„შექმნილ ვითარებას სჭირდება სისტემური მიდგომა და ფუნდამენტალური ცვლილებები, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და იდეოლოგიური მიმართულებით“, - ამბობს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე და უშვებს შესაძლებლობას, რომ ექს–პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდიდან შექმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მეტოქე იქნება.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
„სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას დაკავების დროსთან დაკავშირებით. მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას“, – ამ განცხადებით დაემშვიდობა გიორგი გახარია პრემიერ–მინისტრის თანამდებობას. აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებდა გახარიას პოზიციას, მაგრამ რამდენად სწორი იყო გახარიას გადაწყვეტილება ამ ვითარებაში?
სოსო მანჯავიძე: ჭადრაკში არსებობს ასეთი ტერმინი – ცუნცვანგი, ანუ როდესაც პარტია არასწორად არის წარმართული, არ არის სწორი, აუარესებს სიტუაციას. ასე უნდა განვიხილოთ გახარიას გადადგომაც. სიტუაცია იმ დონეზე მივიდა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, მაინც არასწორია. შექმნილ ვითარებას სჭირდება სისტემური მიდგომა და ფუნდამენტალური ცვლილბები, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, იდეოლოგიური და ა.შ. ამის პოტენციალი იმთავითვე მოსპო მმართველმა გუნდმა იმით, რასაც აკეთებდა ამ წლების განმავლობაში.
რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმ მოდელს, რომელიც შემოგვთავაზეს. საპარლამენტო მოდელი; არჩევნები ნულოვანი ბარიერით და ა.შ.
საპარლამენტო მოდელის წინააღმდეგი იყავით თავიდანვე...
– წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ასე გამოდის. ახლა ვღებულობთ ყოველდღიურ საგიჟეთს, რომელსაც ახლა ვარჩევთ – გახარია გადადგა; კობახიძემ ეს თქვა; მელიას დაიჭერენ, თუ გადადებენ დაჭერას და ა.შ. ამ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ჩვენი სუვერენიტეტი საერთოდ რომ არ არსებობს და ყველა ასეთ საკითხზე ელჩებთან დადიან, ამაზე რამდენჯერ მაქვს ნათქვანი. ახლაც იგივე ვითარებაა, ლიეტუას ელჩი მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ამას აშუქებს მედია. გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია იმის მიხედვით ხდება, რომელმა ელჩმა რა თქვა.
გარჩევები მიდის იმაზე, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები. რომც დაინიშნოს, პარლამენტი მაინც ვერ შეიკრიბება. იმიტომ, რომ კმაყოფილი არავინ არ დარჩება და იგივე ვითარება იქნება. სასამართლო ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ამას მიენიჭება პოლიტიკური ხასიათი. ჩვეულებრივი პოლიტიკური ჩიხია, საიდანაც არანაირი გამოსავალი არ არსებობს. უმრავლესობის წევრები გამოვიდნენ და ისეთი კმაყოფილი სახეები ჰქონდათ, გეგონება რაღაცა დიდს მიაღწიეს. გასაგებია, რომ შიგნით გუნდში იყო დაპირისპირება გახარიასა და ამ გუნდს შორის.
არსებული ინფორმაციით, გახარიასა და კობახიძის გუნდს შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ მმართველ გუნდში არის კახა კალაძე და მისი გუნდიც. გახარიას წასვლა მიანიშნებს იმაზე, რომ დაპირისპირება დასრულდა თუ მისი წასვლით უფრო ღრმა კრიზისში შევიდა ქვეყანა?
– სანამ იქნება ხელისუფლების ეს მოდელი, დაპირისპირება სულ იქნება. გამორიცხულია, ამ მოდელის მიხედვით, იმ მენტალობიდან გამომდინარე და პოლიტიკური წარსულიდან და პლუსს საერთაშორისო გავლენებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოზე არსებობს, დაპირისპირება არ იყოს.
დარწმუნებული ვარ, რომ დაჯდა რამდენიმე ანალიტიკოსი, რა მნიშვნელობა აქვს „გერეუ“ იქნება, თუ „ცერეუ“, დახაზა ეს წრე, რომელშიც ვიმყოფებით. იმ სცენარში ჩაგვსვეს და იმ სქემის მიხედვით ვინგრევთ თავს. ეს არის მთელი ფილოსოფია. ამის მონაწილეა ყველა ის, ვინც ხელისუფლებაში და ოპოზიციაშია - ზოგი გაცნობიერებულად და ზოგი გაუცნობიერებლად.
თამაშგარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ. თუ ნაცები ღიად მავნებლობდნენ და ისეთი დისკრუსი მოახვიეს საზოგადოებას, რომ დღესაც ვერ გაურკვევიათ რა ცუდი იყო და რა კარგი, ამათმა გააგრძელეს უინიციატივობით, შიდა გარჩევებით, ხელისუფლებისადმი ლტოლვით და პლუს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უსირცხვილო პოლიტიკური კურკურით იმისთვის, რომ გამოეყენებინათ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვხედავთ, სადამდე მივიდა პროცესი, შეიქმნა კრიზისი და ამ კრიზისის შემქმენელები თავს იწონებენ.
გახარიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პოლიტიკური ესკალაცია ავიცილეთ თავიდანო. ანუ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდებოდა, ქვეყანა შევიდოდა კრიზისში? ამ ლოგიკაში მიყვებით გახარიას?
