„ღარიბაშვილის წარდგენამ გუნდში დაპირისპირებაზე  ჭორებს დაუსვა წერტილი, თითქოს კობახიძე ან კალაძე იბრძოდნენ ამ პოსტისთვის“

„ღარიბაშვილის წარდგენამ გუნდში დაპირისპირებაზე  ჭორებს დაუსვა წერტილი, თითქოს კობახიძე ან კალაძე იბრძოდნენ ამ პოსტისთვის“

„ასეთი სცენარი, რომ გახარია წავა, მერე ოპოზიციაში რაღაც პარტიას შექმნის და დაბრუნდება, ნაკლებად რეალისტური მგონია, რადგან სრულიად უცნაურ ვითარებაში წავიდა ეს ადამიანი“, - აცხადებს for.ge სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.

„ქართული ოცნებისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია გიორგი გახარიამ გადადგომის გზა. ხედავთ თუ არა მიზეზშედეგობრივ კავშირს გახარიას გადადგომასა და ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენას შორის?

- გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, ალბათ, თავად გახარიასთვისაც. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მას შესაძლოა, პოსტი დაეტოვებინა. გახსოვთ სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული მისივე კომენტარი, „კი არ მივდივარ, არამედ მოვდივარ“. თუმცა გახარიას გადადგომა უკავშირდებოდა, როგორც თავად ახსნა და, როგორც ითქვა ღიად, აღსრულების პროცესს მელიას საქმესთან დაკავშირებით, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა გუნდის შიგნით და, როგორც ჩანს, ეს იყო მისთვის პრემიერობიდან გადადგომის მიზეზი. შეიძლება გავამართლოთ ეს გადაწყვეტილება იმით, რომ გიორგი გახარია მოერიდა კვლავაც დაპირისპირებას, გარკვეულ ქაოსს. ჩვენ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც პატიმრობისთვის გაწირა მელია, ყველაფერზე იყო წამსვლელი, ისინი ღიად ამბობდნენ კიდეც, რომ სისხლს დაღვრიდნენ, შეეწირებოდნენ და წინააღმდეგობას გაუწევდნენ პოლიციას, ამიტომ შესაძლებელია, ერთადერთი ამ მიზეზით გავამართლოთ გახარიას გადაწყვეტილება. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთ გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენას მმართველი გუნდის მხრიდან, აქ გასაკვირი არაფერია. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარტიის პოლიტიკური მდივანი, კარგად იცის ის პრობლემები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, მას ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ასე რომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ შორს არ დაიწყებდა პრემიერმინისტრობის კანდიდატების ძებნას. ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენამ ყოველგვარ ჭორებს დაუსვა წერტილი იმის თაობაზე, თითქოს ირაკლი კობახიძეს უნდოდა პრემიერმინისტრობა, კახა კალაძე იბრძოდა ამ პოსტისთვის, გუნდში დაპირისპირება იყო და სხვა. ასევე, ღარიბაშვილის ფიგურის წარდგენა მიანიშნებს იმას, რომ 2012 წელს ვინც იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ის ძირითადი ბირთვი, ვინც იმ დიდ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ისევ პოლიტიკურ თამაშსა და პოლიტიკურ პროცესში იქნება. აქ საუბარია არა მხოლოდ ახალ სახეებზე, არამედ ძველებზე. ისინი დარჩებიან პოლიტიკაში. ჩვენ ვნახავთ ამას მოჰყვება თუ არა საკადრო ცვლილებები სხვა მინისტრებთან მიმართებით, ეს უკვე მომავალი პრემიერ მინისტრის გადასაწყვეტი იქნება. ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ არ დასუსტებულა.

თქვენ ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ არ დასუსტებულა, მაგრამ გახარიას წასვლით და ღარიბაშვილის მოსვლით რა მოიგო ოპოზიციამ?

