ბ-ნ გიორგი გახარია ქართველთა უმრავლესობის მიერ წარმატებულ და ღირსეულ პრემიერ-მინისტრად მიიჩნეოდა. ამიტომ, მისი მოულოდნელი და მოვლენათა ლოგიკიდან სრულიად „ამოვარდნილი“ გადადგომა, ხაზგასმით ადასტურებს სახელმწიფოში შექმნილ ანომალურ მდგომარეობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბ-ნ გახარიას გადადგომის მოტივაცია: რომ პოლიტიკური პოლარიზაციის ესკალაციამ ის ზღვარი უკვე გადალახა, როცა სამართლის აღსრულებას ქვეყნის უსაფრთხოების, სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის დამღუპველი რისკები ახლავს. ამიტომ, სამართლის აღსრულება გარდაუვლად უმძიმესი შედეგების გამო - თურმე შეუძლებელი ხდება! ეს მოტივაცია, თუკი იგი გარკვეულ ობიექტურ მონაცემებს მაინც ემყარება და ყოფილი პრემიერ-მინისტრის (რომელიც ვითარების რაციონალური ხედვითა და შეფასებებით, ისევე როგორ გულწრფელობით, ყოველთვის გამოირჩეოდა) შეთხზული არ არის, აშკარა საბუთია, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა საშიში ესკალაციის იმ მასშტაბს მიაღწია, რასაც უკვე - სახელმწიფოებრიობის კრიზისი შეიძლება ვუწოდოთ.
მეორე მხრივ, სწორედ სახელმწიფოებრიობის კრიზისის დასტურია პრემიერ-მინისტრის ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯიც, რითაც მან უარი თქვა სამართლის აღსრულებაზე და ამ შემთხვევაში, არავითარი მოტივი ასეთი ნაბიჯის პოლიტიკური მიზანშეწონილობის რაიმე არგუმენტად ვერ გამოდგება!
ხაზგასასმელია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომას წინ უძღოდა ღია შეტევა სახელმწიფოზე, რაც რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მიერ, პარლამენტის საბოტაჟმა უკვე „საფუძვლიანად“ მოამზადა. ეს პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც მანამდე პარლამენტის სრულფასოვნად დაკომპლექტებასა და, ამით, კონსტიტუციასა და დემოკრატიას, ძირი გამოუთხარეს (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებაა) „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „გამაგრდნენ“ და სრულიად უტიფრად დაიმუქრნენ, რომ სახელმწიფოს არ მისცემენ მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას; მიმართავენ ფიზიკურ წინააღმდეგობას, ე.ი. სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარა ძალადობას, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნ. მელიას (რომელსაც ბრალი ედება უმძიმეს ბოროტმოქმედაბაში პარლამენტის შტურმის ორგანიზება-მონაწილეობაში) მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერი აღმკვეთი ღონისძიების აღსრულება შეუძლებელი გახდეს!
პრემიერ-მინისტრის გადადგომამ, ხოლო მოგვიანებით, ასევე შს სამინისტროს განცხადებამ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე, შექმნა მძიმე სურათი, რომ სახელმწიფოზე ღია შეტევის ეს უპრეცენდენტო აქტი, ამ ეტაპზე, თურმე წარმატებულია!
ეს მძიმე სურათი შედეგია, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე განხორციელებული შტურმის ორგანიზატორთა მიმართ, მართლმსაჯულების ყოვლად გაუმართლებელი შეყოვნებისა: მიუხედავად იმისა, რომ ეს შტურმი პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ ნახა, დღემდე, ე.ი. ამ უმძიმესი დანაშაულიდან წელიწადისა და ცხრა თვის თავზე, უდავო და აშკარა მტკიცებულებათა სიჭარბის მიუხედავადაც კი, გამოძიება კვლავაც არ დასრულებულა, ხოლო მთავარმა ბრალდებულმა, ნ. მელიამ არათუ სამართლიანი მსჯავრის დადებისგან დაიძვრინა დღემდე თავი, არამედ ბევრად უარესი: სახელმწიფო მის დაპატიმრებასაც კი ვეღარ ბედავს! სწორედ ეს, მართლმსაჯულების შეყოვნება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე, რაც იმთავითვე შეიცავს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ამბოხებისა და მისი ძალადობრივი გზით დამხობის თვალსაჩინო ნიშნებს, არის მთავარი მიზეზი ექსტრემიზმის წახალისებისა, რამაც დღეს პარლამენტის საბოტაჟამდე, კონსტიტუციურობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე მიგვიყვანა; განა სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ სავალალო მდგომარეობას, თუ არა სახელმწიფოებრიობის კრიზისი, როცა სამართლის აღსრულება არა მხოლოდ ფერხდება, არამედ საკმაოდ ძლიერი პრემიერ-მინისტრიც კი უძლური ხდება და გადადგომის გარდა სხვა გამოსავალი ვერ უპოვია?!
ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას მისი პირველივე განცხადება, რომ იგი ყველაფერს იღონებს „წესრიგის დასამყარებლად და წონასწორობის აღსადგენად“, უდავოდ იმედისმომცემია; ჩვენ მოუწოდებთ და ველით, რომ ამას მოჰყვება ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ეფექტიანი ნაბიჯები.
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: ჩვენ, ქართველი პოლივეტერანები, ეროვნული მოძრაობის წევრები, რომლებიც მთელი ჩვენი შეგნებით, სიტყვითა თუ საქმით, მუდამ ვემსახურებით საქართველოს, ვინაიდან გვაქვს მძიმე წარსულის საკმარისზე მეტი გამოცდიელება, უკვე თებერვლის დასაწყისში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ პოლიტიკური ექსტრემიზმის შეკავების, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს „გადატვირთვის“ გარეშე, რაც უწინარესად - პარლამენტის საბოტაჟის წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარებას გულისხმობდა, გარდაუვალი იქნებოდა ვითარების შემდგომი ესკალაცია და უკიდურესად გართულდებოდა ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოყვანა.
საუბედუროდ, ჩვენი 6 თებერვლის განცხადების შემდგომ, მდგომარეობა უარესად დამძიმდა და მისი შემდგომი ესკალაციის საშიშროება გაიზარდა. ქართველი პოლიტვეტერანები კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მთელს ქართველობას, რაც შეიძლება დროულად იქნეს გამონახული კონსტიტუციაზე დამყარებული გამოსავალი ამ მეტად საშიში ვითარებიდან.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ განვაცხადოთ შემდეგი:
- რადიკალური ძალების მიერ პარლამენტის საბოტაჟის რეჟიმი სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია შეტევაში გადაიზარდა, რისი აშკარა გამოვლინებაცაა, არა მხოლოდ კანონისადმი სრული უპატივცემულობა და დაუმორჩილებლობა, არამედ სახელმწიფო ნებისა და სამართლის აღსრულებისათვის ორგანიზებული ფიზიკური წინააღმდეგობის მცდელობა. ეს მცდელობა რაც შეიძლება დროულად უნდა აღიკვეთოს ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს არიდებული ფიზიკური დაპირისპირება; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ამბოხების სახეს საბოლოოდ მიიღებს;
- „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული პუბლიკა საკუთარ თავს „ეროვნულ მოძრაობას“ უწოდებს. ამ მორიგი უკუღმართობით არა მხოლოდ ჩვენ, პოლიტვეტერანებს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, უწინარესად მათ, ვინც საქართველოს შეეწირა, არამედ სათითაოდ ყოველ ქართველს, მძიმე შურაცხყოფას აყენებს. ამ ფრაზას, „ეროვნული მოძრაობა“, ფრთხილად უნდა მოეპყრას ყველა და „ნაცმოძრაობამაც“ არ უნდა შეაფაროს თავი საქართველოსთვის წამებულ გმირებს, დარჩეს „ნაცმოძრაობად“ და მოთმინებით ზიდოს თავისი საქმიანობის ცოდვა-ბრალი.
- პრემიერ- მინისტრ გახარიას გადადგომა, რითიც მან შემდგომი პოლიტიკური ესკალაციისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის არსებული რისკების მოტივით, უარი თქვა სამართლის აღსრულებაზე, არც მეტი, არც ნაკლები - სახელმწიფოებრიობის კრიზისის ნიშნების შემცველია, ვინაიდან სახელმწიფო არარაა, თუკი იგი სამართალს ვერ ან არ აღასრულებს; დაყოვნებამ და სამართლის არააღსრულებამ არაერთხელ გამოიღო სახელმწიფოსათვის მძიმე შედეგი, საქართველოს უახლეს ისტორიაში.
- არსებული კრიზისის განმუხტვის უპირველს წინაპირობად მიგვაჩნია პარლამენტის საბოტაჟის აღკვეთა კონსტიტუციური და სამართლებრივი გზით. ეს გზა გულისხმობს, მესაბოტაჟე დეპუტატებისთვის მათი პირადი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილებების შეწყვეტის შემდგომ, პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრის მექანიზმით, მანდატების კონსტიტუციით დადგენილი წესით ხელახალ გადანაწილებას. პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეიძლება ჩატარდეს. ამ საკითხის გადაწყვეტის შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება ჩვენს მიერ უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს;
- ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „წესრიგის დამყარებისა და წონასწორობის აღდგენის“ თაობაზე უახლოეს მომავალში საქმედ იქცევა, რაც უდავოდ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური ექსტრემიზმის შეკავებასა და აღკვეთას, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს „გადატვირთვასა“ და პირობების შექმნას პოლიტიკური პარტიების, როგორც პატიოსანი კონკურენციის, ასევე თანამშრომლობისთვის.
