„ოპოზიციას გახარიას ხელისუფლებიდან წასვლა ტყუილად უხარიათ, რადგან შეიძლება უკან კონკურენტად შემოუბრუნდეთ“

„ოპოზიციას გახარიას ხელისუფლებიდან წასვლა ტყუილად უხარიათ, რადგან შეიძლება უკან კონკურენტად შემოუბრუნდეთ“

ახლა ყველა იმის მოლოდინშია, პრემიერობის პოსტის დატოვების შემდეგ, გიორგი გახარია დარჩება თუ არა პოლიტიკაში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია რას აპირებს ყოფილი პრემიერი და შედის თუ არა მის გეგმებში პოლიტიკაში დარჩენა. მანამდე კი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი აქტიურობს, მის პერსონას და გადაწყვეტილებას აფასებენ. გუნდის ნაწილმა მას გადაწყვეტილება უკვე დაუწუნა და განაცხადა, რომ გუნდი მძიმე დროს არ უნდა მიეტოვებინა. ნაწილს კი ეყო გამბედაობა და თქვეს, რომ ის წარმატებული პრემიერი იყო და მისი წასვლის გამო გული წყდებათ.

საზოგადოების და მომხრეების დიდი ნაწილი კი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენისკენ მოუწოდებს და ფიქრობენ, რომ მას აქვს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული კრიზისი განმუხტოს და მესამე პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს. ბევრი გახარიას რეიტინგის გასაზომად მის მიერ თანამშრომლებთან დამშვიდობების დროს გადაღებულ ფოტოს იშველიებს. ყოფილი პრემიერის სელფმა 1 დღის განმავლობაში 205 000 მოწონება დაიმსახურა. ფოტო დადებიდან რამდენიმე წუთში ვირუსულად ვრცელდებოდა და მას საათნახევარში 112 000 მოწონება ჰქონდა.

გახარიას კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში კვლავ ელოდებიან. ზოგი ხუმრობს, რომ უკეთესი ფოტო გამოვიდოდა, თვალი რომ ჩაეკრა. ზოგი კი წერს, რომ სიამოვნებით დაალაიქებდა ფოტოს, პრემიერ-მინისტრს წასვლის წინ ე.წ კომენდანტის საათი რომ მოეხსნა. აქტიურობენ პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. არის უარყოფითი კომენტარებიც, რომელბიც მას 20 ივნისის გამო აკრიტიკებენ. თუმცა ჯამში, მას გადაწყვეტილებას უწონებენ და სთხოვენ, რომ პოლიტიკაში დარჩეს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ გახარიას ეს გადადგომა ყველაზე მეტად ჰგავდა ნამდვილ გადადგომას, რომელსაც ვერ შევადარებთ მისი ვერც ერთი წინამორბედის გადადგომას, რომლებიც უფრო „თანამდებობიდან მოხსნა“ იყო, ვიდრე პოლიტიკური ვითარების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მისი ნაბიჯი იყო სახელმწიფოებრივი და არა პირადი ინტერესებით განმსჭვალული. საზოგადოება ამას კარგად მიხვდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში სწორედ ასეთი პოლიტიკოსების დეფიციტი გვაქვს და საზოგადოებამ მისი ნაბიჯი სოციალურ ქსელში ამ ფრომით უკვე შეაფასა.

მათი აზრით, გიორგი გახარიასთან ბევრს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ საღად აზროვნების უნარს ვერავინ დაუკარგავს. შესაბამისად, გახარიამ გადადგა აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი ნაბიჯი. ამით ირიბად ისიც დამტკიცდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია სროლის ბრძანება. ეს იყო სხვისი გადაწყვეტილება, რომელიც „ჩაუდეს“, რაც 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გვაჩვენა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გახარიას მიმართ საზოგადოების მიერ გამოხატული მხარდაჭერა კანონზომიერია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნებზე ხალხმა ორ ლიდერს მისცა ხმა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძალის ცენტრი იყო და გიორგი გახარია, რომელსაც ჰქონდა ისეთი თვისებები, რომლის გამოც საზოგადოების დიდ ნაწილს ეიმედებოდა. ამიტომაც მისი მხადაჭერაც მაღალი აღმოჩნდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს მიმართ გამოხატულმა რეაქციამ ორჯერ გადააჭარბა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდს. ამიტომაც უკვე ცხადია, რომ „ოცნებას“ გახარიას წასვლა ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

„ხელისუფლებამ გახარიას წასვლით ელექტორალური ლეგიტიმაცია დაკარგა. ამომრჩეველმა იმ ადამიანს, რომელსაც ხმა მისცა, დღეს ხელისუფლებაში არ არის. თუ გადავხედავთ, რომ ორთოდოქსი „ნაციც“ და „ქოციც“ გახარიას ლანძღვით არიან დაკავებულები, თუკი ის პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, მხოლოდ ალტერნატიულ სეგმენტზე შეუძლია იფიქროს. უბრალოდ, ძალიან მიკვირს მის პოლიტკაში დარჩენაზე საუბარი საერთოდ რატომ დაიწყო. მას ამაზე განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია, არ უთქვამს, რომ დარჩენას აპირებს. მეტსაც გეტყვით, მაღალია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკაში არ დარჩება. შესაბამისად, ამის დროზე ადრე განხილვას რატომ ვიწყებთ? მეც კი მიმაწერეს, თითქოს მასთან ერთად პარტიას ვქმნი, რაც აბსოლუტური სისულელეა. ამაზე მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, თუ ის იტყვის, რომ რჩება.

კი ბატონო, იმაზე არავინ დავობს, რომ მას პოლიიტკური კაპიტალი აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ამის გამოყენება უნდა. ის არაა ტრადიციული პოლიტიკოსი. გახარია უბრალოდ, რაღაცა გარემოებების გამო პოლიტიკაში აღმოჩნდა. ეს კი ჩემზე კარგად არავინ იცის. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას და შემდეგ გავიგებთ რას გეგმავს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარიას გადადგომა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და უახლოეს ისტორიაში ანალოგი ზურაბ ჟვანიას გადადგომა იყო. ხუხაშვილის თქმით, რომ არა გახარიას გადადგომა, შესაძლოა, იმ დღეს ისეთი დრამატული პროცესები გვეხილა, საიდანაც გამოსავალი დიდი ხანი ვეღარც გვეპოვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი ნაბიჯი დასაფასებელია და არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, გახარია გმირია თუ დამნაშავე. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წარმატებები და შეცდომებიც. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მას უნდა დავუფასოთ, რადგანაც ქვეყანა განსაცდელისგან იხსნა.

„ჩვენ ის არ უნდა ვარჩიოთ გახარია ცუდი ბიჭია თუ კარგი. მასთან 20 ივნისთან დაკავშირებითაც არის კითხვები და წარმატებებიც ჰქონდა, ამას ვერ დავუკარგავთ. ჩვეულებრივი ადამიანია და მორალისტური პოზიციებიდან მისი განხილვა ან ჩაწიხვლა საერთოდ მიუღებელია და არაჯანსაღია. ის არ არის ფრთიანი ანგელოზი, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც როგორც შეცდომები აქვს დაშვებული, ასევე გონიერი გადაწყვეტილებაც მიიღო და იმ დღეს ქვეყანა გადაარჩინა“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ კი გახარია მოინდომებს და პოლიტკაში დარჩება, ის შეძლებს, რომ მესამე ძალა გახდეს. ეს კი მის ფოტოზე საზოგადოების გამოხმაურებამაც აჩვენა. ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ხალხი დაიღალა ორ ძალას შორის დაპირისპირებით, აგრესიით და მოთხოვნაა გახარიას ტიპის პოლიტიკოსზე, რომლის ტონიც ნაკლებად აგრესიული იქნება. უფრო დავარცხნილი პოლიტიკოსზეა მოთხოვნა, რომელსაც შავი ლაქები არ აქვს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია, ამიტომაც ქუჩაში არავინ გამოდის.

„ხალხს ახლა ორივე ძალის მიუღებლობა აქვს. როგორც ენმ-ის ასევე „ოცნების“. ბევრმა ადამიანმა ხმა „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის და გახარიას გამო მისცა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი აღარ არის. ამიტომ სრული იმედგაცრუების ფონზე, საზოგადოება ელოდება, რომ ასპარეზზე მესამე ძალა გამოჩნდება. გახარიას თვლიან იმ ტიპის პოლიტიკოსად, რომელიც ორივე ძალას დააბალანსებს. ის ადამიანები, რომლებსაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც „ოცნება“, თუკი გახარია პოლიტიკაში დარჩება მასთან წავლენ.

გახარიამ შეიძლება დაღვინებული, გონიერი, ეკონომიკაზე, სიღარიბეზე და კორონა ვირუსზე მიმართული პოლიტიკა გაატაროს. ამიტომაც ის შეძლებს, რომ თუნდაც „ოცნებიდან“ წამოსული 25-მდე კაცი გააერთიანოს და გუნდი შეკრას. მეორე ამას დაემატებოდა სხვა პატარა პოლიტიკუი პარტიებიც, რომლებიც ახალი ძალის შექმნას შეძლებდნენ. გახარიას აქვს კარგი შანსი, რომ თუკი გუნდს შეკრავს, 10%-მდე ხმა აიღოს. ეს ვადამდელი არჩევნები იქნება თუ მორიგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში გახარიას წასვლით გამოწვეული სიხარული ნაადრევია. სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ ის ოპოზიციის სერიოზული კონკურენტი გახდება, თუკი პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს. ამიტომაც პირველი კონკურენტი ენმ-ისთვის იქნება და წაიღებს, როგორც ოპოზიციურ ხმებს, ასევე წაიყვანს „ქართული ოცნების“ ელექტორატს. ამიტომაც შეიძლება გახარია გახდეს ის ფიგურა, რომელიც „ნაციოანლების“ მესამე ფლანგზე გადაყვანას შეძლებს.

„არაა გამორიცხული, გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩეს. მას აქვს საკმაოდ კარგი პოლიტიკური დივიდენდები და თავის მხარდამჭერებიც ჰყავს. სოციალურ ქსელში ნახავდით რა გამოხმაურება მოჰყვა მის წასვლას. თუ პოლიტიკაში დარჩა, ის ოპოზიციურ ფლანგზე იქნება. გახარიას მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება შეუძლია, რაც ოპოზიციისთვის ძალიან სახიფათო იქნება. მგონია, რომ მისი ხელისუფლებიდან წასვლა ტყუილად უხარიათ, რადგან შეიძლება გახარია უკან კონკურენტად შემოუბრუნდეთ. დღესვე არჩევნები რომ ჩატარდეს, ის 1%-იანი ბარიერის გადალახვასაც შეძლებს.

თუკი ასეთი კონსტრუქცია შეიქმნა, რომ „ოცნება“ და გახარია გავლენ არჩევნებში, „ნაციოანალური მოძრაობა“ შეიძლება აღმოჩნდეს არა პირველი, არამედ მეორე და მესამე პოლიტიკური ძალა და 3%-იან ზღვარს მიუახლოვდეს. რა თქმა უნდა, გახარიას ექნება საზოგადოების ნაწილისგან მხარდაჭერა და მის მხარეს იქნებიან ის ადამაინები, ვისაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არ უნდა“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.