„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში საქართველოში სერიოზული დემოგრაფიული მდგომარეობის გამწვავება შეინიშნება. წინა ხელისუფლებას გაერომ 2010 წლის კვლევის შედეგები გამოუგზავნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. ამ შედეგების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 ათასით მცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 11 მილიონამდე იზრდება და მცირედით იზრდება, ასევე, სომხეთის მოსახლეობა.
თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან გაეროს კვლევის მონაცემი მოსახლეობას დაუმალა და ვითარების გამოსწორებისთვის ღონისძიებები არ დაგეგმა. ამდენად, ის ერის მკვლელია.
„ჩვენი პრიორიტეტი იქნება მესამე შვილის გაჩენის წახალისება“, - ამბობს ჩიბურდანიძე.
For.ge თამარ ჩიბურდანიძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 2 მილიონამდე შემცირდება, რაც ჩვენისთანა პატარა ერისთვის საგანგაშოა. რას ეფუძნება გაეროს მონაცემები?
- ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა მცირდება მილიონ 170 ათასი კაცით და ხდება 3 მიოლიონ 300 ათასი. სომხეთის მოსახლეობა მცირედით იზრდება და ისიც 3 მილიონ 300 ათასს უტოლდება, აზერბაიჯანის მოსახლეობა კი 9 მილიონიდან 11 მილიონამდე იზრდება. მათი ინფორმაციით, კავკასიაში და განსაკუთრებით, ამიერკავკასიაში სერიოზულად ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი, რაც სწორედ ქართველების ხარჯზე მოდის. ცნობილია, რომ სომხური მოსახლეობა მონოეთნიკურია და სომხეთში მოსახლეობის 99% ეთნიკურად სომეხია, საქართველოში კი ეთნიკური მრავალფეროვნებაა. ამიტომ საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფა, ანუ შემცირება მოდის ძირითადად ეთნიკურ ქართველებზე.
ანუ, საქართველოში გამრავლებისკენ არიან მიდრეკილნი აზერბაიჯანლები და სომხები?
- დიახ, საქართველოში არსებულ რეგიონებს შორის დემოგრაფიული კატასტროფა არ შეინიშნება ქვემო ქართლში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანლები ცხოვრობენ და კარგია, რომ მათ ეს პრობლემა არ აქვთ. ასევე, არ შეიმჩნევა სამცხე-ჯავახეთისკენ, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ და არ შეიმჩნევა აჭარაში. ფაქტობრივად, თუკი საქართველომ გარკვეული ეთნიკური ბალანსი შეინარჩუნა, ეს მთიანი აჭარის დამსახურებაა. ძალიან მრავალრიცხოვანი იყო იმერეთის მოსახლეობა, რომელიც დღესდღეობით შემცირდა. ცუდი მდგომარეობაა მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით, საზღვრისპირა ზოლში. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემით, 2009 წლის მანძილზე მაღალმთიან ონში მხოლოდ სამი ახალშობილი გაჩნდა. როგორც დემოგრაფები გვამცნობენ, თუ რაჭაში ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, 20-30 წელიწადში, შიდა მიგრაციისა და დემოგრაფიული კატასტროფიდან გამომდინარე, რაჭა თითქმის აღარ იარსებებს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, თითქმის მთელ საქართველოში.
როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის მთიან რეგიონში, ან საზღვრისპირა რეგიონებში დაბრუნება? თქვენ საუბრობდით მესამე შვილის გაჩენის აუცილებლობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოდან ფერტილურ ასაკში ხდება მოსახლეობის გადინება, როგორ უნდა მოხდეს დემოგრაფიული რესურსის ამოქაჩვა?
- გეთანხმებით, რეალურად საქართველოში უკვე რამდენიმე წელია 15-ნაირი დემოგრაფიული საფრთხე არსებობს. ეს არის შობადობის კლება, შიდა და გარე მიგრაცია, ქალების როლის შეცვლა, ანუ მათი ფუნქცია დაიტვირთა, ქალებმა მამაკაცების როლი შეითავსეს და ოჯახის მარჩენლები გახდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ამცირებს დემოგრაფიულ მონაცემს. ამას ემატება ოჯახების დანგრევა, გაყრის დიდი პროცენტული მაჩვენებელია ახალგაზრდებში, ძალიან ცოტაა შეუღლების ფაქტები, დიდია დასაოჯახებელთა რიცხვი, როგორც მამაკაცების, ისე ქალბატონების შემთხვევაში. ასევე, დიდია ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუ არ ვცდები, ამ მხრივ თითქმის წინა ადგილზე ვართ მთელი ევროპის მასშტაბით.
