ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ახალი სკანდალი აგორდა. კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ახალი ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სადაც თითქოსდა, რეალურად ჩანს, რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე პისტოლეტი და ავტომატი „კალაშნიკოვი“ იპოვეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მყოფი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი.
„ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს „დინამოს“ სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე“, - განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, მისთვის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.
„მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული“, -განაცხადა ფირცხალავამ.
მისი თქმით, მან არ იცის, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო. ფირცხალავა ასევე ამბობს, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ, თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა.
როგორც დონაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, მან აღნიშნული ვიდეომასალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.
„ვინც იცოდა, წარუდგინა პროკურატურას. მე ვუყურე „რუსთავი 2“ - ის ეთერში. მთავარია, რომ იმით, რაც ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა, მივიჩნევ - ამ ეტაპზე ფარდა ნამდვილად აეხადა საქმეს. სინამდვილე აი ახლა გამოჩნდა. საქმე თუ გაინტერესებთ, ბრალი მე რაში მაქვს წაყენებული, გადაშალეთ, წაიკითხეთ და გაარკვიეთ სიმართლე და მტყუანი. სად არის გურამ დონაძის მიტანილი იარაღი, სად არის გურამ დონაძის სცენარით დადგმული, ჩადებული იარაღები? ეს კადრები, რაც მე ვნახე, ჩემი 9 წლის წინ გავრცელებულ კადრების იდენტურია ზუსტად. ამოიღეთ მასალები ლეჟავას, კომახიძის ფილმებიდან, გადაცემა "პატრულის" სიუჟეტი. ამ კადრების გასვლის წუთებიდან, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ წარმოადგინა, მე ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სიცოცხლის უსაფრთხოებაზე თუ რამე საშიშროება დამემუქრება, პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამოძიებას, საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ კადრებში აღმოჩნდნენ“,- აღნიშნა დონაძემ.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა და გადაცემა „ვიდეოპატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც მუკბანიანმა 2004 წლის 23 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. გოჩა მუკბანიანმა განაცხადა, რომ მკვლელობის დეტალებზე საუბრისგან თავს დონაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო იკავებდა. მუკბანიანის თქმით, დონაძემ მას უთხრა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა (ანუ რაც მომხდარის შესახებ იცოდა), მის გვამსაც კი ვერ იპოვიდა ვერავინ.
მუკბანიანი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს იხსენებს და დეტალურად ყვება, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. პატრულირების დროს ეკიპაჟს მიმაგრებული გადამღები ჯგუფი შეტყობინების საფუძველზე დიდუბის ეკლესიასთან მივიდა. ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა და ოპერატორმა ზურაბ ვასაძემ ადგილზე მუშაობა დაიწყეს. საპატრულო ეკიპაჟს BMW-ს ტიპის ავტომანქანა ჰყავდა გაჩერებული და მასში მსხდომ რამდენიმე ახალგაზრდას ეკამათებოდა. ჟურნალისტის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა გახდა მათი გაჩერების მიზეზი. რამდენიმე წუთის შემდეგ მუკბანიანმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დაინახა.
„ჩვენ როდესაც მივედით შემთხვევის ადგილზე ბუტა რობაქიძე მაშინ ცოცხალი იყო და იმ მანქანაში, რომელშიც ის დანარჩენ 5 პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, იარაღის ნასახიც არ იყო. შემდეგ მოხდა შელაპარაკება პატრულის თანამშრომლებსა და ბიჭებს შორის. პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი ბაშალეიშვილმა, ბუტა რობაქიძეს ხელები გადაუგრიხა და შემდეგ მოხდა გასროლა. ირგვლივ ხმაური იყო და გასროლის ხმა არ გამიგია, თუმცა გავიგონე როგორ დაეცა რობაქიძე მიწაზე. ამის შემდეგ ადგილზე სხვა პატრულის ეკიპაჟებიც მოვიდნენ. მოვიდა ასევე დონაძე, რომელმაც მე დამირეკა და მითხრა, რომ მის მანქნაში ჩავმჯდარიყავი. მე და ჩემი ოპერატორი ჩავსხედით მის მანქანაში სადაც ზურაბ მიქაძეც იმყოფებოდა. მათ კამერა გამოგვართვეს და გადაღებული მასალა ოთხჯერ-ხუთჯერ გადაახვიეს. მასალაში მხოლოდ გასროლის ხმა ისმოდა, ხოლო კადრი არ იყო. დონაძემ გვითხრა, რომ მანქანაში დავრჩენილიყავით და ის თავად დაგვიძახებდა. ცოტა ხნის შემდეგ დონაძემ ოპერატორს დაუძახა და მანქანიდან გადაიყვანა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა პირადი ინტერესის გამო გადავედი მანქანიდან. 5-10 წუთში იმ მანქანის საბარგული სადაც ბუტა და სხვა ბიჭები იმყოფებოდნენ, სხვადასხვა იარაღით გაავსეს, რის შემდეგაც დონაძემ ოპერატორს აღნიშნულის გადაღება უბრძანა. დონაძემ შემდეგ თავისთან დამიბარა და შემდეგნაირად მომმართა, - თუ ამის შესახებ როდესმე რამეს იტყვის, შე უბედურო, შენს გვამსაც ვერ იპოვიანო“, - ამბობს მუკბანიანი.
