რა გეგმას გაჰყვება ოპოზიცია და შეცვლის თუ არა მათ გეგმებს ახალი პრემიერის დანიშვნა, ჯერჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ოპოზიციის გეგმები ამ ეტაპზე კვლავ უცვლელი რჩება. მათი თქმით, ისინი მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით აპირებენ დაიცვან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. ამასთანავე, მათ მთავარ მოთხოვნას კვლავ რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს. ოპოზიციური სპექტრი ასევე მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შემხვედრი ნაბიჯები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას.
თუმცა რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას იმისთვის, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე დაითანხმოს, გაუგებარია. ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ოპოზიციას მასთან ურთიერთობა გაუჭირდება. გუნდის მიერ მისი კანდიდატურა ზუსტადაც ამ მოტივით შეირჩა, რომ ფიქრობენ, ოპოზიციასთან მეტი სიხისტეა საჭირო. მათი აზრით, ოპოზიციას ამ მიზნის მისაღწევად ორი შანსი აქვს, ერთი, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლონ და მეორე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ, ხოლო მიღებული შედეგების შემდეგ იმოქმედონ.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ მწვავე პროცესები მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, არ წყდება.
საპასუხოდ, დაპირისპირებული მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა სასაუბრო თემებთან დაკავშირებით პოზიციები ისევ არ ემთხვევა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთადერთ გამოსავლად მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები ესახებათ.
„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები გამოსავალს და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, ვხედავთ მოლაპარაკებებში. მაშინ, როდესაც ამ მძიმე სიტუაციაში, ხელისუფლება აპირებდა ძალისმიერი შტურმი მიეტანა ენმ-ის ოფისზე, ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად, რიგგარეშე არჩევნებზე, არის ერთადერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევს მოლაპარაკების პუნქტების შესრულება.
„მათ, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ამ პუნქტების შესრულება, კითხვა არის ის, რომ ისინი ახლა გააკეთებენ ამას, როდესაც ასეთი ტიპის გზავნილები მოდის ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან, სადაც ხაზია გასმული, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს და ესკალაცია არ უნდა მოხდეს, ან - აიღებენ პასუხისმგებლობას ესკალაციაზე და მაინც მოუწევთ ამის გაკეთება, ოღონდ ფასი დაუჯდებათ ძალიან ძვირი, მათაც და ქვეყანასაც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ მოვლენების განვითარების ორ ვერსიას ხედავს.
„ტექნიკურად რომ გადახედოთ იმ საკითხებს, რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, იქ შეუთანხმებელი საერთოდ არაფერი არ არის. ყველაფერზე შეიძლება ტექნიკურად შეთანხმება, თუ მხარეებს აქვთ შეთანხმების სურვილი. ტექნიკური პრობლემა არ არსებობს, არსებობს პოლიტიკური ნების პრობლემა. ჩემი აზრით, უნდა ველოდოთ ორ რამეს - ან მოლაპარაკებების გაგრძელებას, ან სამოქალაქო კონფრონტაციას, მძიმეს და არასასიამოვნოს. მოდით, ავირჩიოთ უკეთესი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუჭირდება და ნაკლებად ხედავს იმის პერსპექტივას, რომ დიალოგის რესურსი კვალვ რჩება. ჩიტაძე ამბობს, რომ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, მელიას დაკავების საქმე ხელში კოზირად უჭირავს და ამის გამოყენებას ცდილობს, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამოდმინარე, როგორც ჩანს, გახარიამ თავისი გადადგომით ამის შანსი არ მისცა.
თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება საბოლოოდ დამოკიდებული, ხელისუფლება კიდევ რა შეცდომებს დაუშვებს და შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას. თუკი მელიას დაკავებას ოპოზიცია ხალხის გარეთ გამოყვანის მიეზეზად გამოიყენებს, „ოცნების“ მდგომარეობა გართულდება და პლუს ამას, დასავლეთის მხრიდან, თუ ხელისუფლების მისამართით რიტორიკა შეიცვლება.
„რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის მარტივი გადასალახი ფაქტორი არ იქნება. მასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება, ამიტომ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების წაყვანა გაუჭირდება. თუმცა, აქ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოვლენები უცბად შეცვალოს - მაგალითად, როგორც გიორგი გახარიას გადადგომის შემთხვევაში მოხდა. ღარიბაშვილი ზუსტადაც რომ იმისთვის დააბრუნეს, ოპოზიციას კისერი მოეგრიხოს. გვახსოვს მისი ხისტი განცხადებები და დამოკიდებულება „ნაციოანლების“ მიმართ. ამიტომ ბევრი რამ „ოცნების“ შეცდომებზეც იქნება დამოკიდებული.
