გიორგი გახარია გადადგა, გაოგნებული და დაბნეული დატოვა საკუთარი გუნდის წევრები და უმალვე მოაძებნინა გამოსავალი - ირაკლი ღარიბაშვილის სახით. ღარიბაშვილი ერთ მდინარეში უკვე ხელმეორედ შევიდა და რამდენად პოპულარული პრემიერი იქნება კოვიდპანდემიის და პოლიტიკური პანდემიის ფონზე, ამას დრო გვიჩვენებს.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გააკეთა პირველი მკვეთრი განცხადება: „ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს, რომელიც საჭიროა ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. ოპოზიცია შიშობს, რომ ღარიბაშვილის ხელმეორედ დაბრუნება ამ პოსტზე ნიშნავს კონფრონტაციის გამოცხადებას, დაჭერების ახალ სერიას. რისთვის იღებს ხელმეორე სტარტს ირაკლი ღარიბაშვილი, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
ერთხელ უკვე ვიხილეთ ღარიბაშვილი პრემიერად, რომელიც ოდესღაც, ახალი წლის წინა დღეებში, მიზეზების დაკონკრეტების გარეშე დაემშვიდობა საკუთარ პოსტს. ამჯერად რის გაკეთებას შეეცდება იგი და, თუკი მისი მოსვლაც ისეთივე ხმაურიანი იქნება, როგორც მისი განცხადებები, რა დივიდენდებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“? უკვე შეცვლილია თუ არა სიტუაცია ქვეყნის გარეთ და შიგნით „ქართული ოცნებისთვის“?
- ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალზე მკაფიო მესიჯია იმის შესახებ, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ დღეს უკვე მართავს კობახიძის ჯგუფი, რომელიც პარლამენტშია. არც ერთი არ არის პოპულარული, არც ღარიბაშვილი არაა პოპულარული, თუმცა პრემიერობის კანდიდატი რომ ყოფილიყო კობახიძე, ან ვინმე სხვა მისი გუნდიდან, მაშინ საზოგადოების მიუღებლობის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ძალზე არაპოპულარულია კობახიძის გუნდი. ამიტომ წამოაყენეს ღარიბაშვილის კანდიდატურა, რადგან სხვა არავინ ჰყავდათ მეტ-ნაკლებად ისეთი ფიგურა, რომელიც ღარიბაშვილს აჯობებდა. ღარიბაშვილი არის კომპრომისული ფიგურა, არ გახლავთ ყველაზე ძლიერი, მისი ჩაძირვა ყოველთვის შეიძლება, რადგან ერთხელ უკვე წამოსულია სკანდალურად პრემიერ- მინისტრობიდან, ყველას გვახსოვს ივანიშვილის განცხადება მის შესახებ, ასე რომ, ის მოწყვლადია და არ არის ძლიერი, ღონიერი ფიგურა. „ქართულ ოცნებაში“ ძირითადად ორი გუნდი დარჩა, ეს არის კალაძის გუნდი და კობახიძის გუნდი. რომელიმე მათგანიდან პრემიერობის კანდიდატის დაყენება იქნებოდა მისი გუნდის გაძლიერება. ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილი ყველაზე სუსტი რგოლია, რადგან ვიმეორებ, იოლად ჩასაძირია, თუ მოინდომეს ამის გაკეთება.
სამაგიეროდ, ღარიბაშვილის ძლიერი მხარეა მისი მკაცრი განცხადებები. ყოველი არჩევნების წინ ზუსტად ღარიბაშვილი გამოჰყავდათ მკვეთრი მესიჯების გამოსახატად. ეს ხომ შემთხვევითი არ იყო?