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები ფაბრიკაციაა და მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ ამ საქმეში ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა სამართლებრივ პასუხისმგებლობას აარიდონ თავი. მისი თქმით, გოჩა მუკბანიანის მიერ გადაღებულ ვიდეო-ფირზე აღბეჭდილი იყო, რომ მანქანაში არავითარი იარაღი არ ყოფილა.
„გასროლის ხმა რომ გაიგეს, იმდენად არ იყო ამის აუცილებლობა, რომ თვითონ პატრულის თანამშრომლებმაც ვერ გაიგეს, რა მოხდა, რადგან იქ არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რომ გასროლა ყოფილიყო საჭირო. ეს ბავშვები სულ ტყუილად გააჩერეს და შემდეგ დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახეს. გოჩა მუკბანიანი იღებდა ყველაფერს და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია“, - აცხადებს ია მეტრეველი.
მისი თქმით, ეს ჩანაწერი მუკბანიანს გურამ დონაძემ გამოართვა, მან და მიქაძემ მანქანაში ოთხჯერ უყურეს ამ ფირს, შემდეგ კი დონაძემ კამერიდან კასეტა ამოიღო და მუკბანიანს და მის ოპერატორს უთხრა, მანქანიდან ჯერ არ გადმოხვიდეთო. მეტრეველის განცხადებით, დონაძე მანქანიდან გადავიდა, შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს და უკვე ამის შემდეგ მუკბანიანსა და მის ოპერატორს გადააღებინეს ეს იარაღი, რომელიც ვითომდა დაკავებულებს ეკუთვნოდათ. ია მეტრეველი ამბობს, რომ ის იარაღიც, რომელიც ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში მანქანიდან გადმოაქვთ, თავად პოლიციელების მიერ არის ჩადებული.
„ცხრა წლის შემდეგ გაახსენდათ ეს კადრები? სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ცხრა წლის განმავლობაში სასამართლოები ტარდებოდა, ამათ ასეთი რამ იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ? ეს ხომ აბსურდია? ეს არის ამათი მორიგი საზიზღრობა, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ. მოგეხსენებათ, სასამართლო არის კუბლაშვილის კონტროლქვეშ და დონაძეს მისცეს გარანტიები, რომ გირაოთი გაუშვებდნენ. ამიტომაც ჩამოვიდა იგი საქართველოში და როგორც ჩანს, ეს სიბინძურეები უკვე მოფიქრებული ჰქონდა. რამდენჯერ შეიძლება ამ ავაზაკებმა გამანადგურონ? მეც უკვე რამდენჯერ ცოცხლად დამმარხეს. ჯერ იმაზე მიპასუხონ, ის კადრი რატომ ამოჭრეს, სადაც პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, - არაფერი არ აქვთო. ხომ გახსოვთ, ეს კადრი რომ გაეპარათ, ახლა კი ამ ჩანაწერიდან ეს კადრი ამოჭრილია“, - ამბობს ია მეტრეველი.
იგი აპირებს, რომ პროკურატურას მიმართოს და ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.
For.ge შეეცადა ირაკლი ფირცხალავასაც დაკავშირებოდა და მისთვის დაესვა კითხვა, რომელიც ია მეტრეველმა გააჟღერა - თუ ეს კადრები აქამდე არსებობდა, მართლაც რატომ ამდენი ხნის განმავლობაში არავინ გახადა ისინი საჯარო? სააკაშვილის მმართველობის დროს ხომ არც ირაკლი ფირცხალავას და არც გურამ დონაძეს არაფერი ემუქრებოდათ ხელისუფლების მხრიდან და არ შეიძლებოდა მათ ამ კადრების ჩვენების შეშინებოდათ. ასევე გვაინტერესებდა, რა არის ასახული ვიდეო-მასალის იმ დარჩენილ ნაწილზე, რომელიც ფირცხალავას ინფორმაციით, სრულად არ გასულა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში, მაგრამ ირაკლი ფირცხალავამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.