საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები გამწვავდა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე აფხაზური და ოსური მხარეების ნეგატიური რეაქცია მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგან კონფლიქტების მოგვარება ხანგრძლივი პროცესია და საქართველოს ახალი მთავრობა მზადაა, საკითხებს მოთმინებით მიუდგეს.
კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე ფარული გარიგება ხდება, რომელიც მათზე აისახება. სინამდვილეში კი, მსგავსი რამ არ ხდება.
რატომ უჩნდებათ ეჭვები აფხაზებსა და ოსებს და რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ამ თემებზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.
ბატონო გოგი, რაში იგრძნობა რომ აფხაზებსა და ოსებს გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ?
- ლაპარაკია იმაზე, რომ სოხუმსა და ცხინვალში საქართველო-რუსეთს შორის დათბობის პოლიტიკა აღიქვეს, როგორც საფრთხე საკუთარი თავის მიმართ. ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, რასაც მათ მიაღწიეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. იმის საფრთხეს კი არ გრძნობენ, რომ რუსეთი თავის აღიარებაზე უარს იტყვის, ან ამ თვალსაზრისით არც განსხვავებულ პოზიციას შესთავაზებს, არამედ ეშინიათ იმისი, რომ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის გაჩნდა ნდობა, განვითარდა ვაჭრობა, არა სტატუსთან დაკავშირებული, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგების გზაზეა, მათ უკვე აღარ ექნებათ საფუძველი, საქართველო მტრის ხატად გამოიყენონ.
აქამდე საქართველო მათთვის მტრის ხატი იყო არა ომის გამო, არამედ იმით, რომ პოლიტიკურად ზურგს საქართველოსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა უმაგრებდა. ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკების სათავეში არიან, შეიძლება ითქვას რომ გარკვეულ საფრთხეებს გრძნობენ. დაახლოებით ერთი და იგივე ტიპის ჯგუფები მართავენ სოხუმსაც და ცხინვალსაც, ხოლო მათთვის საქართველო-რუსეთს შორის შეცვლილი კლიმატი გარკვეული რისკის შემცველია.
ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ?
- თავიანთი მოტივაციის შესახებ რა თქმა უნდა, არაფერი განუცხადებიათ, მაგრამ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ბოლო განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არც ვაჭრობა გვინდა საქართველოსთან არც სხვა რაიმე ურთიერთობა იქამდე, ვიდრე ჩვენს დამოუკიდებლობას არ ცნობენო.
თუ განვიხილავთ ცხინვალში რეალურად რა მდგომარეობაა, პრაქტიკულად ცხინვალის წყლისა და გაზით მომარაგება დამოკიდებულია იმაზე, რომ ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს. ისეა გადახლართული ქართული და ოსური სოფლების კომუნიკაციები, რომ ვერ მოხდება მათი უზრუნველყოფა თუ ორივე მხარე არ შეთანხმდა. ამ შემთხვევაში თიბილოვის განცხადება იმას ნიშნავს, რომ არც გაზი გვინდა თქვენი, არც წყალი, ოღონდაც თქვენთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონდესო.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დიდი შრომის ფასად ოსურ სოფლებამდე გაზი მიიყვანეს, ოსური მხარისგან მყისიერად გაკეთდა განცხადება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ისინი ქართულ მხარესთან ამ თემაზე მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ და ახლა უკვე დაგვიანებულია გაზის შეყვანა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ რაღაც პროცესები უკვე გავუშვით ხელიდან?
- ვფიქრობ, ეს დროებითია. უფრო საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე რეაქციაა, რადგან იქ არსებობს გრძელვადიანი ინტერესები. მაგალითად, აფხაზებს გრძელვადიანი ინტერესი აქვთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით, ვარდნილჰესებთან დაკავშირებით, რომელიც ძალზე დიდ პოტენციალს შეიცავს. სრული დატვირთვით რომ ამუშავდეს, საშუალება გვექნება, დიდი რაოდენობით ელექტროენერგია გავყიდოთ. ეს არ შეიძლება არ აწყობდეთ აფხაზებსაც, რადგან თავიანთ წილს ისინიც მიიღებენ. არ შეიძლება ეს მათთვის უმნიშვნელო იყოს.