გარდა ამისა, საქართველოში მოკვდაობა უსწრებს დაბადებას და ერის დაბერების პროცესის წინაშეც ვდგავართ.
- დიახ, მოკვდავობა საგრძნობლად უსწრებს შობადობას. სწორედ ამიტომ გვიახლოვდება კატასტროფა. ერთადერთი ინიციატივა ამ წლების მანძილზე არის პატრიარქის ინიციატივა შობადობის გაზრდის კუთხით. ასევე, ინიციატივა ჰქონდა ფონდ „იავნანას“ და სხვებს, რომლებიც ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ერთადერთი რეალური ინიციატივა პატრიარქის იყო, რომელმაც გვაჩუქა 15 ათასი ახალშობილი და მჯერა, რომ ამას რამდენიმე ათასი კიდევ დაემატება. თუმცა, იმდენად დიდია მოკვდავობის მაჩენებელი საქართველოში, რომ ესეც ვერ შველის ამ კატასტროფას. მეტსაც გეტყვით, სპეციალისტები გვეუბნებიან, როგორი სოციალური და ეკონომიკური პროგრამებიც არ უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, დემოგრაფიული კრიზისის უკვე ისეთ სიღრმეში შევედით, რომ რაღაც ეტაპზე, პირველ წლებში მაინც, შობადობის კლება მაინც გარდაუვალი იქნება.
ისიც მართალია, რომ ამ მონაცემებს მალავდა ყოფილი ხელისუფლება, რადგან არ აწყობდათ ამის გაჟღერება?
- წლების მანძილზე რამდენიმე შეხვედრა გვქონდა დემოგრაფებთან, ეს მონაცემები პრესაშიც დაიდო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში სააკაშვილმა სახალხოდ გამოაცხადა, თითქოს, საქართველოში შობადობის ბუმი იყო.
სააკაშვილი სამშობიაროებსაც სტუმრობდა და რატომღაც ძალიან ბევრი ბავშვი იბადებოდა იმ დღეებში.
- დიახ, ეს იყო ტყუილი, საქართველოში შობადობის ბუმი არ ყოფილა. მას უნდოდა ამ ციფრების გადაფარვა, ისინი ყველაფერს პიარზე აგებდნენ, ნამდვილად არ აინტერსებდათ არც ერის გენოფონდი, არც ქვეყნის გადარჩენა. ეს ციფრები მედიის ყველა საშუალებაში იბეჭდებოდა, დემოგრაფები საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობდნენ, პატრიარქმაც რამდენჯერმე განაცხადა ამის შესახებ და ამის მიუხედავად, მაშინდელი ხელისუფლებისგან არცერთი ინიციატივა არ მახსოვს ამ ცხრა წლის მანძილზე.
ხომ არ ფიქრობთ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რომ გადინებულიყო მკვიდრი მოსახლეობა და სხვები დამკვიდრებულიყვნენ ამ ტერიტორიებზე?
- სხვა ერთან პრეტენზია არ მაქვს, გინდაც ბურები იყვნენ, გინდაც ჩინელები ან ინდოელები. მათ უფლება აქვთ, სადაც უნდათ, იქ ჩასახლდნენ, მაგრამ, როგორც ქართველს, მაქვს უფლება, ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა. როცა მსოფლიო ასეთ საგანგაშო მონაცემებს გაწვდის, ამ პერიოდში გენოფონდის შევსება, როგორც ჩანს, ყოფილ ხელისუფლებას სხვა ერის ხარჯზე უნდოდა. ეს ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა.
საქართველოში მცხოვრები ქართველებისა და არაქართველებისთვის თითქმის ერთნაირი პირობებია. რით ახსნით იმ ფაქტს, რომ მათ უფრო მეტი შვილი ჰყავთ? საერთოდ, ცივილიზირებულ მსოფლიოს უფრო ნაკლებად იზიდავს გენოფონდზე ზრუნვა, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ადამიანებს.
