დღეს პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რიგგარეშე (რიგით მეორე) ყრილობა გაიმართა. ყრილობას მოწვეული 1701 დელეგატიდან 1681 დელეგატი და 550-მდე სტუმარი ესწრებოდა. დღის წესრიგში რამდენიმე ტექნიკურ საკითხთან ერთად შესული იყო პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა და ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარის არჩევა.
ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს, თუმცა მანამდე დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმდჯომარე, მანანა კობახიძე წარსდგა სიტყვით. მან პარტიის არსებობის მანძილზე განვლილი გზა მიმოიხილა და მას ძალიან რთული უწოდა. კობახიძემ პარტიის დაფუძნება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეშინოდა, ბევრს არ სჯეროდა, რომ ქვეყანაში რამის შეცვლა შეიძლებოდა, ხოლო ზოგმა საერთოდ განზე დგომა ამჯობინა, თუმცა კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ბევრისთვის ერთადერთი იმედი და გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. მანანა კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევით „ქართული ოცნება“ საზოგადოების გამაერთიანებელ მოძრაობად გადაიქცა.
მანანა კობახიძემ პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა. ახლა კი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 9191 წევრი ჰყავს, საიდაცნაც 2249 თბილისის ორგანიზაციაში ირიცხება, ხოლო 6942 რაიონულ ორგანიზაციებში. კობახიძის თქმით, პარტიაში გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს აქვს და ეს მხარდაჭერა ლოგიკურიც არის, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
დღეს უშუალოდ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს პარლამენტში 45 დეპუტატი ჰყავს, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
მანანა კობახიძემ წინასაარჩევნო პერიოდიც გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი დაჯარიმება, დაპატიმრება, ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება და სხვა სახის უკანონო ქმედებები ხორციელდებოდა.
„ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა. დამეთანხმებით, რომ „ქართულ ოცნებასა“ და უმცირესობაში აღმოჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოჰაბიტაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს მათ მიერ ჩადენილი საკმაოდ მძიმე დანაშაულებები ვაპატიოთ. არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, ყველაფერი საბოლოოდ გამოძიებისა და სასამართლოს დასადგენია, მაგრამ ერთი რამ უდავოა - თანამდებობაზე ყოფნა არავის უნდა აძლევდეს დაუსჯელობის გარანტიას. პარტიის გენმდივნობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრობა, ან თუნდაც მერობა, ან დეპუტატობა არავის ჩუქნის იმუნიტეტს დანაშაულის ჩასადენად, თუ მის დასაფარად. კანონის წინაშე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღდგენილიყო სამართლიანობა, თაროებზე შემოდებული საქმეები განახლებულიყო და თანამდებობრივი დანაშაულები გამოძიებულიყო, განთავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები, გადახედულიყო უკანონო განაჩენები და ა.შ. ამიტომ კობახიძე გაუგებარს უწოდებს „ნაციონალების“ რიტორიკას, როდესაც ისინი პროკურატურაში ნებისმიერ დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
მანანა კობახიძე ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას საზოგადოებისთვის მიცემულ დაპირებებზე და ვინაიდან მმართველი გუნდი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რათა ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება იყოს შენარჩუნებული.
პარტიის თავმჯდომარის მოხსნების შემდეგ ყრილობის წინაშე პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი, მირიან მჭედლიშვილი წარსდგა და პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი თქმით, შესამოწმებელ პერიოდში (ერთ წელიწადში) პარტიის მიერ საკასო მეთოდით მიღებულმა შემოსავალმა 2 737 618 ლარი, ხოლო დახარჯულმა თანხამ 2 636 465 ლარი შეადგინა. დარიცხვის მეთოდით პარტიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 1 930 595 ლარი, ხოლო ხარჯებმა 5 719 748 ლარი შეადგინა.
ამის შემდეგ პარტიის წესდებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც დადგინდა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით და მისი შემადგენლობა 21 წევრით განისაზღვრა. დღესვე არჩეული იქნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპილსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დავით ფაცაცია, ირაკლი ჟორჟოლიანი, ალი ბაბაევი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, უჩა მამაცაშვილი, მანანა კობახიძე. სარევიზიო საბჭოს შემადგენლობაში კი, რომელიც ასევე დღეს დამტკიცდა, შედიან მირიან კვაჭანტირაძე (თავმჯდომარე), კოტე მურადაშვილი, მედეა ვასაძე, ცოტნე ზურაბიანი, ოთარ ჩრდილელი, შალვა შავგულიძე, გიორგი არეშიძე.
სწორედ ამის შემდეგ მოხდა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა და მან ყრილობას სიტყვით მიმართა. მანაც წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ფორსმაჟორულ პირობებში მოუხდა ფორმირება, როდესაც მხოლოდ პარტიაში გაწევრიანებისთვის ადამიანებს იჭერდნენ, არბევდნენ, მაგრამ კოალიციამ ამ პროცესს ღირსეულად გაუძლო და საპარლამენტო არჩევნებშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ივანიშვილის განმარტებით, მისი პოლიტიკური ძალა აპირებს ადამიანს თავისუფლება დაუბრუნოს და ქვეყანაში დემოკრატია დაამყაროს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი პარტია მისი წინამორბედების (ანუ მმართველი პარტიების) ბედს არ გაიზიარებს, როდესაც ამ პარტიებში არა იდეოლოგიური ღირებულებების გარშემო ერთიანდებოდნენ, არამედ მას ფულისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ეტმასნებოდნენ, ხოლო ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ეს პარტიები უკვალოდ ქრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის რაიონული ორგანიზაციების ფორმირების პროცესში არსებულ დაპირისპირებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, პარტიის რაიონული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში არ ჩარეულიყო.