- ამით არაფერი არ მოიგო ოპოზიციამ. ნიკა მელიასთვის, მე ვფიქრობ, არაფერი შეიცვალა. მას მისჯილი აქვს პატიმრობა, დღეს იქნება, თუ ხვალ, ამ გადაწყვეტილებას შს სამინისტრო აღასრულებს, რადგან ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოპოზიციის ზეიმს, საღამოს მათ უკვე სრულიად განსხვავებული ფერი ედოთ სახეზე და სულ სხვანაირი განწყობა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, დიალოგი, მოლაპარაკების პროცესი, ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, უნდა გაგრძელდეს, ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ ასე არ არის, რომ ამით რაიმე შეიძინა ოპოზიციამ ან რამე დააკლდა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარიამ ბრძოლის გაგრძელებას, ჩემი აზრით, საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა და არა მხოლოდ პრემიერობიდან წასვლა არჩია.

არ გაქვთ მოლოდინი, რომ ოდესმე გიორგი გახარია შეიძლება კვლავაც გამოჩნდეს პოლიტიკაში, ან პერიოდულად გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, როგორც ამას კვირიკაშვილისგან და მარგველაშვილისგან ვისმენთ?

- არ ვიცი, გიორგი გახარია რამდენად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. თუმცა სცენარი, რომ გახარია წავიდოდა, მერე ოპოზიციაში რაღაც პარტიას შექმნიდა, მერე დაბრუნდებოდა, ნაკლებად რეალისტური მგონია, რადგან კიდევ ვიმეორებ, სრულიად უცნაურ ვითარებაში წავიდა ეს ადამიანი. სხვა საქმე იქნებოდა, ის, როგორც პრემიერ მინისტრი, რომ მისულიყო „ნაცმოძრაობის“ ოფისში, პირადად დალაპარაკებოდა ნიკა მელიას, დალაპარაკებოდა ოპოზიციის ლიდერებს, დაეთანხმებინა ისინი, კანონის აღსრულებისთვის ხელი არ შეეშალათ. თუ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, მერე ჩაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები მელიას დასაკავებლად შს სამინისტროს, დაგვენახა, ამას მოჰყვებოდა თუ არა გაუგებრობა, არეულობა, დესტაბილიზაცია, ხალხმრავალი აქციები და ამის მერე აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გახარიას უკვე ექნებოდა მობრუნების შანსი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც, რომ მან ყველაფერი გააკეთა, მოვლენები მშვიდობიანად დასრულებულიყო, მაგრამ არეულობა მოხდა და ის საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას. ამის ნაცვლად, გიორგი გახარია გამოვიდა და თქვა, სასამართლო მოქმედების აღსრულება გადავდოთ, როცა კარგი დრო და კარგი ამინდები იქნებაო და წავიდა პრემიერ მინისტრის პოსტიდან.

თქვენ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, გიორგი გახარიამ გადაარჩინა „ქართული ოცნება“, რადგან „ნაცმოძრაობის“ ოფისის დარბევას არავინ იცის, რა მოჰყვებოდა, მათ შორის, საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისით? მაგრამ, არის სხვა ვერსიაც, რომ გახარია ისედაც აპირებდა გადადგომას, უბრალოდ, საბაბს ეძებდა და ნიკა მელიას თემა იყო ხელსაყრელი შემთხვევა მისთვის.

- ამას ვგულისხმობ ზუსტად, რომ მელიას სასიხარულოდ საქმე არ აქვს, სასამართლო განჩინება არსებობს და შს სამინისტროს მოუწევს მისი აღსრულება. რამდენად დაელოდება შს სამინისტრო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სხვა ინსტანციაში, ეს წმინდა იურიდიული საკითხია და ამის პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გახარია გეგმავდა გადადგომას, ეს არ იყო ყველაზე კარგი მომენტი, როცა ის, წესით, უნდა გადამდგარიყო. ფაქტია, ნიკა მელიას პროვოკაციას არ წამოეგო სახელმწიფო, არ წამოეგო მართლმსაჯულება, სამაგიეროდ, წამოეგო გიორგი გახარია.

