ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მოსახლეობამ და პოლიტიკურმა სპექტრმა სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პერმიერმ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. რას ნიშნავს გახარიას განცხადება და რა სახის ზიანი შეიძლება ამით ქვეყანამ მიიღოს? გახარიამ თქვა, რომ ნიკა მელიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით მასსა და გუნდს შორის სრულიად განსხვავებული პოზიციები იყო და საკუთარ სიმართლეში პარტიის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურის რანგში ყოფნის აზრს ვეღარ დაინახა. სავარაუდოდ, გახარიამ თანამდებობასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ გახარია მოსახლეობის და „ოცნების“ ამომრჩეველში დიდი მხადაჭერით სარგებლობდა, ამიტომაც პარტიას მისი გადაწყვეტილებით ზიანი მიადგება, რაც მომდევნო თვეებში გამოჩნდება. მათი გადმოსახედიდან, თუკი გახარია გუნდში საერთო ენას ვეღარ პოულობდა, რა თქმა უნდა, მას ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ აძლევს ხელისუფლება ნიკა მელიას თემით, სრულიად დაშლილ და დეზორგანიზებულ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ გაძლიერდნენ. ახლა ყველაფერი „ოცნების“ შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, რათა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა არ დადგეს.
გიორგი გახარიამ კი გადადგომის განცხადების გაკეთებიდან რაამდენიმე საათში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკური განვითარებას. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენთ სიტუაციის დეესკალაციას“.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გახარიას გადადგომის მიზეზს გუნდში არსებულ დაპირისპირებად არ განიხილავს.
„დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, პირველად არის, რომ დისკუსია იმართება ღიად გუნდში განსხვავებული აზრის თაობაზე, ესეც ჯანმრთელი პროცესია, როდესაც პასუხისმგებლიან პარტიაში დისკუსია იმართება. რაც შეეხება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას, აღმოჩნდა, რომ იყო განსხვავებული ხედვები და ბუნებრივია, ასეთ დროს არის ლოგიკა, რომ დადგეს ის რეზულტატი, რაც დადგა.
სწორია, არასწორია, ამის შეფასებას ახლა აზრი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ აზრთა სხვადასხვაობა, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, გაჩნდა. ასე ახსნა თავად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოტივი საკუთარი გადადგომის. ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების შიგნით ვიღაცა მაინც აზროვნებს. ზაქარეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მისი წასვლით, მინიმუმ, ელექტორატს დაკარგავს, ხოლო მაქსიმუმ, ეს იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელიც არაა გამორიცხული თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვეს. ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ პრემიერმა გახარიამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ტელეფონზე არ უპასუხა. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ გახარიამ ჩათვალა, ივანიშვილი კობახიძის და მისი გუნდის გვერდით დადგა.
„როგორც ჩანს, გახარიამ 20 ივნისის მსგავსად პასუხისმგებლობა თავის თავზე აღარ აიღო. მე მგონია, თავად „ოცნების“ შიგნითაც არ იცოდნენ, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მან სავარაუდოდ, ხვალამდე დრო ითხოვა, ამის შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო. მე მგონია, რომ მან ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნა. გახარიამ ამ გადაწყვეტილებით შეძლო, რომ ქვეყანაში ესკალაცია და დაპირისპირება თავიდან აცილებული ყოფილიყო. მან ქართული სახელმწიფოებრივობა გადაარჩინა. ჩვენს თვალწინ სახელმწიფოს გადატრიალება მოხდა და პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. გახარიას მიმართ გარკვეული სიმპათიები მქონდა. „ქართულმა ოცნებამ“ ახლა ის გააკეთა, რომ დაშლილი, უაზრო და უორიენტაციო ოპოზიცია გააძლიერა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეკრა. ამიტომ, უკვე, დამარხული და თითქმის ჩაძირული ვადამდელი არჩევნების იდეა ისევ გააცოცხლეს. თუ ქართულმა საზოგადოებამ ერთი ღრმად ამოისუნთქა, მაშინ ეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას აღარ წაადგება, მით უმეტეს ქვეყანა ყველაზე მეტად დაზიანდება. თუ ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ეს შეძლო, მაშინ სიტუაცია სრულიად სხვანაირად განვითარდება“, - აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ხანია, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ გახარიას გუნდში სიტუაცია რთულად ჰქონდა და ეს დაპირისპირება არსებობდა. ამიტომ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მან გაშვებას საკუთარი ნებით წასვლა ამჯობინა, თანაც ისე, რომ ხმაური ყოფილიყო. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე „ოცნების“ შეცდომით ოპოზიცია სარგებლობს, რომელმაც ეს რაუნდი პირწმინდად მოიგო, ხოლო ეს მოგება თავად ხელისუფლებამ მისცა. მისი აზრით, თუკი ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით, მით უმეტეს პრემიერის მხრიდან ერთიანი აზრი არ არსებობდა, გუნდს ეს გადაწყვეტილება დროებით მაინც უნდა გადაედო. ასევე, ხელისუფლებას მაქსიმალურად დასავლეთთან უნდა ემუშავა, რომ მელიას დაკავებას მსგავსი განცხადებები არ მოჰყოლოდა, რასაც ახლა ვისმენთ.
