გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაჟინებით ალაპარაკდა ვადამდელ არჩევნებზე. ისინი ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლისა და გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საყრდენი გამოეცალა, ამდენად, მომავალი ვადამდელი არჩევნები ნაციონალების გამარჯვების საწინდარია.
„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ის, ვინც ყველაზე რეიტინგული იყო, გადადგა, ამდენად, ამ ხელისუფლებას დღეს ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნია.
პარალელურად „გამოსავალს“ გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მზადყოფნას გამოთქვამს, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ანუ მათებურად რომ ვთქვათ, ვადამდელი არჩევნების შესახებ გამართონ მოლაპარაკებები ფასილიტატორების ჩართულობით.
„ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ გია ვოლსკის თქმით, თუკი არსებობს აუცილებლობა იმისა, ჩავატაროთ რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს და არ შეიძლება გადაწყვეტილება დამყარებულ იყოს კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე უკვე მერამდენედ უმარტავს ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი სპეკულაციურია და ერთადერთი შეთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს იმ შემთხვევაში შეუძლია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, თუ პრემიერის გადადგომის შემდეგ პარლამენტი მთავრობას ნდობას ორკვირიან ვადაში არ გამოუცხადებს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გაუხარდება, თუკი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს ხელისუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. ხალხი თუ ქუჩაში გავა, მხარში ამოუდგება ოპოზიციას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, მაშინ გარდაუვალი სიტუაციაა, რომ, ალბათ, ვადამდელი არჩევნები დაემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს, რადგან უკვე ახლოსაა ეს არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალზე ძვირი დაუჯდება, ჯერ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ - ადგილობრივი.
„შეუძლიათ, მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ შედარებით იაფი გამოვა, თუკი ერთ დღეს ორი არჩევნები ჩატარდება. მაგრამ, თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა და არ იგრძნო ის სიმძაფრე, რის გამოც წავიდა გახარია და რის გამოც მოხდა მთელი ეს სკანდალი, მაშინ არაფერი არ იქნება მოსალოდნელი, რადგან ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ეს მკაფიო მესიჯია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად სულაც არ იწვევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, პირიქით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი უკვე წარდგენილია, უახლოეს პერიოდში ის ოფიციალურად წარედგინება საქართველოს პარლამენტს, დაიწყება კონსულტაციები მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და, დიდი ალბათობით, მთავრობა ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას დაამტკიცებს.
„ამ მხრივ არ ჩანს საფუძველი იმისა, რომ არ დამტკიცდეს მთავრობა და ამის გამო მერე უკვე პრეზიდენტს მოუწიოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციიდან გამომდინარე. ასეთი რელობა არ არის და არც არავინ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. უმოკლესი გზა ოპოზიციისთვის რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა. შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, -აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.