„ყველა კონკრეტულ ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაგირება, მით უმეტეს, შეშისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის მომარაგებაზე, თუ ეს იქნება პროვოკაციისთვის გამოყენებული“

„ყველა კონკრეტულ ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაგირება, მით უმეტეს, შეშისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის მომარაგებაზე, თუ ეს იქნება პროვოკაციისთვის გამოყენებული“

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატებმა მოსამართლის მიერ განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე, სასამართლო დარბაზი დატოვეს.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

„სასამართლომ დაადგინა პროკურორ ირაკლი შოთაძის შუამდგლომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. ბრალდებულ ნიკა მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. განჩინების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის 200-ე მუხლის მეხუთე მეშვიდე ნაწილში პირდაპირ არის გაწერილი, რომ თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული არის გირაო და დაირღვა, დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. დარღვევაში იგულისხმება გირაოს თანხის არგადახდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულმა დაარღვია აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობები. ბრალდებული ინფორმირებული იყო სამართლებრივი შედეგების თაობაზე, საჯაროდ გამოსვლისას აცხადებდა, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გადაიხდის გირაოს თანხას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. დასაბუთებული განჩინება ჩაბარდება მხარეებს“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა. ის საკუთარი განაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან გაეცნო. მასთან ერთად კი, ოპოზიციური ფრთა და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რომლებიც შეშით და სხვადასხვა ატრიბუტებით იყვნენ მომარაგებულნი.

სასამართლო გადაწყვეტილებას for.ge-თან უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე აფასებს. როგორც პარლამენტის წევრი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მმართველი გუნდის სურვილი ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას არაერთი შანსი და შესაძლებლობა მიეცა, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ მომხდარიყო.

ნიკა მელიას მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მოსამართლის გადაწყვეტილება?

- დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ საქმის განვითარება თავიდან ბოლომდე ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, არამარტო ჩვენ, ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები კანონს ვემორჩილებით. ათასობით ადამიანი იხდის ჯარიმას, გირაოს და ასობით ადამიანი სამაჯურს ატარებს. კანონის არდამორჩილება არც ნიკა მელიას ეპატიება, არც ნოდარ ტურძელაძეს და არც საქართველოს სხვა მოქალაქეს, იმიტომ რომ მაშინ მივიღებთ ანარქიას და შესაბამისად, უკონტროლო სიტუაციას. ადამიანების იმის წახალისებას მივცემთ, რომ სხვადასხვა ტიპის დანაშაული ჩაიდინონ, რადგან დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება. სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი, ტელევიზიით არ მიდევნებია სასამართლო პროცესისთვის თვალი.

ოპოზიცია მობილიზებულია, ხოლო ადვოკატებმა სასამართლო პროცესი მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დატოვეს სასამართლო...

- ეს იყო დესტრუქციული ქმედება და კანონის მიმართ ძირის გამოთხრა. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარების განცხადება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა და დესტრუქციული ქმედებები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრათ შეფასდა. როდესაც კანონს არ ემორჩილები, საჯაროდ გამოდიხარ და ამბობ, რომ კანონს არ დავემორჩილები, არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამიჭერთ, ეს არასწორი მიდგომაა. ქვეყანაში კანონი არ მაინტერესებს, საქმე იქნება ისე და ვერც ვერაფერს ვერ მიზამს უწყებები, იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ უწყებას პატივს არ ვცემო. დაახლოებით ასე თარგმნა მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, ის რაზეც საუბრობდა მელია.

ორი დღეა ნიკა მელია კახეთის გზატკეცილზე „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში იმყოფება. კი ამბობს, რომ არ ჩავბარდებიო, მაგრამ თქვენი აზრით, ის პოზიციას შეიცვლის და ჩაბარდება სამართალდამცველებს?

- რას იზამს მელია, არ ვიცი, მაგრამ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში არსებობს კანონი და კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს და არ იყოს ანარქია. მელია რას იზამს, ამის პროგნოზირება გამიჭირდება.

სასამართლო პროცესის პარალელულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ოპოზიციამ შენობაში მოიმარაგეს შეშა და სხვადასხვა ატრიბუტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია პროვოკაციისთვის ემზადება?

- დესტრუქციული ძალებისგან ეს არაერთხელ გვინახავს. ამ პერიოდში მათ აქვთ სურვილი ისეთი დესტრუქციული ქმედებებით, კანონის ფარგლებიდან გასვლით მიიღონ სხვადასხვა გადაწყვეტილებები. პროგნოზირება რას და როგორ იზამენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ სახელმწიფოს ძლიერი ინსტიტუტები ჰყავს და შესაბამისად, არ დაუშვებენ კანონის დარღვევას. ყველა კონკრეტულ ქმედებაზე იქნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება, მით უმეტეს, ასეთი ტიპის კანონდარღვევაზე, როგორიც არის შეშისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის მომარაგება, თუ ეს იქნება მათი მხრიდან პროვოკაციისთვის გამოყენებული, შესაბამისად, ამაზეც იქნება შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი პასუხი.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო, ეს იქნება იმისთვის გაკეთებული, რომ მათ ნიკა მელია „გადამალონ“?

