პოლიტიკური პროცესები საკმაოდ საინტერესო ეტაპზე გადადის, „ქართულმა ოცნებამ“ მუქარა შეასრულა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 88 მომხრე და 2 წინააღმდეგი, - ასეთი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც 16 თებერვალს სხდომაზე მიიღო. შესაბამისად, უნდა განვიხილოთ ორი ვარიანტი: ნიკა მელია შესაძლოა, დააკავონ, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედოს, როგორც პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი აპელირებს, რადგან ეს თავად „ქართულ ოცნებას“ დააზარალებს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ასე რომ, დრო გვიჩვენებს, პროცესები როგორ განვითარდება და საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ - დააკავებენ თუ დამატებით სხვა კონკრეტულ ღონისძიებას გაატარებენ ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან არ გამორიცხავს, არც ერთ ვარიანტს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ამ ყველაფერზე სავარაუდოდ, არ წავა. მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერის დაჭერას შესაძლოა, მოჰყვეს საპროტესტო გამოსვლები და ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული შენიშვნები თუ განცხადებები. ანჯაფარიძემ ასევე დასძინა, რომ ნიკა მელიას მხრიდან გირაოს თანხის არგადახდის გადაწყვეტილება რეალურად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
„ამის თაობაზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც დააანონსა და წინასწარ აცნობა საზოგადოებას, „ნაცმოძრაობას“ და მათ შორის ნიკა მელიასაც თუ რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამით „ოცნებამ“ მოხსნა სპეკულაციების საფუძველი.
ვფიქრობ, ნიკა მელიამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღო. შესაბამისად, ეს დირექტივა მოდიოდა კიევიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ გადაწყვიტეს სამაჯურის მოხსნის და გირაოს გადახდის საკითხი ექციათ პოლიტიკური შოუს ნაწილად.
ბოლო პერიოდში ოპოზიციაში ყველაფერი ჩაკვდა. ოპოზიციის მხარეზე აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც საზოგადოებას გამოაცოცხლებდა, ყურადღეაბას მიიქცევდა. ჩაკვდა ყველა პროცესი და ახლა მელიას დაუმორჩილებლობის აქტით და მისი ასეთი ფსევდო ვაჟკაცური გამოხტომებით მიიღეს საშუალება, რომ მიიქციონ ყურადღება, აალაპარაკონ მედია, საერთაშორისო დამკვირველბებსაც მიაწვდინონ ხმა, რომ იჭერენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ამით ააგორონ საზოგადოების ერთ ნაწილში ვნებათაღელვა. ვნახოთ, რა გამოუვათ.
არ ვიცი სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, მაინც მგონია, რომ სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს ვერდიქტი, „ნიკა მელია არ ექვემდებარება დაპატიმრებას“ და „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რომ „ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო“ და ა.შ. ასეთი სცენარიც არის შესაძლებელი.
თუკი დააკავებენ, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან, იქნება გაწევ-გამოწევა. შეიძლება ვიღაცას რაღაც დაუზიანდეს. თუმცა, არ მგონია, რომ „ოცნება“ შუა გზაზე გაჩერდეს და ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ მას „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგობის შეეშინდა და უკან დაიხია. პრინციპის საქმეა, სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟის საკითხია სასწორზე - ერთი ნიკა მელია გამოწვევას ესვრის სახელმწიფოს - „აბა დამიჭირეთ“! პოლიციას ჰყოფნის საკმარისი ძალა, რომ განახორციელოს დაპატიმრების აქტი, მაგრამ შემდეგ რა იქნება, ეს არის საკითხავი.
აქ უკვე შეიძლება ისე მოხდეს, რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, უფლებამდამცველი ორგანიზაციები ჩაერევიან, ინფორმაცია მიაწოდეს, რომ დაიჭირეს თავად ოპოზიციური პარტიის ლიდერი და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ამ აღქმების განეიტრალება, თუ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტემა შექმნეს დასავლეთში ასეთი აღქმა, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული რეაქციები“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დღეს ალბათობა იმისა, რომ ნიკა მელია დააკავონ, მცირეა, თუმცა არც ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყება საპროტესტო აქციები, თუმცა - ეს არ იქნება მასშტაბური ხასიათის.
„მმართველ გუნდს დაანონსებული ჰქონდა იმუნიტეტის მოხსნა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. თუმცა, მგონია, რომ საერთო ჯამში, ორივე ვარიანტია შესაძლებელი: თუ მას დააკავებენ, იკვეთება, რომ ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება მაინც წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.
მელიას დაკავება ეს იქნება არა სასამართლოს ქმედება, არამედ უშუალოდ მმართველი ძალის ქმედება. სასამართლო დამოუკიდებულია მმართველ ძალაზე და დამატებით, შესაძლებელია, რომ მმართველმა ძალამ დაიმსახუროს კრიტიკა დასავლელი პატრნიორების მხრიდან. დაკავების შემთხვევაში მოსალოდნელია საპროტესტო აქციების დაწყება. შეიძლება მასობრივი არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მელია ამ შემთხვევაში აღმოჩნდება მსხვერპლი.
არსად მტკიცდება, რომ მელია მოუწოდებდა მომიტინგეებს, მათ დაემხოთ ხელისუფლება. დამამტიკებელი საბუთი იმისა, რომ იგი ხელისუფლებას ამხობდა, არ არსებობს. მელია აღმოჩნდება მსხვერპლის მდგომარეობაში და ბუნებრივია, საქართველო მიიღებს ახალ პოლიტპატიმარს. შეიძლება გაიწელოს მელიას დაკავების საქმე. პროკურატურამ მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილოს. მსგავს ქმედებებს ექნება ადგილი. ორივე ვარიანტი - დაკავება-არდაკავება შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ უფრო მგონია, რომ არ დააკავებენ“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.