„იმას, რაც ბოლო პერიოდში პარტიის რეგიონულ სტრუქტურებში მოხდა, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ყველამ კარგად იცით, რამდენი ადამიანი გაწევრიანდა პარტიაში და მათ შორის, რამდენი აღმოჩნდა თანამდებობისა და ხელმძღვანელობის მსურველი. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. გარწმუნებთ, რომ ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს, ვერც ხელმძღვანელ პოსტებზე მოხვდებიან. ურთიერთქიშპობით ჩვენს პარტიას მხოლოდ სახელი უტყდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე შეგნებულად გადავწყვიტე, რომ ადგილზე პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესში არ ჩავრეულიყავი. არ ვიკადრე, რომ ხელმძღვანელი პირები თბილისიდან დამენიშნა. ეს საქმე ადგილობრივ რაიონულ სტრუქტურებს მივანდე, თუმცა ბევრ გაუგებრობას წავაწყდი. ამას რასაკვირველია, საკუთარი ახსნა მოეძებნება. არჩევნების შემდეგ ხალხმა ამოისუნთქა და თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა და ეს ყველამ ისე გამოხატა, როგორც შეძლო, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ზოგმა ურთიერთობის ფორმად დაპირისპირება აირჩია, რაც არ შეგვშვენის. ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, პოლიტიკური კულტურა უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ეს ცივილიზებულად უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გეჩქარებოდეს, პროცესებს ხელოვნურად ვერ დააჩქარებ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ რევანშს არ აპირებს, მაგრამ საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ ყველა დამნაშავე კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაისჯება. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ერთ-ერთი მათგანი იმ ადამიანების, ანუ პოლიტპატიმრების განთავისუფლებაა, რომლებიც მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ წინა ხელისუფლების მიერ. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნება, მიუხედავად მისი ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციისა. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი კი იქნება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ივანიშვილი საზოგადოებას პირდება, რომ ადამიანის ღირსებასა და უფლებებს ვერავინ შელახავს, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, სადაც დაცულია ბალანსი ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
„ჩვენი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკის იდეის მომხრეა, თუმცა კოალიციაში არსებობს სხვა მოსაზრებაც. კერძოდ, „თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერენ მხარს. აზრთა სხვადასხვაობა სავსებით ნორმალურია და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს კონსენსუსის გზით გადავწყვეტთ და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ზუსტად ასეთი ჩანაწერი გავაკეთეთ. საბოლოოდ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ფართო შეთანხმების საგნად უნდა იქცეს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელსაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდება გადახედვა. ხალხის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება არც ერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია გააკონტროლოს ხელისუფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი ხელისუფლების მიზანია ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული გეზი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილება არ არის.
„ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო. ამას მოწმობს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, ქართველი კაცის მსოფლმხედველობა. სულხან-საბას, ილიასა და ვაჟას ქვეყანაში ვერავინ დაიჩემებს, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“, რომ ევროპული გეზი მხოლოდ მისი კუთვნილებაა. ტყუილია, რომ ევროპული არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
იგი უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებასაც შეეხო და განაცხადა, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გაეცეს პასუხი და არა მუშტი-კრივით.
„მინდა შევეხო იმ დაპირისპირებასაც, რომელიც ამ ბოლო დროს ჩხუბში და ცემა–ტყეპაში გადაიზარდა, მათ შორის პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. კარგად მინდა გავაანალიზო, რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე საჯარო ბიბლიოთეკასთან. მე კარგად მესმის აღელვებული, სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, რომელიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბა. ამას მათ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის. მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და ასე აგებინონ პასუხი მოძალადეს, არაფერი გამოვა. ასე სახელმწიფო არ აშენდება“, - ამბობს პრემიერ-მინისტრის.
მან ბიუჯეტის პრიორიტეტების გადაფასებასა და ამ გზით სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში რამდენიმე მილიონის ხარჯი შეამცირა, რისი მეშვეობითაც არსებული ბიუჯეტით მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრა მოახერხდა.
„მრავალი კუთხით მივხედეთ სოფელს, დავიწყეთ საგაზაფხულო სამუშაოები, გავზარდეთ სტუდენტების დაფინანსება, ვაზღვევთ ყველა მოქალაქეს, გავზარდეთ პენსიები და სოციალური დახმარებები, შემცირდა გადასახადები, დაიწყო ფასების კლება. შევქმენით სამი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ეკონომიკის ფეხზე დაყენებას მოხმარდება. გარწმუნებთ, რომ საქართველოში დაიწყება ჭეშმარიტი აღორძინება და ქვეყანა დადგება ფეხზე. რაც შეეხება ბიზნესმენებს, მინდა აქედანაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება და არავის მივცემთ უფლებას ჩაერიოს თქვენს საქმიანობაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
და ბოლოს, მან თქვა, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა გაევლოს.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მე ვარ პრემიერ-მინისტრი და ამავდროულად, დღეს პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ამირჩიეს. საქართველოში დაირღვევა ტრადიაცია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა ზღვარი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის. აღარ მოხდება ამ ორი ცნების აღრევა. პარტია იარსებებს როგორც დამოუკიდებელი პარტია. უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის მკაცრი ზღვარი გაივლოს, ამის პირობას და გარანტიას მე გაძლევთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.