პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს. თუმცა, ოპოზიციამ პროკურატურის შეთავაზება არ მიიღო. არადა ხელისუფლებას პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლებას სთხოვენ და ამ მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება, საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ სურს.
პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ თუკი ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მაშინ პროკურატურა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართავს. თუმცა, ოპოზიცია გირაოს გადახდის წინააღმდეგია. თქვენი აზრით რატომ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მელია ამ როლისთვის სპეციალურად იქნა შერჩეული - პარტიის თავმჯდომარედ სპეციალურად იქნა არჩეული, როგორც ბრალდებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც შემდგომ ციხეში მოხვდებოდა. ამაზე აგორებით უნდა დაწყებულიყო საპროტესტო ტალღა, პოლიტპატიმრების თემა და ამ თემის ირგვლივ მცდელობა დესტრუქციაში უნდა გადაზრდილიყო.
ანუ მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელიას ციხეში ყოფნა იმიტომ უნდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოხდეს?
- რატომ უნდა ეს ძალიან კარგად ჩანს, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ჯინ შარფის მეთოდოლოგიური ბროშურიდან - „როგორ მოვახდინოთ რევოლუცია 198 არაძალადობრივი მეთოდით“. ძალიან საინტერესო მეთოდოლოგიური ნაშრომია, რომლის მიხედვითაც ბოლო ათწლეულებში სხვადასხვა ქვეყანაში ან წარმატებულად შედგა ე.წ ფერადი რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები.
ამ მეთოდოლოგიური ნაშრომის ერთ-ერთი პუნქტია, ცნობადი პოლიტიკური სახეების ციხეში მოხვედრა, რათა ამათი გმირებად წარმოჩენა დაიწყოს, დაიწყოს მათი პოლიტპატიმრად გამოჩენა და ამის გარშემო მიტინგობანას თამაში, ასევე სახელმწიფოს გადატრიალების სხვდასხვა ღონისძიებების აგება. ერთია, ისინი ამას ცდილობენ, მაგრამ მეორეა გამოუვათ თუ არა. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოუვიდეთ, ამას სჭირდება სხვადასხვა დამხმარე ხელშემწყობი ფაქტორები.
რა ფაქტორებია საჭირო?
- ნებისმიერი დესტაბილიზაციის მმოსაწყობად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ. 30 წლის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე ყველა ტიპის პოლიტიკური ექსპერიმენტი იგემა, რაც კი შეიძლება დამანგრეველად წარმოვაჩინოთ, დაწყებული რამდენიმე ომით რუსეთთან, ეს იქნებოდა ცხინვალის ფრონტზე, სოხუმის ფრონტზე, გაგრძელებული სამოქალაქო დაპირისპირებით, პირველი პრეზიდენტის მკვლელობით, მეორე პრეზიდენტის სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩამოგდებით და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო. პლუს შუალედში საერთოდ გამაოგნებელი 9-წლიანი მმართველობა, ყველანაირი თვალსაზრისით გაუკუღმართებული - ანტიდემოკრატიული, სისხლიანი, დიქტატორული ტიპის მმართველობა, რომელმაც საქართველო უკან ჩამოაგდო იმ დეკლარირებული გზიდან, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დავიწყეთ, იგივე ნატოსკენ მისწრაფებაზე და ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგების საუბრები. ეს ყველაფერი უკან წაწია აი ამ ანტიდემოკრატიულმა, ანტიდასავლურმა 9-წლიანმა მმართველობამ. მოსახლეობა დაიღალა.
რადიკალური ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს, როგორ ფიქრობთ, ისინი ამ აქციებით მოსახლეობის გარეთ გამოყვანას და ნიკა მელიას გათავისუფლებას შეძლებენ?