„რა თქმა უნდა, გახარიას წასვლა საკმაოდ მოულოდნელი და მძიმე დარტყმაა, რომელიც „ოცნებას“ აზიანებს. დღეის მონაცემებით, გახარიას წასვლით ოპოზიციაა მოგებული და ამას ფაქტია გამოიყენებს კიდევაც. სამწუხაროა, რომ თუკი გუნდის შიგნით არ არსებობდა ამ საკითხზე ერთიანი მოსაზრება, გუნდს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ერთია მელიას დაკავება სამართლებრივად რამდენად სწორია და მეორე - პოლიტიკურად ეს როგორ არის გამართლებული.
სამწუხაროა ისიც, რომ აღმოჩნდა, ხელისუფლებას მელიას დაკავებაზე დასავლეთთან სათანადოდ არ უმუშავია. პარტნიორი ქვეყნების განცხადებებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მელიას დაკავებით, უკვე მეორე თემა ირთვება და მაშინვე პოლიტიკური კონტექსტი ეძლევა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ყველაფრით გაძლიერებული უნდა ყოფილიყო. მეგონა, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს საკითხი ყველა მიმართულებით გავლილი ექნებოდათ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა ნულის ტოლია, მაშინ სხვა მიმართულებებით გამაგრება სჭირდება, როგორი კანონიერიც არ უნდა იყოს ის. ძაბირაძე ამბობს, რომ ღმერთმა არ ქნას, რომ ქვეყანა ესკალაციამდე მივიდეს, რადგანაც ამას ვერ გაუძლებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლა ყველაფერი ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება გახარიას ქმედებას, მისი აზრით, ის მაინც მარტო მოთამაშეა, ამიტომაც მარტო აღებულს პოლიტიკაში ფეხის მოკიდება გაუჭირდება. ის არ არის იმ დონის პოლიტკური კაპიტალის მატარებული, რომ ქვეყანაში რაიმე ახალი ძალთა ბალანსი შექმნას და ახალ მოთამაშედ დაბრუნდეს.
„ელექტოლარული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული ოპოზიცია ჩანს და არა „ქართული ოცნება“, მაგრამ პროცესი ახლა დაიწყო. მთავრობის ფორმირება წინა გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება, ამას ძალიან გადამწყვეტი მნიშვენლობა ექნება. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნიკა მელიასთან დაკავშირებით საბოლოოდ რა პოზიციას დაიკავებენ. ის, რომ დღეს „ოცნების“ მხარდამჭერები გულგატეხილები იქნებიან, ფაქტია, რადგან გახარიას წასვლა ძალიან მოულოდნელი იყო. დაკარგავს თუ არა „ოცნება“ ამომრჩეველს, ამას ბევრი ფაქტი განსაზღვრავს“,-აცხადებს for.ge-სთან ძაბირაძე.
ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს. თუმცა ეს ზიანი როგორი და რა ხარისხის იქნება, ახლო მომავალში გამოჩნდება. ბოძაშვილი აცხადებს, რომ „ოცნებაში“ განსაკუთრებული ელექტორალური მხარდაჭერით სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია, რომელიც სიის პირველი ნომერი იყო. ამიტომაც ზიანი იქნება, მაგრამ როგორი ხარისხის, მომავალში უკვე „ოცნებაზეც“ იქნება დამოკიდებული.
„პოლიტიკურ ძალებში გარკვეული ჯგუფები ან ძლიერდებიან ან სუსტდებიან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი პარტიაში იყო დამბალანსებელი ძალა, რომელიც ამ ჯგუფებს გარკვეულწილად აკავებდა. თუმცა მის წასვლის შემდეგ, უკვე ლოგიკური იყო, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. „ოცნებას“ რა სახის ზიანი მიადგა, მომდევნო დღეებში, კვირეებში და თვეებში გამოჩნდება. ეს დამოკიდებულია თავად „ქართულ ოცნებაზე“. გუნდის ერთიანობის თვალსაზრისით, ეს ფატქორი პარტიისთვის სასიამოვნო არ არის, მით უმეტეს ახალი პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა და ჯერ უნდა დაველოდოთ მისი სამოქმედო ნაბიჯები რა იქნება. უბრალოდ, მე როგორც კონსტიტუციონალისტი, ვიტყვი, რომ კანონის აღსრულება ქვეყნის მთავარი მიზანი უნდა იყოს. არ გამოვა ისე, რომ ვიღაცას სამართლებრივად პასუხი ვაგებინოთ და ვიღაცას არა, რადგან ამას პოლიტიკური კონტექსტი არ მიეცეს“, - აცახდებს ლევან ბოძაშვილი for.ge-სთან.