მოძალადე პოლიციელების ნაცვლად საბრალდებო სკამზე ძმები სოზაშვილები სხედან

მოძალადე პოლიციელების ნაცვლად საბრალდებო სკამზე ძმები სოზაშვილები სხედან

სკანდალურ საქმეს, რომელშიც ბრალდებულის სკამზე პოლიციელების ნაცვლად ძმები სოზაშვილები სხედან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ეს ის მოსამართლეა, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ბარათელს 27-წლიანი განაჩენი, რომ გამოუტანა. სოზაშვილების უფლებებს იცავენ: ია გაბედავა, თამაზ გურაშვილი და გაგი მოსიაშვილი. 

ძმებ სოზაშვილებს ბრალად ედებათ პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევა - მათ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით ასამართლებენ.

ორშაბათს, 18 თებერვალს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  განახლდება სოზაშვილების საქმის განხილვა, რომელიც 5 თებერვალს დაიწყო. პროცესს for.ge ესწრებოდა. საქმის განხილვის გაგრძელებას 18 თებერვალსაც დავესწრებით და მკითხველს სასამართლო სხდომიდან სიახლეებს ვაცნობებთ.

ძმები სოზაშვილების საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია. ყველაზე დასამახსოვრებელი ისაა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით პოლიციელების დახეული ქურთუკები დევს, მაშინ, როცა სოზაშვილების დაკავებისას პოლიციელებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და ძმებს ისე სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხეს.

ძმებ სოზაშვილების საქმეში დაზარალებულად ცნობილი არიან პოლიციელები - იოსებ ბაიაძე და იოსებ სალთხუციშვილი, მაშინ, როცა რეალურად პოლიციელებმა ძმები სოზაშვილები დააზარალეს- სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს.

გიორგი სოზაშვილი ექიმი-სტომატოლოგია, მისი უმცროსი ძმა ლაშა - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი.

ძმები სოზაშვილების უდანაშაულობის დასამტკიცებლად მათი დაცვის მხარემ დაკავების ადგილზე ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შუამდგომლობა დააყენა, მაგრამ მოსამართლემ ადგილზე თათბირით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ შუამდგომლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

18 თებერვალს დანიშნულ პროცესზე ე.წ. დაზარალებული პოლიციელები და ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.

პოლიციისთვის „წინააღმდეგობის გაწევის“ რეალური ისტორია ასეთია:

2012 წლის 2 დეკემბერს ღამის სამი საათი ხდებოდა, როცა თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩების კვეთაზე ძმებ სოზაშვილებს პოლიციელები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს ძმები სოზაშვილები მშობლების სახლიდან მანქანით საკუთარი სახლისკენ მიემართებოდნენ. როგორც ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ძმებ სოზაშვილებზე თავდასხმის მიზეზი სიგნალი, იგივე საყვირი გახდა - სოზაშვილების მანქანის წინ მდგარ მანქანას დაუსიგნალეს, იმის ნიშნად, რომ გაეტარებინათ.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები (პოლიციელები) გადმოხტნენ - ეს როგორ გაგვიბედეთო?! ძმებ სოზაშვილებთან მივიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ სალთხუციშვილი და ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ ბაიაძე ცრუობენ - თავიანთ ჩვენებაში განმარტავენ , რომ მათ პოლიციის ფორმა ეცვათ და ფეხით გადაადგილდებოდნენ.

ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ სალთხუციშვილი ჩვენებაში წერს, რომ ის და მისი მეგობარი ბაიაძე ღამის სამი სრულდებოდა, როცა კალაუბნის და თრიალეთის ქუჩის გადაკვეთაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც გაჩერებული ავტომანქანიდან ჩხუბი მოესმათ. ისინი ვითარებაში გასარკვევად თურმე მანქანას მიუახლოდვნენ, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ძმები სოზაშვილები ჩხუბობდნენ და სამართალდამცავებმა დახმარება შესთავაზეს, რა დროსაც სოზაშვილებმა თურმე პოლიციელებს „შეუკურთხეს“ და თავი დაგვანებეთო უთხრეს. ეს არის დაზარალებულების „სიმართლე“.

შეგახსენებთ, რომ ეს საქმე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გიორგი მიქიაშვილის საქმეს, რომელიც მეგობართან ერთად 2005 წლის 29 ოქტომბრის ღამეს დააკავეს, სასტიკად სცემეს და პოლიციისთის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიქიაშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2006-ის მაისში მიმართა და სამართალი გვიან, მაგრამ მაინც იპოვა - სტრასბურგის სასამართლომ მიქიაშვილის საქმეზე გადაწყვეტლება 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოიტანა, რის საფუძველზეც მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე თვეში ძიება დაიწყო. მიქიაშვილი მისი ცემა-წამების საქმეზე მთავარ პროკურატურაში 15 თებერვალს დაკითხეს.

თუ ძმები სოზაშვილების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ისინი სტრასბურგის გზას გაუდგებიან და მზად არიან სამართალი გვიან მაგრამ მაინც იპოვნონ!