ჩვენ გვახსოვს გიორი გახარია ცხელ პერიოდებში, როცა კლუბ „გალერისა“ და „ბასიანის“ დარბევის შემდეგ შს მინისტრის ამპლუაში ბოდიში მოუხადა ახალგაზრდებს, გვახსოვს პანკისში მისი კომპრომისული გამოჩენა, ამბობენ, 20 ივნისსაც მას არც გაუცია დარბევის ბრძანება. თუ ასეა, ეს კომპრომისული ფიგურა რამდენად აწყობდათ „ნაციონალებს“? მით უფრო, რომ ე.წ. ნაციონალი ბიზნესმენები არ მალავენ, რომ მათ გახარიას იმედი ჰქონდათ. ამბობენ იმასაც, რომ გახარიას გაშვება რომ არ სდომოდათ პოლიტიკური სივრციდან, მას არც გაუშვებდნენ.

- გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ის, რომ „ქართული ოცნება“ არ შეხვდა ამ პროცესს მომზადებული და „ქართული ოცნება“ არ იყო დაინტერესებული მისი გადაყენებით, ეს გამოჩნდა კიდეც. რამდენად აწყობდათ შედარებით უფრო კომპრომისული გახარია „ნაცებს“, ეს არ ვიცი, პოლიტიკაში ამ თვალსაზრისით გიორგი გახარია არ ერეოდა, პოლიტიკას მაინც წარმართავდნენ პარტიული ლიდერები, წარმართავდა პარლამენტი, გახსოვთ, მოლაპარაკებების ოთხივე რაუნდში გახარია მონაწილეობას არ იღებდა, მან რამდენჯერმე თქვა კიდეც, რომ არ იცის მოლაპარაკებების თაობაზე, ის უფრო იყო პრემიერ მინისტრი, რომელიც წმინდა აღმასრულებელი ხელისუფლების მართვით და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული და, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით მისი სისუსტე მის ბოლო გადაწყვეტილებაშიც გამოჩნდა, რადგან ვიმეორებ, ნიკა მელიას პროვოკაციას არ წამოეგო სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ წამოეგო გიორგი გახარია. თუმცა ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ის პოსტიდან არავის გადაუყენებია.

ერთი და იმავე კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა პრემიერად ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მწირი არჩევანი ჰქონდა?

- არა მგონია, მწირი არჩევანი ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, პრემიერ მინისტრი შეიძლება გამხდარიყო ირაკლი ღარიბაშვილიც, არჩილ თალაკვაძეც, კახა კალაძეც, თეა წულუკიანიც, რომელთა მოლოდინიც იყო საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, იმ პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, რაც ქვეყანაშია, ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა „ქართული ოცნებისთვის“. ის რეფორმები, რომელიც მისი მონაწილეობით გატარდა თავდაცვის სამინისტროში, მნიშვნელოვანი და აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შეგიძლიათ, იკითხოთ, ჯარში რა განწყობაა მის მიმართ, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილის განწყობიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობისა“ და ზოგადად, ოპოზიციის მიმართ, არსებობს მოლოდინი, რომ ის არანაირ კომპრომისზე არ წავა, უკან არ დაიხევს, რისი შიშიც აქვს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს - ხომ არ მოხდება რაიმე დათმობა და ნიკა მელიას თავის დროზე არდაჭერა. ამ კითხვების დასმას უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან ყველამ კარგად იცის, როგორი პოლიტიკა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის პატიმრობისთვის გაწირა სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ სწორედ ერთადერთი მიზეზით, რომ მაქსიმალურად აიწიოს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, იქნებ, ამას მოჰყვეს დაძაბულობა, აქციები, ქაოსი, დესტაბილიზაცია. მაგრამ, მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი გამონაკლისს ვერ დაუშვებს.