1-ლი მარტიდან მინერალური წყლები და ლიმონათი არ გაძვირდება. ბიზნესმენებთან ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვა - უალკოჰოლო სასმელების მარკირება მარტიდან არ ამოქმედდება. გაუქმდება თუ არა ძველი მთავრობის დადგენილება ჯერჯერობით უცნობია.
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის კონსულტანტის, სოსო გალუმაშვილის განცახდებით, "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ბიზნესმენთა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ბაზარზე, ქართული უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ექსპორტის განახლების წინ, სახელმწიფომ მწარმოებლებს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. ისინი რუსეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანები და წელგამართული უნდა შევიდნენ.
ამიტომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელებს დამატებითი გადასახადი არ დაუწესდება.
მარკირების გადადების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კომპანია “პეპსის” გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარიამაც. თუმცა, იგეგმება თუ არა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის საერთოდ გაუქმება, მისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია.
“გადავადება მოხდება თუ საერთოდ გაუქმდება, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვიცით მთავრობის პოზიცია, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნესმენებთან შეთანხმება შედგეს. ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ 1-ლი მარტიდან ელექტრონული მარკირება არ ამოქმედდება”, - განაცხადა ლომჯარიამ.
უალკოჰოლო სასმელების მარკირება ყოფილი მთავრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებაა და ის 2013 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა, მეწარმეთა პროტესტის ფონზე ფინანსთა სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა და ის პირველ მარტამდე გადადო.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები აღნიშნული ვალდებულების გაუქმებას 3-4 თვეა ითხოვენ და აცხადებენ, რომ მარკირების ამოქმედება პროდუქციას გააძვირებს.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა თავიანთი ასოციაციაც კი შექმნეს, რომელმაც 2 დღის წინათ ფინანსთა მინისტრს მედიის საშუალებით მიმართა. ისინი აცხადებდნენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ამ საკითხზე მათი ორი წერილი უპასუხოდ დატოვა და ამიტომ მინისტრისადმი ღია განცხადებით მიმართვა გადაწყვიტეს.
სანამ ბიზნესმენებს ფინანსთან სამინისტროდან ოფიაციალური წერილი მიუვიდოდათ, სასურველი გადაწყვეტილება მათ ფინანსთა მინისტრმა უშუალოდ დაუდასტურა. როგორც ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, იმისათვის, რომ ეს ნორმა ამოქმედდეს, ფინანსთა მინისტრს გამოცემული უნდა ჰქონდეს ერთგვარი ბრძანება, სადაც იმ პროდუქციის ჩამონათვალის ნუსხა იქნება დატანილი, რომელიც სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარება, თუმცა მსგავსი ბრძანება გამოცემული არ არის.
“შესაბამისად არც არაფრის გადადება არ გვჭირდება და არც ამოქმედება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, კონსულტაციები, როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ბიზნესის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა და ხელოვნური ბარიერები, თუმცა აღრიცხვიანობა მოწესრიგდეს”, - აცხადებს ნოდარ ხადური.
ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. არაქციზური საქონლის მარკირების შესახებ N129 ბრძანება 2012 წლის 24 აპრილს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ეს ბრძანება ბიზნესს არ გაუპროტესტებია.