საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მერვე დღეა, რაც პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარობს, თუმცა, ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას დათანხმდება თუ არა და ამის სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, თუ რას მოითხოვს. თუ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს, for.ge-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღეს დაგეგმილ სხდომაზე მოხდება.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:
„საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საგარეო ურთიერთობათა, ევროინტერგაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტებმა დასკვნა მოამზადეს, სადაც დაფიქსირებულია მზაობა - ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან მიმართებაში, თუმცა, დასკვნაში მკვეთრი პოზიცია არ არის დაფიქსირებული, რომ საქართველო არ გახდება - პოსტ-საბჭოთა ორგანიზაციების წევრი. უმრავლესობის განმარტებით, ნატო-ში სვლა, დსთ-ში გაწევრიანებას გამორიცხავს, რის გამოც, ზედმეტია, ჩანაწერის გაკეთება, რომ საქართველო დსთ-ს წევრი არ გახდება. როგორია თქვენი პოზიცია?
- უმრავლესობის არგუმენტი ძლიერი არ არის, მაგრამ მათ იდეის თვალსაზრისით ვეთანხმები, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად, წარმოუდგენელია დსთ-ს წევრობა გსურდეს, თუმცა, აქ, საუბარი იმაზე კი არ არის - გინდა თუ არა დსთ-ს წევრობა, არამედ მომავალზე. 20 წლის წინ, დსთ-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ გამოსავალს ვერ ვხედავდით და მაშინ, ერთი-ორი ადამიანი იყო, რომელსაც დსთ-ში გაწევრიანება სურდა. დანარჩენები კი, გამოსავლის ძიებაში ვიყავით.
მათ შორის თქვენც, რომელმაც ამ საკითხს მხარი დაუჭირეთ?
- დიახ, მათ შორის მეც. საქართველო დანაწევრებული და დაშლილი იყო. ამის პარალელურად კი, სამოქალაქო ომი მიმდინარობდა და ფაქტიურად, ეს იყო ერთადერთი გზა, მაგრამ დსთ-ში გაწევრიანების დიდი სურვილი არავის არ ჰქონია. ბუნებრივია, ამის მსურველი არც მომავალში იქნებიან, მაგრამ როცა რუსეთი თავზე დაგადგება, ხელებს გადაგიგრეხს და ამ ორგანიზაციებში შესვლას მოგთხოვს, მომლაპარაკებელი ვინც იქნება იტყვის, რომ ამ საკითხს, მე ვერ ვწყვეტ, რადგან ეს დაფიქსირებულია კონსტიტუციაში.
ანუ, თქვენი საკანონმდებლო წინადადება მომავალზეა გათვლილი?
- რა თქმა უნდა. შეიძლება, ეს საკითხი, დღევანდელი მთავრობის წინაშე არ დადგეს, მაგრამ საფრთხის წინაშე სხვა მთავრობა აღმოჩნდეს. ჩვენ კი, თავები არ უნდა გამოვიშტეროთ. რუსეთის ამოცანაა, რომ საქართველო ექსკლუზიური გავლენის სფეროში დააბრუნოს, გავლენის სფეროები კი დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ექსკლუზიურად არ მოვექცეთ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა და საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობა - კონსტიტუციაში რატომ არ დააფიქსირეთ?
- მაშინ, ეს საკითხი აქტუალური არ იყო და თან, ეს საკითხი, არც არავის დაუსვამს. ამასთან, ჩვენი ორიენტირი - რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ევროინტერგაციის პარალელურად უნდა მომხდარიყო. ახალი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მათთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, როცა რუსეთთან ახალი დინამიკაა, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა საქართველოს წინაშე დსთ-ში გაწევრიანების საკითხი დააყენოს, რის გამოც, ინიციატივის მხარდაჭერას ვითხოვთ. კონსტიტუციურ ცვლილებებზე მოლაპარაკებები მიდის და სიგნალები მაქვს, რომ ეს საკითხი შეთანხმებაში დაფიქსირდება, მაგრამ ვინაიდან, ამ პრინციპებს უბრალო კანონის დონეზე ასეთი წინააღმდეგობა დახვდა, მისი მომავალი გაურკვეველია. არ მინდა, ამ საკითხზე პედალირება მოვახდინო, ვინმეს ნატკენ ფეხზე ფეხი დავაჭირო და ამიტომ, კონკრეტული ფაქტების ხსენებისგან თავს შეგნებულად ვიკავებ, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ მოხდა - ეს იყო განცხადება თუ მოქმედება.
რატომ იკავებთ თავს?
- არ მსურს, რომ ნიშნის მოგებით ვილაპარაკო და პოლიტიკური ბრძოლა გავაჩაღო, მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, ეს წინადადება არ გავა, გუდას პირს მოვხნით და სათქმელს ბოლომდე ვიტყვით.
„გუდას პირს მოვხსნით“ - რა გულისხმობთ?
- ისეთ რამეს მეძიებით, რაც მილიონჯერ გაგონილი და მოსმენილი გაქვთ.
ანუ, სენსაციურზე არ საუბრობთ?
- სენსაციური იყო და ღმერთმა არ ქნას, რომ განმეორდეს.
წინა საარჩევნო პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ „რუსეთუმესა“ და „რუსულ პროექტს“ უწოდებდით. ამ კუთხით, ახალ ხელისუფლებას რაიმე ნიშნებს ატყობთ?
