წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიმდინარეობდა და რაიმე განსაკუთრებული არ დაფიქსირებულა. კალათბურთელებმა ეროვნული პირველობა განაახლეს, ფეხბურთელები ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადებიან, ძიუდოისტებმა კი პარიზის დიდ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
საქართველოში სიმშვიდეა, მსოფლიოში კი ორი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა.
შორეულ სამხრეთ აფრიკაში ცნობილმა მძლეოსანმა-ამპუტანტმა ოსკარ პისტორიუსმა საკუთარი შეყვარებული, 30 წლის რივა სტინკამპი სიცოცხლეს გამოასალმა. ქალს მიჯნურისთვის წმინდა ვალენტინის დღესასწაულის მილოცვა უნდოდა. ყოფილი „მის აფრიკა“ შეყვარებულის სახლში დილაუთენია ჩუმად შეიპარა. კაცს მომავალი საცოლე ბოროტმოქმედი ეგონა და პისტოლეტიდან ოთხი ტყვია დაახალა. ოსკარ პისტორიუსი დაკავებულია და მის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის თავკაცებმა 2020 წლის თამაშებიდან ჭიდაობის ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს. ამისი უმთავრესი მიზეზი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო დროს გახშირებული კორუფცია გახდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ საერთაშორისო შჯიბრებებზე სპორტის ამ სახეობის მედლები დიდი გაყიდვის საგანი გახდა.
ჭიდაობის ბედი მიმდინარე წლის სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სხდომაზე გადაწყდება, მაგრამ დიდია ალბათობა რომ სპორტის ეს სახეობა თამაშების პროგრამიდან აღარ ამოიღონ. გუშინ ტაილანდში მსოფლიო ჭიდაობის ბიუროს სხდომა ჩატარდა და ამ ორგანიზაციის ამჟამინდელი თავკაცი, შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს. იმედია ჭიდაობას საფრთხე აღარ დაემუქრება. ცნობილია რომ ქართული ოლიმპიური ჯილდოების დიდი ნაწილი სპორტის ამ სახეობაზე მოდის.
წერილის მეორე ნახევარში ტრადიციულად რამდენიმე სახალისო ისტორიას გაგაცნობთ. დღეს თქვენს სამსჯავროზე ქართველთა უცხოური თავგადასავლები გამოვიტანე.
ვლადიმერ კანკავა: „ერთ ქვეყანაში ვართ. გივი კარტოზია იმ დროს გარდაიცვალა და გლოვობდა ქართველი ერი ამ პატიოსნებით სავსე პიროვნების უდროოდ წასვლას.
სპეციალურად ვუვლი გვერდს, რომელ ქვეყანაში ვიყავით, მაგრამ მოვინდომე, რომ დარბაზში ადგილობრივ ინფორმატორს გამოეცხადებინა კარტოზიას გარდაცვალების შესახებ, რაზეც უარი მივიღე - რეგლამენტი არ გვაძლევს უფლებასო. მეწყინა.
სასტუმროს სასადილოში შემოვიპატიჟე ოთხი რუსი, უძლიერესი მოჭიდავე. უარი არ უთქვამთ. ჩვენებურმა „ჭაჭამ“ და კონიაკმა თავისი გაიტანა. ამ ოთხი კაციდან ორს შვილები ჰყავდათ დაღუპული ავტოკატასტროფაში. ავიღე ჭიქა, მათი შვილების სადღეგრძელო ვთქვი. დადგნენ ფეხზე ცრემლმორეულები. ქართული სადღეგრძელო მოითხოვდა ყველა ჩვენი ადრე, უდროოდ წასულების წმინდა მოგონებას და გივი კარტოზიაც ვადღეგრძელე. ჩვენი გულისტკივილი და გულის დარდი.
მათ სულ ცრემლისღვრით შესვეს ეს სადღეგრძელო და რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა, ეს ოთხი ბუმბერაზი მოჭიდავე საღამოს, იმ ქვეყნის ჭიდაობის დარბაზში - სადაც ჩემპიონატი ტარდებოდა - ადგილობრივ ინფორმატორთან მივიდნენ. „დამშლელს“ (ვითომ ეფერებოდნენ) „ჰალსტუხიც“ გაუსწორეს და რაღაცა წასჩურჩულეს. ზუსტად სამ წუთში გამოაცხადეს დარბაზში გივის ხსოვნისთვის მიძღვნილი ტექსტი, რომელიც ადრევე შევადგინე“.
გიორგი შხვაცაბაია, მოქანდაკე: „1987 წელს დელეგაციასთან ერთად მშვიდობის დაცვის კომიტეტის ხაზით ოლიმპიაში გახლდით. მოვიარეთ არაერთი ღირშესანიშნავი ადგილი. შევხვდი ქალაქის მერს და სხვა ხელმძღვანელებს. საღამოს ჩვენი დელეგაციისთვის ბანკეტი გაიმართა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები. ბანკეტზე მრავალი სადღეგრძელო შეისვა. ცხადია ამ პროცესს „ტონუსის“ ამაღლება მოჰყვა. ერთი რუსი მწერალი სულ „გაჯეჯილდა“.
სტუმრებიც და მასპინძლებიც უკვე შეწუხებულები უსმენდნენ მის უაზრო ბაქი-ბუქს. ერთ ხანს მეც ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ უკვე „დაუკრეფავში“ გადავიდა და ბერძნების ჭკუის სწავლებას რომ მოჰყვა, ვეღარ მოვითმინე. ღვინით გათამამებულმა მარჯვენა ხელი აღვმართე და დავუყვირე:
- სტოპ, რუსო!
