თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია, როგორ და რა ფომრით მოხდება ნიკა მელიას დაკავება. ენმ-ში ოპოზიცია სპეცრაზმს ელოდება. მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი დიდი შეხლა-შემოხლისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, მოსამართლის გადაწყვეტილების გაგზავნისთანავე, შსს-ს, ნებისმიერ დროს, მელიას დაკავების უფლება აქვს.
ადვოკატებმა მოსამართლის მიერ განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე სასამართლო დარბაზი დატოვეს.
შესაბამისი შუამდგომლობით, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნა დააყენეს.
ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.
პროკურატურის განმარტებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ, პროკურორმა განცხადება გააკეთა. მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იყო დასაბუთებული, კანონმდებლობიდან გამომდინარე და მოსამართლემ მოთხოვნა გაიზიარა.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, მომდინარეობდა კანონმდებლობიდან. სასამართლომ გაიზიარა, როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ბუნებრივია, გადაწყვეტილების წერილობით მივიღებთ და უფრო მეტ არგუმენტაციას ვნახავთ, თუმცა ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა; არგამოცხადება საგამოძიებო ორგანოში; სასამართლოსადმი უპატივცემულობა; მთელი ამ პროცესებისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება; სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არგადახადა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ დაავალა შესაბამის ორგანოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება, აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებებს შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.
კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამის აღსრულების არ არსებობს,“ - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული.
„ძალიან ძნელ და ძალიან ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ნიკა მელიას დაპატიმრება. სამართლებრივი გეგმაა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტით. სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა ნათელია, რომ სამართლებრივ ინსტრუმენტებს არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი თავად ნიკა მელიამაც გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ოკუპანტების მხარე დაიჭირა და ეს ვერდიქტი ცალკეულ ადამიანს არ ასამართლებს.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით სოლიდარობა ვიგრძენი, რომელიც 41 წლის განმავლობაში არ მიგვრძნია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი გავრილოვის სასამართლო ვნახეთ. თუმცა ყველაზე მთავარია ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენზე არის დამოკიდებული. ის ვერდიქტი, გუშინ გავრილოვის სასამართლომ გამოიტანა, რადგანაც გუშინდელი პარლამენტის სხდომაც სასამართლო იყო. ეს ვერდექტი ცალკეულ ადამიანს ვერ ასამართლებს. ამ განაჩენით ყველა ვსამართლდებით ვინც ისტორიის მეორე მხარეს ვდგავართ, ვინც ქვეყნის მთავარ გამზირზე გამოვიდა, არ შეუშინდა და სამართლებრივად აღშფოთდა. უსამართლობას თვალებში ჩახედეს გავრილოვის სახით და რეზინის ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს, თვალების დაკარგვის ხარჯზე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველა იმას, ვინც განვითარებული საქართველოს მომხრეა.
თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო! ღირსული ან ღირსებააყრილი ქვეყანა და ოკუპანტის ბორკილები! დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე დგას. ჩვენს მხარეს ის სიმართლეა, რომლის გამოც თავადებს სიცოხცლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა ბატონო ივანიშვილო და გავრილოვო ისტორიის მანძილზე არ გასამართლებულა, არც ახლა გასამართლდება. თქვენ ის ჯაჭვი გაწყვიტეთ, რომელიც მყარი გეგონათ. უსამართლობის ძლიერება დასრულებულია. საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ვულოცავ, გამარჯვებულები ვართ, როგორც პოლიტიკურად ასაევე, სულიერადაც. ამიტომ მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, ყველანაირი პარტიული პოლიტიკა წაშლილია. არის ორი მხარე ეროვნული მოძრაობის ინეტრესები და ოკუპანტების ინტერესები. ან ვდგავართ ერთ მხარეს ან მეორე მხარეს“, - აცხადებს მელია.
მელიას დაკავების გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. ის სპეცრაზმელების და პოლიციელების ვინაობის გამოქვეყნებით იმუქრება. ამბობს, რომ ყველა მათგანის მშობლებთან უნდა მივიდნენ და გააგებინონ, რომ მათი შვილები შეცდომას უშვებენ.
„ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა. საქართველოში სასამართლო და მოსამართლე აღარ არსებობს. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის, როგორც ყველა ხედავთ, სამართლის სადარაჯოზე ყოფნა. მხოლოდ ის ხალხები და ერები არიან წარმატებული, რომლებსაც ძალმომრეობის შეკავება შეუძლია. თუ ეს არ შევძელით, ვნახეთ, ვენესუელაში ყველა დაიჭირეს და ხალხი ქვეყნიდან გაიქცა. ივანიშვილის გეგმაა, რომ თავისუფლების მოყვარული ხალხი ან ქვეყნიდან გაიქცეს ან კიდევ დააკავონ. სანამ პირში სული გვიდგას, ამ ძალმომრეობამ არ უნდა გაიმარჯვოს. ძალიან ბევრმა თავი დახარა, მაგრამ ბევრმა არა. ყველამ ყველაფერი გაიგო და საზოგადოებამ გამოსცადა უკვე რა არის სიღარიბე და ძარცვა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების რეაქცია იყოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ერთადერთი ძალაა ძალმომრეობის შეკავება. უნდა ვიმუშაოთ სპეცრაზმთან, პოლიციასთან, პროკურატურასთან, ყველა დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ და გავაგებინოთ, რომ მათ შვილებს ყურები აუწიონ. თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი, ყველას უნდა დაველაპაროთ, თუ მაინც გააგრძელებენ, მაშინ ეს ხალხი წესიერ საზოგადოებაში არ უნდა გამოჩდნეს. ბრძოლა და ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე! საქართველოს თავისუფლებისთვის და დემოკრატიის დაბრუნებისთვის! ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, - აცახდებს მესამე პრეზიდენტი.
მობილიზაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა კასრები და ხმის გამაძლიერებლები დადგეს. ოფისთან მიტანილია შეშაც.
ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელმაც პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.
„მიღებული გადაწყვეტილება და ვერდიქტი ნიკა მელიას წინააღმდეგ არ არის, არამედ ყველა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგაა. მშვიდობიანად შეკრებილი ხალხი ოფისში თავის კანონიერ უფლებას დაიცავს. ერთ მხარეს არის გავრილოვის პირადი ტყვე ნიკა მელია და მეორე მხარეს ოკუპანტები. არავინ ნიკა მელიას არ გავატანთ. არანაირი მოწოდებები არ იქნება, მაგრამ თავს დავიცავთ. ხელისუფლებაში ვიღაცას გონიერება უნდა ეყოს და ცოტა აზრზე მოვიდნენ. მოტაცებულია ჩვენი კონსტიტუციური უფლებები. ამიტომ ყველა აქ ერთი მიზნით არის მოსული, რომ მშვიდად და პრინციპულად დავიცვათ ამ მოძალადეებისგან ნიკა მელია“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური for.ge-სთან.
გია ვოლსკიმ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც რევოლუციური სცენარის განვითარებას ისახავს მიზნად.
