„სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, კანონი უნდა აღესრულებინა, მაგრამ მეტი მუშაობა იყო საჭირო, რათა ქვეყნის გარეთ ამ ფაქტს პოლიტიკური კონტექსტი არ მისცემოდა“

„სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, კანონი უნდა აღესრულებინა, მაგრამ მეტი მუშაობა იყო საჭირო, რათა ქვეყნის გარეთ ამ ფაქტს პოლიტიკური კონტექსტი არ მისცემოდა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დაკავებულია, ოპოზიცია კი აქციებით იმუქრება და ამბობენ, რომ სასწრაფოდ „გაბრაზებული ხალხის“ ქუჩაში გამოყვანა უნდა მოხდეს. მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მათ აქცია პარლამენტის წინ გამართეს, სადაც კარვები განათავსეს და დაუყოვნებლივ მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი 26 თებერვალს მასშტაბურ აქციებს აანონსებენ და ხელისუფლებას პირდებიან, რომ ენმ-ის თავმჯდომარის დაკავება ძვირად დაუჯდებათ.

რა პროცესები შეიძლება ნიკა მელიას დაკავებამ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გამოიწვიოს? - დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ფაქტია, რიტორიკა შეიცვალა და ახლა „ოცნებას“ მათთვის იმის ახსნა მოუწევს, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ეს არის სამართლის და კანონის აღსრულება.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მასშტაბურ აქციებს, ანალიტიკოსები არ ელიან, რომ მელიას დაკავება მოსახლეობის დიდ ნაწილში საპროტესტო მუხტს გაზრდის და ქუჩები ხალხით გაივსება. თუმცა ელიან, რომ დასავლეთიდან უფრო გამწვავდება კრიტიკა, თუკი ხელისუფლება მათთან აქტიურად არ იმუშავებს. ასევე ჩვენი პარტნიორების ქმედებები ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესებმა რადიკალური სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დაზიანდეს.

სოზარ სუბარის თქმით, თუ აქციები თბილისის 20 ივნისის ან აშშ-ის 6 სექტემბრის სცენარით განვითარდება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო კანონის შესაბამისად გასცემს პასუხს:

„შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური ტრიბუნა არის პარლამენტი და იმ მანდატის გამოყენება, რომელიც მათ მისცა ქართველმა ხალხმა და ამ მანდატზე უარის თქმა არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, თუმცა ბუნებრივია, არჩევანის უფლება მათ ამ შემთხვევაში აქვთ. რაც შეეხება აქციებს, ამის უფლება მათ აქვთ მანამდე, სანამ ეს აქციები ჯდება კანონიერ ჩარჩოებში, როგორც კი განმეორდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს თბილისში, ან რასაც ადგილი ჰქონდა 6 სექტემბერს აშშ-ში, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მათ კანონი გასცემს პასუხს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი საერთაშორისო გზავნილებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები სასიამოვნო არ იყო, თუმცა შინაარსში ვერ დაეთანხმება, რადგან სახელმწიფომ თავისი ვალდებულება აღასრულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეცვალა და შესაბამისად, ამით არის გამოწვეული საერთაშორისო პარტნიორების გზავნილების გამკაცრებაც.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მიზანმიმართულად მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები არ შეცვლილა, შეიცვალა პოლიტიკური გარემო და ვითარება და ამას ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გზავნილების ტონში და შინაარსში, რომელიც გვესმის დღეს. ეს არის ახალი პოლიტიკური რეალობა და ახალ გამოწვევებს სჭირდება ახალი სტრატეგია, როგორც ქვეყნის მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ასევე ქვეყნის შიგნით, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას დაკავებით გადალახა რუბიკონი. მათი ამოცანაა ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება და მეორე მათი ამოცანაა, რომ საქართველო, რაც შეიძლება შორს აღმოჩნდეს იმ ინსტიტუტებისგან, რომელიც არის ჩვენი მომავლისა და სახელმწიფოებრიობის გარანტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ, საქართველოს ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, ძვირად დაუჯდება მთლიანად ქვეყანას. სამადაშვილი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“" მოუწევს გადახედოს თავის ქმედებებს, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს ზეწოლის გაძლიერებაზე ლაპარაკი, მათ შორის, საუბარი მიდის შესაძლო სანქციებზეც.

ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მოსახლეობაში არ არის ის განწყობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციას აყვნენ. ბოჟაძე ამბობს, რომ მოსახლეობა კარგად ხედავს ამ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი რა არის და საითაც უნდათ, რომ პროცესები წაიყვანონ. მისი აზრით, სააკაშვილმა მელია მხოლოდ იმისთვის შეარჩია პარტიის თავმჯდომარედ, რომ შემდეგ მისი დაკავება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინა და ამით ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. შესაბამისად, ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც კარგად ხედავენ და სავარაუდოდ, კიდევ უფრო ბევრი იციან იმის შესახებ თუ ენმ-ის რეალური გეგმა რა არის. ამიტომაც მათი შეშფოთება ლოგიკურია, რადგანაც საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია არვის სურს.

„რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობით არის დაინტერესებული და სრულიად მიუღებელია ის ფორმა, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ ძალებს შორის ვნახეთ. დასავლეთიც კარგად ხედავს, რომ მელიას გადაწყვეტილება არ გადაიხადოს გირაო, კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. ამით მათ უნდა აჩვენონ, რომ თითქოს სახელმწიფო არ გვაქვს და ხელისუფლება კანონის აღსრულებას ვერ ახერხებს. მელია სპეციალურად იქნა შერჩეული პარტიის თავმჯდომარედ, რათა მისი დაკავება პოლიტიკურ დევნად იქნას გასაღებული.

მელიას დაკავება იყო ლოგიკური და კანონიერი, რადგანაც სახელმწიფოს უნდა აღედგინა კანონი და პოლიტიკოსობა ვიღაცისთვის ხელშეუხებლობის გარანტი ვერ იქნება. აქ სახელმწიფოს ღირსება იდო საპირწონედ, ამიტომაც მელიას დაკავება ვერ გადაიდებოდა იმის გამო, რომ ის რომელიღაცა პარტიის თავმჯდომარეა. ის პროცესები, რომლისკენაც ენმ-ს ქვეყანა მიჰყავს, არის დესტაბილიზაცია, რადიკალიზაცია და რევოლუცია, რომელიც არ გამოუვიდა და არც ახლა გამოუვა“,-აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დარჩეს, ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის და სიტყვის თავისუფლების საშუალება. თუმცა ბოჟაძეს თქმით, ქვეყნის დესტაბილიზაცია სულ სხვა გამოწვევაა, ამიტომაც ქართული სახელმწიფო მზად უნდა იყოს, რომ დესტაბილიზაციის და სხვა არეულობის უფლება არავის მისცეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ენმ-ს ქვეყანა სწორედ აქეთ მიჰყავს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ამ გზას უშეცდომოდ გაივლის.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება და ეს მისი პრეროგატივაა. თუმცა უკეთესი იქნებოდა საქმე რომ არ გაერთულებინა, პროკურატურა წინადადებით შესულიყო და დაპატიმრებაზე უარი ეთქვა. ძაბირაძე ამბობს, რომ ამის გამო პროცესი სრულიად სხვა ჭრილში გადავიდა. თუ ადრე მელიას დაკავება მხოლოდ სამართლებრივი პროცესი იყო, ახლა მას ოპოზიცია პოლიტიკურ კონტექსტს მისცემს და მას შემდეგი პროცესებისთვის გამოიყენებს. ამიტომაც ხელისუფლებას უნდა გაეანალიზებინა მელიას დაკავება უფრო უღირდა პოლიტიკურად თუ არდაკავება, შეეფასებინა რისკები, რომელიც ამ პროცეს მოჰყვებოდა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო.

