უხარისხო და უვარგის საკვებზე კონტროლი ერთიორად მკაცრდება

უხარისხო და უვარგის საკვებზე კონტროლი ერთიორად მკაცრდება

დაავადებული ცხენები, კარტოფილები და სხვა უვარგისი საკვები შორს სავაჭრო ობიექტებისგან! ამგვარი პათოსით შეუდგა ცალკერძ სურსათის ეროვნული სააგენტო და ცალკერძ შემოსავლების სამსახური მუშაობას. აქედან, პირველი სავაჭრო ობიექტებს ამოწმებს, მეორე კი - საბაჟო-გამშვებ პუნქტებს.

ცხენის ხორცისა და დაავადებული კარტოფილის აღმოჩენის შემდეგ სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი მიმდინარეობს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ განაცხადა, სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი პერმანენტულად ხდება, რათა არ მოხდეს დაავადებული პროდუქციის რეალიზაცია.

„მონიტორინგი გრძელდება და წარმოებს როგორც ბაზრებში, ასევე სასურსათო მაღაზიებში და ყველა იმ ადგილებში, სადაც სასურსათო პროდუქციით ვაჭრობა მიმდინარეობს. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ 5 ტონა ცხენის ხორცი დავაკავეთ, მანამდე კიდევ, რამდენიმე შემთხვევა იყო და ქსელიდან ცხენის ხორცი ამოვიღეთ“, - აცხადებს ქურდოვანიძე.

„ცხენის ხორცის რეალიზაცია კანონმდებლობით აკრძალული არ არის, უბრალოდ, მას უნდა ეწეროს, რომ ცხენის ხორცია და მომხმარებელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ასევე, პირუტყვი დაკლული უნდა იყოს სასაკლაოზე და ჩატარებული ჰქონდეს აცრები, რადგანაც ცხენს აქვს ისეთი დაავადებები რაც ადამიანზე გადადის და საშიშია. 

საქართველოში დღეს ცხენს არავინ კლავს თუ ის არ არის ჯაგლაგი, ავადმყოფი, დამხვრჩვალი ან მოპარული. აქ არის დიდი რისკი იმისა, რომ ცხენის ხორცი არის დაავადებული.  ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ოჯახიდან ამოღებული ხორცი იყო დაავადებული.

5 ტონა ცხენის ხორცის ამოღების შემდეგ იყო ერთი შემთხვევა, თუმცა არა ბაზარში, როდესაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ისევ დაავადებული ცხენის ხორცი ამოიღო. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარშიც აპარებდნენ. სამწუხაროდ, ცხენისა და ძროხის ხორცის გარჩევა თვით ვეტერინარსაც კი უჭირს თუ ძვალი არ ნახა”, - აღნიშნა სააგენტო „ჯიეიჩენთან“ საუბარში ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა 300-დან 1000-ლარამდე მერყეობს.

თუკი სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ქსელების კონტროლს შეუდგა, შემოსავლების სამსახური, საბაჟო პუნქტებზე ამკაცრებს პირობებს. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ხატია მოისწრაფიშვილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ „საქართველოს სავაჭრო ქსელში საქართველოს საბაჟო პუნქტების გავლით დაავადებული პროდუქტი ვერ მოხვდება!“

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მკაცრ კონტროლს აწარმოებს. თუ პროდუქტი ხარისხს ვერ აკმაყოფილებს და საკარანტინო მავნებლობა აღენიშნება, იგი განადგურებას ან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება.

როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახური მთელი დატვირთვით ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, რომლებიც ითვალისწინებს პრევენციულ ღონისძიებებსაც, რაც ევროკავშირის მონიტორინგის პროგრამითაა დამტკიცებული და მას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან შემოსული ყველა საეჭვო პროდუქტი.