პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლის ფაქტმა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი „ქართული ოცნებაზე“ უარყოფით ასახვას ჰპოვებს, რადგან თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარიას საპირწონედ ვერ მოიაზრება. მეორე ნაწილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე ხისტ ფიგურად მიიჩნევა, იგი ერთ-ერთი საინტერესო ლიდერია მმართველ გუნდში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი გახარიას გადადგომამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა „ქართულ ოცნებას. გამოიკვეთა, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბევრი ღიად თუ ფარულად პატივს სცემდა. შესაბამისად, უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო და მის ერთგვარ შემცვლელად და პრაქტიკულად იგივე რეიტინგის მქონე პირად, ირაკლი ღარიბაშვილი ვერ მიიჩნევა.
აქვე გეტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თებერვალს დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 19 თებერვალს წარუდგინა. ამ ეტაპზე, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია, თუმცა, არავინ იცის, ვინ როდის შეიცვლება. ირაკლი ღარიბაშვილის განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 22 თებერვალს დაამტკიცებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლის ფაქტი ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლით დაბალანსდება. მისივე თქმით, ღარიბაშვილი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად მის კიდევ ერთხელ გაპრემიერებას არ მოელოდა.
„ვისაც ოპოზიცია ცუდად აფასებს, მეორე მხარე კარგად აფასებს ხოლმე. ამიტომ მათთვის ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, უარყოფითი ფიგურაა. ოპოზიცია ცუდად აფასებს ღარიბაშვილს, რადგან ებრძოდა და ალბათ, მომავალშიც შეებრძოლება. სწორედ იგივე მიზეზების გამო, მეორე მხრიდან ღარიბაშვილს მხარს უჭერენ.
არ მეგონა, რომ ღარიბაშვილს დააბრუნებდნენ, რადგან ერთი და იგივე კაბინეტში ადამიანი ორჯერ არ შედის ხოლმე, მაგრამ ძლიერი სვლა გაკეთდა იმ მხრივ, რომ ასევე რეიტინგულია ღარიბაშვილი. ამდენად სიტუაცია დაბალანსდა.
ზოგადად, „ოცნებაში“ სხვა, მკვეთრი, წითელი ფერის ფიგურები, არც ერთ მხარეს მოსწონს, არც მეორეს და არც მესამეს. მათ მოწონება ვერ დაიმსახურეს, რაც შეიძლება ასაკის ბრალია, ახალგაზრდები არიან. ამიტომ, წონიანი, რეიტინგული ფიგურის მოძებნა ადვილი არ იყო „ოცნებაში.“ ხელისუფლების ინტერესებს თუ გავითვალისწინებთ, აირჩა ფიგურა, რომელსაც შეუძლია „ოცნების,“ როგორც პარტიის სიძლიერეში, თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად აისახება, რადგან ღარიბაშვილის მიმართ წინა პრემიერ-მინისტობის პერიოდში, ბევრი პრეტენზია არსებობდა.
„ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა თანამდებობაზე ნეგატიურად აისახება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, თუ გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდს.
ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. გახარია ღარიბაშვილს არ უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მიმართ არსებობს პრეტენზიები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ იგი შედარებით დამოუკიდებელი ფიგურა იყო. არ გამოირჩეოდა დიდი მლიქვნელობით ივანიშვილის მიმართ, როგორც ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი მეტად არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ვიდრე გახარია. გიორგი გახარიამ თავისი დამოუკიდებელი შეხედულებები გამოავლინა თუნდაც გადადგომის დღეს.
ღარიბაშვილი კიდევ უფრო მეტი სიხისტით გამოირჩევა. გახარიას მომხრე არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო, რომ მას ვაჟკაცობა ეყო და ბოდიში მოიხადა „ბასიანის“ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 20 ივნისის მოვლენები კი თავის თავზე აიღო და თქვა, რომ მან გასცა ბრძანება. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილი იძლეოდა ბრძანებას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ 18 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ნიკა მელია, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, არის ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას დიდად პატივს არასდროს სცემდა და ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.