საქართველოში პოლიტიკური მოვლენები რეაქტიული სისწრაფით ვითარდება - შესაძლოა, დილით პრემიერ-მინისტრს თანამდებობა აღარ მოუნდეს და ახალს სულ რაღაც რამდენიმე საათში წარადგენენ. ასე მოხდა 18 თებერვალსაც, როდესაც გიორგი გახარია გადადგა და უკვე მეორედ, პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, დიდი ხანი პოლიტიკურ ველზე აღარ ჩანდა. 2019 წლის 5 მარტს კი მან პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. შემდეგ კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.
შეახსენებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს „კახურ კლანს“ და როგორ შეიძლება წარიმართოს მისი პრემიერობა, for.ge-ს ამ კითხვებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო მოვლენათა მსგავსი განვითარება?
- სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო. ოღონდ ერთადერთი მიზეზით - საერთოდ, თავად ადამიანები ერიდებიან ხოლმე იმ ადგილას დაბრუნებას, საიდანაც წავიდნენ. სხვა მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მოულოდნელი არ იყო.
ყველას კარგად გვახსოვს მისი წასვლის მომენტი და განცხადება. როგორ ფიქრობთ, ის ახლა ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა უკან?
- ღარიბაშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობა ცნობილია, მაგრამ ამავე დროს მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და „ოცნებას“, რომელსაც ნამდვილად არ უდგას კარგი პერიოდი, გასაკვირი არაა, რომ ჰქონოდა პოპულარული პიროვნების გვერდით დაყენების სურვილი, მით უმეტეს, რომ პოპულარული პიროვნება გვერდით აღარა ჰყავს, ანუ გიორგი გახარია. ამ დეფიციტის კომპენსირებისთვის ღარიბაშვილი ცუდი ფიგურა არ არის.
ანუ, თქვენ თვლით, რომ ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა პრემიერი პოპულარობის ნიშნით შეარჩია და ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო?
- პოლიტიკაში ძალიან ხშირად იღებენ პოპულარულობის მიხედვით გადაწყვეტილებას. პოლიტიკა დიდწილად პოპულარობის ნიშნით ვითარდება. ამდენად, პოპულარობის ნიშნით რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, გასაკვირი არაა.
ბატონო რამაზ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდს ლაქად გასდევდა, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციულად მაინც, „კახური კლანის“ ფაქტორი. მეორედ დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი რამდენად შეძლებს თავიდან აიცილოს ამ არასასიამოვნო პიარკამპანიის შემოტევა?
- ვნახოთ, საერთოდ, ადამიანი ხელს რაზედაც დაიწვავს, იმას აღარ ეკარება, რადგან მან ხელი ერთხელ დაიწვა, სავარაუდოდ ის ამ შეცდომას აღარ დაუშვებს.
ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე გავლენა ჰქონდა საკუთარ სიმამრს, რომელიც რჩევებს აძლევდა...
- მიჭირს თქმა. რჩევის გათვალისწინება ისეთი საქმეა, რომ ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აქვს - ვის რჩევებს გაითვალისწინებს და ვისას არა. ჩვენ არაერთი ხელისუფლება გვახსოვს, იგივე სააკაშვილი, ვის რჩევებს ითვალისწინებდა?! სამწუხაროდ, ძალიან ბეჯითად ითვალისწინებდა რუსეთის ინტერესებს. ეს ვისი რჩევით ხდებოდა უცნობია, შეიძლება ეს ყოფილიყო მისი ბიძა, რომელიც ამ დროს ოფიციალურად თანამდებობის პირი არ იყო. ასე რომ, პოლიტიკოსებთან ასეთი მრჩეველების გამოჩენა იშვიათი რამ არ არის. პოლიტიკოსს ამ მხრივ ვერც უსაყვედურებ, ამ რჩევას რატომ ითვალისწინებ და იმას არაო. წაგებით თუ წააგებს ამა თუ იმ რჩევის გამო, თავად წააგებს. ამდენად, იგი თავად იქნება პასუხისმგებელი.
ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს შეცვლის?
- გარკვეული ლოგიკით არც ის მეგონა, რომ ღარიბაშვილი დაბრუნდებოდა. თქვენს კითხვაზე პასუხი ლოგიკით შემიძლია გავცე, რომ კრიზისულ პირობებში ცვლილებები სასურველი არ არის. კრიზისული პერიოდიდან გამოსულები არ ვართ, გინდა ეკონომიკურად და გინდა პანდემიის მხრივ. ამ დროს პანდემიის საკითხში მთელი მინისტრთა კაბინეტია ჩართული, რომ შეცვალო, ახალმა მინისტრებმა სწავლა უნდა დაიწყონ. სწავლას დაახლოებით ნახევარი წელი უნდა და ამის დრო ახლა არ არის. ამიტომ, კაბინეტის ცვლილება მოხდება თუ არა, არ ვიცი. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის მინისტრი შეცვალეს და უკან დაბრუნება მოუწიათ იმიტომ, რომ ახალმა მინისტრმა ვერ მოასწრო გათვითცნობიერება, თუ რა ხდებოდა მის სისტემაში. ასე რომ, ეს პრობლემა ახალ მინისტრებთან ყოველთვის არის.