რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს, 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია კი „გადატრიალებად“ მოიხსენია.
გავრილოვის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დირექტივა მისცა.
„ბატონი სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ დასასჯელად“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, მელიას განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატებს მისთვის მანდატის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოუწევთ აირჩიონ „გავრილოვების მხარეს დგანან, თუ ეროვნული ღირსების“.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი გავრილოვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებს. აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიციას for.ge-თან საუბრისას პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის წევრი ალუდა ღუდუშაური ადასტურებს.
რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ერთ-ერთი ტელევიზიით განაცხადა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს...
- გავრილოვის განცხადებაზე მარტივი პასუხი მინდა გაგცეთ - გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ სინქრონში არიან და მეგობრულად, შეთანხმებულად მოქმედებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული ტელევიზიების მეშვეობით, კონკრეტულად კი ინტერვიუს აღება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტამდე, ერთი დღით ადრე მოხდა. მათ მესიჯებს თუ დააკვირდებით, ზუსტად ერთი-ერთში ემთხვევა. გავრილოვი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშველი რგოლია.
როგორც 2019 წლის 20 ივნისს ერთი მხრივ გავრილოვმა მოაწყო პროვოკაცია და ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა. ეს მესიჯი, შეთანხმებულად კარგად განხორციელდა - უბრალოდ, გავრილოვის დღე იყო პროვოკაციული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ - პროვოკაციული და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამე.
გავრილოვის ინტერვიუს შემდეგ, ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება და პირიქით, ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთის დუმის დეპუტატთან კავშირში. რა პასუხს გასცემდით ამ შემთხვევაში თქვენს ოპონენტებს?
- ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგში რა მოქმედებები ხორციელდება. ის რადიკალები, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები როგორ მარტივ-მამრავლებად არიან დაშლილები. კონკრეტულად, ამას ნიკა მელია იტყვის თუ მიხეილ სააკაშვილი, ამაზე პასუხი მაქვს, ის, რომელიც უკვე გითხარით. გავრილოვი, რადიკალური ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი - ესენი ყველანი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დამქაშები. ამაზე პასუხი ნათელია, „ევროპულ საქართველოში“, სადაც ძვრებია, იშლება და არ გამიკვირდება, რომ ცოტა ხანში ამ პარტიის წევრიც გახადონ მალე გავრილოვი.
მმართველი გუნდის განცხადებით გავრილოვი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის კავშირში და თქვენი აზრით მას კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კონტაქტი და ეს იქნებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი?
- ჩვენი საზოგადოებისთვის და მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ეს ინტერესის საგანი საერთოდ არაა. აბსოლუტურად არ გვაინტერესებს კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ფაქტია, რომ ჰქონდა. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ფაქტი, რაც სახეზეა, ის არის, რომ მათი პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები მელიას სადეპუტატო ნადატის მოხსნამდე ერთი დღით ადრე გავრილოვთან იღებენ ინტერვიუს. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?! ცალსახად ნათელია კონტურები - გავრილოვი „ნაციონალურ მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას თამადობით, ერთი კლასტერი არიან. ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა, ნამდვილად არ გვაინტერესებს და ამ ეტაპზე მნიშვნელობაც არ გააჩნია.
დღეს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყვიტეთ. მანამდე მელია ოპოზიციის წევრს, ალეკო ელისაშვილს დაემუქრა იმ განცხადების გამო, რომ საკუთარი ხელფასიდან გადაუხდიდა გირაოს. ეს მუქარები მელიას მდგომარეობას ხომ არ დაამძიმებს?
- სიმართლე გითხრათ, მაგ დროს იურიდიული კომიტეტის სხდომას ვესწრებოდი, რადგან წევრი ვარ, სადაც მელიას საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, არც დრო, არც ინტერესი არ მქონია, რომ ნიკა მელიაზე მომეხდინა ფოკუსირება. ამიტომ, არც ვიცი ერთი კონკრეტული ოპოზიციონერი, „ხულიგანი“ მელია, მეორე ოპოზიციის წარმომადგენელს რას უთვლის. რაც შეეხება კონკრეტულ მუქარებს, პროკურორი არ ვარ და ბრალმდებელი ვერ ვიქნები. სიმართლე გითხრათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკავებული არ ვართ პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას ქმედებების შეფასებით. ალეკო ელისაშვილს კი არა, ნიკა მელიამ მისი ამ დესტრუქციული მოქმედებებით სახელმწიფოს გაუკეთა გამოწვევა და ელისაშვილზე რომ რამე ეთქვა, ეს არცაა გასაკვირი და ვფიქრობ, არც მოსატანია იმასთან შედარებით, რასაც ის და მისი პარტია სჩადიან.
ძალადობაზე ვსაუბრობთ და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი ნიკა მელიას დააკავებენ, ისინი მზად არიან ხელი სამართალდამცველებზეც კი ასწიონ...
- „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეს უცხო არ არის - არც პირველი და არც უკანასკნელი არ უნდა იყოს. თუ მათ სპექტრს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა, მათი სტილია. მაგრამ, მინდა მათ მოვუწოდო, რომ ღმერთი არ გაუწყრეთ და არ იფიქრონ ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც პირველ რიგში მათ დააზიანებთ და შემდეგ სახელმწიფოს. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, სახელმწიფო ძალიან მშვიდად, წყნარად, ადეკვატურად, კანონიერად, სამართლიანი ნაბიჯებით ყველა გამოწვევას პასუხს გასცემს.
ანუ, ელოდებით, რომ პროვოკაციაზე წამოვლენ?
- მინდა მჯეროდეს, რომ მათ იოტისოდენა გონიერება ეყოფათ და ასეთ ნაბიჯებზე არ წავლენ. რამეთუ ეს კიდევ საბოლოოდ დაასამარებს მათ, როგორც პოლიტიკოსებს. სულ რამდენიმე თვეა რაც მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა და მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და ვხედავთ, დღითიდღე როგორ იშლებიან პოლიტიკური პარტიები და ასევე პოლიტიკური წარმომადგენლები ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან და ტალახს ესვრიან. აქედან გამომდინარე, ეს იქნება საბოლოოდ მათი მხრიდან კრახი. ვფიქრობ, რომ მათ ჩვენი საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს და ბუნებრივია, სამომავლოდ ასეთ ძალებს არანაირი გასაქანი არ ექნებათ.
თქვენც ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას ციხისთვის სწირავს?
- ეს კითხვა, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს უნდა დაუსვათ. ჩვენ არ ვართ დაკავებულები იმით, რომ შიგნით რა მიმდინარეობები მიდის და ვინ, ვის, სად გაწირავს. ფაქტია, რომ უგუნურ თამაშს თამაშობენ და ნიკანორ მელია ადგას იმ გზას, რომელიც მას როგორც პოლიტიკოსს, საბოლოოდ, წერტილს დაუსვამს. ჩვენ სხვა საქმეებით ვართ დაკავებულები, რომელიც უამრავი არსებობს, ეს იქნება პანდემია, თუ ეკონომიკური მდოგმარეობა და ამის გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებულები. ჩვენი დღის წესრიგია, ქვეყნის განვითარება, ხოლო ოპოზიციის დღის წესრიგია დესტაბილიზაცია, არეულობა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. მათ კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ კრახისთვის არიან განწირულნი.