ დავითს ფილმის დედააზრზე საუბარს არ შევკადრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში გონების თვალით დანახული და გულით დანახული, როგორც წესი, ერთნაირად ჩანს ხოლმე.
სრულიად განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც პროცესი ჩვენს გვერდით ვითარდება. ასეთ დროს, თუ გულმა არ (ვერ) დაინახა (ადამიანის გულშემატკივრის, ქვეყნის გულშემატკივრის თვალს ვგულისხმობ), გონების თვალი რა სურათსაც გინდა, იმას დახატავს. ქართველი ტიპიური „ენჯეოშნიკის“ პოზაზე როცა ვსაუბრობდი, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში. სახელმწიფო ინტერესები და დემოკრატიული ღირებულებები, უბრალოდ, სავალდებულო ფონია აქტივობის ჩვენებისთვის, თორემ ქოთანს ყური საითაც გინდა იქით მიაბი.
„გაუთავებელი აპელირება“ ნიშნავს ერთი და იმავე მოქმედების მრავალჯერ, აუტანლად მრავალჯერ გამეორებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამას რომ ამბობდეს მშენებელ-პოლიტიკოსი, ენერგეტიკოს-პოლიტიკოსი ან სხვა, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ როცა „გაუთავებელი აპელირება“ განათლების მინისტრის მოადგილეს, ანუ სახელმწიფო იდეოლოგიის ერთ-ერთ მესაჭეს ბოლომდე უვსებს მოთმინების ფიალას, წაყრუება ძნელია.
მინდოდა გამეხსენებინა ერთი-ორი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც ახალმა ხელისუფლებამ, „ნაცების“ პროვოკაციაზე აპელირებით, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადა. ვერ გავიხსენე, ამიტომ, ხერხს მივმართავ - გავიხსენებ ყველა იმ პროვოკაციას, რაც „ნაცებმა“ გამოიყენეს მიკრო თუ მაკრო დესტაბილიზაციის მიზნით და იქნებ აქ წამოტივტივდეს რაიმე „ჩვენთვის საინტერესო“.
მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა, ყველა მოხსენება, ყველა განცხადება, ყველა მიმართვა, ყველა შეფასება, ყველა ინიციატივა, შინ თუ გარეთ, არის პროვოკაცია, რადგან ისინი ტყუილებით არის გაჯერებული, გათვლილია დესტაბილიზაციაზე, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ერთ მიზანს, რევანშისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება, რადგან მხოლოდ ეს არის მისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა;
კოტე კუბლაშვილისა და მისი სასამართლოების მიერ მკვლელობებში, ტერორში, მსხვილ სახელმწიფო და ეკონომიკურ დანაშაულებში მხილებული პირების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც იმავე მიზნებს ემსახურება, რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი;
„ნაცების“ მიერ დაქირავებულ ლობისტთა ჩვენი ქვეყნის საზიანო საქმიანობა, რაც კონკრეტული ფაქტებით არის დადასტურებული, პროვოკაციის ერთ-ერთ სახეობად უნდა ჩაითვალოს;
თბილისის მერის ყველა სიტყვა, ყველა ქმედება, ყველა ჟესტი არა მარტო ახალი ხელისუფლების, არამედ საზოგადოების შეურაცხყოფაზეა გათვლილი და აქედან გამომდინარე, პროვოკაციაა; იმავე მერისა და „ნაციონალი“ დეპუტატების მხრიდან საგამოძიებო სამსახურებისთვის, კანონის სრული დარღვევით, ხელის შეშლა - პროვოკაციაა; გამოძიების ქვეშ მყოფი პირის, თ. გუნავას გუბერნატორად დანიშვნა, გამოძიების ქვეშ მყოფი პირების (ჩამონათვალი გრძელია) დედაქალაქის სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა ან მაღალ თანამდებობებზე დატოვება და ყველაფერ ამაზე სასამართლოს დასტური - პროვოკაციაა;
სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან ორი დღის თავზე(!), ამ საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ნიკა გვარამიას „ნაცების“ ტელევიზიის ხელმძღვანელად დანიშვნა და „თავისუფალ მედიაზე ზეწოლის“ გამო განგაშის ატეხვა - პროვოკაციაა. (სხვათაშორის, ეს უკანასკნელი პროვოკაცია ძველი „ენჯეოშნიკებისა“ და „პოზის“ დაჭერაში დახელოვნებული სხვა „ცნობადი სახეების“ მიერ პირდაპირ ეთერებში „იფუთებოდა“ 7 ნოემბრის ამ ცნობილი „გმირის“ გულში ჩახუტებით);
პროვოკაციაა მრავალ მძიმე დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილის, ვანო მერაბიშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის შეურაცხყოფა, მისი ლაჩრად მოხსენიებით. ამით მან შეურაცხყო მთელი ქართული ჯარი, რადგან გორში „გმირულად დაცემული“ სააკაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიას ეს არ დაუმსახურებია. პროვოკაციაა ადამიანის უფლებათა N1 დამცველის, ეკა ბესელიას პატიმრებისგან „ქრთამის აღებაში დადანაშაულება“;
პროვოკაციაა „ქართული ოცნების“ გამუდმებით რუსულ ძალად მოხსენიება, რადგან ეს გახლავთ საჯარო შეურაცხყოფა, როგორც მმართველი კოალიციის, ისე ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არჩევნებზე გამოხატა თავისი ნდობა მოქმედი ხელისუფლებისადმი;
ისიც პროვოკაციაა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის მესვეურებს ოდნავი სინდისის ქეჯნაც არ აწუხებთ... არანაირი სინანული, არანაირი დანაშაულის შეგრძნება... აქეთ არიან შემოტევაზე, იქნება გამოღმა რაიმე შეგვრჩესო, თუ არა და - ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო...
