„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცესს საკუთარი პარტიის ოფისიდან აკვირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელია არც სასამართლო პროცესზე აპირებს მისვლას.
უმრავლესობის ოპოზიციას დესტრუქციაში სდებს ბრალს. მათივე ინფორმაციით, პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მელია პარტიის ოფისში ჩაკეტვას და დაუმორჩილებლობას აპირებს.
საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მართლმსაჯულების წინაშე დეპუტატის იმუნიტეტის გარეშე წარსდგება. პროკურატურა მას გირაოს პირობების დარღვევას, ელექტროსამაჯურის მოხსნას ედავება. ამ ქმედებისთვის მელიას დამატებითი გირაო - 40 ათასი ლარი ჰქონდა დაკისრებული, თუმცა გადაუხდელობის გამო, ოპოზიციონერ ლიდერს ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება მეტად გაუმკაცრა და მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
ოპოზიცია და ენმ დიდი ალბათობით ელიან, რომ „ოცნებას“ შეცდომა დააშვებინონ და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება „ნაციოანლების“ ოფისში სპეცრაზმით მივა. ოპოზიციაში აღარ მალავენ, რომ რადიკალურ ზომებზე გადასვლაა საჭირო, რადგან ქვეყანაში საპროტესტო მუხტი აგორდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ შენობის დაცვა ფიზიკურად მოუწიოთ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამართალდამცავებს ენმ-ს ოფისში შესვლის უფლებას არ მისცემენ:
„არ გამოვრიცხავ, რომ ფიზიკური დაცვაც მოხდეს ამ შენობის. გარდა ამისა, ამ შენობაში შემოსვლის უფლება სამართალდამცავებს არ ექნებათ. არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლება შეეცდება კუნთების თამაშს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მთავარი მიზანია, თავიანთ მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ ძლიერები არიან. სამართლიანობის დაცვა ხდება ამ ოფისში, დღეს ღირსების საქმეა სამართლიანობის დაცვა და ეს ღირსების საქმე გადის დაუმორჩილებლობაზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არც ციხეში წასვლას არ აპირებს.
„გეგმა არის ძალიან მკაფიო, არავინ არ აპირებს გავრილოვის ხარკის გადახდას და არავინ არ აპირებს ციხეში წასვლას. თუ მოვა პოლიცია, მოვიდნენ ჯარით, როგორც უნდათ, გამოიყენებენ ძალას, ყველაფერი მორევაზეა, ხო! აღარ შეიძლება ამის ატანა, იმიტომ, რომ თუ რაიმე კედელი არ დახვდა საზოგადოების მხრიდან ამ ხელისუფლებას, ამათმა შეიძლება ბოლომდე გადაჩეხონ ქვეყანა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყანაში საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება სურს.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა კრიზისს ხელოვნურად ქმნის, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს. ნებისმიერ დაწესებულებაში შექმნი კრიზისს, თუ დაგჭირდა. ამბობ, რომ არ მომწონს არჩევნების შედეგები და გადავდივარ კონკრეტულ მოქმედებებზე, მათ შორის, თუ საჭიროა, ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ერთხელ არ გამოუვიდათ, თორემ განა არ იყო მაგის მცდელობა.
იგივე ნიკანორ მელიას საკითხი - თქვენ რა გგონიათ, არ იციან, რომ ასეთ შედეგებს გამოიწვევს და სახელმწიფო ვერ დათანხმდება იმაზე, რომ სტრუქტურები ჩამოიშალოს და იმ ჭკუაზე დადგეს, რასაც სააკაშვილი და გუბაზ სანიკიძე კარნახობენ?! ზუსტად იციან, მაგრამ თუ ვერ შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების, საზოგადოების ერთმანეთთან თუ სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაჯახების მოწყობა და ეს არეულ-დარეულობა, ნიკანორ მელია განამწესეს მოწინავე რიგებში. თქვენ გგონიათ, არჩევნები უნდათ მაგათ, გინდა მორიგი თუ რიგგარეშე?! ეს არის სიტუაციის არევის მცდელობა“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხალხი გამოვა თუ არა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გასაგებია, საზოგადოების ერთ ნაწილში უკმაყოფილება არსებობს და ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს, რომელიც მელიას დაკავების საქმეს ეხება ვინმე გამოეხმაუროს. თუმცა მელიას დაკავების გამო ხალხი რევოლუციას არ მოაწყობს და ქუჩაში არ გამოვა. მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ეს კრებსითი ნათელაშვილის „ფანჩატურის“ ოპოზიცია იბრძვის არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ მისი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება. როცა ხალხი ამას ხედავს, ოპოზიციის დაძახილზე ქუჩაში ნაკლებად გავა.
„სოციალურ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე, რა თქმა უნდა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს გარკვეული საზღაურის ფასად სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ფულის სანაცვლოდ მოიყვანონ აქციაზე და რაღაცა პერიოდი გააჩერონ. ჩვენ ეს პრაქტიკა ვიცით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ არაერთხელ გამოყენებული ყოფილა. ამიტომაც ამ ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერია. თუმცა რამე მასობრივ გამოსვლებს და აჟიოტაჟს არ ველი. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ახლა ოპოზიციას არ მისცეს არანაირი საბაბი და საშუალება იმის, რომ მელიას დაკავებაზე ხელი მოითბონ.
