მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა ინფრასტუქტურისა და თავდაცვის მინისტრები. თუმცა, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ მოგვიანებით კიდევ ვიხილოთ მნიშვენლოვანი საკადრო ცვლილებები. მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში 22 თებერვალს მოუსმინეს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვები და გეგმები გააცნო.
ამ და სხვა მნიშენლოვან საკითხებზე For.ge კონფლიქტოლოგს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ბატონო პაატა, როგორ აფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? თქვენი აზრით, მთავრობაში კვლავ მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები?
- ეს კაბინეტი მიღებული იყო გახარიას დროს და მან აშკარად თავისი ხედვები ჩადო. გუბერნატორები შეცვალა, აპარატის ახალი უფროსი მოიყვანა. სულ ცოტა აპარატში მაინც იქნება ცვლილებები, რადგან ადგილობრივი არჩევნები მოდის. ამის ფონზე, ღარიბაშვილს დასჭირდება თავისი ხალხი. თუ ცვლილებები მოხდება, უმჯობესია უცებ არ მოხდეს, რომ არ შექმნან მკაფიო განწყობა, რომ გუნდი არ არის შეკრული. შეიძლება ივნისამდე არ იყოს ეს ცვლილებები. წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეიძლება შეიცვალოს. მანამდე ეჭვი მეპარება, თუ ისეთი რამ არ მოხდა, მაგალითად ოპოზიციამ არ ააგორა მოსახლეობის ნება და არ გამოიყვანა ათასობით ადამიანი ქუჩაში გაზაფხულზე, რაც მოსალოდნელია აპრილიდან.
თუ ოპოზიციამ მოახერხა და გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული ცვლილებების შეტანა, პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი. ღარიბაშვილი ძალიან რადიკალური, კატეგორიული და შემტევია. შეიძლება ამ სტილმა არ გაამართლოს და თვითონაც მიხვდეს ამას. გავიხსენოთ, რომ ღარიბაშვილი ორ საათში დაინიშნა. უცებ ორ საათში მიიღეს გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ღარიბაშვილი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. სხვადასხვა ვარიანტებში შეიძლება ღარიბაშვილიც იყო, მაგრამ ივანიშვილმა, ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი მოინდომა და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ასე უცებ.
ეს არ უნდა იყოს იდეალური გადაწყვეტილება წამყვანი გუნდისათვის დღეს, რომელიც მოექცა სათავეში „ქართულ ოცნებას,“ ეს არის კობახიძის გუნდი. ამის ფონზე არ არის გამორიცხული, რომ შეეცადონ თავისი პრემიერი ჰყავდეთ არჩევნების დროს.
ღარიბაშვილს ხისტ მმართველად მოიაზრებენ. ამის ფონზე, საუბარია, რომ გიორგი გახარიას წასვლა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. თქვენი აზრით, ხელისუფლებაში მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი?
- გახარიას წასვლის შემდეგ არსებითად შეიცვალა ვითარება. გახარიას შემთხვევაში არ ველოდებოდი კრიზისს ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე. ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც ნახავდნენ, ვინ რა ხმები მიიღო რაიონებიდან, დაიწყებდნენ პირდაპირ მზადებას შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის. თუმცა, ახლა, როდესაც გახარია წავიდა, აირია ვითარება. არანაირი ნდობა არ აქვს „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში.
ივანიშვილი, ნომერი პირველი იყო, რომელსაც ხალხი ხმას აძლევდა. გახარია, ნომერი მეორე, რომელსაც ხმას აძლევდნენ და იგივე ცქიტიშვილი, რომლის მიმართაც საზოგადოება პატივისცემით იყო განმსჭვალული, მის მიმართ არ იყო უარყოფითი დამოკიდებულება. უცებ ამ სამი ადამიანის წასვლით, განსაკუთრებით - პირველი ორის, საზოგადოება დაიბნა და არ იცის ვის მისცა ხმა. პარლამენტში მსხდომი ხალხის გვარებიც კი არ იცის ხალხმა ნორმალურად. ამის ფონზე, ბუნებრივია, საზოგადოებაში ნდობა არ არის.
ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელსაც შეიძლება დაემატოს კორონავირუსის არასწორი მართვა, ვაქცინის დროზე არშემოტანა, ეკონომიკური კრიზისი, რასაც შეიძლება ჰქონდეს მისი გლობალური მიზეზები, საზოგადოებამ შესაძლოა, იმდენად იყოს გამწარებული, რომ ქართულად აქციოს და გამოვიდეს ქუჩაში. თუ რეალური იქნება საზოგადოების პროტესტი და ამას დაემთხვევა ღარიბაშვილის არაპოპულარული გამონათქვამები, მოძრაობები, ამას შეიძლება მოყვეს სწორედ მისი და მთავრობის გადადგომა. ამის რეალობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივ არჩევნებამდე.
გუშინ წავიდა გუნდიდან ლაშა ნაცვლიშვილი. შორს არ წასულა, მაგრამ იგი თავის თავს ვერ ხედავს ღარიბაშვილთან. გავიხსენოთ, რომ იგი ღარიბაშვილის დროს წავიდა პროკურატურიდან. ლაშა ნაცვლიშვილი კონცეპტუალური ფრთა იყო ივანიშვილის და გახარიას გუნდში.
რამდენჯერმე ახსენეთ საპროტესტო აქციები, გამოსვლები. რამდენად არის მოსალოდნელი არეულობა ქვეყანაში და ერთგვარი რევოლუცია, რაზეც ოპოზიცია ხშირად აპელირებს?
- რევოლუციის ნიშნები არ ჩანს. საზოგადოება არ არის რევოლუციით დამუხტული, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო და მოუგვარებელი პანდემიის გამო, საზოგადოებაში იქნება უკმაყოფილება, ეს კი შეიძლება მართოს ოპოზიციამ. ამიტომ, გამორციხული არაა არეულობა არა ოპოზიციის აქტიურობის გამო და მათდამი სიმპათიის გამო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო. იმისათვის, რომ ვითარება განმუხტონ, შესაძლოა, მოუწიოთ მთავრობის შეცვლა. ეცდებიან, რაც შეიძლება ახლოს მიიტანონ ეს არჩევნებამდე. ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლა დაიწყება სექტემბერში, თუ ოქტომბერში არჩევნები იქნება. შეეცდებიან, რომ ღარიბაშვილი მიიტანონ ივნისამდე და შემდეგ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი წარადგინონ. ღარიბაშვილისგან შექმნიან რაღაც მონსტრს, გაბერავენ, აგრესიული იქნება, რადიკალური და უცებ მოვა ვიღაც კეთილშობილი ადამიანი...
რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გახარია მესამე ალტერნატიულ ძალად?
- ეს მხოლოდ გამიხარდება. სხვას ვერავის ვხედავ. გახარიას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ გახარია არ წავიდეს სახლში, გამოჩნდეს და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის შექმნას, მაგრამ მან მკაფიოდ და ცალსახად უნდა შეძლოს გაემიჯნოს ორივე ძალას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობს“, ისე „ქართულ ოცნებას“. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საზოგადოება არ დაუჯერებს. თუ ორივეს გაემიჯნება, ამ შემთხვევაში ველოდები რაღაც სხვას. დიდი სიამოვნებით დავინახავდი გახარიაში გამოსავალს, თუმცა არა იდეალურს.