- ამაზე პასუხის გაცემისაგან თავს შევიკავებ, რადგან ამ საკითხზე, დეტალურად უახლოეს ხანში ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე, კონსულტაციები მიდის, რომ საგარეო კურსი კონსტიტუციაში დაფიქსირდეს.
მმართველ გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონსულტაციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გასულ კვირას ითქვა, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს. მხარეებმა კონსესუს მიაღწიეს?
- თუ ეს მოხდება კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიურო სად მირბის? მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
ანუ, გადაწყვეტლებები მიღებული არ არის? რაზე ვერ თანმხდებით?
- მესმის, რომ ჟურნალისტი ხართ, მაგრამ გეუბნებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, რის სანაცვლოდ თანხმდებით?
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომ მოგიყვეთ, ხელისუფლებას რა პოზიცია აქვს და რა ოპოზიციას, მაშინ რა გამოდის? მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა იმიტომ მიდის, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეჯერდნენ. კაცური და კონსტრუქციული საუბარი მიმდინარეობს. თქვენ კი რასაც ცდილობთ, ვერ მიაღწევთ, რადგან შეგნებულად არაფერს გეტყვით და ალბათ, ამას „გაგებით მოეკიდებით“.
თქვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგი საკითხების დათმობის სანაცვლოდ, სამართლებლივი პროცესების შეწყვეტას ითხოვდა. ასევე, საუბარი იყო იმაზეც, რომ პრეზიდენტმა ელჩობის კანდიდატები პარლამენტში დაცვის ერთი სამმართველოს სანაცვლოდ წარადგინა...
- ეს ინფორმაცია ტყუილია, რადგან პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომ მზად იყო, საკუთარ ავტომობილითა და დაცვის გარეშე ევლო. ენას ძვალი არ აქვს და არ მინდა, რომ ურთიერთბრალდებებზე გადავიდე. მოლაპარაკებების პროცესში პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით არცერთი საკითხი არ დაგვისვამს, არამედ იმ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც საზოგადოების ინტერსებში შედის. რაც შეეხება დაჭერებს და ა.შ. დაჭერებთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიო ხელისუფლებას აკრიტიკებს და ეს მმართველი ძალის ტვირთია, რომ ეს უკანონო და აბსურდული პოლიტიკა თავად შეაჩეროს.
უმცირესობის ლიდერები „დაჭერებზე“ აპელირებთ, მაგრამ ამ დროისთვის, პატიმრობაში, ლიდერებიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება...
- ბევრი გამოუშვეს, მაგრამ ბევრი კვლავ დაჭერილია.
ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ყოფილ საჯარო მოხელეებს თქვენც იჭერდით. ეს პროცესი გიკვირთ?
- ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანი დავიჭირეთ, მათ გადაუხადეს და გამოვიდნენ. მაგალითად - კაკო ჩხაიძე.
თუმცა, წლების განმავლობაში პატიმრობაში გყავდათ - დავით მირცხულავა. . .
- მირხულავა იჯდა, რადგან მან აღიარებითი ჩვენების მიცემა არ მოინდომა. თუმცა, მირცხულავას დროს, საქართველოს ენერგეტიკაში რა ვითარება იყო და ელექტროენერგია როგორ მოგეწოდებოდათ დაგავიწყდათ? - მე კარგად მახსოვს. ხელისუფლებაში რომ მოვედით, ვითარება ორ წელში შეიცვალა და ჩვენ ჯადოსნური ჯოხი გვქონდა?
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და 7 ნოემბერისა და 26 მაისის გამოძიებას სთხოვს. ასევე აცხადებს, რომ „თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა, ძალიან ცდება“. რა გარიგებაზე საუბრობს თქვენი ოპონენტი?
- თუ დავითაშვილს ამ საკითხების გამოძიება სურს, მათ აქვთ ბურთი და მოედანი და გამოიძიონ, მაგრამ მათ ასევე გამოიძიონ - გუნავასთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტი, მოსამართლის თანამშემწის, ია ბარამიძის დაშანტაჟების ფაქტი. ასევე გამოიძიონ 8 თებერვლის დარბევაც, რა დროსაც შეხლა-შემოხლა ჩვენსა და პოლიციას შორის კი არ იყო, არამედ ხალხი დაგვიპირისპირეს. ვითომ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, მაგრამ სინამდვილეში, ეს ხალხი ხელისუფლებასთან იყო კოორდინირებული. მათ რაღაცის გაკეთება სურდათ, მაგრამ გამოჩენა არ უნდოდათ, პოლიცია გვერდზე დააყენეს და ამ მოქმედებით პოლიციას ცალკე დანაშაული ჩაადენინეს.
თუ ხვდებით, რომ „ხელისუფლება ხალხის ხელით დაგიპირისპირდათ“, შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რატომ არ აყენებთ?
- ვინ გითხრათ, რომ არ ვაყენებთ?
ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი პარლამენტში არ დაგიყენებიათ...
- ეს პრეზიდენტს შეუძლია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ უფლებას არ გამოიყენებს. ასევე, თუ იმას გავაცნობიერებთ, რომ ამისი რეალური ბერკეტები არ გაგვაჩნია, არ ვაპირებთ, რომ ცელქი ბავშვებით მოვიქცეთ და პროცესებს ხელი შევუშალოთ. ამასთან, ღარიბაშვილი უმცირესობის სხდომაზეა დაბარებული, სადაც კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.