„ამ საკითხს, რასაც ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, არაა აუცილებელი მიხვდე, რომ კითხვები ჩნდება. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ყველამ კარგად იცის, რომ მელია სამაჯურით უნდა ყოფილიყო და მერე უნდა დალოდებოდა სასამართლოს. მეტი არაფერი შეთავაზება არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ მაშინ ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინა. მიუხედავად მისი პოლიტიკური აქტიურობისა, მაინც სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი და ეს პირობა უნდა შეესრულებინა, როდესაც საზოგადოების წინ დემონსტრაციულად სამაჯური მოიხსნა და განცხადებას აკეთებდა - მოდით და აღკვეთის ღონისძიება შემიფარდეთო. პროკურატურამ გირაო გაუზარდა, მაგრამ მაინც უარი თქვა. ენმ-მა, რომელმაც ვერაფერში წარმატებას ვერ მიაღწია, სხვა არაფერი რჩება, გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა. გავრილოვის თემა იმდენად უბადრუკია, გავრილოვის სავარძელში ჩახტომაც მათ წისიქვილზე წყლის დასხმა იყო. ბოლო გავლიროვის განცახდებაც მათთვის გადაგდებული მაშველი რგოლია. სულელი არავინ არ არის, ეს უბადრუკი თემაა და მასაც განვითარებას ვერ აძლევს. გადახედეთ ვინ დგას გვერდით, ბურჯანაძე, ჩხაიძე... ესენი რუსეთის ხალხი არაა?!“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არ მოსწონს ის სიტუაცია, რაც ახლა ენმ-ის ოფისის გარშემო ვითარდება და არც სიტყვა შტურმი არ მოსწონს, რადგან ამას არც არავინ აპირებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებაა აღსასრულებელი, ეს პოლიციამ უნდა განახორციელოს, ხოლო როგორ და რა ფორმით, ეს მათი გადასაწყვეტია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას განცახდება - „არ გადავიხდი გირაოს და რაც გინდა გააკეთეთ“, - ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია დაუმორჩილებლობის პროცესს იწყებს. ეს კი ოპოზიციას ან ქვეყანას რას მოუტანს, ესაა პრობლემა. თუ ეს პროცესი ოპოზიციას წარუმატებლად დაუსრულდა, შესაძლოა, კარგა ხანი ქვეყნას ოპოზიცია აღარ ჰყავდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება თვითდაზიანების გზას დაადგა. ეს კი მელიას იმუნიტეტის მოხსნა-არმოსხნას და დაჭერაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამ პროცესში შესაძლოა, ქვეყანამ იმხელა დაზიანება მიიღოს, რომ საერთოდ ერთპარტიული პარლამენტი კიარა, ქვეყანაც ერთპარტიული გვქონდეს.
„ამ პროცესებიდან მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა გამარჯვებული. პლუსი არც ერთი მხარისთვის არ იქნება. ის რა განცხადებებიც ოპოზიციის მხრიდან კეთდება, რომ ისინი პოლიციას მელიას არ გაატანენ, სხვა რას ნიშნავს, თუ არა დაუმორჩილებლობის გამოცხადებას! გამოდის, რომ ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოებიდან გადის. საერთოდ ამ ხელისუფლებას არალეგიტიმურად და არარსებულად აცხადებენ. აბა, რას ნიშნავს კანონს არ დავემორჩილები და პოლიციას თუ დამარტყამს დავარტყამო?!
პრობლემა სწორედ ისაა, რომ მოსახლეობაში სხვა გასაჭირი არსებობს და არა ის, მელიას დაიჭერენ თუ არა. ამიტომაც ვერ ვიგებ ოპოზიციას ვისი იმედი აქვს. ხალხს რომ ამათი პარალმენტში შესვლა-არშესვლა ანაღვლებდეს მარტო, აქამდე ქუჩები ხალხით იქნებოდა გადავსებული. ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ არსებობს. როდესაც ამ პროცესს იწყებ, მაშინ უნდა გათვალო, ბოლოში სად გადიხარ. ოპოზიცია წინასწარ აცახდებს, რომ მინიმუმ, ხელჩართული ბრძოლა იქნება. ასეთ ვითარებაში ოპოზიციას ასევე რატომ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს, ეს გაუგებარია“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ ისევ აღმოჩნდება, რომ მელიას დაკავებას არც ქვეყნის გარეთ არ მოჰყვა მხადაჭერა და არც ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო აქციები, მაშინ ეს ოპოზიციის განადგურებას გამოიწვევს. ენმ-ს ხომ ჰქონდა კვლევებით 5%-იანი დაცემა, ამ ქცევით უარეს იზამენ. ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა დაახლოებით 2011 წლის 26 მაისის მსგავს მოვლენებს მივიღებთ, როცა მაშინდელი ოპოზიცია ერთი დაშვებული შეცდომის გამო საერთოდ გაიკრიფა და გაქრა.