- რაც უფრო მეტ უკანონობას ჩაიდენს ნებისმიერი დესტრუქციული ძალა, მით უფრო დაამძიმებენ თავიან სიტუაციას. ვის სად „გადამალავენ“, რას გამოიყენებენ, ამაზე დარწმუნებული ვარ, მუშაობს შესაბამისი უწყებები და მათ შესაბამისი ინფორმაციები ექნებათ.

ასევე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმს ამზადებდა ნიკა მელიას დასაკავებლად. ამას მოჰყვა ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები. მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში შევა, ეს იქნება 26 მაისის მოვლენაზე უარესიო...

- სიმართლე გითხრათ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მხრიდან გასაკვირი ის უფრო იყო, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ თავად რუსეთში იმყოფებოდა. არა გავრილოვს, არამედ უფრო მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს დაკავებული ჰყავდათ. როგორ შეიძლება ამ ადამიანისგან ეს ნათქვამი რამე ლოგიკაში ჩავსვათ?! საზოგადოებამ ნინო ბურჯანაძის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით იცის. ახლა კი, ის გვერდში უდგას ადამიანს, რომელმაც კანონი დაარღვია და განაცხადა, რომ არ დავემორჩილები კანონს და ვერც ვერაფერს მიზამთო. ახლა კი ბურჯანაძე აპელირებს და ამბობს, რომ ნიკა მელია გავრილოვის პატიმარიაო - სასაცილოა და პარადოქსია ასეთი ხალხის მიერ გაკეთებული განცხადებები.

რაც შეეხება ბურჯანაძის შედარებებს, საზოგადოებას ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს და ძალიან კარგად იციან 26 მაისს რაც ხდებოდა და რა ხდება დღევანდელ დღეს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში, სამართალდამცავი სტრუქტურები იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერისთვის.

ბურჯანაძის პარალელულად, ყოფილი შსს-ს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა: „მე რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის დღესვე დავიჭერდი“. მის განცხადებას რა პასუხს გასცემდით?

- ჩვენ კარგად გვახსოვს მისი შსს-ს მინისტრობა და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ისინი ერთ დღეში კიარა, ერთ წამში იღებდნენ გადაწყვეტილებას. პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო უწყება, ეს იქნებოდა პარლამენტი, თუ სხვადასხვა სამინისტროები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ისინი რა სპექტაკლებს დგამდნენ, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ მათ ინტერესებს და არა სახელმწიფოს ინტერესებს. ახლა ისიც პარადოქსია, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლებაზე, რომელიც მაქსიმალურად ლმობიერია. ჩვენი ინტერესი ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა. ჩვენი ინტერესი იყო, რომ საქმის წარმოება დასრულებულიყო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქმე ეხებოდა გირაოს გადახდას, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება დამძიმდა. აქედან გამომდინარე, ნიკა მელიას არაერთი შანსი და შესაძლებლობა მიეცა, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ მომხდარიყო. საკითხი სამართლებრივ ჭრილში იქამდე მიდიოდა, ვიდრე სასამართლო განაჩენს გამოიტანდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რა ქმედებებს მიმართავს და თვლით, რომ მან მელია გაწირა?

- ერთი, რაც ჩანს არის ის, რომ უკრაინიდან მან რამდენიმე დირექტივა გააკეთა. ახლა კონკრეტული ტელევიზიები და ოპოზიციური ძალები მისი დირექტივებით იმოქმედებენ. არაფერია წარმოუდგენელი პრეზიდენტისგან, რომლის მმართველობის პერიოდშიც, ყველამ ვიცით, ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაში იყო. პირადად ჩემთვის, ერთი ქართველისთვის, დეპუტატის მანდატს თავი რომ დავანებოთ, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, უნდა, რომ ინსტიტუტები ინსტიტუტობდნენ, უნდა, რომ კანონი კანონობდეს. აღარ მინდა დაძაბული სიტუაცია იყოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აფერხებს, რადგან დესტრუქციული მიდგომები ჩვენი ინვესტორებისთვის მიუღებელია. გარედან თავისი დესტრუქციული ქმედებებით გვიშლიან ხელს. ეს არის მათი ნარატივი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და პატივცემული ოპოზიციის ფრთის. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ყველა ერთიანი ძალებით, ჩვენ წილ აგურს ვდებთ ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, განვითარებისთვის. სამწუხაროდ კი, ყოველდღიურად ვიღებთ ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს.