ანალიტიკოს ნიკოლოზ მჭედლიშვილისთვის გაუგებარია, ყოფილი პრემიერის მხრიდან, მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადების მოტივად დასახელება და იმის მიუხედავად, ვიღაცას მოსწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მჭედლიშვილი აცხადებს, გამოცდილების თვალსაზრისით, იგი საუკეთესო კანდიდატია, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარა აშშ–თან, კარგად იცნობენ ნატოში. მისივე თქმით, ღარიბაშვილის დროს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და განვითარდა ნატოსთან ურთიერთობები, ასევე - პენტაგონთან მისი კავშირები.
for.ge ნიკოლოზ მჭედლიშვილს ესაუბრა.
გიორგი გახარიამ პრემიერობიდან წასვლის მიზეზად დაასახელა გუნდთან შეუთანხმებლობა ნიკა მელიას დაკავების ვადებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ეს მოტივი რამდენად სწორი და ადეკვატური იყო?
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: არ ვიცი, რას ნიშნავს დაკავების ვადებზე ვერშეთანხმება. იმის მიუხედავად, ვიღაცას მოსწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ხელისუფლებას მაინც მოუწევს ნიკა მელიას დაკავება, ეს იქნებოდა გუშინ, თუ ორი კვირის შემდეგ. გიორგი გახარიას პატივს ვცემ, როგორც ყოფილ პრემიერ–მინისტრს, საკმაოდ წარმატებული იყო და განსაკუთრებით „კოვიდ 19“–თან ბრძოლაში, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია ვადების მოტივად დასახელება. თუ კიდევ სხვა რამე არ დგას ამ გადაწყვეტილების უკან – უკმაყოფილება, ან აზრთა სხვადასხვაობა შიგნით გუნდში.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერის გადადგომის მთავარი მიზეზი გუნდში დაპირისპირება იყო და მელია მხოლოდ საბაბი?
– ეს ინფორმაცია მედიისგან ვიცი, რომ გუნდში რაღაც ხდებოდა. ის, რომ მელიას დაკავების ვადებზე ვერ შეთანხმდნენ, მე მაინც მგონია, რომ საბაბის მოძებნას გავს. იმიტომ, რომ დღეს იქნება, ხვალ, ზეგ, თუ ერთი თვის მერე, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ჩემი აზრით, რაც ადრე მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მით უკეთესი, რადგან ეს დაძაბულობის კერა სულ იქნება.
სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სამართლის აღსრულება...
– აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ, გახარიას ამ გადაწყვეტილებაში მარტო ვადებზე არშეთანხმების მოტივი, ჩემთვის გაუგებარია. თუ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, რომ გუნდში იყო უთანხმოებები, რაც დანამდვილებით არავინ იცის იყო თუ არა და რის გარშემო ტრიალებდა ეს უთანხმოებები, გადადგომის მოტივი ჩემთვის გაუგებარია. ერთი კვირის წინ გახარიამ თქვა – „არასად არ მივდივარ, პირიქით მოვდივარ“– ო. მაშინ, ყველამ აიტაცა ეს ფრაზა. მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის გუნდის წევრი, ამ დროს და ამ მოტივით არ წავიდოდი, რადგან ეს საკმაოდ კრიტიკული და გამოსაცდელი პერიოდია „ქართული ოცნებისთვის“. ახლა ყველა უყურებს როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“ და ასევე ოპოზიცია. ასე რომ, მე ამ მომენტში ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. თუ სხვა მოტივი ჰქონდა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო ან ერთი თვის წინ, ან დაეცადა ცოტა ხანი გუნდისთვის, ეს ყველაფერი ჩაივლიდა და მერე გადამდგარიყო. დღეს ჩემთვის გაუგებარია გახარიას გადადგომა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას შემცვლელს, ირაკლი ღარიბაშვილი ბრუდება მთავრობაში. ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გახსნა, მათ შორის კასრების საქმე, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწება და ა.შ. ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო გამოძიება დავითგარეჯის საქმეზე. როგორ შეაფასებთ ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, აქამდე უკომპრომისო იყო ნაციონალებთან მიმართებაში?
– პოლიტიკურმა საბჭომ პრემიერის კანდიდატურა დაასახელა იმავე დღეს, რასაც პოზიტიურად ვაფასებ. ამ სიტუაციაში რომელიც შეიქმნა მელიას დაპატირება-არდაპატიმრების გარშემო, შექმნა ძალიან ბევრი გაურკვევლობა. გაურკვევლობას კი მოსდევს შიშები, არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ბიზნესში და საერთოდ, მთლიანად საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის მენეჯმენტმა, რომ იმავე დღეს დაასახელა პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა და ამით გააქარწყლეს გაურკვევლობა, რომელიც არსებობდა ქართულ საზოგადოებაში. ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია ყველასთვის.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, შესწორებას შევიტან. პოლიტიკაში კი არ დაბრუნდა, პოლიტიკაში იყო. ის იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოსტია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. რატომ შეირჩა ირაკლის ღარიბაშვილის კანდიდატურა? – ის არის მტკიცე ხელის პატრონი, რომელიც უფრო მკაცრი ხაზის მომხრეა ოპოზიციასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი კრიტერიუმი ესეც იყო.
ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშია, რომელიც გამოწვეულია კოვიდით, პრინციპში შეირჩა კანდიდატურა, რომელსაც აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება. ერთხელ იყო პრემიერ–მინისტრი, იცის ქვეყნის მართვა, იცის რა უნდა ბიზნესს, მენეჯერიც იყო. გამოცდილების თვალსაზრისით, ღარიბაშვილი საუკეთესო კანდიდატია. თავდაცვის მინისტრობის დროს, როგორც ვიცი, ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარა აშშ–თან. ძალიან კარგად იცნობენ ნატოში. ნატოს წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ საკმაოდ ინტენსიური თანამშორმლობაა ნატოსთან.
როგორ შეფასებას აძლევენ ნატოში? იცით, რომ თავიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღარიბაშვილი დააკავშირა რუსეთს...
– ირაკლი ღარიბაშვილის დროს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და განვითარდა ნატოსთან ურთიერთობები, პანტაგონთან კავშირები. ჩვენ აშშ–დან გვქონდა გრანტები, რომლის ათვისება არ მომხდარა არც წინა ხელისუფლების დროს, მერეც არავინ მიაქცია ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა მიაქცია ამას ყურადღება და ახლა, ჩვენ ვყიდულობთ იარაღს, დასავლეთში წარმოებული სატვირთო მანქანებს. პლუსს ვითარდება ინფრასტრუქტურა.
ნატოში ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა ნატოსთან თანამშრომლობა. ეს სახეზეა და ამას ვერავინ ვერ წაუვა. სხვა საკითხია რას ლაპარაკობს ოპოზიცია, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. ირაკლი ღარიბაშვილს აქვს დასავლური განათლება, ძალიან კარგად ფლობს ინგლისურს. ღარიბაშვილს ძალიან კარგი კონტაქტები აქვს საფრანგეთიდან დაწყებული, ევროპის სხვა ქვეყნებში და რაც ყველაზე მთავარია, იცის ქვეყნის მართვა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია და ამავე დროს საჭირო მთავრობის ძირეული ცვლილება?
– ვფიქრობ, რომ რაღაცა ცვლილებები იქნება. გიორგი გახარიამ არჩევნების შემდეგ უცვლელად დატოვა მისი დაკომპლექტებული გუნდი. აქაც იყო ლოგიკა, პანდემიის პირობებში არ მოინდომა ცვლილება. ცხადია, ღარიბაშვილს აქვს თავისი მართვის სტილი, შესაბამისად, ძალიან საინტერესოა როგორ დაკომპლექტდება გუნდი. მე რამდენიმე მინისტრი არ მომწონს, ვხედავ, რომ არაეფექტურად აკეთებენ საქმეს, შეიძლებოდა უფრო უკეთესად, მაგრამ ცხადია, რომ პრემიერ–მინისტრის გადასაწყვეტია, ვის დაასახელებს.
გაუგებარი მოტივით მიდის გახარია, ბრუნდება ღარიბაშვილი. ამ პროცესში იგრძნობა ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა, რომ ბოლომდე განრიდებული არ არის პოლიტიკური პროცესებიდან?
– არ ვიცი. ძალიან რთულია რამე დასკვნების გამოტანა. ერთი ვიცი, რომ მისი გუნდის ნაწილი ისევ მთავრობაშია. ანუ ისინი, ვინც ივანიშვილთან ერთად მოვიდნენ პოლიტიკაში, მათ შორის ღარიბაშვილი. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, თუ მას ადამიანურად რამე გავლენა აქვს ამ ხალხზე, ეს უკვე მსჯელობის სხვა სფეროა. ვიღაცამ შეიძლება დაურეკოს და რჩევა კითხოს, მაგრამ ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა. რამდენად აქვს გავლენა ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ზოგი ამბობს, რომ წავიდა, ზოგი პირიქით ამბობს, რომ არ წავიდა... ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად, აღარ არის პარტიის ლიდერი.
ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე ეყოლება პროევროპული ოპოზიცია და არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ჯგუფი. გიორგი გახარია, რომელიც ძალიან მაღალი ნდობით და რეიტინგით სარგებლობს, თავისი გუნდი ჰყავს პარლამენტში, აქვს გავლენები დასავლეთში და თავისი სიტყვა თქვა „ქართულ ოცნების“ გუნდში, უშვებთ, რომ სწორედ მან შექმნას მესამე პოლიტიკური ძალა?
– მე მგონია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო და არა გეგმა. რაც შეეხება გახარიას, არ ვიცი, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. გახარიას ვიცნობ ბიზნესომბუდსმენობიდან, გვქონდა შეხვედრები. ეს არის ადამიანი, რომელიც ბიზნესიდან არის წამოსული და შეიძლება ისევ ბიზნესში დაბრუნდეს. არ მგონია გახარია პოლიტიკაში დარჩეს, ისევე, როგორც არ დარჩნენ გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძე. ერთადერთი, ვინც პოლიტიკაში დარჩა, არის ღარიბაშვილი და ისიც ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა. გახარიასთან მიმართებაში ასეთი მოლოდინი არ მაქვს, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული რეიტინგი აქვს და ხალხსაც უყვარს. მე მგონია, რომ პოლიტიკაში არ დარჩება, დარჩება თავის პირად სივრცეში – ბიზნესში.