მელია პატიმრობაზე უარს ვერ ამბობს

მელია პატიმრობაზე უარს ვერ ამბობს

თუ პატიმარი ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, ასეთ შემთხვევაში პროკურატურა მზად არის, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურორის განმარტებით, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, იყო პატიმრობა.

„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ამას ადასტურებს მელიას ადვოკატების საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო. ადვოკატები საჩივრის მიხედვით საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. ტრადიციულად, სასამართლოს უარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა მელიას ადვოკატმა, რომლის განცხადებით, ხელისუფლება ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნას საერთაშორისო პარტნიორებთან, ქართულ საზოგადოებასთან და კანონთან.

რაც შეეხება გენერალური პროკურატურის შეთავაზებას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით. შესაბამისად, ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურა უკვე გაუქმებული გირაოს თანხის გადახდას ითხოვს. მისი თქმით, ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით.

„სიმართლე რომ გითხრათ, პროკურორმა ბრიფინგზე წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა. ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო და აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებაო. მე არ მქონია, ცხადია, ამ განცდების შემდეგ კომუნიკაცია ნიკა მელიასთან, მაგრამ ვიცი მისი პოზიცია, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუკი მართლმსაჯულების მიზანი იყო მისი პატიმრობაში ყოფნა, ასეთი შინაარსის ბრიფინგებს პროკურატურა არ უნდა ატარებდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ტრადიციულად, დესტრუქციულია ექს–პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, პროკურატურის განცხადება არის დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფფასიანი ტრუკი.

„მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გადაწყვეტილებას არ ცვლის „ნაციონალური მოძრაობა“. ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება რჩება იგივე. მისი თქმით, პროკურატურის ეს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს.

„მოვისმინეთ აბსურდული და სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი, ინსტიტუტი არ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება.

პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროკურატურის მიზანს მხოლოდ ბრალდებულის მხრიდან კანონის დამორჩილება წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ნიკა მელიას პატიმრობა არ ყოფილა.

„პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის პატიმრობა არ ყოფილა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიდან გამომდინარეობდა, სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა.

პროკურატურა თანმიმდევრულია, მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაუშვებლად ცნო მელიას ადვოკატების საჩივარი, უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეს განმარტებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, ზედმიწევნით სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რასაც ნიკა მელიას ადვოკატებმა მიმართეს.

„გასაჩივრების წესი განსხვავებულია. გამომდინარე აქედან, სასამართლომ ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს და იმას, თუ რამდენად იყო შესაძლებელი პოლიტიკური თვალსაზრისით ვითარების განეიტრალება, უნდა ვთქვათ, რომ თუკი ეს სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფას იწვევდა, რასაკვირველია, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებს სცილდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

petrekupry ეს კაცი მაგარი გამოჭერილი ჰყავს სააკოღლუს.... ეტყობა კასრებში ბევრი ფირი ინახებოდა ამის შესახებ ... თან ბუღაძის წიგნი შეუგზავნეს საკითხავად ....
3 წლის უკან
Ninja ახლა გამოჩნდება, მართლა უნდა მიშას მელიას გარეთ ყოფნა, თუ აწყობს მისი ციხეში ყოფნა და ამით მანიპულირება.?
3 წლის უკან