ცოტა უფრო სხვა საკითხია, მაგრამ ერგნეთის ბაზრობამაც შეიძლება შემოსავლები მისცეს ოსებს, ვგულისხმობ პერიოდს, როცა უფრო მოწესრიგდება რეჟიმი და გახსნილი გახდება ურთიერთობა. ამ ეტაპზე, ამ თემაზე საუბარი ნაარევია.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ ერგნეთის ბაზრობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგენას იწყებს, ერგნეთის ბაზრობა თავის აქტუალობას თავისთავად კარგავს. შესაძლოა, ოსური მხარე ამანაც გააღიზიანა?
- მართალია აქტუალობას კარგავს, მაგრამ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვაჭრობა ძალზე მნიშვნელოვანია ზუგდიდშიც და ახალგორშიც. გალიდან ხალხი ჩამოდის, რაღაცეებს ყიდის, შეიძლება ამის განვითარება ბაზრობის მოწყობის სახით. ასევე შეიძლება ახალგორთანაც, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ბაზრობებს ისეთი დატვირთვა ვეღარ ექნება, თუკი საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები განვითარდება.
რაც შეეხება თვითონ ხალხს, ალბათ, აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობისთვისაც დადებითი მომენტი იქნებოდა ასეთი ბაზრობების არსებობა, მაგრამ საინტერესოა არასამთავრობო სექტორის როლი. ამ შემთხვევაში, რამდენად შეუძლიათ ამ ურთიერთობებში დადებითი დატვირთვის შეტანა?
- არსებობს რაღაც ურთიერთობები არასამთავრობო სექტორს შორის, მაგალითად, შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიებზე, მაგრამ ამას ძალზე ვიწრო მაშსტაბები აქვს. რა თქმა უნდა, სახალხო დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებს, რომელსაც მომავალში მიეცემოდა თავისუფალი სავაჭრო ზონების სტატუსი, კარგი იქნებოდა.
საბოლოოდ, ყველაფერში ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ნებისმიერი რამ ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს და არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. თუ ორივე პირობა დაცული იქნება, მსგავსი პროექტები აუცილებლად განვითარდება.
იმის მიუხედავად, რომ ეს რეგიონები რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ისინი ეკონომიკურად ვერ ვითარდებიან. გვაქვს შანსი, რომ ეკონომიკის განვითარებით საქართველოს მიმართ მათი ინტერესი გაიზარდოს?
- აფხაზეთში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ თუ აფხაზეთს შევადარებთ სოჭის რაიონს, დავინახავთ უზარმაზარ სხვაობას. აფხაზები საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ, დაინახავდნენ, რომ აქ ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურაა, ვიდრე მათთან. მართალია, რუსებთან გათანაბრებული პენსიები აქვთ, მაგრამ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური თვალსაზრისით. მათ შეეძლოთ საქართველოსგან თავიანთთვის სასარგებლო პროექტები მიეღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებით ფრთხილობენ იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მათ ზურგს უკან რაიმე გარიგება არ მოხდეს. ფიქრობენ იმასაც, რომ თბილისის შეცვლილი პოლიტიკა ხომ არ არის მიმართული იქითკენ, რომ ხელი მოეწეროს რაღაც დოკუმენტს, რაც აღიარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათთვის.
მათ არჩევნებამდე გააკეთეს განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი შესაძლებელი იყო. მათი მხრიდან ხომ არ იგრძნობა რაიმე ინიციატივა, რომ რაღაც პროცესის დაწყება სურთ?
- სწორედ ასეთ ნაბიჯებს ველოდებოდი, მაგრამ რატომღაც საპირისპირო ხდება და ისინი პოზიციას ამკაცრებენ. როგორც ჩანს, მათთვის ამ ეტაპზე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც პოლემიკაში ჩართვა, რომელმაც მათ შეიძლება მოუტანოს რაღაც სარგებლობა, მაგრამ პოლიტიკურად მომგებიანი არ იყოს. ამიტომაც ვთვლი, რომ საქართველო-რუსეთის დიალოგის განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია.
როდესაც აფხაზებსა და ოსებს რაღაც ეჭვები უჩნდებათ, შესაძლებელია თუ არა, ჟენევის ფორმატის გამოყენება საიმისოდ, რომ ბევრ ისეთ თემაზე გაიხსნას დიალოგი, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა?