- მათი იდეოლოგია და ეროვნული დამოკიდებულება ასეთია. კეთილი შურით მშურს ამის, რომ ასეთი იდეოლოგია აქვთ ამ ხალხს. წარმოიდგინეთ, 9 მილიონიდან 11 მილიონამდე ადიან. საერთაშორისო კვლევებით, ერში დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. შეგიძლიათ წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს გადახედოთ, სადაც არ აქვთ ბავშვის შენახვის პრობლემა, მაგრამ იქ მრავალშვილიანობა მაინც არ არის. ამიტომ ეს არ ხდება მარტო საქართველოში. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეხება ყველა მცირე ერს. თითქმის ყველა მცირე ერის წინაშე დგას დემოგრაფიული პრობლემა. ეს ქვეყნები ახლა ცდილობენ გარკვეული კონცეფცია შეიმუშავონ. ზოგადად, ძალიან საპირისპირო მონაცემებია, მსოფლიოს მოსახლეობა კატასტროფულად იზრდება, ამ დროს კი საქართველოს და მცირე ერების ეთნიკური მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება. ანუ გლობალიზაცია, ფაქტობრივად, შთანთქავს მცირე ერებს. ჩვენ გლობალიზაციას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ ჩვენი ერი ამ პროცესებისგან.
როდესაც ბატონმა ანზორ თოთაძემ და სხვა დემოგრაფებმა დავამუშავეთ ეს საკითხები და წარვუდგინეთ „ქართულ ოცნებას“ - მანანა კობახიძეს, დიმიტრი ხუნდაძეს, ზაქარია ქუცნაშვილს, ძალიან ვამაყობ, რომ იმ დღესვე დაიწყო ამაზე ფიქრი. დაისახა სამი მიმართულება - დემოგრაფიული განვითარების ფონდის შექმნა, რომელიც განახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს საქართველოში დემოგრაფიული განვითარების კონცეფციას, სახელმწიფო პოლიტიკას და საქართველოს მოსახლეობასთან საინფორმაციო-იდეოლოგიური მუშაობა. ამიტომ ყველა რაიონში ჩასვლას ვაპირებთ და მოსახლეობას ადგილობრივ მონაცემებს გავაცნობთ. რეგიონებში უნდა მოხდეს ხალხის დაბრუნება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო, დავით სერგეენკო მუშაობს და ქალბატონი თეა წულუკიანიც ჩაერთო ამ საქმეში.
კავკასიაში დემოგრაფიულ სურათზე ვსაუბრობდით, მაგრამ ჩრდილო კავკასიაში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ მოვიძიეთ მასალა ჩრდილო კავკასიელებშიც. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ჩეჩენი ერის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. დემოგრაფიული კატასტროფა მათ ნაკლებად ემუქრებათ. ომის შემდეგ ჩეჩენ ერში შობადობამ ორჯერ იმატა. მართალია, არ გაზრდილა ჩეჩენი ერის რაოდენობა, უბრალოდ, მათთან შობადობამ იმატა.
ჩვენ რატომ არ გვაქვს თვითგადარჩენის ფაქტორი, ჩვენც ხომ მცირე ერი ვართ?
- როგორც ჩანს, ჩვენში დაქვეითებულია თვითგადარჩენის ინსტიქტი და ეროვნული თვითშეგნება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ საინფორმაციო-იდეოლოგიური კუთხით. უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც გამოგვეხმაურნენ, რათა მასშტაბურად ჩაერთონ ამ საქმეში. მარტო ის, რომ სოციალური დახმარება იქნება დადგეგმილი, საკმარისი არაა, მოსახლეობის ნება უნდა იყოს მესამე შვილის გაჩენა. ხელისუფლების ინიციატივაა, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით შემოვიდა, რომ 2013 წელი გამოცხადდეს დემოგრაფიის წლად და დემოგრაფიული განვითარების 12 წლიანი პროგრამა 2025 წლამდე დავდოთ, რათა 2050 წლის კრიზისი გადავლა