როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ „ნაციონალების“ ტიტანიკიდან ჩამოსვლა? - ცხელი ზაფხული, რომელსაც მელიას დაკავების იმედად აანონსებენ

როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ „ნაციონალების“ ტიტანიკიდან ჩამოსვლა? - ცხელი ზაფხული, რომელსაც მელიას დაკავების იმედად აანონსებენ

დაანონსებული ცხელი ზაფხული და ნიკა მელიას დაკავება, რომელიც შესაძლოა, ოპოზიციისთვის საპროტესტო აქციების დაწყების საბაბი გადეს. მიჰყვება თუ არა ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმას, სადაც მელია განტევების ვაცად უნდა იქცეს, ამან კი ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესები უნდა გამოაცოცხლოს? რა ეშველება ოპოზიციას, რომელიც ენმ-ის  დღის წესრიგს მიჰყვება და მის შიგნით დაპირისპირება სულ უფრო იზრდება? გახდება თუ არა პატარა პარტიებისთვის ეს გზა დამღუპველი და როგორ უნდა შეძლონ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ „ტიტანიკიდან“ ჩამოსვლა?

for.ge-სთან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიციას ახლა თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს, რომ როგორმე ენმ-ისგან თავი გაითავისუფლოს, რადგანაც ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში მათი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შემცირდება. ცალკე გაერთიანება ან რამე ახალი ძალა უნდა შექმნან, რომელიც „ნაციონალებისგან“ თავის დაღწევაში დაეხმარებათ და თვითმართველობის არჩევნებში პოლიტიკურად გაბანკროტდებიან. ფაქტია, რომ პარტიების შიგნით დიდი რყევებია დაწყებული და გაზაფხულამდე თუ ასე გაგრძელდა, ქუჩაში ხალხს კი არ გამოიყვანენ თავად დაიშლებიან.

15 თებერვალს „ლეიბორისტების ოფისში“ დახურულ ფორმატში ოპოზიცია განიხილავდა გზებს, როგორ იბრძოლონ „უსამართლობის წინააღმდეგ“ და რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ციხეში წავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, მშვიდობიან მსვლელობა-მანიფესტაციას გეგმავს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, ეს არის დღე, როდესაც 100 წლის წინ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ამ ყველაფრის გაპროტესტება მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაციით მოვაწყოთ. საქართველოში კვლავ იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. მისივე თქმით, ოპოზიციის ლოგიკა სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული.

„თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ისინი ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ, რომ კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის მორალი. ასეთი ლოგიკა არის სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული. ეს კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ. დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებაზე შევიდნენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, „გირჩი“ სააკაშვილის თამაშს არ ითამაშებს.

„გვითხრეს მიშას თამაში უნდა ითამაშოთო, რაც არ გვინდა. ნიკა მელია პოლიტპატიმრად ყველაზე მეტად აწყობს მიშა სააკაშვილს. მას არ აწყობს პროპორციული ბარიერი და იმაზე სერიოზული საუბარი, მართლაც გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, რომ ნიკა მელია გაწიროს და ის იყოს ციხეში. არ ვიცი, ეს შესაძლოა, ნიკა მელიას გეგმის კურსიც იყოს.

შეხვედრაზე ვახო მეგრელიშვილმა დასვა სამი შეკითხვა და რადგან არც ერთზე პასუხი არ გაგვცეს, ჩვეულებრივად, დავტოვე შეხვედრა.

პირველი შეკითხვა იყო: თუ გაქვთ მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომელზეც ფასილიტატორები ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ და ჩვენ დავამტკიცებთ ამას.

  1. გვეთანხმებით თუ არა პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით, რადგან ეს არის ჩვენთვის გზა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება.
  2. რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელიას დააკავებენ? დესტუქციული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. სხვა პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ. ეს დამთავრდა იმით, რომ ბოლოს კახა კუკავამ თქვა: რას მერჩით კაცო, მათამაშეთ, მიშას თამაში მინდაო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, დატოვა თუ არა ოპოზიციური ფორმატი „გირჩმა“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ - „ასე გამოდის“.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიების თანამებრძოლი იყო, ახლა კი მათ სტრატეგიებში განსხვავებებია. შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის ეპიზოდები ისევ განმეორდეს „გირჩთან“.

„ვსხედვართ ერთად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დანა-სისხლად ვიყავით გადაკიდებულები და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან „გირჩი“ ეს პერიოდი, თანამებრძოლები ვიყავით, ახლა მოხდა სტრატეგიაში განსხვავება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ ისევ განმეორდეს თანამშრომლობის ეპიზოდები.

ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშს თუ „ტიკ-ტოკებს“ არ თამაშობს, ოპოზიცია იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და ამ ბრძოლაში ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ყველა ფიგურა არის მესამეხარისხოვანი“, - განაცხდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის თვითგადარჩენა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი სააკაშვილის ორბიტას ჩამოშორდებიან. სხვაგვარად მათი პოლიტიკური ცხოვრება აბსოლუტურად შეუძლებელია, მით უმეტეს თუ პარლამენტში არ შევლენ. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ არსებულ მდგომარეობას, ოპოზიციაში სიტუაცია დამძიმდა. ენმ-ს თავმჯდომარე გაექცა, „ევროპული საქართველო“ იშლება, „გირჩი“ გაიყო და რყევებია „ლელოში“, რომელიც რამდენიმე კაცმა დატოვა. ამიტომ აბაშიძეს მიაჩნია, რომ ახლა თუ ოპოზიცია ტაქტიკას არ შეცვლის, მაშინ პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ დაიშლება.

„ოპოზიცია ისეთ ბრიყვულ განცხადებებს აკეთებს, რომ ამის რაციონალური ახსნა, უბრალოდ, შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი „გირჩი“ , „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, ან „ლელო“, ვფიქრობ თუ ისინი გონს არ მოვლენ და სააკაშვილს არ ჩამოშორდებიან, მათი საქმე წასულია. მგონია ეს პოლიტიკური ველი ცარიელი არ დარჩება და ადრე თუ გვიან, გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებმაც ახალი პარტია შექმნან და სპონსორებიც იშოვონ. ამიტომ, როდესაც ცარიელი ველი არსებობს, იქ რაღაც ყოველთვის უნდა დამკვიდრდეს. ეს პროცესი დაწყებულია, შეიძლება ეს რამდენიმე თვეში მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, წლის ბოლომდე უკვე გაირკვევა ვინ საით არის და როგორ არის. მათ უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადამწყვეტი მომზადება მოუწევთ, ამიტომ ურჩევნიათ გონს მალე მოვიდნენ და სააკაშვილის გეგმის მიყოლას თავი დაანებონ“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს „ოცნებასთან“ ორპოლუსიანი თამაში აწყობს. მას სხვა მცირე პარტიების დაძირვა უნდა. აბაშიძე ვარაუდობს, რომ სააკაშვილმა ეს „ევროპულ საქართველოსთან“ მიმართებაში მოახერხა. ფაქტობრივად, პარტია ჩამოშალა და ბოკერიას ანაბარა დატოვა. შესაძლოა, ის ეცადოს, რომ სხვა პარტიებსაც ასე გაუსწორდეს. თუ პრაგმატული აზროვნება არ ექნება ამ პატარა პარტიებს, ისინი დაიღუპებიან და სხვა სფეროში გადაბარგება მოუწევთ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო ისეა მათი საქმე. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციის გადარჩენის ერთადერთი შანსი ახლა ისაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორდნენ და ის თავის გეგმასთან მარტო დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც კი სააკაშვილის თამაშს აჰყვება და ქუჩაში მათთან ერთად დარჩება, მას პოლიტიკური გაბანკროტება ელის. ეს კი თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე ნათლად გამოჩნდება.

„ახლა ოპოზიციას გადარჩენის ერთადერთი შანსი ისღა დარჩა, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან“ დისტანცირება შეძლოს და როგორმე ერთიანი ბლოკი შექმნან. მათ თვითმმართველობის არჩევნებზე ის შედეგი უნდა აჩვენონ, რაც 2020 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ადგილობრივი არჩევნების შედეგებით დავინახავთ, რომ პატარა პარტიები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში გადარჩენის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დანარჩენს ყველა მასთან მყოფს - არა. ამიტომაც გადაწყვეტილებას რაც უფრო სწრაფად მიიღებენ, მით უკეთესია. რა სახის აქციებიც არ უნდა დააანონსონ, რამდენიმე თვის უკანდელი არჩევნების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მით უმეტეს კვლევებმა აჩვენა, რომ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

Maverick რა საქმიანად სხედან ეს უსაქმურები შალიკოს ფანჩა(რ)ტურაში, ვაითქვენ პატრონს და ვუი თქვენ მხარდამჭერებს!
3 წლის უკან
trampi ამ დებილების ადგილზე მელიას არ დავიჭერდი....
რევოლუციის შიშის გამო კი არა, უბრალოდ დაშლის პირას მყოფ ამ ოპოზიციას, მელიას დაჭერით ახალ ენერგიას არ შევმატებდი.
მელიას დაჭერით ეგენი ისევ გაერთიანდებიან, ისევ გონორზე მოვლენ.....
მელიას დაჭერის პრიჩინით მე მაგათ აღდგენას ხელს არ შევუწყობდი....
მოკლედ სჯობია ეს ამბავი ნებაზე მიუშვან------- ნაცების გარდა ეგენი ყველა დაიშლებიან.
3 წლის უკან