ამ მოულოდნელობაზე რუსი „განმანათლებელი“ გამოფხიზლდა და გაშეშდა.
- ჩტო პრაისხოდიტ? - გამოერკვა დაბნეული რუსი.
- ჩტო და... ამ სუფრაზე ბევრი ლაპარაკის უფლება ჩვენ არ გვაქვს. თუ მაინცდამაინც ეს გსურთ, დაიჩოქეთ და მადლობა შესწირეთ უფალს, რადგან ამ მიწაზე ყოფნის და ამ შედევრების ნახვის საშუალება მოგცათ-მეთქი.
ეს იყო ჩემი გულწრფელი სიყვარულის გამოხატვა ბერძნული ცივილიზაციისა და ქანდაკების მიმართ. ქალაქის მერი წამოდგა, ხელი ჩამომართვა, გადამკოცნა და ქანდაკება შემიკვეთა. ალბათ ნასვამს მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მეორე დღესაც რომ გამიმეორეს შემოთავაზება, მეც დავთანხმდი.
ის რუსი მწერალიც ალბათ მიხვდა სად „შეტოპა“ და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში თვალი აღარ გაუსწორებია ჩემთვის.“
ნინო სალუქვაძე: „ყველაზე სასიამოვნოდ სეულის ოლიმპიური თამაშები მაგონდება. კორეაში რაღაცნაირი ადამიანები არიან. თითქოს თავაზიანები, თითქოს გულღიები. პირზე ღიმილი არ შორდებათ, მაგრამ სსრკ-ს ვერ ეგუებიან.
ჩვენს დელეგაციას ისე აჩვენებდნენ ერთმანეთს, თითქოს ზოოპარკიდან გამოპარულები ვყოფილიყავით, მაგრამ მე რატომღაც დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ, ცხადია - ჩემი სპორტული წარმატებიდან გამომდინარე.
ადგილობრივები მაგრად „დამიძმაკაცდნენ. ჯერ ერთმა მთხოვა ჩემთან ერთად გადაიღე სურათიო და ამომიდგა გვერდში. უარი არ მითქვამს. ახლა მეორეს გაუჩნდა ანალოგიური სურვილი, მერე მესამეს და წავიდა. 20 იქაურ მამაკაც სპორტსმენთან გადავიღე.
დავბრუნდი თბილისში და დედაჩემი ათვალიერებს ამ ფოტოებს. პირველ ფოტოზე კმაყოფილებით გაეღიმა, მეორეზეც... მესამეზე სახე ოდნავ მოეღუშა, მეოთხეზე-უფრო მოიღუშა, მეხუთეზე და მეექვსეზე რომ გადავიდა, მღელვარება ვეღარ დამალა:
- ნინო! - მომაყვირა მკაცრად. - ამისთვის გაგიშვი სეულში მე შენ? ვინაა გოგო ეს თვალებმოწკურული კაცი, ამდენი სურათი რომ გადაგიღია?
სხვადასხვა კაცია დედა-მეთქი. სულ გადაირია - რას ჰქვია სხვადასხვაო? ყველაფერი რომ ავუხსენი დამშვიდდა. რატომ გვანან კორეელები ასე ძალიან ერთმანეთს? - მეც დამებადა ეს კითხვა“.
ზურაბ კახაბრიშვილი:
„უკრაინის დედაქალაქ კიევში ვართ. საბაჟოზე სპეციალურ ბლანკებს გვავსებინებენ. ბლანკის ერთ გვერდზე რუსულად, მეორეზე - ინგლისურად წერია შესავსები მონაცემები: გვარი, სახელი, სქესი და ა. შ.
ჩვენი მოჭიდავეების ნახევარზე მეტმა რუსული ისე იცის, როგორც მე-ჩინური. რუსული კი შევავსებინე და ახლა მეორე გვერდს ვავსებთ.
სქესი ინგლისურად „სექს“ იწერება. ერთ-ერთი ქართველი ფალავანი ამ „სქესთან“ გაიჭედა. არ იცის რა უნდა ჩაწეროს.
- ზურა, აქ „სექს“ რომ წერია, რას ნიშნავს, რა უნდა ჩავწერო? - მეკითხება და ატრიალებს კალამს თითებში უხერხულად. მოულოდნელად თავში ათასი „მიკრომაკვარანცხი“ ერთბაშად დამიტრიალდა.
- ეგ არ იცი, ამხელა მოჭიდავე კაცმა? - ვეკითხები.
- რა ვიცი... სექსიო და...
- კაცო, - შენ ხომ იცი, კიევში რა ეშხიანი გოგოები არიან? დალოცვილები...
- ვიცი, აბა შტერი კი არ ვარ! - იწყინა.
- მერე, ვერაფერს მიხვდი, შე შტერო?
- რას უნდა მივხვდე?
- რას და აქ კითხვაა - გინდათ თუ არა სექსი უკრაინელ გოგოებთანო. გაიგე?
- მაგას რა გაგება უნდა, შე კაცო! გამოუცოცხლდა თვალები - ბევრი აღარ უფიქრია და იმ გრაფაში - კითხვის გასწვრივ არ იკითხავთ რუსულად რა ჩაწერა? – „ოჩენ ხაჩუ!“