- არ შემიძლია ციფრებით ვიმარჩიელო, თუ რამდენი ადამიანი გამოიყვანა ოპოზიციამ აქციაზე. რაც არ უნდა შეკრიბონ, ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარების რესურსი. ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური სექტის მიმდევრები. სექტანტებთან ბრძოლა ძალიან რთულია. როგორც წესი, სექტანტის ცნობიერებაზე ლოგიკით, კეთილი სიტყვით ზემოქმედება თითქმის წარმოუდგენელია და რა გვიკვირს, რომ ამ დესტრუქციულ ძალებს თავისი მომხრეთა გარკვეული ნაწილი ჰყავთ და ამ ქვეყნის უბედურება ეს არის. პირველ რიგში, მათთვის არის უბედურება, მეორე რიგში ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური კულტურა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის დაზიანებისკენ. ეს არ არის საპროტესტო კრიტიკული მასა, რომელზე დაყრდნობით, რომელიმე ქვეყანაში შეიძლება საუბარი მიდიოდეს მოვლენათა რევოლუციურ განვითარებაზე.
რადიკალური ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ დასხდებიან, თუკი ნიკა მელიას გამოუშვებენ. მაშინ რატომ არ სურთ, რომ გირაო გადაიხადოს მელიამ და გარეთ იყოს?
- ნიკა მელია გარეთ იყო მაშინ, როდესაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობაზე დაყრდნობით, მას აღკვეთის ღონისძიებად სამაჯურის ტარება მიუსაჯა. და მან რა ქნა? - თუ უნდოდა გარეთ დარჩენა, ეს დემონსტარციული, ანტისახელმწიფოებრივი ჟესტი - სამაჯურის გადაგდება რა იყო? კი ბატონო, მაინც გტოვებ თავისუფლებაზე თქვა ხელისუფლებამ და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა გირაოს გადახდით. ხელისუფლებამ მეტი რა ქნას?! ეს ხომ მისი ახირება არ არის. ეს არის ქვეყანაში პროცესუალური ნორმები კანონით გაწერილი, სადაც კანონი უნდა კანონობდეს. სასამართლო პროცესამდე ადამიანის თავისუფლებაზე დატოვების რამდენიმე ფორმა არსებობს. ხელისუფლებას რაც კი საშუალება ჰქონდა, რომ მელია თავისუფლებაზე ყოფილიყო, ყველა ეს ფორმა გამოიყენა. ადამიანს არ უნდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკანში მოხვედრილიყო. დღეს ზეიმობს კიევი, ზეიმობს სააკაშვილი იმით, რომ მელია ზის საკანში - როგორც იქნა მოახერხეს და მოათავსეს. მაგრამ, ხელისუფლება ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების გულისტკივილს თუ შეცდომაში შეყვანას, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ითვალისწინებს ყოველივე ამას და კიდევ ერთხელ უპრეცენდენტო შემოთავაზებაზე წავიდა. თუ კონკრეტულად ნიკა მელიას უნდა თავისუფლებაზე ყოფნა და საკნის მიღმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თუ ფასილიტატორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, გადაიხადოს გირაო და გამოუშვებენ. ხელისუფლების იდეაფიქსი არაა ნიკანორ მელიას საკანში ყოფნა. ნიკა მელიას საკანში ყოფნა არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიზანი - ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
ამის გამო ხომა არ მოელით რომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბება?
- თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის და გარეთ გამოვა, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა დაიძაბება. მე, ფაქტობრივად ამ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. მაშინ ამ სპექტაკლის აზრი რაში იყო? თუკი ნიკა მელიამ სააკაშვილის მიერ დაწერილი სცენარის 90% პირნათლად შეასრულა, ფარსი შექმნა თავისი თავისუფლებაზე ყოფნის დროსაც და დემონსტრაციულად საკანში მოხვედრის დროსაც, პერფორმასი შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმ რამდენიმედღიანი ჩაკეტვით და დადგა პოლიტიკური შოუ, ამ შოუს გადამწყვეტ ეტაპზე, გირაოს გადახდა და მელიას გარეთ გამოსვლა ექს-პრეზიდენტისთვის ღალატის ტოლფასი იქნება.
ანუ ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ეშინია?
