ნიკა მელიამ უარი თქვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, სახელმწიფოს კი კანონი ავალდებულებდა სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა. სასწორის ერთ მხარეს კანონი იდო, მეორე მხარეს კანონის აღსრულების პოლიტიკური მიზანშეწონილობა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ცხადი იყო, რომ გირაოს არგადახდის შემთხვევაში ქვეყნაში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად დაიძაბებოდა და მიზანმიმართულად მოქმედებდა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი ვერ იტანს ლიდერებს. რამდენად ჩამოყალიბდებოდა მელია ლიდერად, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილს რომ ციხეში ურჩევნია მელიას ყოფნა, ვიდრე ციხის გარეთ, საეჭვო არ არის.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები ნიკა მელიას გარშემო - მან ხელში აიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობა. ლიდერის მიმართ როგორია მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება, ვიცით. მელიას გარშემო განვითარებული მოვლენები ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგად დაგეგმილი გეგმის ნაწილია, რითაც სააკაშვილმა ორი კურდღელი ერთდროულად დაიჭირა: პირველი - მელიას დაკავებით კონკურენტი ჩამოიცილა და მეორე - ოპოზიციის მინავლებულ აქტივობას სული შთაბერა.
რამაზ საყვარელიძე: ერთი მხრივ სააკაშვილმა ლიდერი მოიშორა, მეორე მხრივ საყვირალი თემა გაიჩინა, რაც ვნახეთ უცხოელების შეტევის სახით. ამ შეტევისთვის საბაბი მიეცა სააკაშვილის მხარდამჭერ უცხოელებს და არა მხარდამჭერებსაც. უცხოელებისთვის ეს თემა ჟღერს ისე, რომ დაიჭირეს ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.
ეს ლიდერი რას აკეთებდა, იმათ არ იციან, დეტალებში ჩახედვა როგორ გეკადრებათ... პოლიტიკოსი ყოვლისმცოდნეა და მით უმეტეს უცხოელი?! სანამ დეტალებს გაეცნობიან, იქამდე იძახიან, რომ მიუღებელია და ანალოგიას ხედავენ ნავალნის სასამართლოს პროცესთან. დანარჩენი უკვე ტექნიკური საქმეა. ეს ანალოგია და უცხოელების ეს შეტევა მოახერხა და გააჩინა სააკაშვილმა, იმით, რომ მელია გაუშვა ციხეში.
გაუშვა ციხეში, იმიტომ, რომ ამ გზით კონკურენტი ჩამოიშორა? მელიას შემთხვევაში აშკარად ყალიბდებოდა ლიდერი და ლიდერის მიმართ სააკაშვილის დამოკიდებულება ცნობილია. ვიცით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ზურაბ ჟვანიას გარშემო, რომელიც იყო გუნდის ლიდერი, ოქრუაშვილის მაგალითი ვიცით და ა.შ.
– გავიხსენოთ, დავით აღმაშენებელის მიმართ მისი დამოკიდებულება - მოკიდა ძეგლს ხელი და მოისროლა გარეუბანში, იგივე გააკეთა ბათუმშიც - ვერ იტანს ლიდერებს, გეთანხმებით. რამდენად ჩამოყალიბდებოდა მელია ლიდერად, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ სააკაშვილის რომ ციხეში ურჩევნია მელიას ყოფნა, ვიდრე ციხის გარეთ, საეჭვო არ უნდა იყოს. ნიკა მელიამ დაიწყო პარტიაში კადრების შეცვლა და თავისი კადრების მოყვანა. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს სააკაშვილი არ შეხვდებოდა დიდი აღფრთოვანებით.
უკვე ციხეში მყოფი მელია რამდენად შეიძლება უფრო პრობლემური იყოს სააკაშვილისთვის, ვიდრე თავისუფლებაში მყოფი? თუ ადრე აქციაზე „მიშა“, „მიშას“ სკანირებდნენ, დღეს უკვე „ნიკას“ სკანდირებენ, რაც სააკაშვილისთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა...
– არ არის გამორიცხული, რომ ნიკა მელიამ ამით ტანჯულის როლი შეიძინოს და მაშინ სააკაშვილი გამწარდება, მაგრამ პრინციპში ციხეში მყოფი მელია ვერ ჩაერევა პროცესებში. ლაპარაკი იმაზე, რომ აქ პროცესებს მართავდა სააკაშვილი, მე მგონია გადაჭარბებულია. იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარედ მელიას არჩევა და არა სააკაშვილის ფავორიტი ვარშალომიძის, იმის ნიშანია, რომ სააკაშვილი რაღაცეებს ვერ აკონტროლებს და აქაური ჯგუფი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აქ მყოფი ჯგუფის და მელიას დაშორიშორება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო სააკაშვილისთვის.
თუ გადავხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებებს და შინაარსს, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება პოლიტიკურად ისე გაიაროს ბეწვის ხიდზე, რომ არ დაზარალდეს ქვეყანა?
