ახალ სამშენებლო კოდექსის პროექტს ჯერ წესიერად დღის სინათლე არ უნახავს და უკვე ბლომად კრიტიკოსი გამოუჩნდა. რადგან კანონპროექტში ბევრი რამ იქნება დასახვეწი, იგი საბოლოო სახეს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ მიიღებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის პირველი საჯარო განხილვაც გაიმართა.
კოდექსის პროექტი სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისოსაზოგადოების თანამშრომლობით მომზადდა. პროექტის ავტორთა განცხადებით, სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას სრულყოფა სჭირდებოდა, რაც ახალ პროექტში აისახა კიდეც.
ღონისძიებაში მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილებდნენ. განხილვაში ჩაერთნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტებიც.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამშენებლო სექტორში წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა, მათ შორის, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი კოდექსის მიღებით არსებული პრობლემების მინიმალიზაცია მოვახერხოთ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისი ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვებსა და მისი საბოლოო სახით შემუშავებას, დაახლოებით, 6-8 თვე დასჭირდება.
დეპუტატი ზურაბ ტყელმაძე განმარტავს, რომ სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა სრულყოფილი არ იყო და მას გარკვეული დახვეწა სჭირდებოდა. ამიტომაც უკვე შექმნილია სამშენებლო კოდექსის პროექტი, რომელიც საჯარო განხილვების შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლებს.
„სამშენებლო კოდექსის პროექტი დიდი ხანია მომზადებულია და ის პრობლემურია. კოდექსთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს და სამშენებლო კომპანიებს. კარგია, რომ კოდექსის საჯარო განხილვა დაიწყო და არსებული შენიშვნებლი საბოლოო პროექტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
შენიშვნები, ძირითადად, არის მშენებლობის კოეფიციენტთან მიმართებაში, ასევე საზღვრებთან დაკავშირებით და თუ როგორ უნდა გაიცეს ნებართვები და ჩატარდეს ექსპერტიზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობის ხარისხი გაიზარდოს“, - განაცხადა ტყემალაძემ.
გერმანიის მთავრობის ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი გერტ ვინთერი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ კოდექსის შემუშავებისას კოდექსში შეტანილი იყოს სამხარეო დაგეგმვის დონე.
„დაგეგმვა უნდა მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე. ქვეყანაში ამ დროისათვის არის მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკების დაგეგმვის დონე. ჩვენ ვცდილობთ და ეს ჩემი რეკომენდაციაა, რომ კოდექსში გაჩნდეს სამხარეო დაგეგმვის დონე, რადგან მხარის ადმინისტრაციამ უფრო კარგად იცის საკუთარი რეგიონის სპეციფიკა“, - განაცხადა გერტ ვინთერმა.
შენიშვნები საკმარისად აქვთ სპეციალისტებსაც. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ სამშენებლო კოდექსის პროექტთან მუშაობა არასწორად დაიწყო.
„ჩემი პოზიციაა, სანამ კოდექსზე ვისაუბრებდეთ, გამოიკვეთოს ყველა პრობლემა, რომელსაც სამშენებლო კოდექსმა პასუხი უნდა გასცეს. კოდექსზე თავდაპირველად არ უმუშავიათ დარგის სპეციალისტებს, ისინი ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
ჯერ ყველა პრობლემა სპეციალისტების მიერ უნდა გაიშიფროს და ამის შემდეგ დაზუსტდეს როგორ მოვარგოთ მას კოდექსი. მე, როგორც სპეციალისტი, ამ თემაზე მუშაობას სხვაგვარად დავიწყებდი“, - აცხადებს როსტომაშვილი.