ნიკა მელიას საქმე ოპოზიციას ხელში კოზირად აქვს და ამას კარგადაც მიხვდნენ. ამიტომაც დაიწყეს ყურადღების მიქცევა. ახლა მცდელობაა იმის, რომ მელიას დაკავება ხალხის ქუჩაში გამოყვანის საბაბად აქციონ. ვნახოთ, თუკი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ღარიბაშვილმა ვერ შეძლო არსებული გამოწვევების გამკლავება, ხალხის გარეთ გამოსვლის შანსი გაიზრდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილი დაელოდება ოპოზიციის მოქმედებებს და დასავლეთის განცხადებებს, ამის შემდეგ კი, იმოქმედებს. თუმცა დიდად დიალოგის გაგრძელების იმედი არ მაქვს“, - აცხადებს ჩიტაძე for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც for.ge-სთან ადასტურებს, რომ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რესურსი ამ ეტპაზე არა აქვს. არ ჩანს გეგმა, რომლითაც ამის გაკეთებას აპირებენ. ისინი ინერციით მოქმედებენ და მხოლოდ ასეთი ულტიმატუმებით ხელისუფლებას ამის გაკეთებას ვერ აიძულებენ. გახარიას გადადგომის შემდეგ ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციას ილუზია გაუჩნდა, რომ „ოცნებაში“ კრიზისის შექმნა და არჩევნების დანიშვნას შეძლებდნენ, თუმცა ასპარეზზე ისეთი ადამიანი დაწინაურდა, რომ მათ ამის მიღწევა, ამ პირობებში, გაუჭირდებათ.
„ღარიბაშვილი ოპოზიციის მიმართ, რა თქმა უნდა, ხისტი იქნება და მისი დაბრუნების ლოგიკაც ამაში მდგომარეობს. ამიტომაც რთული წარმოსადგენია ოპოზიციამ რა შეიძლება გააკეთოს. ორი ვარიანტი აქვთ, ან ხალხი უნდა გამოიყვანონ გარეთ, ან კიდევ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ და გამარჯვების შემთხვევაში პრეტენზიები რაღაცაზე გაუჩნდეთ. თუმცა არსებული ცესკოს ადმინისტრაციით და საარჩევნო რეფორმით გამარჯვების შანსები არ აქვთ. ამიტომ რას ეყრდნობა მათი ეს მოთხოვნა, არ ვიცი. დასავლეთიდანაც თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერავინ ხედავს, ამის მიღწევა გაჭირდება“, - აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოს ვლადიმერ ბოჟაძეს კი მიაჩნია, რომ როცა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, მაშინ ჯერ გაყალბება უნდა დაამტკიცოს. მიიღოს პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა და აჩვენოს ყველას, რომ ხმების 0,1% მაინც გაყალბდა. რაც შეეხება ხარვეზებს, რომელსაც ყველა აღიარებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამაზე სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და ეს ხარვეზებიც გამოსწორდება. მისი აზრით, სამწუხაროა, რომ მთელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა და ყველა მათგანი ერთი ადამიანისგან მიხეილ სააკაშვილისგან კიევიდან იმართებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა, რომ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, როცა ნახავენ, რომ კიდევ ვერ გაიმარჯვებენ, ქვეყანაში რევოლუციური სცენარი გაითამაშონ და ისევ ატეხონ აჟიოტაჟი, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, ისევ ის ცესკოს ადმინისტრაცია იქნება, საარჩევნო სისტემა, დაკომპლექტების წესი და ისევ იგივე კანონმდებლობა. რეალურად არაფერი არ იცვლება, მაშინ ვის რაში სჭირდება ასეთი რიგგარეშე არჩევნები, თუ არა ისევ არეულობის მოწყობა?! ოპოზიციამ ამოტმაც დაგეგმა ნიკა მელიას თავმჯდომარეობა, შემდეგ გირაოს არგადახდა და ახლა იმის ყვირილი, რომ ძლიერ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს იჭერენ. თურმე ხელსიუფლება ოპოზიციის ოფისის შტურმით აღებას აპირებდა. ენმ არ მალავდა და არ მალავს, რომ საკუთარ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს შეწირავდნენ, სისხლს დაღვრიდნენ. ამიტომაც ყველა ხედავს ეს ხალხი რაზეა წამსვლელი“, - აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის პოსტზე დაბრუნება ყელაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ამ რთულ სიტუაციაში, როცა გახარია არასწორ დროს და მომენტში გადადგა. ბოჟაძე ფიქრობს, რომ გახარიამ უმძიმესი კრიზისის დროს გუნდი მიატოვა. მისმა გადადგომამ გამოიწვია ის პროცესები, რომ ერთი მხრივ ოპოზიციას იმედი გაუჩნდა და მეორე მხრივ მსოფლიოს ყურადღებამ ჩვენზე გადმოინაცვლა. თუმცა ღარიბაშვილის დანიშვნამ ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო მოტივირებულები გახადა იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს და დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილმა დასავლეთის მოწოდებები უკვე გაითვალისწინა და მან მელიას დაკავებისას აღსრულება დროებით გადადო. ამიტომაც მოლოდინია, რომ ახალი პრემიერი მელიას დაკავების საკითხს უზრუნველყოფს, ოღონდ იმ ფრომით, რომ ამას არ ჰქონდეს ქვეყანაში დაპირისპირების სახე. პირიქით, ღარიბაშვილი შეეცდება, რომ სიტუაცია დაწყნარდეს და ქვეყანა ამ პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოიყვანოს.