„ნიკა მელიასთვის გახარიას გადადგომით არაფერი იცვლება, რამდენიც ვინმეს პატიმრობას მიუსჯიან, ოფისში გამაგრდება და პრემიერი გადადგება, თავისუფლებაზე უნდა დარჩეს?!“

„ნიკა მელიასთვის გახარიას გადადგომით არაფერი იცვლება, რამდენიც ვინმეს პატიმრობას მიუსჯიან, ოფისში გამაგრდება და პრემიერი გადადგება, თავისუფლებაზე უნდა დარჩეს?!“

საქართველომ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის გარეშე გაიღვიძა. ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მან წასვლის მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე გუნდთან დაპირისპირება დაასახელა. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი შემცვლელი, სულ რაღაც რამდენიმე საათში იპოვა - მმართველმა გუნდმა გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილით შეცვალა.

იყო თუ არა რეალური მიზეზი ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას წასვლის მიზეზი, ამაზე for.ge-თან ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე საუბრობს.

გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით ნიკა მელიას მიმართ აღსრულების გადაწყვეტილების ვადებზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნდა. ბოლოს ასეთი რამ განაცხადა: „ჩემი წასვლით ხელს შევუწყობ პოლიტიკურ პოლარიზაციის შემცირებას“. თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი?

- მარტო ჩემთვის კი არა, გახარიას ეს ნაბიჯი ყველასთვის მოულოდნელი იყო. თუმცაღა, მის კომენტარში და შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადებაშიც ჩანდა, რომ ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. უბრალოდ, აქ იყო კანონის აღსრულების ვადაზე საუბარი და პირობებზე, რამდენად საჭირო იყო დღეს ნიკა მელიას დაკავება, თუ ცოტა მერე, როდესაც სიტუაცია დაწყნარდებოდა. თან, იცით, რომ კანონმდებლობაში ამ თვალსაზრისით ვადები გაწერილი არ არის.

თუმცა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ტრიბუნასთან დავინახე, მეგონა, სწორედ, ამ ფონზე, ის თავისთავზე აიღებდა, იმას, რომ მისულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, დიალოგი გაემართა, მელიასთვის აეხსნა სიტუაცია და შემდეგ, მასთან შეხვედრის შემდეგ, თუ ისევ ასეთი განწყობა იქნებოდა, შემდეგ მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, გახარიასთვისაც და „ქართული ოცნებისთვისაც“ მორალურად გამართლებული იქნებოდა და იტყოდნენ - აი, პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან მივიდა, შეეცადა, რომ პროცესის დეესკალაცია არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც არ გაიგეს და სახელმწიფომ სხვა რა ქნას?! უკვე, შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

ბოლო რამდენიმე კვირა გვესმოდა, რომ გიორგი გახარია წასვლას აპირებდა. ის „ქართული ოცნების“ ბოლო პოლიტსაბჭოსაც არ დასწრებია. ახლა ნიკა მელია მისი წასვლის საბაბი ხომ არ გახდა?

- თუ პრემიერ-მინისტრ გახარიას ეს გადაწყვეტილება მიმართული იქნებოდა პოლარიზაციის შესუსტებისკენ, მაშინ გადადგომამდე ის უნდა შეხვედროდა მელიას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც, პირობითად, სიტუაცია აეხსნა. თუ, აღმოჩნდებოდა, რომ ისინი პრემიერს არ შეხვდებოდნენ და თავიანთ პოზიციაზე დარჩებოდნენ, შემდეგ რა ტიპის სპეცოპერაციაც არ უნდა ჩატარებულიყო, ყველას ექნებოდა სათქმელი: აი, პრემიერი მივიდა, აუხსნა სიტუაცია, მაგრამ ისინი მაინც შეგნებულად თავს არიდებენ კანონის აღსრულებას და ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან. ის ამის ნაცვლად, ადგა და გადადგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში პასუხისმგებლობასაც გაერიდა.

თუმცა, თუ მანამდე იყო სხვა გადაწყვეტილება მიღებული და უბრალოდ, ახლა გახარიამ ეს მომენტი შეარჩია, ამას ახლა ვერ გეტყვით, ამას დრო გამოაჩენს.

მაგრამ, გიორგი გახარიას მხრიდან ნიკა მელიასთან შეხვედრა იქნებოდა თუ არა თვალის ახვევა საზოგადოებისთვის?

- არ მგონია. ახლაც ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას უნდა ეყოს გონიერება, მიუხედავად იმისა, გახარია გადადგა თუ დარჩა, შესაბამის ორგანოებს ჩაბარდეს. მით უმეტეს წინასწარ პატიმრობაზეა საუბარი. წინასწარ პატიმრობას თავისი ვადა აქვს, თუ კიდევ რევულუციის სცენარისკენ არ მივდივართ. ნიკა მელიასთვის გახარიას გადადგომით რა შეიცვალა?!

შეიცვალა ის, რომ მისი დაკავება გადაიდო...

- ამ ფონზე გადაიდო. პრემიერი გადადგა, შესაბამისად მთავრობაც გადადგა, ამიტომ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელია. პრემიერის გადადგომის გამო, რა თქმა უნდა, ოპერაციას არავინ ჩაატარებდა, მაგრამ ნიკა მელიასთვის გახარიას გადადგომით არაფერი იცვლება. რამდენიც ვინმეს პატიმრობას მიუსჯიან, ოფისში ჩაიკეტება, გამაგრდება და პრემიერი გადადგება, თავისუფლებაზე უნდა დარჩეს?!

გავრცელებული ინფორმაციით გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებაც“ დატოვა. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ მას უკვე შიგნით გუნდში დაპირისპირება დიდი ხანია ჰქონდა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. რა თქმა უნდა, თუ პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, „ქართულ ოცნებაში“ დარჩენას და პოლიტსაბჭოში ყოფნას, მით უმეტეს, როდესაც წასვლის მიზეზად გუნდთან ვერშეთანხმება დაასახელა, აზრი არ ექნებოდა. ეს გასაკვირი არც არის. სხვა არის ამ ნაბიჯებს რას მოაყოლებს - გახარია საერთოდ პოლიტიკიდან წავიდა, გეგმავს პოლიტიკაში დარჩენას, ოპოზიციაში წასვლას ან პარტიის გაკეთებას და ა.შ. ეს მომავალში გამოჩნდება. ჯერ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

ნაბიჯები ახსენეთ და მედიაში ბოლო პერიოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გახარია-კობახიძე-კალაძეს შორის დაპირისპირებაა და ექს-პრემიერი ცალკე გუნდის შექმნას აპირებდა. ეს ხომ არ იყო დაპირისპირების პიკი?

- არ მგონია, ეს საკითხი აქამდე მისულიყო. გახარია პრემიერ-მინისტრად ამ მთავრობამ დაამტკიცა, ამ პარტიამ წარადგინა. თუ სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოებები იყო, ეს სულ ჭორის დონეზე იყო და ღიად არ ჩანდა. იგივე გახარიას გადადგომას რამდენად მოყვება ვიღაცეების წასვლა „ქართული ოცნებიდან“, გაყვებიან თუ არა მას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი - ერთი გახარია წავიდა თუ სერიოზული დაპირისპირებაა კონკრეტულ პოლიტიკურ პირებს შორის. ამიტომ ცოტა რთულია ამის პროგნოზირება.

თუმცა, როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ მას წასვლასთან დაკავშრებით ის პასუხობდა: „კი არ მივდივარ, მოვდივარო“...

- თუ ამ კონკრეტულ ნაბიჯს, სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება, კიდე ერთხელ დადასტურდება ის, რასაც თქვენ მეკითხებოდით, რომ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა იყო რაღაც დაპირისპირება, არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს შორის, არამედ როგორც თქვენ ამბობთ, გუნდებს შორის. ამიტომ, გახარიას განცხადებები, რომ ის არსად წასვლას აპირებდა და პირიქით მოდიოდა და ამ დროს წასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს იმიტომ, რომ ნიკა მელია არ უნდა დაიჭირონ, ცოტა უცნაურია.