- მიგვაჩნია, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „გამაგრებით“ სახელმწიფოსთან დაპირისპირების „რუბიკონი“ უკვე გადალახა, ყოველგვარი აზრი ეკარგება მოლაპარაკებებს, ისევე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების ამაო მოწოდებებს ასეთი მოლაპარაკებების თაობაზე. მოლაპარაკებები, შეიძლება მხოლოდ მაშინ გაგრძელდეს, თუკი ისინი უარს იტყვიან მართლმსაჯულებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე და უპირობოდ შეწყვეტენ პარლამენტის საბოტაჟის რეჟიმს. რადგან საქართველოს პარლამენტი და არა რომელიმე უცხო, თუნდაც მეგობარი, ქვეყნის საელჩოა, ერთადერთი შესაფერისი ადგილი, სადაც პოლიტიკურ ძალთა შორის, თუნდაც მათი მწვავედ ურთიერთსაპირისპირო პოზიციებისა, პოლიტიკური მოლაპარაკებები შეიძლება და კიდევაც უნდა წარმოებდეს!
- მათ, ვისაც უბრძოლიათ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობისთვის, არავითარი სხვა არჩევანი, გარდა ჩვენი სახელმწიფოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაცვისა, არასოდეს ექნებათ. მოუწოდებთ ყოველ ქართველს - შემოგვიერთდით! ერთად გაუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო.
საქართველო არასდროს დაეცემა!
ქართველი პოლიტვეტერანები: გურამ სანადირაძე, ზურაბ მარშანია, დავით მარღანია, ალექსანდრე სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, გია იაკობაშვილი
"სუვერენიტეტი (ფრანგ. souveraineté — უზენაესი ხელისუფლება) — უზენაესი უფლებების ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მეთაურს ეკუთვნის. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება, და მხოლოდ მის მიერ! სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო სახელმწიფო არ არის და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ნაწილს ან კოლონიას წარმოადგენს."
(ვიკიპედია)
*
ყველა ჩვენი პრობლემის სათავე არის ჩვენს მიერ დეკლარირებული დამოუკიდებლობის ფორმალური ხასიათი, ანუ რეალური სუვერენიტეტის უქონლობა.
საქართველო ცხოვრობს დასავლეთის დიქტატით.
დასავლეთი გვკარნახობს, როგორი კანონები მივიღოთ, რომელ მეზობელს ვემეგობროთ, რომელს - ვემტროთ.
გვკარნახობს საკუთარი ცხოვრების წესს.
გვკარნახობს, როგორ მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა ისე, რომ ყველაფრის მწარმოებლიდან არაფრის მწარმოებელ, უცხოეთის მიერ გამოშვებული, იაფი და უხარისხო პროდუქციის გამსაღებლად ვიქცეთ.
გვკარნახობს, რომელი პოლიტიკური ძალა უნდა იქნეს ასპარეზზე გამოყვანილი, რომელი - მარგინალიზებული.
გვკარნახობს, ვითანამშრომლოთ ხალხისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალასთან, მოვახდინოთ კოაბიტაცია და ჩავეხუტოთ იმათ, ვინც გუშინ ქონებას გვართმევდა, ქუჩაში გვხოცავდა, ციხეში გვაწამებდა.
გვკარნახობს, ვინ რა თანამდებობაზე დავნიშნოთ... (ომბუდსმენის კანდიდატურებსაც კი დასავლეთი გვირჩევს და წარმოიდგინეთ, იმ კანდიდატებს შორის ლომჯარია რომ იქნება საუკეთესო!).
დასავლეთი გვკარნახობს, რომელი კრიმინალი შევიწყალოთ, ვისი დანაშაული დავივიწყოთ და ვაპატიოთ...
პოლიტვეტერანებო, ამისთვის არ იბრძოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა, ამისათვის არ სწირავდა თავს და ამისათვის არ გადაიტანა ხალხმა რეპრესიები, ემიგრაცია, ათასი უბედურება, რომ ერთი მგლისგან დაგვეღწია თავი და მეორე მგელს ჩავვარდნოდით ხახაში!
*
ამ კომენტარის ერთხელ უკვე წაშლა, იმის შიშით, ვაითუ მედასავლეთეებს არ მოეწონოთო, პირდაპირ ადასტურებს იმას, რასაც მასში ვამტკიცებ: რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფიქცია!