„თუ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდასთან ნიკა მელია უნდა იჯდეს“

„თუ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდასთან ნიკა მელია უნდა იჯდეს“

ნიკა მელია კრიმინალი არ არის, ასე თვლის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ძალიან მალე დატოვებს ციხეს. როგორც უდუმაშვილმა for.ge-თან საუბარში განაცხადა, ოპოზიცია არაფერს გააკეთებს, უბრალოდ ხელისუფლებას აიძულებს, რომ მელია გაათავისუფლონ.

ზაალ უდუმაშვილი ჩვენთან საუბრისას საპროტესტო აქციებსაც აანონსებს, მაგრამ კითხვაზე რევოლუციას გეგმავენ თუ არა, აღნიშნულმა კითხვამ ყოფილი ჟურნალისტი გააღიზიანა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა. ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას დაკავების ამსახველი კადრები საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა. ყველამ ნახა თავისუფლებისთვის მებრძოლ მშვიდობიან მოსახლეობას, გავრილოვისა და ორჯონიკიძის შთამომავლები როგორ გაუსწორდნენ. ერთი ადამიანის დასაკავებლად ათასზე მეტი პოლიციელი მოვიდა. სპეცდანიშნულების რაზმებს აღარ ვთვლი, რომელიც მობილიზებული იყო. მართლაც, რომ ვანდალურად მოიქცნენ. მთლიანად მთელი შენობა დაზიანებულია, წაღებულია რაღაც ნივთები, შენობის შიგნით მხუთავი აირი გაუშვეს, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია ოთახებში მყოფ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ბედმა გაგვიღიმა, რომ ტრაგედია არ დატრიალდა. ეს არის ხელისუფლების აგონიური ქმედება. ბოლო სტადიაში არიან და ძალაუფლებას ებღაუჭებიან. თუ ვინმეს გონია, რომ დღეს ნიკა მელია დააპატიმრეს და ის დამარცხდა, მისი დამარცხება ძალიან ძნელია. ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“.

თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ, ნიკა მელიას დაკავებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ნიკა მელიას, რომ ჩაბარებოდა მშვიდად. რატომ არ დაემორჩილა მელია პოლიციის ბრძანებას, მაშინ ხომ არ შემოიჭრებოდნენ სამართალდამცველები და მშვიდად მოხდებოდა მისი დაკავება, რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე?

- პირველ რიგში, ნიკა მელია თავისით არ ჩაბარდებოდა. მაგრამ მეორე არის ფაქტი, რომ როდესაც განცხადება გავრცელდა, იქ იყო ნათქვამი, რომ ნიკა მელიას ნახევარ საათს აძლევდნენ დროს. შტურმი კი , ზუსტად, 11 წუთში დაიწყო, ნახევარ საათსაც არ დაელოდნენ. ნიკას პასუხსაც არ დალოდებიან. მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი, ასეთი ქმედების ანალოგია მეპოვნა, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის შენობას, ხელისუფლება ასეთი შტურმით იღებს. ვერ გავიხსენე, პუტინის რუსეთშიც კი ვერ მივაგენი მსგავს ფაქტს, რაც ჩვენმა გავრილოვებმა ჩაიდინეს.

მაშინ მე გაგახსენებთ ანალოგიას - ყველას კარგად ახსოვს 2007 წელი და შტურმით აღებული ტელეკომპანია „იმედის“ შენობა. სპეცრაზმმა გაანადგურა ტელევიზიის ტექნიკა, ხელკეტებით სცემდნენ ჟურნალისტებს და გარეთ მყოფებს, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს...

- ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მე გესაუბრებით ოპოზიციური პარტიის შენობის დარბევაზე და ოპოზიციური ლიდერის დაკავებაზე, თან რა საქმეზე - გავრილოვის საქმეზე. ის, რომ ნიკა მელია გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, ამაზე ჯერ რომ ბრალი დასდო და შემდეგ საქმეში რომ ჩაიხედოთ, მტკიცებულება არ არის. აბა, პროკურატურას კითხეთ სასამართლო პროცესი რატომ არ იმართება?! იმიტომ, რომ განსახილველი არაფერი აქვთ, საქმეში მტკიცებულება არაა. ამიტომ, მოკლე გზით წავიდნენ და აღკვეთის ღონისძიების შეცვლით, რათა გაენეიტრალებინათ ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ნიკა მელია. შესაბამისად, ეს გზა დამღუპველი გზა აირჩიეს. მოთმინების ფიალაში ეს არის ბოლო წვეთი. საქმე ოპოზიციაში არაა, მოსახლეობა უყურებს თუ როგორ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და ქვეყანაში როგორი უკანონობა სუფევს. შესაბამისად, ამ უკანონობას ძალა უნდა დაუპირისპირო. დღეიდან ჩვენ დავიწყეთ, დავიწყეთ ძალიან აქტიური პროცესი და ეს იქნება ქუჩის პროცესი. ეს მორყეული კბილი, რომელიც ქვეყანას სტკივა, ამ პერიოდში უნდა ამოვიღოთ.