- დიახ, ეს ასეა, სიტყვაზე, რომ აერჩიათ მაია ცქიტიშვილი, რომელიც არანაკლებ ღირსეულია, ეს სულ სხვა მესიჯი იქნებოდა და უფრო სწორი იქნებოდა - წინასაარჩევნო კამპანია, გზები, ხიდები, მაგრამ მათ არ აირჩიეს მაია ცქიტიშვილი, აირჩიეს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოზე კი არ ზრუნავენ, არამედ დაპირისპირების გაგრძელებაზე. თუ გახარია თავს არიდებდა დაპირისპირებას და განსაკუთრებული სიძულვილის ენით არ გამოირჩეოდა, უფრო თავშეკავებული იყო ამ თვალსაზრისით, ღარიბაშვილი არ ერიდება ამას. ღარიბაშვილი გახდება, როგორც დამრტყმელი ძალა და გააძლიერებს ანტინაციონალური მოძრაობის პროცესს. „ქართულ ოცნებას“ ეშინია „ნაცმოძრაობის“, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონვე აძლიერებენ ნაცმოძრაობას თავისი უგუნური პოლიტიკით. მაგალითად, ნიკა მელია აბსოლუტურად გააძლიერეს, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში კენჭისყრისას დაედგათ სპექტაკლი, როგორც 14 ნოემბერს დადგეს და ჩაეგდოთ მანდატის გაუქმება, რაც უფრო ძლიერი პოზიცია იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“, მათ ეს ვერ გათვალეს და გააძლიერეს ნიკა მელია, ერთი-ორად შესუსტდნენ თვითონ და ერთი-ორად გააძლიერეს „ნაცმოძრაობა“. ახლა სჭირდებოდათ გამოსავალი. ამიტომ ისეთი ძლიერი არტილერია მოიყვანეს, რომელიც მუდმივად ილაპარაკებს „ნაცმოძრაობაზე“. შეეკითხებით ვაქცინაციის შესახებ, თუ რა ხდება? გიპასუხებთ: „9-წლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. შეეკითხებით სიღარიბეზე? კვლავაც გიპასუხებთ, „ცხრაწლიანი „ნაციონალური მოძრაობა“.
მელიას წარმოჩენა ეროვნულ გმირად რამდენად მართებულია? რამდენად იმუშავა დრომ მის სასარგებლოდ, რომ თუნდაც პუტინის მიერ დაკავებულ ნავალნის გაუტოლეს?
- სამწუხაროდ, ნიკა მელია ქართული ოპოზიციის თუგინდ ახლანდელ, თუგინდ ძველ ლიდერებს შორის არ გამოირჩევა თავისი ინტელექტუალიზმით. სააკაშვილის აჩრდილიც კი არ არის. აშკარად უჭირს ლაპარაკი და სულ იყურება კუნთებზე. იმის ნაცვლად, ჩავლეიშვილის ფიტული გაეკეთებინათ ბათუმში და დაეწვათ ეს ფიტული, პირდაპირ კაცს ნაგვის ყუთი დაახურეს, ეს არის მელიას სტილი. მას სხვა არაფერი შეუძლია. გაიხსენეთ ისიც, ელისაშვილმა უკბილოდ რომ დასცინა, ფულს გადაგიხდიო, ერთადერთი, რაც მელიას თავში მოუვიდა, გამოგათრევ პარლამენტიდან და ცხვირს დაგინაყავო. სულ კუნთებზე იყურება, თავში კუნთები აქვს, ტვინი არ აქვს. ასეთი არაინტელექტუალური ლიდერი მე არ მახსოვს. არავინ არ იყო გენიოსი, მაგრამ მელია ძალიან დაბალი დონეა. ეს შემაშფოთებელია, ჩვენ დღესვე უნდა ვილაპარაკოთ, რომ არ შეიძლება, ნიკა მელიასნაირი ადამიანი იყოს ერთიანი ოპოზიციის დროშა. ალბათ, სულ მალე დავიწყებთ მის კრიტიკას, რადგან ვერ შეესაბამება იმ სიმაღლეს, სადაც ახლა ავიდა, სადაც ავიდა არა თვითონ, არამედ აიყვანა „ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ - ჯერ მანდატის გაუქმებამ, შემდეგ კი მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებამ.
ღარიბაშვილი რომ უფრო მძლავრად არ შემოეყვანათ ქართულ პოლიტიკაში, მაშინ სააკაშვილი გაძლიერებოდა? არის ასეთი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნების“ უგუნური პოლიტიკა სააკაშვილს უხსნიდა ხელს ქართულ პოლიტიკაში მყარი პოზიცია მუდმივად შეენარჩუნებინა.
- სააკაშვილი საზოგადოებაში პოპულარული არ არის, ვნახეთ, 27% აიღო „ნაცმოძრაობამ“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთელმა დანარჩენმა ელექტორატმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციას, ოღონდ არა სააკაშვილს. სააკაშვილის რეიტინგი მკაფიოდ გამოკვეთილია- 27%, მეტი არა.
იგი პოპულარული არის თუ არა, საკუთარ თავს გამუდმებით ახვევს ჩვენს საზოგადოებას.