„ზოგადად ძალიან სახიფათო მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. თუ ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებით არ დაკმაყოფილდებიან, არაა გაამორიცხული, რომ სერიოზული პრესის ქვეშ ხელისუფლება აღმოჩნდეს. ეს კი საზიანო იქნება, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის. არის ვარიანტებიც, რომ მხოლოდ ამ განცხადებებით შემოიფარგლონ. თუმცა რატომ გახდა ეს მელია ასეთი თავის ტკივილი, როცა მთელი დასავლეთი ხელისუფლებას მხარს უჭერდა და პირიქით, ოპოზიციას მოუხმობდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ გაუგებარია.

ამიტომაც არ მესმის მელიას დაკავების ლოგიკა რაში მდგომარეობს. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ ველი, რომ ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა იქნება. კი, გამოვა ქუჩაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და გააპროტესტებენ, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური და მასობრივი აქციები. ხვალ რა იქნება, აქ უკვე რაიმე პროგნოზის გაკეთება გაჭირდება. ხელისუფლება აქამდე სწორად მოქმედებდა, მელიას დაკავების შემდეგ კი თავი ძალით აიტკივა. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას ჩვენს პარტნიორებთან რაიმე სახით ნამუშევარი აქვს, ამიტომაც ეს მათ განწყობებს „ოცნების“ მიმართ შეცვლის“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოს რამაზ საყავრელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სპეცოპერაციამდე დასავლეთის საქმის კურსში ჩაყენება უნდა მომხდარიყო და ასავე იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე ამ ფაქტს მოჰყოლოდა. საყვარელიძე ამბობს, რომ მელიას დაკავებით, მართალია კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა, მაგრამ რამდენად აუცილებელი იყო ამის ასე სწრაფად გაკეთება, ეს ფაქტი შეიძლება სადავო იყოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, კანონი უნდა აღესრულებინა, მაგრამ მეტი მუშაობა იყო საჭირო, რათა ქვეყნის გარეთ ამ ფაქტს პოლიტიკური კონტექსტი არ მისცემოდა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ამ საკითხს კითხვის ქვეშ არც ვაყენებდი. თუმცა ველოდი, რომ დასავლეთის საქმის კურსში ჩაყენება მოხდებოდა. ჩვენს პარტნიორებს კარგად ავუხსნიდით, რა საქმეზე ხდება მელიას დაკავება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება რატომ უნდა მოხდეს. ოპერაციის წინ კარგი იქნებოდა, რომ პარტნიორების შემზადება მომხდარიყო და ასეთი მძაფრი განცხადებები მათი მხრიდან აღარ გაკეთდებოდა. მესმის, რომ დილით სპეცოპერაცია ჩატარდა და ასე სწრაფად პარტნიორების შემზადებას ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ რამდენად იყო ეს საქმე საჩქაროდ გასაკეთებელი, ეს უკვე სადავო საკითხია. როცა უკვე ნაბიჯი გადადგი და შენს პარტნიორებს ამის შემდეგ მიზეზებს ატყობინებ, რა თქმა უნდა, მერე ამ ნათქვამის გადათქმას არავინ აღარ მოინდომებს. თუ რეაქცია იქნება კრიტიკული, ეს დამოკიდებულება მერე რამდენიც გინდა უმტკიცო რომ მართალი ხარ, არ შეიცვლება. ეს დაკავება უნდა მომხდარიყო, მაგრამ უფრო მეტი ფაქტორების გათვალისწინებით“, - ამბობს საყვარელიძე და მიიჩნევს, რომ წინა პლანზე გამოვა ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიიცის ლიდერი დააპატიმრა. დასავლეთის მხრიდან წერტილი დაისმება და რამდენიც გინდ ხელისუფლებამ ამტკიცოს, რომ სამართლებრივად მართალია, ამის ახსნა გაუჭირდება. ამიტომაც ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ნაბიჯი ნაჩქარევია და მეტი მომზადება იყო საჭირო.