ასევე, თუკი პარტიის და ხელისუფლების შიგნით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამე აჟიოტაჟი და გაურკვევლობაა, შიგნით მოაგვარონ. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიების შიგნით რაღაცა საკითხებზე შეუთანხმებლობა ხდება. ეს ყველაფერი გარეთ არ გამოიტანონ და ოფისის კედლების ფარგლებში მოაგვარონ. ასევე, ძალიან სერიოზული ყურადღებაა ოფისის შიგნიდან ინფრომაციის გაჟონვის პრობლემა, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება. წლებია, რაც „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა და სამწუხაროდ, პარტიის ოფისიდან ტიპური ინფორმაციები გამოდის ხოლმე, რასაც ოპოზიცია სათავისოდ იყენებს“, - აცხადებს ზაალ ანაჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ოცენებამ“ ახლა ივანიშვილის წასვლის შემდეგ რამე ხელჩასაჭიდი საქმე უნდა აჩვენოს, რომელსაც რიგითი მოქალაქე იგრძნობს და ხელს მოკიდებს. სწორედ ამით შეუძლია დღეს „ოცნებას“ ის ზეწოლა და შემოტევა გაანეიტრალოს, რასაც ოპოზიცია ახორციელებს. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ხალხთან დიალოგში არ იქნება, ეს შეიძლება მას ძვირადაც დაუჯდეს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ამას ხელისუფლება უკვე აცნობიერებს და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრებიც კი დაიწყო. ამიტომაც საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ ბოლო დროს ნიკა მელიათი ძალიან ჩაიხვია და ენმ-ის დღის წესრიგით თამაშობს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობას ახლა სულაც არ ანაღვლებს მელიას დაკავება-არდაკავების საკითხი და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოელის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიცია თავის როლთან ახლოსაა და ენმ-ისგან სხვა მეტი არც არაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და სახელმწიფოებრივად არ მოქმედებენ. როგორც მაგალითად, ტრამპის იმპიჩმენტით ამერიკაში რადიკალურ ჯგუფებს საბაბი არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დამნაშავეა, ამერიკის და სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დააყენეს.
„ოცნება“ ცოტა უნდა დაფიქრდეს და მიხვდება, რომ ენმ-ის დღის წესრიგით თამაში დაიწყო. პარლამენტს შეეძლო სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, მელიას არ ვუხსნით იმუნიტეტს, რადგან ეს ქვეყნის ინეტერესებში არ ჯდება. არ უნდა მიეცათ იმის საშუალება, რომ „ნაციონალებს“ მელიას დაკავებით მასკარადები დაედგა, ეს იქნებოდა პოლიტიკურად სწორი და არა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. „ნაციონალებს“ იმედი აქვთ, რომ მელიას დაიჭერენ და ამით ტემპერატურას აწევენ.
ამათ სხვა არაფერი იციან, ესაა მათი ბუნება. უნდათ, როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ ყურადღების მიქცევა. სამწუხაროდ, დღეს ესინი ენმ-ის დღის წესრიგით მუშაობენ. ახლა მელიას რომ დააკავებენ, რას უზამენ?! - მე შენ გეტყვი და იქ ვინმე აწამებს თუ რა! ჩაჯდება ლამაზად და მშვენივრად, შესანიშნავი პირობებიც ექნება, კარგს შეჭამს და დალევს. ცივ ნიავს არავინ მიაკარებს, არიქა რამე არ დაგვაბრალონო. საბოლოო ჯამში კი, იხმაურებენ, რომ წამყვანი პარტიის თავმჯდომარე დააკავეს და ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიდისო. რამდენად აწყობს ეს ჩვენს ქვეყანას ამაზე გვაქვს საფიქრალი“, - აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ენმ ყველაფერზე წამსვლელია, ამიტომ, ცუდი ისაა, რომ მას ხელისუფლება ყვება და ამ წუწაობაში ქვეყანა გადაიჩეხება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ოცნებობს, როგორმე „ოცნება“ ძალადობაში გამოიჭიროს. ამიტომ მელიას თავი უნდა დაანებონ და ქვეყანას მიხედონ. არავის ანაღვლებს ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა. თუ ოპოზიციას შესვლა არ უნდა თავში ქვაც უხლია.
„საზოგადოებას ახლა მელიას დაჭერა არდაჭერისთვის არ სცალია. მელია საკმაოდ აგრესიული ტიპია და მუდმივად იმუქრება, ამიტომაც ხალხი მაგის გამო ქუჩაში არ გამოვა, ხვალ რა ჭამონ იმაზე დარდობენ. მელია ხან ელისაშვილს ემუქრება და ხან იაგო ხვიჩიას. პოპულისტური განცახდება იყო, ელისაშვილს რომ მიმართა, შემოგივარდები პარალმენტში და ხელით გამოგიყვანო. ან მანამდე, ბათუმში, ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ყუთი რომ დაახურეს... ეს არის ენმ-ის რეალური სახე. ისინი უარს ძალადობაზე არ ამბობენ. თუ ცოცხზე თქვეს უარი, ახლა ნაგვის ყუთზე არ ამბობენ უარს, ეს არის პრობლემა, ამიტომ არ მგონია მელიას გამო მასობრივი აქციები დაიწყოს. ეს არის აბსურდი. მე გული „ოცნებაზე“ მწყდება, რადგანაც აი, ამაში ხურდავდებიან. ქვეყანა კიდევ გვერდით გვრჩება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.