ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთში საპროტესტო აქცია მოეწყობა, რისი მიზეზიც არის რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის შედეგად გარემოს დაბინძურება. ამ სიახლის შესახებ for.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის “სხივი“ თავმჯდომარემ იზა ვეფხვაძემ აცნობა.
ვეფხვაძის განმარტებით, რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობა ეკოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობას უქმნის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, კერძოდ კი იმ სოფლებს, რომლებიც რკინიგზის მიმდებარედაა.
“გვირაბების აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს უკანონად ყრიან სოფლის საძოვრებზე, ხევებსა და მდინარის კალაპოტებში, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობას ქმნის. შესაბამისი სპეციალისტების განმარტებით, ხარაგაულის სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. სოფლების მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ორგანოებს, მათაც არაერთი შეხვედრა გამართეს და შეტყობინება გაგზავნეს რკინიგზის დეპარტამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროში, მაგრამ უშედეგოდ- ნარჩენების დაყრა კვალავაც ინტენსიურად გრძელდება“, - ამბობს იზა ვეფხვაძე.
მისივე თქმით, დღეს, 19 თებერვალს ხარაგაულის რაიონში არასამთავრობო ორგანიზაცია“სხივი“-ს ინიციატივით, პროექტის“მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე“, მოეწყო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების:ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის მოსახლეობასთან. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის ექსპერტი თემურ კეპულაძე, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
“საკითხის სიმწვავის და მოუგვარებლობის გამო, მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ხვალ 20 თებერვალს 11 საათზე, სოფელ ბაზალეთში იმ გვირაბის მიმდებარედ, საიდანაც ნარჩენების გატანა და არასწორად დაყრა ხდება, მოეწყოს აქცია სახელწოდებით “ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“. აქვე, როგორც მოსახლეობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით არა რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობას, არამედ მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულებელყოფას. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ნარჩენები დაიყაროს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით საფრთხე არ შეუქმნის სოფლებს და სოფლის მოსახლეობას“, - ამბობს იზა ვეფხვაძე.