- ჩვენთვისაც ბევრად სასარგებლოა, რომ ჟენევის ფორმატი უფრო სასარგებლო გახდეს, მაგრამ აფხაზებისა და ოსებისათვის ჟენევაში დელეგაციების სტატუსის მინიჭება, რასაც ისინი ითხოვენ, შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყოს მოლაპარაკებაში მონაწილე მხარის სტატუსი და არა სახელმწიფოებრივი სტატუსი. თუ რაღაც ისეთი ფორმულირება მოიძებნება, რომ მსგავსი შეთანხმება მოხდეს, ეს უკვე დიდი წინსვლა იქნება და სულ სხვა დატვირთვას შესძენს ჟენევის მოლაპარაკებებს. თუმცა, ეს თემა ძალზე საფრთხილოა, იმიტომ რომ შესაძლოა, ამას შემდეგ სხვა მოთხოვნები მოაყოლონ. მათი მხრიდან დროის გაწელვის პოლიტიკაც არის. როდესაც ჩვენი მხრიდან გამართლებულ და დასაბუთებულ ნაბიჯებს ვდგამთ, ეს მათი მხრიდან სერიოზულად აღიქმება. ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ ისეთი სურათი, რომ იზოლაციაში კი არ ვაქცევთ, არამედ გვსურს, რომ ისინი ჩავრთოთ მოლაპარაკებებში.
წინა ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ ასეთი იყო, ჩვენ არ გვაქვს საქმე აფხაზებთან და ოსებთან, საქმე გვაქვს მხოლოდ რუსეთთან, მოახდინოს რუსეთმა დეოკუპაცია და მერე დაველაპარაკებით აფხაზებსა და ოსებს. ასეთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩიხში აგდებდა ასიტუაციას. ახლა სხვანაირად უნდა მოხდეს, ისინი უნდა ჩავრთოთ მოლაპარაკებებში არა სახელმწიფოებრივი სტატუსით, არამედ კონფლიქტის მხარეებად. ასეთ შემთხვევაში მგონია, რომ რაღაც პროცესები დაიძვრება.
კიდევ ერთ თემას რომ შევეხოთ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქართველოს დიდი შანსი აქვს, ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ წევრად მიღება. საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ თუ საქართველო ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს როგორიც დღეს აქვს, ალბათ, ამ ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერება. შეიძლება თუ არა უმცირესობის განცხადებებმა ეს პროცესი შეაფერხოს?
- ნაციონალები ევროპაში ყველა საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამას აღწევენ კიდეც გარკვეულწილად, როდესაც ევროპისგან ასეთი განცხადებები ისმის, როგორი განცხადებებიც ახლა გააკეთა მაგალითად „სახალხო პარტიამ“.
პრაქტიკულად, ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობაა, რასაც ნაცმოძრაობა დღეს აკეთებს. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა პარტიებს შორის, უკვე ქვეყნის რეპუტაციაზეა საუბარი.
არჩევნებამდე სააკშვილმა პირობა დადო, ისე არ წავალ პრეზიდენტობიდან საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი არ გავხადოო. რითი აიხსნება რომ ახლა ხელს უშლიან ამ პროცესს?
- ესეც პიარული ნაბიჯი იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობასთან ამ სტატუსს არანაირი საერთო არ აქვს - ევროინტეგრაციის პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია. ვაჭრობის ხელშეკრულება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამ პროცესებსაც ხელს უწყობს, თუმცა არ გვაახლოებს წევრობასთან.
სჯობს ხელისუფლებამ უფრო საჯარო და გამჭვირვალე გახადოს საკუთარი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რადგან შესაძლოა, ბევრს მუშაობენ, ბევრს აკეთებენ, მაგრამ დღევანდელ ოპოზიციას სადაც კი შეუძლია, ყველგან უფუჭებს ურთიერთობებს.
იმ სურათის მიხედვით, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ცდილობს, რომ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით ამ ხელისუფლებას ურთიერთობები გაუფუჭოს, პარალელურად გამოდის და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეიცვალა და რუსეთისკენ მიდის, როგორ ფიქრობთ, ამას სათანადო შეფასება არ უნდა მიეცეს?
- მათი რეალური პოლიტიკაა - „რაც უარესი, მით უკეთესი“. თვითონ უქმნიან დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესს და მერე აცხადებენ, რომ თითქოს, საქართველოს ევროპისკენ სვლა ფერხდება. ევროპისკენ სვლა თუ რამით ფერხდება, ეს იმიტომ, რომ ნაციონალები ძირს უთხრიან ქვეყნის რეპუტაციას - პრაქტიკულად სწორედ ეს არის, რასაც ისინი აკეთებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა ილაპარაკოს საკუთარ თავსა და საკუთარ საქმეებზე, რომ ყველასათვის ნათელი გახდეს, რა მიმართულებით მუშაობენ და რა მიღწევები აქვთ.