კვალავ უცნობია როდის მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონი აუცილებლად აღსრულდება. რა ფომით მოხდება მისი დაკავება და როდის? ამაზე აღარ უსაუბრია. ენმ-ის ოფისში გამაგრებული ოპოზიცია კი სპეცრაზმის გამოჩენას ნებისმიერ დროს ელოდება. უკვე ფაქტია, რომ ახალი პრემიერი არ წავა დათმობაზე და მისი პოლიტკა კიდევ უფრო ხისტი და მკაცრი იქნება.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა ყოველგვარი პირობების გარეშე. მისი თქმით, დესტრუქციული პოლიტიკა სწორედ მიხეილ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან მომდინარეობს.
პრემიერმა ნიკა მელიას საკითხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის კრიმინალია, მათ შორის, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზეც.
„რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკების გეგმას, როგორ მესახება მე ოპოზიციასთან მოლაპარაკება: მე ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნოთ ეს რადიკალური ფრთა, კონსტრუქციული და მე როგორც ვიცი, არიან საბედნიეროდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებთანაც ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე.
ჩვენი მიდგომა არის შემდეგი - ყველა ის კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიცია, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს, მოხდეს მათი დისტანცირება დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან. მელია არის კრიმინალი იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზეც, რაც ყველას ავიწყდება. ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ განიხილება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი პირველი ამოცნაა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგი აღადგინოს.
„მოდით, ვთქვათ, ვერ ვინატრებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანით, მათივე სურვილით.
თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას და შანტაჟს, ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ცხარე დებატებისთვის, დიალოგისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებულ პრაქტიკაში.
მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი მენტორული ტონით გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
„დღეს მე მოვისმინე ერთ-ერთი ლიტუელი პოლიტიკოსის მენტორული ტონით საუბარი ჩვენი სახელმწიფოსადმი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ არ გვჭირდება ამ ბატონის, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან, მეგობრული და საეჭვო ურთიერთობა აკავშირებს, მიუღებელია მისგან და ნებისმიერი მსგავსი ასეთი ადამიანებისგან მენტორული ტონით საუბარი.
თუ მათ რაიმე გულწრფელი რჩევის მოცემა სურთ, ეს შეუძლიათ გააკეთონ სხვა ფორმით და სხვა ფორმატში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე კი ნიკა მელიას პატიმრობის და ირაკლი ღარიბაშივლის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ არ დაემორჩილება სასამართლოს აქტს, შეიძლება კი, იმ ადამიანისგან, ვინც კონსტიტუციას და სახელმწიფოს უპირისპირდება, ვისმენდეთ კრიტიკას, ძალადობის მუქარის გამოყენებასთან დაკავშირებით?! კონკრეტულ კანონიერ განაჩენთან დაკავშირებით, ახსნა ბატონმა ირაკლიმ, რომ აქ არაფერი არანორმალური არ მომხდარა, ყველაფერი კანონის ფარგლებში და რელევანტური იყო. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე მოხვდეს ციხეში. სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვერ მეტყვით ვერც ერთ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე, რომლის კონსტიტუციაშიც არ წერია, რომ სასამართლო აქტები უნდა შესრულდეს“, -განაცხადა სარჯველაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამოდის და ღიად ემუქრება არა მხოლოდ მედიამენეჯერებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენია ჩვენი მეგობარი ლიეტუიდან, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოვიდა. ეს ადამიანი გამორჩეულად ზიზღს თესავს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. მისი სიტყვებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოლაპარაკებისთვის ოპოზიცია მზად არის.
„თუ გააგრძელეს დესტრუქციული გზით სიარული საერთაშორისო მოწოდებები კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და იქნება პერსონალური სანქციებიც, როგორსაც უწესებენ ბელორუსის ან რუსეთის წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მმართველ გუნდზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ერთადერთი საერთაშორისო გზავნილი ხელისუფლებისადმი არის მოლაპარაკება, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის ენით საუბარი.
„გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ სადმე საღი აზრი გაიღვიძებს და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ყველა არის შეთანხმებული, რომ უნდა შედგეს მოლაპარაკებები, ერთადერთი ვისაც ველოდებით, რომ მოვიდეს საღ აზრზე, არის „ქართული ოცნება“. თუ ბატონ ღარიბაშვილს ქართული ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო სპექტრის არ ესმის, უნდა გაიგოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი. იგივე აშშ-ს სენატის ან ევროპარლამენტარების. ერთადერთი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის მოლაპარაკება, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის ღარიბაშვილის აგრესიულ რიტორიკა და ის აგრძელებს სიძულვილის ენით საუბარს. არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ ჩვენი პარტნიორების მიმართაც“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შტურმით შესვლას გადაწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ უფრო მალე დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას ხელისუფლებაში, ვიდრე ეს მოლაპარაკებებამდე მოხდებოდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი არაფერი უთქვამს, რადგანაც მისი პრემიერობის კანდიდატად დასახელების დროსაც იგივე განაცხადა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავება ოფისშიც შეუძლია და კარგად გარწვთნილ სპეცრაზმს ეს არ გაუჭირდება. შენობაში თითქმის 200 კაცია და, რა თქმა უნდა, მსგავს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, რომ მელიას დაკავება გაჭირდეს. თუმცა ანალიტიკოსი არ არის დარწმუნებული, რომ ამას დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად მიიღებს და მათი მხრიდან კრიტიკა არ გაძლიერდება. ძაბირაძე ამბობს, რომ მას ლიეტვუას დეპუტატი არ ჰყავს მხედველობაში, რადგანაც მისი განცხადებები, მართლა ცოტა გადჭარბებული იყო. მისი თქმით, ამ დეპუტატამდე საკმაოდ მწვავე შეფასებები ამერიკის კონგრესმენებმა და ევროსაბჭოს დეპუტატებმაც გააკეთეს. ამიტომაც ხელისუფლებას მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და რისკების შეფასება სჭირდება, რადგანაც ეს ჩვენს ქვეყანას დადებითად არ წაადგება.
