ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ ქართულმა პოლიტიკამ ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღო და წინა კვირა შედარებითი სიმშვიდით გამოირჩეოდა. ჩემი „საყვარელი გმირი“ მიხეილ სააკაშვილი „აქტიურობას“ კვლავ აგრძელებდა და ქვეყნის მოსახლეობას თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ადგილებიდან ევლინებოდა. ინციდენტს ვერც ბატონი მიხეილი გადაურჩა და მისი კორტეჟის ერთ-ერთ მანქანას კვერცხები დაუშინეს. „უმცირესობის“ აქტიური წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ბიბლიოთეკასთან გასილაქების შემდეგ საკუთარ სახლში მკურნალობდა და ახალ ამპლუაში ყოფნა ძალიან შეირგო. „დაჩაგრულ“ მანდილოსანთან სხვადასხვა ქვეყნების ელჩები სტუმრობდნენ და ჩიორაც საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე გულმხურვალე ლექციებს კითხულობდა.
დღევანდელ წერილში პოლიტიკით თავს არ მოგაბეზრებთ და ქართველი ხელოვანების მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.
ჩვენი პირველი სტუმარი ცნობილი სპორტსმენი, მსახიობი და პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი იქნება. კინოში ბატონი სოსოს დებიუტი ფილმში „ნატვრის ხე“ შესდგა, სადაც გედიას როლი შეასრულა. იმ პერიოდს ჯაჭვლიანი შემდეგნაირად იხსენებს.
„დავიბადე და გავიზარდე მესტიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვედი. ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ კინოგადაღება მექცა პირველ დღესასწაულად. დაუვიწყარი გედიას როლი იყო ჩემი დებიუტი კინოში.
წარმოიდგინეთ, როგორ განწყობაზე ვიქნებოდი „გუშინდელი ბავშვი“, რომელიც მიიწვიეს გადაღებაზე ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც გახლდათ რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეროსი... ლეგენდარული სესილია და კახი კავსაძე. სიღნაღში ვიღებთ რამდენიმე ეპიზოდს. ყოველ შესვენებისას რაიკომის სასადილოში ვსადილობდით.
მეორე სადილობაზე შევამჩნიე, რომ კახელი, ტალიკ-ტალიკი ბიჭების ზედახორა იყო სასადილოს კარებთან. მიხარია, მიყურებენ მე - კინომსახიობს, მაშასადამე, უკვე პოპულარული ვარ... მოვრჩი სადილს, მივუახლოვდი კარებს. რაღაცა ხომ უნდა ვუთხრა, ჩემით რომ ამაყობენ.
- გიყვარვართ ჭინკებო? - შევეხუმრე.
- მაშა! - მერე, ერთი, შედარებით გაბედული წინ გამოვიდა:
- ძია, აი ამასა - მანიშნა მეორეზე - სანაძლეო დავუდე, რომ შენა ისა ხარ.
- ისა ვარ, მაშ! - მიხარია.
- აი, ხო გითხარ ჯოო - მოგიგე! - გადახედა ამხანაგს „გაბედულმა“. ეს ის არის, 12 პორცია შნიცელს რო ჭამს ერთ ჯერზე, სამ ქილა მაწონს რო აყოლებს და მაინც ვერა ძღება...
შემომეყარა გულზე. რაღას ვიზამდი? - უკან აღარ დავიხიე:
- კი, მე ვარ... შენ მოგებული ხარ, მაინც, რაზე დანაძლევდით?
- ერთ პორცია შნიცელს მიყიდის ეგა - მიმანიშნა ნიძლავწაგებულზე“.
ბატონი სოსოს შემდეგ სიტყვას მსახიობ სოსო ლაღიძეს გადავცემ, რომელიც იპოლიტე ხვიჩიას გაიხსენებს.
„ქუთაისში, თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ეთამაშება. მატჩისადმი ინტერესი უსაზღვროა. იპოლიტე ხვიჩია მაშინ ქუთისის თეატრში მოღვაწეობდა და მაინცდამაინც იმ დღეს აქვს სპექტაკლი დღის თორმეტ საათზე. თამაში ორ საათზე იწყება. რა ქნას ახლა იპომ? თეატრის ადმინისტრაციას ვერ გაანაწყენებს, არადა ფეხბურთს რომ არ დაესწროს, ხომ წავწყდით. იპოლიტე რის იპოლიტე იყო, რომ რაიმე ვერ მოეფიქრებინა. მოიფიქრა კიდევაც და მთელ დასს უთხრა - ჩქარა ვითამაშოთ რაც შეიძლება, იქნებ მოვასწროთო. ყველამ მხარი დაუჭირა და მიდის სპექტაკლი უჩქარეს ტემპში (მუნჯურ, ძველ კინოებში რომ არის, ისე).
თეატრში ერთი სტაჟიორი მსახიობი ჰყავდათ, რომელსაც წარმოდგენის ბოლოს ორადორი სიტყვა უნდა ეთქვა სცენაზე შემოვარდნილს: „გახვალ, თუ გაგიყვანო“! იმ სტაჟიორმა თავისი შემოსვლის ზუსტი დრო იცოდა და მანამდე თავისი საქმეებით იყო გართული.
