დასრულდება თუ არა დაუსრულებელი კოაბიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერებით?! თავის დროზე „ქართული ოცნების“ მომხრეებს ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლისას გაუჩნდათ განცდა, რომ ნაციონალების მიმართ უკომპრომისო ღარიბაშვილი დროში განგრძობად კოაბიტაციას დაამთავრებდა.
სხვათა შორის, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ გაცნობიერებული აქვთ, რა ზიანი მოუტანა მათ კოაბიტაციამ. „ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კოაბიტაციის დაშვებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა.
ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, „ძალიან ხშირად ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ადამიანი, რომელსაც შევუნდეთ და ვაპატიეთ, მოტრიალდა და ზურგში ლახვარი ჩაგვარტყა. გვიფიქრია, მაშინ უნდა გამეგლიჯაო, მაგრამ შემდეგ, რომ დაფიქრდები და სიფხიზლე გაგივლის, ხვდები, ვერ იზამდი ამას და აპატიებდი“. სწორედ ეს იყო კოაბიტაციის ფასი.
ჯერ კიდევ 2013 წელს გაჩნდა მოლოდინი, რომ ღარიბაშვილი კოაბიტაციის დასრულების პროცესს გამოაცხადებდა. იმ პერიოდში განიხილავდნენ, ვინ იქნებოდა პრემიერ ღარიბაშვილის პირველი სამიზნე. სხვათა შორის, იმ დროს ერთ-ერთი კატეგორიული სწორედ ნინო ბურჯანაძე გახლდათ. ის მიესალმებოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, „დროა, „ნაცმოძრაობასთან“ კოაბიტაცია დასრულდესო“, თუმცა ბურჯანაძე მაშინვე ეჭვობდა კოაბიტაციის დამთავრებას, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილიც გვპირდებოდა კოაბიტაციის დასრულებას, სინამდვილეში კი, მარგველაშვილი თავად კოაბიტირებდა „ნაცმოძრაობასთან“.
ამჯერად მაინც თუ დასრულდება კოაბიტაცია?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საეჭვოა, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით კოაბიტაცია დასრულდეს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი არ ღებულობს ამ გადაწყვეტილებას.
„დიდი შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა კოაბიტაციის სახით, ეს იყო გარედან, ანუ დასავლეთიდან თავსმოხვეული პოზიცია, რომელსაც ყველა დაემორჩილა. რამდენად დააღწევს დღეს საქართველო თავს გარე გავლენებს, ეს ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა. მთლიანად საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რომ აღასრულოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც ქაღალდზე გვაქვს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ კრემლი არ გვინდა არც მოსკოვში, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში, მით უმეტეს, არც ლიეტუვაში. ამიტომ ვიბრძოდით ქართველი დისიდენტები და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რომ კრემლი არ გვინდოდა, მაგრამ ამას თავს ღარიბაშვილი ვერ დააღწევს, მთლიანად ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი - უარი კრემლებს მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლიეტუვაში“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ კოაბიტაცია დაასრულეს თვითონ ნაცებმა, როცა 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი მიიტანეს. იმ პერიოდში ჩვენ რეალურად ჰიბრიდული სამოქალაქო დაპირისპირების პროცესში შევედით. ეს იყო ცივი სამოქალაქო ომი, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც 20 ივნისს მოხდა.
„პოლიტიკურად კოაბიტაცია დიდი ხანია, დასრულებულია. უბრალოდ, ახლა ორნაირი მიდგომაა: ერთი მიდგომაა გიორგი გახარიას პოზიცია, გახარიამ, ფაქტობრივად, თქვა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სახელმწიფო, იმდენად მძიმე პრობლემები გვაქვს და იმდენად მძიმე გარემოცვაა ჩვენს ირგვლივ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სამართლის გზაზე მყარად ვიაროთ და ხანდახან კომპრომისებიც უნდა დავუშვათ. ასეთნაირად შეიძლება გავიგოთ გიორგი გახარიას გადადგომა. მისგან განსხვავებით, არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს. ასეთ პირობებში მთავრობის მხარესაა სამართალი, ლეგიტიმური ძალა, ხოლო ოპოზიციის მხარესაა ჭკუიდან გადასულ ადამიანთა აღქმები. კოაბიტაციაში პოლიტიკური შინაარსი იგულისხმება, ანუ თავსებადობა, მაგრამ ნაცების მიზნები არათავსებადია სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, ცხოვრებასთან, ოპოზიციის როლთან, დემოკრატიასთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამას პირდაპირ უწოდა თავისი სახელი და ასეთი შეფასება გააკეთა, რომ ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა. ჩემი შეფასებით კი, ეს არა მარტო დემოკრატიისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, აღნიშნავს, რომ ძირს ვინც გითხრის, მასთან კოაბიტაცია როგორ შეიძლება? ამდენად, ახლა საკითხი დგას ასე, სამართალმა უნდა იმუშაოს, თუ არა? რა თქმა უნდა, სამართალმა უნდა იმუშაოს, ვინც დასაჭერია, უნდა დაიჭირონ, ძველი ცოდვები იქნება, თუ ახალი ცოდვები, სამართალი ყველას უნდა მისწვდეს. სამართლის პრინციპია, რომ დამნაშავე თავს არ უნდა გრძნობდეს დაუსჯელად.