„მოწოდებებია ევროკავშირიდან, ამერიკიდან და არ მგონია, რომ ასე იოლად პრობლემები მოგვარდეს. არ ვგულისხმობ ვადამდელ არჩევნებს, აქ ვსაუბრობ ნიკა მელიას დაკავებას. გასაგებია, რომ სამართლებრივად მართალია ხელისუფლება, მაგრამ ამას იმხელა პოლიტიკური კონტექსტი ეძლევა, რომ რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს თავისტკივილი ამოუსხნელია. ხელისუფლება სანამ რამეს გადაწყვეტს და შემდეგ აღასრულებს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამას პარტნიორი ქვეყნებისგან რა რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ პარტნიორების გაფრთხილებები და სურვილები დავივიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მელიას დაპატიმრებას ქვეყნის შიგნით დიდი საპროტესტო აქციები და გამოსვლები არ მოჰყვება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი ამას კანონის აღსრულებად მიიღებს. უნდა შეფასდეს რისკები, რომ ყველა მხრიდან ჩიხში და იზოლაციაში არ აღმოვჩნდეთ“, -აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მიისვე თქმით, როგორც „ოცნება“ ასევე ენმ-ი ამომრჩეველზე აპელირებს, მაგრამ მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს მელიას დაიჭერენ თუ არა. ძაბირაძის თქმით, ოპოზიცია რომ იქადნება აქციებს მოვაწყობო, მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე მოაწყობდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ორივე მხარე ამომრჩეველსაც და ქვეყანასაც მაშინ დაკარგავს, თუკი მელიას დაკავების საკითხი საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცევა.
„როგორ უნდა ვიარსებოთ, თუკი დასავლეთი სანქციებს დაგვიწესებს, დავრჩებით ყოველგვარი დახმარების გარეშე. იქნება ეს ფინანსური თუ ეკონომიკური მხადაჭერა. ეს როგორ იქნება, ამაზე ვინმეს აქვს პასუხი? ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რა რისკების წინაშე დგას. არ გვაქვს არც მატერიალური, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური შესაძლებლობები, რომ დასავლეთს ჩვენი ნება-სურვილები ვუკარნახოთ. მათი დახმარების გარეშე დღეს საქართველო რა იქნებოდა და სად იქნებოდა კაცმა არ იცის. ამიტომ ტყუილად არაფრისგან პრობლემების შემქნას თავი დაანებონ, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრონ. მელიას დაკავებით არანაირი მანიფესტაციები ქვეყნის შიგნით არ იქნება, მაგრამ იქნება გაცილებით უარესი. დასავლეთის მხრიდან მკაცრი გადაწყვეტილებები იქნება. ხელისუფლება ამით მხოლოდ ამომრჩეველს კი არ დაკარგავს, დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას, რაც ისტორიულად როგორც მთავრდება ნანახი გვაქვს“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორი პოლიტიკური ნაბიჯეების შედეგად უნდა შეძლოს, დასავლეთის მხრიდან, ნოემბრის დროინდელი მხარდაჭერა აღიდგინოს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი „ოცნებას“ არ უნდა, რომ „ნაციონალები“ უკან დააბრუნოს, სასწრაფოდ სამი თვის წინანდელი სტატუს-კვო უნდა აღიდგინოს და დასავლეთს აჩვენოს, რომ არანაირი პოლიტიკურ რეპრესიებს ადგილი არა აქვს. შეეშვან მელიას დევნას და დაიწყონ ქვეყნის მართვა. გადადგას ეკონომიკურად და სოციალურად სწორი ნაბიჯები, შესაბამისად, მელია არავის აღარ ემახსოვრება. ასე კი იმ უფსკრულისკენ მიექანებიან, სადაც ქვეყანაც დაიღუპება და თავსაც დაიღუპავენ.
?
ვინც არ მიიღებს - დაიკიდეთ !!!
'და კიდევ ერთხელ შეახსენეთ, ანალოგიური დანაშაულისათვის რა უქნეს თეთრ სახლში შეჭრილებს!..
სხვა არავისი უფლებები მას არ აინტერესებს.