– ცუნცვანგია. ერთხელ რომ დაუშვებ შეცდომას, მერე შეიქმნება ისეთი კონფიგურაცია, რომ ნებისმიერი სვლა აუარესებს სიტუაციას. გადადგა, რომ განემუხტა სიტუაცია და რა მივიღეთ? – მაშინვე გამოვიდა შს სამინისტრო და თქვა, რომ გადავდეთ მელიას დაკავების ღონისძიებაო. მერე გამოვიდა მმართველი გუნდი და თქვა, რომ ჩვენ არ ვერევით სასამართლო გადაწყვეტილებაშიო. მთელი ქვეყანა გახლართულია ამ დიდი ტყუილის ხლართებში. აქეთ მხარეს გვყავს აბსოლუტურად შეშლილი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ გასულია მომსახურეობის ზონიდან და მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში იწვევენ ალერგიას. მეორე მხარეს გვყავს ეს ხელისუფლება და ვართ ასეთ დღეში.
რა გააკეთეს იმისათვის, რომ ხელი შეეწყოთ ჯანსაღი ძალების ფორმირებისთვის? გასაგებია, ეს პასუხისმგებლობა ვისზეც არის, და რა მოხდა? – მივიღეთ ეს ქაოსი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება. არსებული სისტემის შენარჩუნების პირობებში ვინმეს აქვს იმის მოლოდინი, რომ ვითარება გაუმჯობესდება? თქვენ გეკითხებით...
სამწუხაროდ არა. იმ ვითარებაში, როდესაც 1 დღეში 53 ათასი ადამიანი რეგისტრირდება, რომ ლეგალურად წავიდეს გერმანიაში სამუშაოდ, ამ ქვეყანაში უკეთესობის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს...
– ვინმეს სხვა მოლოდინი აქვს? მე ასეთი არავინ მინახია. ამდენი ხანი იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაშინ ნაცები იქნებიან და ქვეყანა გაუბედურდება. ამ დროს ყველაფერს აკეთებენ ნაცების რეანიმაციისთვის. „ქართული ოცნება“ შეიძლება რეანიმაციულ სამსახურად გადავაკეთოთ. იმდენი იმუშავეს, რომ 27% მიაღებინეს. ეს არის რეალობა.
ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში ქვეყანას ეყოლება ღირსეული პოლიტიკური ოპონენტი და ეს ახალი ევროპული ოპოზიცია ისევ „ქართული ოცნების“ გუნდიდან შეიქმნება. როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას გარშემო შეიძლება მოხდეს მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება და „ოცნების“ ოპოზიცია ისევ გახარიას სახით შეიქმნას? ცხადია ისიც, რომ გახარიას თავისი გუნდი ჰყავს პარლამენტში...
– ყველაფერი შესაძლებელია. არ ვიცი, რას აპირებს გახარია, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს და შიგნით, გუნდში მოხდეს გაყოფა და პოზიცია–ოპოზიცია იყოს პარლამენტის შიგნით. ფაქტია, რომ პარლამენტი ვერ დაკომპლექტდა და ფაქტობრივად, პარლამენტის ქმედუნარიანობა შეზღუდულია, ვინაიდან დამფუძნებელი ფუნქციები აღარ აქვს - არ შეუძლია ორგანული კანონის მიღება მიწის შესახებ, არ შეუძლია იგივე რეფერენდუმის დანიშვნა. როცა პარლამენტში არ არის ოპოზიცია, ცხადია, რომ ოპოზიციის ფუნქციები ვერ შესრულდება. ასეთი შემადგენლობის პარლამენტი არ არის ქმედითუნარიანი. იმისათვის, რომ კონსტიტუცია შეცვალო, უნდა გყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და როცა არ გყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვერ ცვლი კონსტიტუციას, რომ გაასწორო ის ხარვეზები, რომელიც კონსტიტუციაში გაქვს. ასეთი დახშული წრე მივიღეთ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის. კომედიაში ვართ.
კეთდება ასეთი შეფასება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება არ ყოფილა...
– საქართველოში სულ რთული მდგომარეობა იყო. 30 წელია პერმანენტულ კრიზისში ვიმყოფებით.
ეს ვითარება რამდენად ზრდის საგარეო რისკებს?
– რა თქმა უნდა, ზრდის. როდესაც ქვეყანა სუსტია და მას არ აქვს არანაირი პოზიცია, იმყოფება გეოპოლიტიკურ „აფსაიტში“. მსხვერპლია და თანაც იმ მმართველობის პირობებში, როდესაც ნებისმიერი ბიძგი ასეთი მმართველობის პირობებში გამოიწვევს დესტაბილიზაციას. ამის მაგალითები სახეზე გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იზრდება საგარეო რისკები. ეს სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. როდესაც რაღაცისთვის არ იბრძვი, იმას კარგავ.
ჩვენ გადაყოლილი ვართ ერთმანეთის ჭამას და აი, ამ სრულიად პოლიტიკურ პროსტიტუტკებს აქვთ დაკავებული პოლიტიკური ველი. ღიად ფინანსდება მეხუთე კოლონა – როგორც საინფორმაციო, ისე პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორი. ამის საწინააღმდეგო მოქმედებას არავინ არ ახორციელებს, იმიტომ, რომ თვითონაც იქიდან არიან ამოზრდილები. კითხვას ვსვამ, ასეთ ვითარებაში კარგს რას უნდა ელოდო? - ცხადია არაფერს.