„ეს სპეცრაზმი იმათი გაზრდილია, ვინც დღეს ოფისში გამაგრებას აპირებს, თავის დროზე, მათ სხვის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ ახლა სხვა გამოიყენებს მათ წინააღმდეგ“

„ეს სპეცრაზმი იმათი გაზრდილია, ვინც დღეს ოფისში გამაგრებას აპირებს, თავის დროზე, მათ სხვის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ ახლა სხვა გამოიყენებს მათ წინააღმდეგ“

სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მიიღო. ამას წინ უძღოდა 16 თებერვალის პარლამენტის პლენარულ სხდომა, სადაც მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა.

ნიკა მელიას საქმეთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

თქვენ, პირადად ელოდებოდით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას?

- მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, დიდი იყო და ეს მოლოდინი გამართლდა. ასეთი მოლოდინი იყო ოპოზიციურ ფლანგზეც და სწორედ ამიტომ შეიკრიბა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მოსამართლის გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, არსებობს გასაჩივრების ვარიანტი და ოპოზიცია, ალბათ, ამ გასაჩივრებას გამოიყენებს.

ძალიან რთულია გაგება, ოპოზიცია რას გულისხმობს ფრაზაში, - „არ გავატანთ.“- თუ მელია იძახდა: „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი იფიცება: „წინააღმდეგობას არ გავუწევთ, თან არ გავატანთ“. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და განაცხადოს რისი განვითარების პერსპექტივა აქვს.

ის, რაც დღეს ხდება, ეს არის დაუმორჩილობა. თუ ოპოზიცია გადადის დაუმორჩილებლობის რეჟიმში, მაშინ ღიად უნდა თქვას, რომ სხვა დანარჩენი არაფერ შუაში არ არის. აქვთ ამის რესურსი და იწყებენ, თუმცა, არ ველოდები, რომ ძალიან დიდი გართულება მოჰყვება ამ ამბავს. რაღაც ეტაპზე იქნება ცოტა უფრო მწვავე ვითარება, ვგულისხმობ ქვეყნის შიგნით, თუმცა, პროცესი წავა ჩვეულებრივად.

რამდენად გამწვავდება სიტუაცია ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. ვგულისხმობ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება როგორ მოხდება. ეს იქნება დემონსტრაციულად, ძალის ჩვენებით, როგორც ეს იყო 2008 წლის ნოემბერში, თუ ეს მოხდება უფრო ცივილური ფორმით.

როგორ ფიქრობთ, რომელ გზას აირჩევს ხელისუფლება?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა სურს ხელისუფლებას, რომ აქედან მიიღოს. თუ ხელისუფლებას უნდა აჩვენოს ძალის დემონსტრირება, მაშინ იმ გზას აირჩევს, რაც ქართულ სინამდვილეში ძალიან გამოცდილი და ნაცადია. თუ ხელისუფლებას მართლა აღსრულება უნდა და არა ძალის დემონსტრირება, ალბათ, მაშინ სხვა გზები მოიძებნება.

ვიცით, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, მათ შორის ნიკა მელიაც, გამაგრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. რისი თქმა სურთ ოპოზიციონერ ლიდერებს ამით?

- ოპოზიციამ ძალიან მარტივად თქვა, რომ „არ გავატანთ მელიას!“ ანუ არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის აღსრულებას გაუწევენ წინააღმდეგობას. ერთი ნაწილი ამბობს, რომ წინააღმდეგობას არ გაუწევენ, მეორე ნაწილი კი „თუ დაგვარტყამენ, დავარტყამთ!“

თქვენ თქვით, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯები არის დაუმორჩილებლობა. ელოდებით ვითარების დაძაბვას?

- ოპოზიციას რაც შეუძლია, ეს საპროტესტო ტალღის აგორებაა, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ეს გამორიცხულია. სხვა რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ? - მათ დიდი არჩევანი არ აქვთ. არჩევანი აქვს ხელისუფლებას. დროც შეუძლია გაჭიმოს, შეცვალოს, გადააჯგუფოს, სპეცრაზმი გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს. ხელისუფლებას გაცილებით მეტი მანევრირების საშუალება აქვს, ვიდრე ოპოზიციას.

დაუმორჩილებლობამ რომ იმუშაოს, ამას უნდა აჰყვეს ქვეყნის სოლიდური ნაწილი, ამას სჭირდება მძლავრი საპროტესტო ტალღა და მე ვერ ვხედავ, რომ ამისთვის მზად არის ქვეყანა. ეს განწყობა არ არის ხალხში.

სცეპრაზმის მისვლა იქნება არასწორი. ხელისუფლება, ალბათ, დაიცდის. თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საერთოდ გააქროს ოპოზიცია, ან ძალა აჩვენოს, მაშინ არ დაელოდება... ეს სპეცრაზმი იმათი გაზრდილია, ვინც დღეს ოფისში გამაგრებას აპირებს, რომელსაც, თავის დროზე, სხვის წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ ახლა სხვა გამოიყენებს მათ წინააღმდეგ. ასეთი ქვეყანა რომ გაქვს, ამას უნდა ელოდო.

ინფორმაციისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა, რის შემდეგაც პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო. პროცედურულად კი, პროკურატურამ ჯერ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რის შემდეგაც ის სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავდა.