დღის რეზონანსულმა საკითხმა, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომამ, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა. მოვისმინეთ კრიტიკა, ქება და ბევრი შეხედულება იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება. გაიჟღერა სხვადასხვა ვერსიამ, თუმცა, როგორც თავად გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
ამის ფონზე, საინტერესო იქნება საკითხი სხვა რაკურსით დავინახოთ. გაჩნდა მოსაზრება, რომ გიორგი გახარიას სახით შესაძლოა, მესამე პოლიტიკური ძალა მივიღოთ, სადაც მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქნება. გახარია ამ გადაწყვეტილებით რეალურად „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა და ირიბად თქვა, რომ განჩინება, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოიტანეს, არასწორია.
ცნობები ხელისუფლებაში შესაძლო დაპირისპირებისა და კონფლიქტის შესახებ მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა გიორგი გახარია გვიმტკიცებდა - „კი არ მიდიოდა, არამედ მოდიოდა.“ ფაქტია, არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ საინტერესო პროცესი მიდის, რომლის საწყისიც გიორგი გახარიაა.
აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რამაც პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში გაამყარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და იგი რჩება პოლიტიკაში, როგორც მთავარი მოქმედი პირი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის მხრიდან მესამე ალტერნატიული ძალის ფორმირების შესაძლებლობა დღეს რეალურად არ არსებობს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ მოხდეს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ. ანჯაფარიძე For.ge-სთან გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ის ელექტორატი, რომელიც მას მხარს უჭერდა, გარკვეულწილად, განაწყენებულია იმის გამო, რომ გახარიამ სწორედ მელიას საქმის გამო მიიღო ეს გადწყვეტილება.
„არანაირი ინფორმაცია, თუნცად ირიბი, არ არსებობს იმის თაობაზე, რომ გახარია დააპირებს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას. მას მინიშნებითაც კი არ გაუკეთებია აქცენტი. ყოველთვის შეიძლება რაღაც სენსიტიურ საკითხზე წარმოიშვას აზრთა უთანხმოება და ა.შ. როგორც წესი, ეს წყდება შიდა პარტიულ განხილვებზე და პარტიის კედლებში. ის, რომ გახარიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და საფუძვლად დაასახელა მელიას საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება, ეს ბადებს უსიამოვნო კითხვებს. გახარიამ მხარი დაუჭირა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი, ამას როგორმე პარტიის შიგნით მოაგვარებდნენ. თუმცა, ეჭვი მაქვს, ხომ არ გამოიყენა გახარიამ მელიას ქეისი იმისთვის, რომ არგუმენტი მოეძებნა მისი თანამდებობიდან წასვლისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ მას არ მისცეს მთავრობის ფორმირების საშუალება, როგორც ეს მას წარმოედგინა. დაუტოვეს ის მინისტრები, რომლებიც არ იყვნენ მისი გუნდის წევრები. ამასთან, ქვეყანას მოელის ძალიან სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გახარიას არ სურდა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აეღო. მელიას დაპატიმრებას შეიძლებოდა მოყოლოდა ბევრი ადამიანის დაზიანება და ა.შ. და ძირითადად, ისევ გახარია აღმოჩნდებოდა პასუხისმგებელი ამაზე. 20 ივნისის მოვლენების ტვირთი, მენტალურად, პოლიტიკურად და როგორც ადამიანს, აწევს თავზე, შინაგანად როგორი გაწონასწორებული ადამიანიც არ უნდა იყოს. არ მოისურვა მან მეორეჯერ ყოფილიყო ხელების შესაწმენდი პოლიტიკური ფიგურა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ჩვენს ტურბულენტურ გარემოში მესმის, რომ ყველაფერია შესაძლებელი, გახარიამ, რომელმაც მოიპოვა პოლიტიკური კაპიტალი ოპოზიციის რიგებში, დასავლეთის თვალშიც, დაუფასდეს ეს საქციელი. მან თავიდან აირიდა ძალისმიერი სცენარი. შეიძლება იგი ამ პოლიტიკურ კაპიტალზე დაყრდნობით შეეცადოს მის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური ძალის კონსოლიდირებას, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალის ფორმირება ხომ უნდა მოხდეს ნოყიერ ნიადაგზე ქართულ საზოგადოებაში?! - გახარიას რეიტინგი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი წილი გახარიას რეიტინგზე მოდის, მაგრამ ეს რეიტინგი დღეს გაქვს და ხვალ შეიძლება საერთოდ ჩამოგეშალოს.
გახარიას ეს საქციელი, სხვა თემის გამო რომ ყოფილიყო, სხვა იქნებოდა, მელიას საკითხის გამო გადადგომა, ეს არ მიიღო საზოგადოებამ. ამით მან თავისი თავი არამომგებიან სიტუაციაში ჩაიყენა პოლიტიკურად და რეპუტაციულად საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში, რომელსაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა.“
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს, დღეს პირიქით - ქება-დიდებას უძღვნიან მას. არ ვიცი, გახარია მოახდენს თუ არა მის ირგვლივ პოლიტიკური ძალის კონსოლიდირებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, მან ეს მოახდინოს თუკი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ახალი ჯანსაღი ოპოზიცია“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თვლის, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, რთულია ამ საკითხზე მსჯელობა. გარკვეული დროისა და ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა, როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, დღეს ამის რესურსი და სურვილი გახარიას მხრიდან, არ არსებობს.
„როგორც კი მიდიან ხოლმე მაღალი თანამდებობის პირები, ქრებიან. განცდა არ მაქვს, რომ გახარიამ შეიძლება ეს გააგრძელოს. რაღაც პროცესები რომ ჩაივლის, მერე შეიძლება ამაზე დაფიქრება. მოცემულობა როგორი გაჩნდება, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.
გახარია იყო იქ, როგორც სოლიდური, უფრო მაღალი ინტელექტის და თვალსაწიერის მქონე პირი. თუ რაიმე მონაცემი აქვს „ქართულ ოცნებას,“ ეს ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე.
ღარიბაშვილის გაპრემიერებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა. შეიძლება ბოლო ერთი თვე წასული იყო, მაგრამ როგორც კი, რაღაც მოცემულობა დაიდო ისე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონდა, ძალიან დიდი ალბათობით ისევ შეასრულა თავისი ფუნქცია ერთი სატელეფონო ზარით. ღარიბაშვილის ფაქტორს ძალიან დიდი ალბათობით დაინახავენ ივანიშვილთან ბმაში. საზოგადოებაც ისე დაინახავს, რომ ივანიშვილი რეალურად არსებობს. ერთ წრეზე სიარული კი არა, რეალურად უკან-უკან სიარული გამოდის“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ For.ge-სთან.
ჩემთვის სავსებით დამაჯერებელია ზაალ ანჯაფარიძის არგუმენტაცია, - მელიას საკითხი შეიძლება საბაბი ყოფილიყო მხოლოდ (ჩიტს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდებოდაო). მიზეზი უფრო სერიოზული იქნებოდა. კერძოდ - რასაც ანჯაფარიძე ვარაუდობს...
არც ის მგონია, რომ ისევ ამ უმადურ საქმეს - პოლიტიკას ჩამოეკიდოს და ახალი, მესამე ძალის შექმნაზე იმტვრიოს თავი. - რა ძალა ადგას?!