- ნიკა მელიას სააკაშვილის შიში რამდენად აქვს, არ ვიცი და, საერთოდ, სიტყვა შიში ამ სიტუაციას რამდენად მიესადაგება ვერ გეტყვით, რადგან ის არის უბრალოდ, მარიონეტი. თუ გახსოვთ „ბურატინოს“ ფილმი, როდესაც თეატრის დირექტორი იყო დიდ წვერებიანი კარაბას-ბარაბასი, რომელსაც თოჯინები გამოჰყავდა სცენაზე და სულელურ სპექტაკლში მონაწილეობას აღებინებდა, მათ შორის იყო რამდენიმე თოჯინა - მალვინა, არტემონი და პიერო, რომლებმაც მოახერხეს, გამოიქცნენ და თავს უშველეს. არ ვიცი, ეს გაქცეული პერსონაჟები რომელ პოლიტიკურ ფიგურას მივუსადაგო, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ - მიესადაგება. თუმცა, მელია არ არის ის ფიგურა, რომელსაც გაქცევა უწერია. მელია განწირულია. ის მსხვერპლია, რომელიც თეატრის დირექტორმა აირჩია და მის როლს ბოლომდე შეასრულებინებს. მასზე არაა დამოკიდებული გირაოთი გამოვა თუ არა. ოჯახი, რომ ეხვეწებოდეს, რომ გადაგიხდი ნიკა და გამოდიო, მელია ამის გამკეთებელი არაა. ის საკუთარ თავს არ განეკუთნება.
მაშინ ასე გკითხავთ, მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნიკა მელია და არა სხვა?
- ნიკა მელიას ბრალი წაყენებული უკვე ჰქონდა, პარლამენტში შეჭრისთვის. ის უკვე ბრალდებული იყო, ამიტომ რიგითი ვარშალომიძე რომ აერჩიათ პარტიის თავმჯდომარედ, ის ციხეში ვერ მოხვდებოდა. ამიტომ მელია უნდა არჩეულიყო პარტიის თავმჯდომარედ, რათა შემდეგ დასავლელი პარტნიორებიდან, ძირითადად ყოფილი ევროპელი თუ ამერიკელი მაღალჩინოსნებიდან შეშფოთებული წერილების ნაკადი წამოსულიყო - თქვენ რიგითი წევრი კი არ დააკავეთ, თქვენ უდიდესი პარტიის თავმჯდომარეს შეეხეთო. ამიტომაც, ეს თავმჯდომარეობა მელიას როგორც დაკავებულს თავისთავზე უნდა აეღო, რათა შემდეგ აჟიოტაჟი აეტეხათ.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია 20 ივნისსაც გაწირა?
- 20 ივნისს სააკაშვილმა მთლიანად თავისი პარტია გაწირა. ამ არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილენი ყველანი არიან. უბრალოდ, მტკიცებულებების ერთობლიობა მელიასთან დაკავშირებით იმდენად თვალნათელი იყო, რომ მელია ნამდვილად იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ძალადობის. ამიტომაც, მასთან მიმართებაში ეს მტკიცებულებების ბაზა იმდენად მკაფიო იყო, რომ იქ ბრალი არ წაეყენებინათ მელიასთვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ გამოდიოდა.
როცა პროკურატურამ მელიას გირაოს გადახდა შესთავაზა, ამით ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორების გული მოიგო?
- ძალიან არ მინდა გულის მოგებაზე ვილაპარაკო, რადგან ჩვენს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ვეხებით, მაგრამ მე მაქვს პრინციპული მოსაზრება, რომ საქართველო სრულფასოვან როლს უნდა თამაშობდეს დასავლელ პარტნიორებთან. პირველ რიგში დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით ცდილობს განახორციელოს თავისი საშინაო პოლიტიკა. ხაზს ვუსვამ, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რა იმუნიტეტი იცავს მას, კანონის წინაშე ყველა თანაბარია. თუმცა, ჩემი პრინციპულობის მიღმა რაღაც არსებობს, რაზეც, როგორც ჩანს, ხელისუფლება იძულებული გახდა კომპრომისის სახით წასულიყო, გაეთვალისწინებინა ჩვენი პარტნიორების, ხშირ შემთხვევაში მცდარი წარმოდგენები კანონის თემასთან დაკავშრებით. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია მელიასთან მიმართებით. ამ ეტაპზე ჩვენი დასავლელ პარტნიორების, ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების რაუნდი. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ამის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ ერთი სამართლებრივი პროცესუალური ვარიანტი შევთავაზეთ მელიას, გამოვიდეს გარეთ და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.