ნიკა მელიას სამართალდამცველებთან ადრეც ჰქონდა პრობლემა, მას ბრალი „ქართუ ბანკის“ გაკოტრებაში ედება. თქვენ აზრით, ნიკა მელია კრიმინალი არ არის?

- ეს პროცესები რამდენი წელი გრძელდებოდა?! მგონი, „ქართუ ბანკის“ საქმე 2014 წლიდან მიმდინარეობდა. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლომაც კი ამ საქმეზე განაჩენი ვერ გამოიტანა. ნიკა მელია „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით დამნაშავე არ იყო. ახლა მიმდინარეობს „გაპრავება“ დღევანდელი შტურმის, მაგრამ ამ საქმის „გაპრავება“ არ იქნება. ჩვენ ვნახეთ, რა განცხადებები გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საოცარი განცხადებები იყო. ეს განცხადებები კიდევ უფრო გამკაცრდება. უახლოეს დღეებში კონკრეტულ პირებზე სანქციებსაც არ გამოვრიცხავ.

კონკრეტული პირები დაგვისახელეთ, ვის მიმართაც სანქციები დაწესდება?

- ამ საქმის უშუალო მონაწილეები, შემსრულებლები და არა ბრძანების გამცემები. ესენი არიან - ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური. ბრძანების გამცემი ვინც არის, ყველამ კარგად იცის - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართლა პირდაპირ დიქტატურისკენ მიდის. ჩვენ დროულად თუ არ აღვუდექით წინ, ნიკა მელიას შემდეგ სათითაოდ ჩვენ მოგვიკაკუნებენ და ციხეში წაგვაბრძანებენ.

ბიძინა ივანიშვილს ახსენებთ და „ქართუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელია სწორედ ივანიშვილმა „დაინდო“...

- ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში როგორი უკანონობა სუფევს. ბიძინა ივანიშვილს რა უფლება ჰქონდა, რომ ვინმე დაენდო, ან ვინმე გაესამართლებინა?! რა უფლებამოსილება ჰქონდა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, ან პარტიის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის როლს რომ ასრულებდა. მას ამის არანაირი უფლება არ აქვს. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერს ის წყვეტს და სასამართლო ინსტიტუტები არ არსებობს. ერთი კაცის ნება-სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, ან გომელაური, ძალიან ცდებიან. გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი ყველა პაიკები არიან, რომლებიც შემდეგ მის სურვილებს ასრულებენ.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნიკა მელიამ პირველი გიროს შემდეგ დაარღვია კანონი და მან სამაჯური მოიხსნა, სამართლებრივად ეს ხომ დანაშაულია?

- ეს სამაჯური თავიდანვე უკანონო იყო. სამაჯური სასჯელია და აღკვეთი ღონისძიების დროს არასდროს გამოიყენება. ეს იყო პირდაპირი კანონდარღვევა. ჯერ გირაო შეუფარდეს, გირაოს სამაჯური დაუმატეს, შემდგომ ამას ის დაუმატეს, რომ ნიკა მელიას აეკრძალა საჯარო გამოსვლები, საუბარია მოქმედ დეპუტატზე, ტელევიზიაში სტუმრობაც კი. ასეთი აღკვეთი ღონისძიების კომბინაცია მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს. ქვეყანაში, სადაც კანონი არ არსებობს, იქ ყველაფერი შესაძლებელია. შესაბამისად ამ სამაჯურის მოხსნაც იყო უკანონოდ შეფარდებული. ბოლოს ამ სამაჯურს არც არავინ აკონტროლებდა. ნიკა მელია თავისუფლად გადაადგილდებოდა და არც არავინ აკონტროლებდა, სიმბოლურად ჰქონდა შებმული.

სამაჯურის თვითნებურად მოხსნა კანონზე მაღლა არ დგას?

- ნამდვილად არ დგას. როდესაც, კანონს იყენებენ იმისთვის, რომ შენ პოლიტიკურად გდევნონ, ამას უნდა შეეწინააღმდეგო. წინააღმდეგი ვარ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს არ სცემ, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მითვისებულია ერთი კაცის მიერ და ის კაცი ამას იყენებს, როგორც თავის პირად სათამაშოს, მაშინ უნდა ამოიღო ხმა და შეეწინააღმდეგო.

სახელმწიფო ინსტიტუტების დარბევის წინააღმდეგი ხართ. შედარებისთვის, სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა და იქ მონაწილე პირები დააკავეს. 20 ივნისს ოპოზიცია პარლამენტის შენობის აღებას აპირებდით, არ უნდა დასჯილიყვნენ იქ მონაწილეები პარლამენტზე თავდასხმის გამო?