– საგარეო ხაზით ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა იმიტომ, რომ დღევანდელი ოპერაცია მოუწესრიგებელი და დაუდევრად იყო გაკეთებული სწორედ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მათ ბრწყინვალედ ჩაატარეს პოლიციური სპეცოპერაცია, მაგრამ როგორც პოლიტიკური ოპერაცია, სწორად არ იყო ჩატარებული. ასეთივე სკრუპულოზური და ფრთხილი პოლიტიკური კამპანია არ იყო გაშლილი დიპლომატიური კორპუსის თუ დასავლეთის სხვა პირების მიმართ, რომ მომხდარი ფაქტის მიმართ არ ყოფილიყვნენ კრიტიკულები და გაგებით მოკიდებოდნენ მომხდარ ფაქტს. ასეთი რამ არ გაკეთდა.
საერთოდ, ასეთი ორთაბრძოლის დროს ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება უდანაკარგოდ იყოს გაკეთებული სვლა. კერძოდ, ხელისუფლება არ დაიჭერდა მელიას და ოპოზიცია დაუწყებდა ძახილს – „სუსტი და უუნარო ხარო“, დაიჭერდა და დაუწყებდა ძახილს, რომ „ტირანიაა და საბჭოთა კავშირია“. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას წაუგებელი პოზიცია აქვს. მელიას ფიგურაში აღარ არის საქმე, ოპოზიციას ის ნიშა უკავია, რომელსაც ვერ შემოუვლი რაიმე პოზიტიური ნაბიჯით. სამწუხაროდ, ანალოგიურ ხერხს ცუდად ფლობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ოპოზიციამ, ცნობილ როდიონოვს შეადარა პრემიერ–მინისტრი, არადა კარგან გვახსოვს 2003 წლის ნოემბერში ივანოვის ვიზიტი და შევარდნაძის წასვლა ხელისუფლებიდან, შემდეგ უკვე 2004 წლის მაისში ბათუმში ჩადის ივანოვი და ხელისუფლებიდან მიდის აბაშიძე. ნაცმოძრაობის და რუსეთის ღია კავშირებზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია. აქვთ თუ არა ამის უფლება და რამდენად დამაჯერებელი იქნება მათი ეს ნარატივი საზოგადოებისთვის?
– არის კიდევ 2008 წელი და შემდეგ უკვე სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა. რახან ამ ფაქტებს მათ არავინ უძახის, რახან მათი გასამართლება არ მომხდარა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, არ მომხდარა მათი რუსეთთან თანამშრომლობის გამოვლენა, ამიტომ დაძახება დასწრებაზეა. რამდენად აქვთ უფლება? – არასწორი კითხვაა. იმდენად აქვთ უფლება, რამდენადაც აძლევენ. ჩვენ, საქართველოს საზოგადოებამ მივეცით უფლება, რომ სხვას დაუძახონ რუსული ძალა, როცა თავად წარმოადგენენ ამ ძალას.
რუსეთს ძალიან ხშირად გაუწევია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისეთი დახმარება, რომელიც შეუარაღებელი თვალითაც ჩანს. გავიხსენოთ, განმუხურში მიშა შიშველი მკერდით რუს სამხედროებს როგორ უტევდა და ისინი უკან იხევდნენ. მიშა რომ ასეთი გაბედული არ არის, ეს სხვა კადრებიდან ვიცით, მაგრამ განმუხურის შემთხვევაში გაბედული იყო იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო. დავალება ჰქონდათ ასეთი მიცემული რუს სამხედროებს. რატომ? იმიტომ, რომ მიშას რეიტინგი აწეულიყო. რუსეთი ხშირად უწყობს ხელს მიშას.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, დასავლეთის განცხადებებმა გაათამამა ოპოზიცია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. მიყვებით ამ შეფასებაში პრემიერს?
– პოლიტიკური კრიზისი ორ ვარიანტს ჰქვია. პირველი – როდესაც ისეთია კონფლიქტი, რომ პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ბიუჯეტს ვერ იღებენ და ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ანუ როცა პოლიტიკური მანქანა ვერ მუშაობს. მარტო იმიტომ, რომ საზოგადოების უკამყოფილო და არც თუ ისეთი დიდი ნაწილი ქუჩაში გამოდის, ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური კრიზისი არ არის.
აი, დიდი ნაწილი რომ იყოს ქუჩაში, აჩერებდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებას, მაშინ კიდევ შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ კრიზისზე. ვნახეთ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გაცილებით მასშტაბური იყო გამოსვლები, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი ვერ შედგა. მასშტაბური გამოსვლების მიუხედავად არ გაჩერდა სახელმწიფო მანქანის მუშაობა. ე.ი. არ იყო პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური დაპირისპირება, კონფლიქტი – კი ბატონო, არის, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი სხვა რამეს ჰქვია.