აი, დადგა ამ მსახიობის შემოსვლის დროც და შემოვარდა კიდევაც ფრაზით: „გახვალ, თუ - გაგიყვანო“! და რას ხედავს... მუშები უკვე დეკორაციებს შლიან. იპო კი გაფაციცებით ეძებდა თავის სკამს სტადიონზე, ხუმრობა ხომ არ იყო: „დინამო“ – „ტორპედო!...“
ვისაც „ბურთი და მოედანი“ უნახავს, იპოლიტეს ეს საქციელი არ გაუკვირდება. ბატონი იპოლიტეს შემდეგ ესტაფეტას ქალბატონ მედეა ჩახავასთან გადავალ.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჩახავა საოცრად აზარტული პიროვნება გახლდათ. ხშირად ქალბატონ ვერა წიგნაძესთან ერთად ჭადრაკი გვიან ღამემდე უთამაშია და როგორც თავად იხსენებდა, ლამის გათენებამდე შეუხლიათ ერთმანეთისთვის თავები.
„ერთხელ, ვერასთან ვიყავი. ღამის სამ საათზე, როგორც იყო, დავამთავრეთ ჭადრაკის თამაში და სახლში წასვლა გადავწყვიტე. მაშინ მანქანა არ მყავდა. გამოვედი გვიან ღამით ქუჩაში და დავინახე, მარჯანიშვილის მოედანზე ორი მილიციონერი დგას. ვერა იქ ცხოვრობს - მეხუთე სართულზე და ზემოდან მიყურებს, რომ არ შემეშინდეს. მივედი იმ მილიციონერებთან და ვთხოვე, იქნება მანქანა გამიჩეროთ, უფრო იმედიანად ჩავჯდები-მეთქი. „კი, მაგრამ სად ყოფილხართ ასე გვიან?“ მეკითხება ერთი მილიციონერი. „სტუმრად ვიყავი-მეთქი“, - ვუპასუხე. „ასე გვიან სად იყავი სტუმრად, მარტო რომ ხარო? - აგრძელებს დაკითხვას. „ეს ჩემი საქმეა, თქვენ თუ შეგიძლიათ, მანქანა გამიჩერეთ-მეთქი“. მაინც არ ჩერდება: „ასე გვიან რატომ გამოხვედიო?“ „გაჩერდი, კაცო, ვერ იცანი?“ - იდაყვი გაჰკრა მეორე მილიციონერმა, უფრო ახალგაზრდამ. „როგორ არ ვიცანი, ვიცანი“, - ისე თქვა, მივხვდი, ვერ მიცნო. „აბა, თუ მიცანი, მითხარი, ვინ ვარ-მეთქი“, - ჩავეკითხე. „გიცანი, გიცანიო“ - ისევ გაიმეორა. ჰოდა, მითხარი, ვინ ვარ-მეთქი. „ვინ ხარ და ნონა გაფრინდაშვილიო“...
საიდან მიხვდა, ჭადრაკს რომ ვთამაშობდით - ვერ გეტყვით, მაგრამ ამის გამო იმ მილიციონერის ღირსებამ ჩემს თვალში აიწია... ნონას რომ ვუთხარი ეს ამბავი, ბევრი იცინა...“
დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი ქალბატონი სესილია თაყაიშვილი იქნება. ეს ბუმბერაზი მსახიობი არაერთხელ გამიხსენებია და მას მომავალშიც ხშირად დავუბრუნდები.
სესილია თაყაიშვილის ეკრანული გმირების, განსაკუთრებით ოლღა ბებიას ბედს მსახიობის ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ. თავად ქალბატონი სესილია იხსენებდა:
„ოლღა ბებიამ - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ მომსპო და გამაწამა. გახსოვთ, ალბათ, ვკვდები იქ... ფუი ეშმაკს! მე კი არა, ოლღა ბებია კვდება. ჰოდა, რამდენჯერაც უყურებენ ამ ფილმს შვილიშვილები, იმდენჯერ ტირიან. ვეუბნები: თქვე დალოცვილებო, შემომხედეთ, აგერ არ ვარ ცოცხალი-მეთქი?! მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ! ვინ იცის, რამდენჯერ დამიტირეს ეს ცოცხალი ადამიანი?! მაინც რა მიყო ნოდარ დუმბაძემ?! ვითომ რა იქნებოდა, არ მოეკლა ის კეთილი ქალი?! თუმცა, მაგას რა ენაღვლება: რაღაც თვენახევარში დაწერა თურმე რომანი და მორჩა, მე კი აგერ ორმოცდაათი წელია ვკვდები და ვკვდები! როგორი საქმეა?“
სესილია თაყაიშვილი და მისი ოლღა ბებია მაყურებლის ხსოვნაში დღემდე ცოცხალია, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ამ სტრიქონების წარმოქმნიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში (1984 წლის 22 მაისს) 78 წლის ასაკში, დაახლოებით ისე გარდაიცვალა, როგორც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მისი გმირი კვდება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ზურიკელას როლის შემსრულებელმა, სერგო ორჯონიკიძემ აიყვანა საოპერაციოში. ბოლო წუთებში მასთან სწორედ ზურიკელა იყო.