იძულებული ვარ, აქ შევწყვიტო ჩამონათვალი და დავსვა სამწერტილი, რადგან ნუსხა უსასრულოა და ვხვდები, რომ შემდავებელიც არავინ მყავს („ნაცებს“ არ ვგულისხმობ). თანაც ვგრძნობ, რომ ჩემს მიერ გამოგონილი ხერხიც არაფერში მადგება, რადგან მეხსიერების სიღრმეებში ვერ ვიპოვე დავით ზურაბიშვილის შემწუხებელი „გაუთავებელი აპელირებიდან“ ვერც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როცა ახალმა ხელისუფლებამ, უსამართლოდ, „ნაცებს“ გადააბრალა თავისი უკანონო ქმედება, ან უკანონო უმოქმედობა.
რაც შეეხება 8 თებერვალს მომხდარ ფაქტს. ჩემი შეფასებით, ეს იყო ძველი ხელისუფლების მიერ პროვოცირებული ორმხრივი კონფლიქტი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ნაცებს“ მოქმედების ყველა დეტალი ჰქონდათ გათვლილი. მათი მხრიდან პროტესტანტებთან კონტაქტში შესვლა (რაც გარდაუვალ კონფლიქტს ნიშნავს) „წაუგებელი“ თამაში იყო - თუ ბოლომდე გაიტანდნენ ლელოს, დიდ მორალურ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, თუ ვერა - ხელისუფლებისთვის ტალახის სროლის საფუძველი ექნებოდათ. საკუთარ ხალხზე მრავალგზის გამარჯვებული „ნაცბანდა“, ხელების ქნევითა და ყიჟინით, ერთ-ერთი მთავარი „ზონდერის“, გიგი უგულავას მეთაურობით, ჯიქურ რომ მიეჭრა აქციის მონაწილეებს, რა არის ეს, ბატონო დავით, თუ არა პროვოკაცია?
ყოფილი პოლიტპატიმრების ნაბიჯი იყო შექმნილი რეალობით ნაკარნახევი იძულება. როცა შენს პირად, ოჯახურ და საერთო სახალხო ტრაგედიებში მხილებული რეჟიმის „მამები“ ღია შეტევაზე გადმოდიან, უკან დახევა სულიერი განადგურების ტოლფასია. ძველი ხელისუფლების მიერ უსამართლოდ რეპრესირებული ადამიანები, სანამ მართლმსაჯულება თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, ყოველთვის შეეცდებიან მოძალადეების „ფეხქვეშ მიწა იწვოდეს“. ისინი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იძულებული არიან ამგვარი პროტესტით დაიცვან ღირსება, დაიცვან, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ხვალინდელი დღე. ვიდრე ბოროტება ქუჩაში დადის, ვიდრე დამნაშავე დაუსჯელია, საფრთხე ემუქრება როგორც ცალკეული მოქალაქის, ისე ქვეყნის მომავალს, რადგან ამ დამნაშავეს სასჯელის შიში უმართავს ხდის, ამავე დროს, მას ხელში სახელმწიფო ბერკეტები უპყრია.
ჩემი პოზიცია, ძირითადად, ემთხვევა იმ შეფასებებს, რაც მოვისმინეთ დავით ზურაბიშვილის თანაპარტიელების, დავით უსუფაშვილის, თინათინ ხიდაშელის, ვახტანგ ხმალაძის, აგრეთვე, კოალიციის სხვა პასუხისმგებელი პირების საჯარო გამოსვლებში.
საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქმე მმართველი გუნდის იმიჯს ეხება. კოალიციის საქმიანობის წესის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე (ირაკლი ალასანიას შემთხვევა გავიხსენოთ), დავით ზურაბიშვილმა ან უნდა დაასაბუთოს თავისი სიმართლე და წავიდეს „კიდევ ერთ წრეზე“, ან აღიაროს შეცდომა და... დანარჩენი უკვე კოალიციის გადასაწყვეტია.
P.S. ჩემი რეაქცია სწორი და სამართლიანი რომ იყო, მომდევნო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა. დავით ზურაბიშვილს ჯერ 12 თებერვლის ბრიფინგზე წააღებინეს უკან მისი „კატეგორიული“ ნააზრევი („ნაცებს“ სულ პროვოკატორო-პროვოკატორო უძახა), ხოლო კვირის ბოლოს სცადეს მისთვის დარჩენილი ლაქებიც ჩამოერეცხათ თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემაში. ბატონი დავითის თანაგუნდელების მცდელობა მისასალმებელია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია, რადგან დაბეჭდილ სიტყვას ის ძალა აქვს, რომ ნაჯახითაც ვერ ამოშლი.