„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციის გეგმები ნაწილობრივ შეიცვალა და პარტიის ლიდერები, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ გამოსვლები, საპროტესტო აქციები, თუმცა მთავარი აქცია 26 თებერვალსაა დაგეგმილი და როგორც ოპოზიცია აცხადებს, დაანონსებული აქცია იქნება მასშტაბური.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ აქციას არ ექნება მასშტაბური ხასიათი, თუმცა გარკვეულ ესკალაციას რეალურად უნდა ველოდოთ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი აქცია მასშტაბური იქნება, თუმცა ეს არ მიიღებს უწყვეტ სახეს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია პოლიციასთან კვლავ დაპირისპირებას გადაწყვეტს, იმ ამომრჩეველთა ხმებსაც დაკარგავს, ვინც მათ დღეს მხარს ღიად უჭერს.
26 თებერვალს დაანონსებული აქცია რამდენად მიიღებს მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს და საერთოდაც, რამდენად არის შესაძლებელი არსებული ვითარების გამწვავება, ამის შესახებ For.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ არსებული სიტუაცია 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მსგავსად განვითარდეს, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა 18 წლის წინანდელი ტაქტიკის ანალოგია. იგი თვლის, რომ ვითარება გამწვავდება და მთავარი მოქმედი გმირები სწორედ ოპოზიციონერი ლიდერები იქნებიან.
„ოპოზიცია რამდენად შეძლებს ხალხის მობილიზებას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ ხდება ოპოზიციის მიერ აქციების ორგანიზება. მოტივირებული მომხრეები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ ხოლმე მათ აქციებში, არცთუ ისე ბევრი ჰყავთ. უმეტესწილად ადამიანების მობილიზება ხდება რაღაც გარკვეული დაინტერესების სანაცვლოდ. ოპოზიცია თუ მოახერხებს ფინანსების მობილიზებას, ალბათ, გარკვეული რაოდენობის ხალხს შეკრებენ.
ძირითადად მოხდება რეგიონებიდან ჩამოყვანა და იმ ხალხის ხარჯზე, რომლებიც მონაწილეობენ არაერთი პარტიის რიგებში ფინანსური დაინტერესების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია კლიმატურ ფაქტორებზეც და ა.შ. იმისათვის, რომ ადამიანები გააჩერო პერმანენტულ აქციაზე, მით უმეტეს არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში, ამისთვის, გარდა პოლიტიკური თუ იდეური მოტივაციისა, სხვა მოტივიტორებიც უნდა ჰქონდეთ.
ოპოზიციის აქციები, ალბათ, გაგრძელდება, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მრავალრიცხოვანი აქცია. იქნება გარკვეული რაოდენობა. როგორც მათ უყვართ ხოლმე წინააღმდეგობის ეპიცენტრის დატოვება ქალაქის ცენტრში, რასაც პერიოდულად ხან მიემატება, ხან გამოაკლდება რაოდენობა. ეს არის ის ტაქტიკა, რასაც იყენებდნენ 2003 წლის „ვარდების რევოლუციაზე“. მაშინ მუდმივად იდგა ხალხი, რომელთაც პერიოდულად ხან ემატებოდა და ხან აკლდებოდა შემადგენლობა. როდესაც მათ ჩათვალეს საჭიროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ალბათ, დაახლოებით ასეთივე ტაქტიკა იქნება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მათ მეორე სუნთქვა გაეხსნათ გახარიას გადადგომის შემდეგ და გარკვეული მხარდაჭერის საფუძველზე, რაც მიიღეს დასავლეთიდან, ველოდები სიტუციის გამწვავებას.
სწორედ ახლა არის მათთვის მომენტი. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, მანამდეც აპირებდნენ აქციების დაწყებას, ოღონდ ამის გაკეთებას გეგმავდნენ გაზაფხულისკენ, როდესაც კლიმატური პირობები მისცემდათ საშუალებას. ახლა, როდესაც „ქართული ოცნება“ აშკარად უფრო დასუსტებული მოსჩანს ამ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ისინი მომენტს არ გაუშვებენ ხელიდან და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ტემპერატურა ასწიონ და მისცენ მას პერმანენტული ხასიათი. ხელისუფლებას დააშვებინონ რაღაც შეცდომები, რომ შემდეგ ამან მისცეთ საფუძველი უფრო რადიკალური მოქმედებების და მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. მე მათი მხრიდან არაფერს გამოვრიცხავ. სწორედ ახლა აქვთ ის მომენტი, რომელიც ხელმეორედ შეიძლება აღარ ჩაუვარდეთ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქცია უწყვეტ ხასიათს არ მიიღებს, თუმცა, 26 თებერვალს დაანონსებული აქცია შესაძლოა, იყოს მასშტაბური.
„ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მასშტაბური აქცია იქნება. ოპოზიცია ეცდება, რომ მაქსიმალური მობილიზება გაუკეთოს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავის აქტივს, თუმცა არ მგონია, რომ ოპოზიციამ დღეს შეძლოს მასშტაბური, პერმანენტული აქციების გაგრძელება.
ორი კარავი იქნება, შიგადაშიგ აქციები, მაგრამ არ მგონია, რომ მასობრივი და პერმანენტული აქციები იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, ამის განწყობა საზოგადოებაში არ არსებობს. გუშინ გასაგებია, რომ ვერ იქნებოდა მასშტაბური აქცია, მაგრამ მაინც უფრო მეტი მოლოდინი იყო, ვიდრე აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობა.
არ მგონია, რომ ოპოზიცია ისევ წავიდეს პოლიციასთან დაპირისპირებაზე და ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები. თუ ამას გააკეთებენ, ეს იქნება, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის დამაზიანებელი. ხვალ თუ ისეთი პროცესები განვითარდება, როგორიც 2019 წლის 20 ივნისს იყო, ჩავთვალოთ, რომ ოპოზოცია დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას. ამიტომ ასეთ დაპირისპირებას არ ველოდები“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.
მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.