- ეს არის სრული ტყუილი. ჯერ განცხადებები მოვისმინოთ. იქ იყო საუბარი, რომ პარლამენტის ეზოში შევსულიყავით და იქ დავლოდებოდით საბოლოო გადაწყვეტილებას. სრული აბსურდია კაპიტოლიუმში მომხდარი ინციდენტის შედარება, 20 ივნისის ღამესთან. კაპიტოლიუმში გავრილოვი არ შეუყვანიათ და სენატის სკამში არ ჩაუსვიათ.

ეს რომ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის დროს, რა სურათს მივიღებდით?

- ნამდვილად ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, როგორ გავითარდებოდა. ვერ ჩავწვდი, როგორ გითხრათ ეს მიხეილ სააკაშვილის დროს როგორ განვითარდებოდა. ჰიპოთეტური კითხვაა.

დაგიკონკრეტებთ მაშინ, ახლა რომ ხელისუფლებაში იყოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია კი ოპოზიციაში, როგორ მოხდებოდა მისი დაკავება, მშვიდად?

- ცნობისთვის, ჯობია ფაქტებით ვისაუბროთ, ვიდრე ჰიპოთეტური კითხვებით. მიხეილ სააკაშვილის დროს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი დაკავებული არ ყოფილა.

რას ამბობთ, ბატონო ზაალ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა მან ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მინისტრები ყველა ციხეში გაუშვა, ახლა მახსენდება მისი გუნდის წევრი ირაკლი ოქრუაშვილიც და თქვენ ამბობთ, რომ არ დაუკავებია, სია საკმაოდ გრძელია.

- კი, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე ორ დღეში დატოვა. ის არ გაუსამართლებიათ და მისთვის განაჩენი არ გამოუტანიათ.

თუმცა, მისი დაკითხვის ვიდეო ყველას კარგად გვახსოვს. განაჩენი არ გამოუტანიათ ამბობთ, მაგრამ ის პოლიტდევნილად იქცა...

- როგორც მე მახსოვს, მან ციხე 2-3 დღეში დატოვა და ქვეყნიდან წავიდა. პოლიტიკოსების მიმართ დევნა არ ყოფილა, როგორიც დღეს გვაქვს. ივანიშვილმა რამდენი პოლიტიკოსი დაიჭირა, თითქმის ყველა სასამართლოში დადის. სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად არის გადაქცეული, რათა პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორება მოხდეს.

ახლა მინდა გითხრათ, რომ ნიკა მელია ძალიან მალე გამოვა გარეთ. ამაში დარწმუნებული ვარ.

და როგორ აპირებთ მის გათავისუფლებას?

- ციხის აღებას არ ვაპირებთ. მაგრამ, ხელისუფლებას მოუწევს მისი გათავისუფლება, იმიტომ რომ ამას რაც მოჰყვება, იმ ზეწოლას ვერ გაუძლებს. კარგად მოისმინეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები, ხვალ კიდევ უფრო მძიმე იქნება. პიროვნული სანქციები იქნება. ამაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ გონს დროულად არ მოეგებიან. თუ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება უნდა, მხოლოდ ერთი პირობით გაიმართება - „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდასთან ნიკა მელია უნდა იჯდეს.

რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას და ნიკა მელიას გათავისუფლებას ასე აპირებთ?

- „ქართული ოცნება“ ბევრ რამეს არ აპირებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, უწევთ იმის გაკეთება, რასაც ხალხი ითხოვს. მმართველი გუნდი იმ ფორმაში არაა, რომ საზოგადოებას ულტიმატუმით ელაპარაკოს. პრაქტიკულად, ჩამოშლილი ხელისუფლება გვყავს. ასე რომ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.

კითხვაზე პასუხი არ გამეცით, რევოლუციურ სცენარზე უშაობთ?

- შეიძლება გკითხოთ, რას გულისხმობთ რევოლუციაში?

მაშინ ასე გკითხავთ - 2003 წლის მოვლენების განმეორებას უნდა ველოდოთ, რათა ხელისუფლება გადააყენოთ? არის ეს თქვენი გეგმა?

- 2003 წლის მოვლენების განმეორება ვერ მოხდება, ორი იდენტური სცენარი არ ვითარდება. თუ თქვენ ხალხის პროტესტს რევოლუციას ეძახით, ხალხის პროტესტი აუცილებლად იქნება.

 

amo მოხარშული წაბლი არ გინდათ? რამდენი ხართ სულ? ქ-ნო ქეთი რა დაგიშავეთ, ვის აინტერესებს ამ სუბიექტის მოსაზრებები.
3 წლის უკან
Katana . ულტიმატუმს რომ უყენებ ხელისუფლებას, ვინმე გეხვეწებათ, დაგველაპარაკეთო?! :)
თქვენა ხართ შავ დღეში და თქვენი ინტერესი უნდა იყოს დალაპრაკება, თორემ ხელისუფლებას თავი ქუდში აქვს და იმორიგევეთ მერე კარავში, სანამ ლოლუები არ დაგეკიდებათ! :))
3 წლის უკან