- მე არ მახვევს თავს და ნურც სხვები მოიხვევენ. სააკაშვილის ძალა აგრესიასა და რადიკალიზმშია, მისი ძალაა, ასევე, ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკაში. გახარია პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან, ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური, პიროვნული გადაწყვეტილება. ის არ გაუგდიათ, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი გაუშვეს, ბახტაძე ან რატომ მოვიდა, ან რატომ წავიდა, ვერავინ გაიგო. ამიტომ გახარიას შეუძლია, მორალურად დარჩეს პოლიტიკაში და თავის გარშემო შემოიკრიბოს პოლიტიკური ძალები, რომელიც არც „ქართული ოცნება“ იქნება, არც „ნაცმოძრაობა“, მას შეუძლია, შემოიკრიბოს ის ხალხი, ვინც თავის დროზე წავიდა „ოცნებიდან“ - ჩუგოშვილი და მისი ჯგუფი, ბესელია და მისი ჯგუფი, უამრავი ღირსეული ხალხი წავიდა „ოცნებიდან“, რომელიც შეიძლება ქვეყანაზე ფიქრობდეს. ისინი სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში აცდენების გამო წავიდნენ „ქართული ოცნებიდან“.
დღევანდელი ნაბიჯით გახარია ცდილობდა 20 ივნისის მოვლენებთან დისტანცირებას?
- თავისი წასვლით მან ეს გამოასწორა. ჩვენ სამართლიანად შევახსენებთ „ნაცმოძრაობას“ გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის მკვლელობებს, 2012 წელს მათ ამის გამო წააგეს, ხალხმა უარი უთხრა. დღეს გახარიამ თავისი ნებით გადადგომით 20 ივნისთან დისტანცირება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს მას ბრალდებოდა, მაგრამ იგი ახლა პოლიტიკურად სუფთაა. მან უარი თქვა ხელახლა ამ ტიპის ღონისძიებაზე. მე მგონი, მან გაისუფთავა საკუთარი ბიოგრაფია. ცხადია, ძალიან მტკივნეულია მაკო გომურის შემთხვევა, მაგრამ ნებისმიერ მაკო გომურის შემთხვევას წინ დავუყენებთ რობაქიძეს, გირგვლიანს, რაც ნაციონალების ხელწერა იყო. თუ „ნაცმოძრაობას“ აქვს სინდისი, უფლება და მორალი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იფიქროს, გახარიასაც აქვს ეს უფლება, ისევე, როგორც ჩვენც გვაქვს უფლება, ერთს შევახსენოთ სანდრო გირგვლიანი და მეორეს შევახსენოთ მაკო გომური. არ უნდა დავივიწყოთ ეს ფაქტები, უნდა შევახსენოთ მუდმივად.
ღარიბაშვილი ამჯერადაც ივანიშვილის კადრია?
- ცალსახად, ამ სკანდალმა აჩვენა, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა. სულაც არ აპირებდა ივანიშვილი ახლა ასეთ შემოტრიალებას, ადამიანს რომ ჰგონია იმალება, მაგრამ რომ ჩანს, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. გახარიას გადადგომამ კარგად გამოააშკარავა, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა და ფსონს დებს არა იმდენად ღარიბაშვილზე, არამედ კობახიძეზე, ღარიბაშვილი უკვე კობახიძის გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატია. ისინი ცდილობენ, ჩაძირონ „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავად გააძლიერეს. უკვე კობახიძე მართავს სიტუაციას. თუ ვინმეს დაუპირისპირდა დღეს გახარია, ის დაუპირისპირდა კობახიძის გუნდს, ივანიშვილმა კი დაიჭირა კობახიძის მხარე.
ღარიბაშვილის სტილი რა იქნება? „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა დაჭერა?
- ჩემი აზრით, დაჭერებით საქმეს მხოლოდ გაართულებენ. ამიტომ ახლა შეეცდებიან სიტუაციიდან გამოძვრენას. პარლამენტს ჰქონდა საშუალება, სიტუაცია გადაერჩინა, მაგრამ 88 კაცმა ხმა მისცა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, მე მგონი, ამან გადააწყვეტინა გახარიას წასვლა. მან ვერც ერთი ადამიანი ვერ ნახა „ქართულ ოცნებაში“, ვისი ნდობაც შეეძლო. მას პარლამენტში ერთი საკუთარი კაციც კი არ ჰყოლია, იმდენად მარტო იყო გახარია.